სად გაუჩინარდა ექს-პრემიერი გიორგი გახარია და საზოგადოებაში რატომ აღარ ჩნდება? მისი გუნდის წევრები ამბობენ, რომ გახარია არსად გაუჩინარებულა და ის მუშაობს. ოპოზიცია გაკვირვებულია რატომ შეიძლება ყოფილი პრემიერი საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებდეს, ხოლო მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ გახარიას დამალვის რეალური მიზეზი სხვაა. „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას შორის ალიანსი არსებობს და ამ საკითხზე კითხვის ნიშნები მოხსნილია, ხოლო გახარიას შესახებ საზოგადოება სიმართლეს მალე შეიტყობს.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ ორ ოპოზიციურ ძალას შორის კავშირი იმ ოფიციალური კოალიციითაც დასტურდება, რომელიც ოთხ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეიქმნა.
ანალიტიკოსთა აზრები გახარიას გაუჩინარების შესახებ კი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ექს-პრემიერი დროს ელოდება, „ნაციონალების“ და „ოცნების“ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებს. ამით კი საზოგადოებას აჩვენებს, რომ არც ერთი და არც მეორე პოლიტიკური ძალა სანდო არ არის. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გახარია ენმ-თან ალიანსის შემდეგ როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად გაკოტრდა და ეს მის რეიტინგზე ბოლო კვლევების მიხედვითაც გამოჩნდა. ამიტომ მას საზოგადოებაში გამოსაჩენი პირი აღარ აქვს.
„ზუსტად ერთი წლის წინ გამოვიარეთ 18 თებერვალი. გახსოვთ, გიორგი გახარიას გადადგომა და სიხარული „ნაცმოძრაობის“ ოფისში, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ ეს სიხარული ძალიან მალე შეიცვალა განსხვავებული ემოციებით, როდესაც ჩვენ დავასახელეთ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ჩვენ იმავე დღეს განვაცხადეთ, რომ როგორც კი მთავრობა დამტკიცდებოდა, მაშინვე აღსრულდებოდა კანონი. ჩვენ ვაჩვენეთ პრინციპულობა, პირველ რიგში, კანონის მიმართ და სწორედ ამ პრინციპულობითა და გუნდის ერთიანობით მოვახერხეთ ამ ძალიან სერიოზული პრობლემის დაძლევა, რაც მათ შორის უკავშირდებოდა ღალატს ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. გუნდის ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ უფრო ძლიერი გამოვედით ამ ურთულესი პროცესებიდან.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რას ემსახურებოდა მისი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე. ბუნებრივია, ყოფილი პრემიერები არ იბრძვიან ბრინჯაოს მედლისთვის, გარანტირებული მესამე ადგილისთვის. მან წინასწარ იცოდა, რომ ორნიშნა შედეგსაც ვერ მიიღებდა თბილისში, თუმცა ერთ-ერთი მიზნით დააყენა მაშინ საკუთარი კანდიდატურა, მიზანი იყო ნიკანორ მელიას როგორმე გადაყვანა მეორე ტურში და ეს, სამწუხაროდ, მოახერხა, თუმცა მან ვერ მოახერხა მთავარი დავალების შესრულება, რაც ჰქონდა, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოეცილებინა 43%-ან ნიშნულზე ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს და შესაბამისად, ჩვენ გამოვედით ამ პროცესებიდან კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას მხრიდან რამდენიმეთვიანი დუმილი უკვე ეჭვებსაც აღარ აჩენს, რომ პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულია. აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ გახარიას რეიტინგი კატასტროფულად არის დაცემული და მის რიგებს პარტიის წევრები მასობრივად ტოვებენ.
