სვანეთის საგანძურს ახალი მთავრობა წინამორბედის მსგავსად მოექცა

სვანეთის საგანძურს ახალი მთავრობა წინამორბედის მსგავსად მოექცა

სვანეთის საგანძური მუზეუმის ახლადაშენებულ შენობაში ისე გადაიტანეს, რომ პატრიარქისთვის არ უცნობებიათ; სახელმწიფო კომისია, რომელსაც მუზეუმის ახალი შენობა საგანძურის იქ გადატანამდე უნდა შეემოწმებინა, არ შექმნილა; ეროვნულმა მუზეუმმა და კულტურის სამინისტრომ ყველაფერი ძალიან მარტივად გადაწყვიტეს, ისე, როგორც ეს ხდებოდა ნიკა რურუას მინისტრობის დროს.

სვანეთის საგანძურის ახლადაშენებულ შენობაში გადატანა 11 მაისს 11 საათზე დაიწყეს და 15 საათზე დაასრულეს. ამ პროცესში ორი სასულიერო პირი მონაწილეობდა. ეს არის დადასტურებული ინფორმაცია. for.ge-მ ეს ამბავი პირადი კონტაქტების საშუალებით, ეროვნული მუზეუმის კეთილსინდისიერი თანამშრომლებისგან 11 მაისს, 14 საათზე შეიტყო. ამ ინფორმაციის გადამოწმება დავიწყე და ის, რაც ჩვენ გავიგეთ, სვანეთის საგანძურთან დაკავშირებულმა არაერთმა პირმა ოფიციალურად დამიდასტურა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის სახიფათო საგანძურის ახალადაშენებულ მუზეუმის შენობაში გადატანა და დაბინავება - ეს შენობა მიხეილ სააკაშვილის უშუალო მითითებით აშენდა ზამთარში, ყინვასა და თოვლში, რის გამოც ბეტონის სიმყარის გამო, სამშენებლო მასალებს დიდი დოზით ქიმიურ დანამატებს ურევდნენ. ამის შედეგად ახალ შენობაში (რომელიც მნახველების თქმით, ერთი შეხედვით შესანიშნავად გამოიყურება) ქიმიური ანაორთქლები ისეთ დონეზეა, რომ არა მარტო სიწმიდეებზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს.

საგანძურის გადატანასთან დაკავშირებით ტელეფონით ვესაუბრე: ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ანა ვერულაშვილს; მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპიკოპოსს, მეუფე ილარიონს (ქიტიაშვილს); მესტიის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანს; კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მარინე მიზანდარს და მამა გიორგი ჩართოლანს.

თითოეულ მათგანს ვკითხე საგანძურის გადატანის შესახებ იცის თუ არა პატრიარქმა. ანა ვერულაშვილმა მომიგო, რომ დაზუსტებულ პასუხს მას შემდეგ მივიღებ, რაც ეროვნულ მუზეუმს სამუშაო დღეს, ანუ ორშაბათს, 13 მაისს წერილობით მივმართავ; მეუფე ილარიონმა ბრძანა, რომ უშუალოდ მას პატრიარქისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მუზეუმის მესვეურებმა სიტყვიერად აცნობეს, რომ პატრიარქმა საგანძურის გადატანის შესახებ იცის; მესტიის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა საქმის კურსში არ ჩაუყენებია; მარინე მიზანდარმა განმიცხადა, რომ უშუალოდ მას პატრიარქისთვის საგანძურის გადატანის ამბავი არ უცნობებია, რადგან ამის გაკეთება მეუფის კომპეტენციაა.

ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანა ვერულაშვილის განმარტებით, სვანეთის მუზეუმის ირგვლივ შპს „სპექტრმა“ ორგვარი დასკვნა დადო, რომლითაც დადასტურებულია, რომ ახალ შენობაში ყველაფერი წესრიგშია. მეუფე ილარიონმა განაცხადა, რომ რაღაც დასკვნა მასთან გადააგზავნეს და სიტყვიერადაც განუმარტეს, რომ დასკვნის თანახმად, მუზეუმის ახალ შენობაში მდგომარეობა იმგვარია, რომ სიწმიდეების გატანა შესაძლებელია. ამჟამად მეუფე ილარიონი სვანეთში არ არის, მაგრამ მისი კურთხევით მესტიიდან ზემოხსენებული დასკვნა ინტერნეტით გადმომიგზავნეს. ამ სტატიაში მის შინაარს ვერ შემოგთავაზებთ, უპირველესად იმიტომ, რომ თბილისში არ ვიმყოფები და ტექნიკურ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ ვაგვარებ. პლუს ამას, დასკვნის შინაარს მკითხველს მას შემდეგ გავაცნობ, რაც შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციას გავივლი.

მეუფე ილარიონის კურთხევით, მესტიიდან ტელეფონით დამიკავშირდა მამა გიორგი ჩართოლანი. მისგან შევიტყვე, რომ მესტიის მუსიკალური სკოლის ყოფილი შენობიდან მუზეუმის ახალ შენობაში სიწმიდეების გადატანა 11 მაისს 11 საათზე დაიწყო და 15 საათზე დასრულდა. ამ პროცესში იგი და მამა ბასილი მეუფის კურთხევით მონაწილეობდნენ. სიწმიდეები შეფუთულია. ისინი მუზუემის ახალი შენობის საცავში დააბრძანეს.

იმ დასკვნას, რომლის საფუძველზეც საგანძური მუზეუმის ახალ შენობაში გადაიტანეს, არც კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი გაცნობია. მან გვითხრა, რომ ტელეფონით ესაუბრა სვანეთის მუზეუმის წარმომადგენელს რუსუდან ქოჩქიანს, მან განუმარტა რომ დასკვნის თანახმად მუზეუმის ახალი შენობა კარგ მდგომარეობაშია და იქ საგანძურის გადატანა უპრობლემოდ შეიძლება.

მიმდინარე წლის დასაწყისში მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, ჩემი მიმართვის საფუძველზე წერილობით მაცნობა, რომ შენობის მდგომარეობას სახელმწიფო კომისია შეამოწმებდა:

„ახლო მომავალში იქმნება და ადგილზე ჩამოვა სახელმწიფო კომისია, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების შემადგენლობით, რომლის შემადგენლობაში იქნებიან აგრეთვე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც.

შემოწმდება შენობაზე შესრულებული, როგორც არქტიტექტურული, ასევე ტექნიკური მხარეები. დადგინდება უსაფრთხოების ნორმები, ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები შენობის ვარგისიანობაზე და სხვა. ყოველივე ამის შემდგომ, ყველა დაინტერესებული პირისათვის იქნება ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება მუზეუმის შენობის მშენებლობის ექსპლოატაციისა და ვარგისიანობის შესახებ“.

ახლა კაპიტონ ჟორჟოლიანს ვკითხეთ ამ კომისიის შესახებ. გვითხრა, რომ ამგვარი კომისიის შექმნა გადაიფიქრეს, მაგრამ „მაგის დროს დადგება, კომისია შეიქმნება და ყველაფერი შემოწმდება“. კაპიტონ ჟორჟოლიანი დეტალურადაა ინფორმირებული საგანძურის გადატანის შესახებ. იგი ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგშია, საგანძური სათანადოდ მოვლილ-ნაპატრონებია და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.