„გახარია უნდა ლაპარაკობდეს და უხსნიდეს საზოგადოებას, თუ რატომ იქცევა ასე რუსთავში, სენაკში, წალენჯიხაში, ზუგდიდში“

„გახარია უნდა ლაპარაკობდეს და უხსნიდეს საზოგადოებას, თუ რატომ იქცევა ასე რუსთავში, სენაკში, წალენჯიხაში, ზუგდიდში“

„პოლიტიკური ქორწინება „ნაცებთან“, „გახარია ნაცებისთვის“, „ნაცებმა“ და გახარიამ მათემატიკა თავდაყირა დააყენეს“, - მისი მისამართით გამოთქმულ უამრავ ნეგატიურ შეფასებას გიორგი გახარია მდუმარედ იტანს, ჩრდილში ამჯობინებს ყოფნას და, უკეთეს შემთხვევაში, ნათია მეზვრიშვილის მეშვეობით ელაპარაკება ხალხს.

სულ ბოლოს ყოფილი პრემიერი ამხილეს იმაში, რომ მან წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავსა და ზუგდიდში საკრებულოების თავმჯდომარეები „ნაცების“ დახმარებით გაიყვანა, ანუ შეეკრა მათ, ვისაც ერთ დროს „დამთავრებით“ ემუქრებოდა.

თავად „ნაცებისთვის“ და მათი მომხრეებისთვის გახარიასთან ალიანსი მიუღებელი აღმოჩნდა. თაკო ჩარკვიანი ფიქრობს, რომ გახარიასთან ალიანსი სირცხვილი და ამორალურია და ეს „ოცნების“ დანაშაულების „გაპრავებაა“.

გახარიასთან კავშირით არც „ნაციონალი“ ბაჩანა შენგელიაა კმაყოფილი, იგი საკუთარ გუნდს შეახსენებს, რომ არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება და მორალთან კომპრომისი, რადგან სწორედ გახარიას პრემიერობის დროს დაიღუპა დედამისი - ია კერძაია.

მართალია, ცალკეული ანალიტიკოსები გიორგი გახარიაში მესამე ძალის კონტურებს ხედავენ, მაგრამ თავად გახარიას პოლიტიკური განაცხადი ჯერჯერობით ის არის, რომ ის ხელისუფლების თუ „ნაციონალების“ მხრიდან კრიტიკას უჩუმრად იტანს და თავის მართლებასაც არ ცდილობს. შესაძლოა, ეს იმითაც აიხსნას, რომ გახარია მაინც ყოფილ პრემიერად გრძნობს თავს და დღემდე მოჰყვება ეს ამპლუა, ამიტომ ყოველდღიური პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შორს უჭირს.

გახარიას პოლიტიკური პასიურობა პერიოდულად იმდენად თვალშისაცემია, რომ არჩევნების შემდეგ თავისი გაუჩინარებით მმართველ გუნდს სათქმელად მისცა: „გახარია ბოლივით აორთქლდა, მან კარგად იცის, რომ მოღალატეა და თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით“.

სულ ბოლოს მის გაუჩინარებაზე ახსნა-განმარტების მიცემა მის მრჩეველს, ლევან დოლიძეს მოუწია, რომელმაც განმარტა, რომ გიორგი გახარია ჩრდილში არ არის, ის აქტიურად მუშაობს და იგეგმება მისი სატელევიზიო ეთერები.

რამდენად ამართლებს გაუჩინარების ტაქტიკა პოლიტიკაში?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას სულ სხვა მიზანი აქვს, მას სურს თავისი პოლიტიკური გუნდი შექმნას. პოლიტოლოგის განმარტებით, გახარიას ცნობადობა მაქსიმუმზეა, ანუ საზოგადოებაში მას ცნობადობა არ აკლია, ყველამ იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს, როგორი იყო მისი წარსული, რასაც ვერ ვიტყვით მის პოლიტიკურ გუნდზე.

„გიორგი გახარიას ერთ-ერთი სუსტი წერტილი სწორედ არის ის, რომ ის მარტო იყო და პოლიტიკური გუნდი არ ჰყავდა. დღეს სწორედ ეს ხალხი გამოუშვა ასპარეზზე. არა მგონია, ამით რამე დაკარგოს, მით უმეტეს, წინ არის საკმაოდ დიდი დრო, მომავალ არჩევნებამდე პერიოდი. ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რიგგარეშე არჩევნები იყოს, სოციალური ან ეკონომიკური კატაკლიზმები არ არის მოსალოდნელი, ამიტომ გახარიას არსად ეჩქარება, ის მშვიდადაა და რასაც აკეთებს, სწორი გადაწყვეტილებების მიხედვით აკეთებს. გახარიამ თქვა, მე დავუჭერ მხარს ნებისმიერს, იქნება ეს „ქართული ოცნება“, თუ „ნაცმოძრაობა“, ვინც დათანხმდება იმას, რომ ჩემი პარტიის წევრი იყოს საკრებულოს თავმჯდომარე, ეს პრინციპი აქვს მას და ვაჭრობს თავისი მანდატებით, რაც სრულიად ბუნებრივია საპარლამენტო მმართველობის პირობებში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ ჩვენთან საუბრისას.

მანვე განმარტა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს გახარიამ და სააკაშვილმა პოლიტიკურად სამუდამოდ იქორწინეს. „ქართულ ოცნებას“ იგივე რომ შეეთავაზებინა, სავარაუდოდ, გახარია უარს არ ეტყოდა და მიიღებდა იმავე გადაწყვეტილებას, რაც მიიღო „ნაციონალებთან“ მიმართებით. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ ცოტა სხვა რამ უნდა, „ოცნებას“ სურს, მხარდაჭერა მიიღოს ისე, რომ არ გასცეს არაფერი. ამას კი არ დათანხმდება პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარია და სწორადაც იქცევა.

პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ მალავს, რომ გული წყდება, რადგან გიორგი გახარია არ აქტიურობს. პოლიტოლოგის შეფასებით, რაც მოხდა სენაკში ან სხვაგან, იმით აიხსნება, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, არადემოკრატიულად მოქცეულიყო, მაგრამ „ნაცმოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ ამის საშუალება არ მისცეს.

„გამოვიდა შემდეგ მდინარაძე და თქვა, პროცედურები დაირღვაო. პროცედურები მართლაც დაირღვა, მაგრამ რატომ არ მიდიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები საკრებულოში? ამაზე ხმას რატომ არ იღებენ? ამ დროს გახარია ქმნის დემოკრატიას, თუგინდ პროცედურების დარღვევით. წესით, გარეთ უნდა იყოს და ლაპარაკობდეს გახარია. „ტოპკებს“ უგდებს „ქართული ოცნება“, მაგრამ გახარია ხმას არ იღებს. ნათია მეზვრიშვილი არ უნდა ლაპარაკობდეს გახარიას ნაცვლად. გახარია უნდა ლაპარაკობდეს და უხსნიდეს საზოგადოებას, თუ რატომ იქცევა ასე რუსთავში, სენაკში, წალენჯიხაში, ზუგდიდში. დღეს დემოკრატიას ქმნის გახარია და ამაზე დუმს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან საუბარში და განმარტა, რომ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა სააკაშვილი, რომ არ ელაპარაკა იმის შესახებ, რაც მოხდა თუნდაც სენაკში.