„გახარიას ყოველდღიური დუმილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანს ქართული საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს. ის, რაც გახარიამ ერთი წლის წინ ჩაიდინა, ზუსტად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი მოღალატეა. შემდეგ ვნახეთ გახარიას ქმედებები. ის გადადგა მელიას გამო, რათა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ სიტუაცია დაძაბულიყო. ქალაქის მერობის კანდიდატად თავი იმიტომ დააყენა, რომ „ნაცებს“ დახმარებოდა და მეორე ტური ყოფილიყო. არადა გახარიას გადადგომაზე მას ერთი აუგი სიტყვაც კი არ დასცდენია. შემდეგ კი ვუყურებთ გახარია „ნაცებთან“ როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებს,
საკრებულოებში ენმ-ის და გახარის პოლიტიკური ალიანსი რა კარგად შეერწყა. ეს კი სრულიად წარმოუდგენელია. გახარიას არათანმიმდევრულობა და ორპირობა, გუბაზ სანიკიძესაც კი გაუკვირდა. რაც გახარიამ ჩაიდინა და აკეთებს, ყველანაირ პოლიტიკურ ტაქტიკას სცილდება. ამიტომ 2024 წლამდე რა კაპიტალს დააგროვებს, ძალიან ძნელი წარმოსადგენია. კარგი იქნება, რომ მმართველი გუნდი და კობახიძე იტყვიან გახარიას პრემიერობის დროს მთავარობაში რა ხდებოდა. როცა მოსახლეობამ სიმართლე იცის, რაც არ უნდა მწარე იყოს, ის თავის არჩევანში უფრო თავისუფალი იქნება“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, იმას რასაც გახარიას თანაგუნდელები ლაპარაკობენ, ძალიან ტრაგი-კომიკურად გამოიყურება. აბაშიძე ამბობს, რომ გახარია არა მხოლოდ „ოცნებაზე“ შურისმაძიებელია, არამედ ის საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს. ანალიტიკოსს სჯერა, რომ გახარიას ამ საქციელს, როგორც ის ენმ-თან თანამშრომლობით იქცევა, ამომრჩეველი არ აპატიებს.
პოლიტოლოგ იგორ კვესელავას კი გიორგი გახარიას გაუჩინარებასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს. კვესელავა for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გახარია პრაგმატისტი პოლიტიკოსია, ამიტომაც გამოსაჩენად ის დროს ელის. შორიდან „ნაციონალების“ და „ოცნების“ დაპირისპირებას აკვირდება. საზოგადოებას აჩვენებს, რომ მათი დრო წავიდა და ის როგორც ახალი პოლიტიკური ძალა, მაშინვე ისევ გამოჩნდება.
„მგონია გახარია არსადაც არ წასულა. ის მოვლენებს თვალს შორიდან ადევნებს. თავის დროს ელოდება და როგორც კი შანსი მიეცემა, გამოჩნდება. ახლა ყველაზე ძლიერი საქართველოში სამი პარტიაა. „ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია, რომელმაც ერთ წელიწადში მოახერხა, რომ არჩევნებში 9% აეღო - უპრეცედენტო მაჩვენებელია ახლად შექმნილი პარტიისთვის, მუნიციპალიტეტებში კი მისი პარტიის წევრები საკრებულოს თავმჯდომარეები გახდნენ. ამიტომ არ მგონია, რომ გახარია პოლიტიკურად არასწორად თამაშობს. ის რეგიონებში ფონს იმზადებს იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებას იქიდან დაარტყას. ამისთვის კი ნიადაგს იმზადებს. მან კარგად იცის, რომ რეგიონები ძალიან დიდი ძალაა, ამიტომაც იბრძვის იქ, სადაც საბრძოლველი აქვს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გახარია „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იყო და ლომის წილი მიუძღვის მმართველი გუნდის გამარჯვებაში. სამმა კომპონენტმა განაპირობა გამარჯვება 2020 წელს - ეს იყო ბიძინას ფაქტორი, გახარია, რომელიც პოპულარული იყო საზოგადოებაში და ადმინისტრაციული რესურსი. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი შემდეგ გახარიამ? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გახარიას წინააღმდეგობა გაუწია და როგორც ამბობს მუშაობის საშუალება არ მისცა, არ ვიცით. გამოიყენა თუ არა მან მელიას ფაქტორი საბაბად, არც ეს ვიცით. ამიტომ რა პოლიტიკური მოტივი ჰქონდა გახარიას, გადაედგა ეს ნაბიჯი, იმედია, საზოგადოებას აუცილებლად აუხსნის. მგონია, რომ ბოლომდე სიმართლეს მაინც არავინ ამბობს. ამიტომ რომელიღაცა მხარემ რეალურად უნდა თქვას რა მოხდა“, - ამბობს კვესელავა.
მისივე თქმით, გახარია თანდათან, მეთოდურად ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითს ანგრევს, ასევე მიშას დაბრუნებასთან დაკავშირებულ მითსაც, რაც უკვე დაადასტურა სამეგრელოში მომხდარმა მოვლენებმა. გახარია სწავლობს იმ შეცდომებსაც, რომელიც მისმა წინამორბედებმა დაუშვეს, აქცენტს სვამს პატიოსან, პროფესიონალ ახალგაზრდა კადრებზე, აქვს სტრატეგია და ტაქტიკა, როგორ მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის მისი პოლიტიკური ნიშნული. ამდენად, პოლიტოლოგი არ მიიჩნევს, რომ გახარია იმალება.