„ლელო“ „ნაცმოძრაობაში“ საბოლოოდ განსხეულდა, უშველის თუ არა ჯაფარიძეს ნაციონალური ავატარი, რუსთავის არჩევნები გვაჩვენებს

„ლელო“ „ნაცმოძრაობაში“ საბოლოოდ განსხეულდა, უშველის თუ არა ჯაფარიძეს ნაციონალური ავატარი, რუსთავის არჩევნები გვაჩვენებს

მანდატშეჩერებული ბადრი ჯაფარიძე კვლავ მანდატის მოსაპოვებლად იბრძვის. „ლელოს“ ლიდერს რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა აქვს, რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათ ნაწილთან კოსნულტაციები მიმდინარეობს, ნაწილი კი განზე დგომას ამჯობინებს.

„ქართულ ოცნებაში“ კი ღიად საუბრობენ „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მჭიდრო კავშირზე და მათ პოლიტიკურ ალიანსზე, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ბადრი ჯაფარიძეს ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატსაც შესძენს“, - ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და დასძენს, რომ შუალედურ არჩევნებზე ერთადერთი ინტრიგა რჩება „შემოვარდება თუ არა ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია“.

„ობიექტურად რომ ვთქვა, ამას პლუსებიც ექნება და მინუსებიც. იმის ლუსტრაცია, რომ „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ დანამატია, რა თქმა უნდა, ზიანსაც მიაყენებს, მაგრამ გარკვეულ ელექტორატსაც შესძენს. მაგრამ ყველა ვარიანტში, ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ სცნეს და ამის შემდეგ შესთავაზეს ის კანდიდატად გარდაბნელებს და რუსთაველებს. გახსოვთ, ალბათ, რამდენ რაიონში დააყენეს მათ დამნაშავე კანდიდატები, არა ჩვენი შეფასებით, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ისინი პერმანენტულად აყენებენ ხოლმე დამნაშავე კანდიდატებს, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ხალხს, ამომრჩეველს და საზოგადოებას. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი.

ერთადერთი, თუ ამ ბრძოლაში ისევ შემოვა ბრინჯაოს გიორგიდ წოდებული გახარია, რომელიც სულ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის, რომ რამენაირად გადაიყვანოს მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ამ შემთხვევაში, შეიძლება ცოტა უფრო საინტერესო გახდეს ეს ამბავი. თუ ამას ვერ გაბედავს, იმვინაიდან ძალიან გაშიშვლდა „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის მათი პოლიტიკა, კიდევ უფრო მარტივი იქნება. ის 2-3%, რომელიც გახარიას ანგარიშზეა დარჩენილი, შეიძლება იყოს ცოტა უხერხულობა ჩვენთვის. ახლა ერთადერთი ინტრიგა რჩება, შემოვარდება თუ არა ამ თამაშში ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გახარია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველ გუნდში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოსთვის“ კოაბიტაციაზე კი საუბრობენ, თუმცა, როგორც for.ge-სთან ექს-პრემიერის თანაგუნდელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ. ლილუაშვილმა არც ის უარყო, რომ ჯაფარიძეს ამ ეპატზე არც კანდიდატს არ დაუყენებენ.

„პარტია „საქართველოსთვის“ რუსთავში არსებულ კანდიდატებს, რომელიც დღეს არის ცნობილი, მხარს არ დაუჭერს. ამას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. ჩვენ არ გვინდა კვლავ ორპოლუსიან არსებულ რეალობაში ვიმყოფებოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ. თუმცა, შეიძლება სხვა კანდიდატები გამოჩნდნენ და ამიტომ დაველოდებით, დავაკვირდებით რა და როგორ იქნება“, - განუცხადა ბექა ლილუაშვილმა for.ge-ს.

რუსთავში საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლება არც „გირჩს“. როგორც „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ for.ge-თან საუბარში აღნიშნა, მათ მხარდამჭერებს არ მოუწოდებენ, რომ მხარი ბადრი ჯაფარიძეს დაუჭირონ, თუმცა, ვერც იმას აუკრძალავენ, რომ ხმა არ მისცენ.

„რუსთავში „გირჩს“ კანდიდატი არ ეყოლება. ზოგადად, ჩვენ წესი არ გვაქვს, რომ ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდოთ, რომ „გირჩის“ გარდა ვინმე შემოხაზონ. თუმცა, კანდიდატებს, მათ შორის ბადრი ჯაფარიძესაც, საშუალებას მივცემთ, რომ ჩვენს მხარდამჭერებს გაესაუბროს, ასევე ჩვენს გადაცემებში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება „ლელო“ - „ნაციონალების“ საერთო კანდიდატს, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი ბადრი პარლამენტიდან უსამართლოდ გაუშვეს და ვგულშემატკივრობთ, რომ უკან დაბრუნდეს. თუმცა, ეს ჩვენი გადასაწყვეტი კი არა, არამედ ამომრჩევლის გადასაწყვტია. კანდიდატს იმიტომ არ ვაყენებთ, რომ ბადრი ჯაფარიძე დაბრუნდეს პარლამენტში, არ ვაყენებთ იმიტომ, რომ მზად არ ვართ, რომ არჩევნები მოვიგოთ. არ გვინდა იმ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სადაც მოგების შანსი არ გვაქვს“, - განუცხადა იაგო ხვიჩიამ for.ge-ს.

ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ უჭერენ პარტია „მოქალაქეები“ და რუსთავში საკუთარ კანდიდატს დააყენებენ. როგორც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არაკოლეგიალური იყო, როდესაც „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯაფარიძე კანდიდატად ისე წარადგინა და ოპოზიციას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ მათთან კონსულტაციები არ გაუვლია.

„ფაქტია, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. მხარს არ ვუჭერთ ბადრი ჯაფარიძეს. მათი მხრიდან არაკოლეგიალური იყო, როდესაც პრესკონფერენცია მოიწვიეს, წარადგინეს და თქვეს, რომ ახლა, მოდი, ყველამ ბადრი ჯაფარიძეს დაუჭირეთ მხარიო. თუ ჩვენი მხარდაჭერა უნდოდათ, მანამდე შეიძლებოდა კოლეგიალობა გამოევლინათ და წინასწარ გაგვევლო კონსულტაციები. მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. პრინციპში, პარტიაში შიდა დისკუსია დავასრულეთ. რუსთავში გვეყოლება რუსთავში დაბადებული, გაზრდილი და რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ძალიან აწუხებს ის, რაც რუსთავში ხდება და ძალიან კარგად იცის, როგორი რუსთავი იქნებოდა უკეთესი. ჩვენ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება და ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ.

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ბადრი ჯაფარიძეს, მის შანსს, რა თქმა უნდა, ზრდის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ფაქტია, რომ კარგი პოზიციები აქვს რუსთავში, მაგრამ იქნება ბრძოლა და ძალიანაც კარგი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქეებისგან“ განსხვავებული პოზიცია აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“ და აღნიშნული პარტია ბადრი ჯაფარიძეს კანდიდატურას არ დაუყენებს. თუმცა, თავიდან „სტატეგია აღმაშენებლი“ რუსთავში მანდატისთვის ბრძოლას აპირებდა, ამის შესახებ for.ge-ს პარტიის ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

„პირველი რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხალხის მხარესა და სწორ პოზიციაზე იქნება. ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. მასთან კომუნიკაცია გვქონდა, უბრალოდ, არ შევხვედრილვართ. როგორც კი ერთმანეთს შევხდებით, ამის შესახებ მაშინვე ღიად განვაცხადებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება ბადრის უსამართლოდ მოექცა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებაც უსამართლო იყო. შესაბაისად, უსამართლობა იყო, ამ სასამართლო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. იმისთვის, რომ სამართლიანობის აღდგენას შევეცადოთ, კარგი იქნება ბადრისთვის მხარდაჭერა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ დაწყეული გვქონდა რუსთავში მუშაობა და კანდიდატურაზეც ვფიქრობდით, მაგრამ ახალ რეალობაში, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, აუცილებელია ამ უსამართლობას ასეთი ფორმით შევეწინააღმდეგოთ.

ასევე კატეგორიულად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ დაკოპლექსებული ძალა. „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ბადრი ჯაფარიძეს დაარქვას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მაგრამ ამ პროცესს ჩვენ ასე არ ვხედავთ. ის ერთი რომელიმე პარტიის კანდიდატი არ არის. ის იქნება ოპოზოიციის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატი. ეს განსხავებულობა ხმების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია“, განაცხადა პაატა მანჯგალაძემ და ამბობს, რომ „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავში შუალედური არჩევნებისთვის გაერთიანება და საერთო კანდიდატის წარდგენა „სტარტეგია აღმაშენებლისთვის“ მისაღებია.

„მე არ ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ კადიდატია, ის ოპოზიციის კანდიდატია და „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი ოპოზიციის ნაწილია, რომელიც თავისი განსხვავებული აზრითა და პრინციპულობით ამ პროცესში მონაწილეობს“.

ცნობისთვის, სამშაბათს მე-10 მოწვევის პარლამენტმა, „ლელოს“ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ჯაფარიძისთვის უფლებამოსიხლებას მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 38 კი წინააღმდეგი წავიდა. მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გახდა.