for.ge-რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ნიკა მელიას ახალი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ჰყავდა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გიგა ბოკერიას მეუღლემ, ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დაადასტურა. ეს ინფორმაცია გამოცემას სანდო წყარომ მიაწოდა და განუცხადა, რომ მელიას გაყოყოჩების მთავარი მიზეზი კეზერაშვილის ფავორიტობა გახდა. როგორც ირკვევა, ბიზნესმენმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ მინისტრობის დროს ქვეყნისთვის მოპარული ფულით გამდიდრდა „ევროპულ საქართველოზე“ უარი თქვა. მისი ახალი პოლიტიკური რჩეული ნიკა მელია გახდა, რომელსაც ჩერგოლეიშვილის მტკიცებით, საარჩევნო კამპანიასაც კი უფინანსებდა.
ჩერგოლეიშვილმა ნიკა მელიას 5 წლის წინ „ტვ პირველთან“ გაკეთებული განცახდება გაუხსენა:
„არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს“, - ნიკა მელიამ ეს განცხადება 2017 წელს „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, რამაც ჩერგოლეიშვილს მიზეზი მისცა, მელიასთვის სამარცხვინო ეძახა.
„პატივს არ გვცემო. ერთი მიზეზი მითხარით ან ამას, ან აქ დასახელებულ პიროვნებას, ან ვინც ამ ხალხს საიმედოდ თვლის, პატივი რატომ უნდა ვცე? მელიას არჩევნები კეზერაშვილმა დააფინანსა (მისი ნებაა და რაც უნდა ის ქნას, ეგ მე არ მეკითხება). უბრალოდ, პირობას უყენებდა მელიას, ბოკერია მოტეხე თავისი პროექტიდან, თორემ ფულს არ მოგცემო. (კომპლექსები და ეგო აწვალებდა). ასეთები არიან და პატივი გვეციო... პატივს კი არ გცემთ - სამარცხვინოებად გთვლით“, - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
პარალელურად, ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საყურადღებო პოსტს აქვეყნებს:
„ალბათ, მიკიბ-მოკიბვა აღარ ღირს, ჯერ ეს ვიდეო ნახეთ (ძველია). „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს სწორედ ეს დათო კეზერაშვილი მართავს, პეტრე ცისკარიშვილი მისი ბიზნესპარტნიორია, დიმიტრი ჩიქოვანი ცოლისძმა“, - წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე და არქივის ვიდეოს აზიარებს, რომელშიც ნიკა მელია საუბრობს დავით კეზერაშვილზე და პირდაპირ ამბობს, რომ ძარცვით მიღებული თანხებით გამდიდრდა.
„2016 წლის გარიგებების გათვალისწინებით, ცხადზე ცხადია, რატომ აღარაა მიშას თავისუფლების და აქციების თემა აქტუალური! ურჩებს პარტიიდან გარიცხვით ემუქრებიან და იმიტომაც ვერ საუბრობს ხმამაღლა ამ თემაზე ვერავინ! ესაა სიმართლე ! უნდა მეთქვა? - დიახ,უნდა გცოდნოდათ!
დანარჩენი პარტია თქვენია - გამოსავალიც მომხრეებმა და ამომრჩევლებმა უნდა იპოვოთ! თუ ასე გაგრძელდა, მიშას თავისუფლებაც შორეული პერსპექტივაა - იფიქრეთ ამაზეც! ანტიკორუფციულმა ბიურომ კეზერაშვილის საქმეები გამოიძია?!
P.S. – 2016 წელსაც არ მიჯერებდით, მლანძღეთ, მწყევლეთ და როცა ყველაფერი აგიხდათ, მერე სათითაოდ მთხოვდით ბლოკის ახსნას“, - წერს ელისო კილაძე.
„ნაციონალები“ აღნიშნულ განცხადებას უკვე აფასებენ. ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების წყაროები არის გამჭვირვალე და გამოქვეყნებული აქვს აუდიტის სამსახურს. რატომ აკეთებს ეს ადამიანი[თამარ ჩერგოლეიშვილი] მსგავს განცხადებას და რა მიზანი აქვს, ვერ ვხვდები, თუმცა, ფაქტია, რომ მსგავსი დაფინანსება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ გვქონია, მათ, ვინც მერობის კანდიდატები ვიყავით, იმ ადამიანისგან, ვისზეც ქალბატონი ჩერგოლეიშვილი წერს. გიგა ბოკერია დიდი ხანია ჩვენი პარტიის წევრი არ არის, საიდან უნდა ჩავხსნათ ვერ ვხვდები?!“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ჩერგოლეიშვილის განცხადებას მმართველი გუნდის წევრებიც ეხმაურებიან. ხელისუფლების წევრების შეფასებით, აღნიშნული ინფორმაცია სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა მმართველი პარტია კეზერაშვილის ფინანსების წარმომავლობას ეჭვქვეშ აყენებს.
„ის კი არ არის პრობლემა, რომ ვიღაც ბიზნესმენი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიას, აქ პრობლემაა იმაში, რომ ფული, რომელიც არის გაურკვეველი წარმოშობის და, დიდი ალბათობით, არის საქართველოდან გატანილი თანხა უკანონოდ იმ თავდაცვის მინისტრის მიერ, რომელიც წაგებული ომის თავდაცვის მინისტრი იყო, ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ასეთი ფულით ხდება დღეს პოლიტიკური პარტიისა და მედიის დაფინანსება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც დავით კეზერაშვილმა თავისი დაფინანსება ნიკა მელიაზე გადაიტანა, „ევროპულმა საქართველომ“ მასზე თავდასხმა დაიწყო. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ უპრინციპო და უნებისყოფო მელიასგან გასაკვირი არ იყო, რომ კეზერაშვილს ფულზე უარს არ ეტყოდა. ეს ვარაუდი ქართველიშვილმა რამდენიმე დღის წინ for.ge-სთან საუბარში გამოთქვა, რადგან ეჭვი სწორედ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გაყოყოჩებულმა მელიამ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის წამგებიანობაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა ერთმანეთს იმ დონეზე გადაემტერნენ და ტალახის სროლა დაიწყეს, რომ უბრალოდ, ირაკლი კობახიძის განცახდებას დავესესხები, ენმ თვითლიკვიდაციის გზას დაადგა. რა თქმა უნდა, მისი დასუსტება ხელისუფლების დღის წესრიგში შედის, რადგან ეს არის მავნებლების ორგანიზაცია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სჩადის. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ 2024 წლამდე პარტია ნაკუწებად დაიშალოს. ამის ნათელი მაგალითია გიგა ბოკერიას მეუღლის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებები. ის ამბობს, რომ მელიას საარჩევნო კამპანიას დავით კეზერაშვილი აფინანსებდა. ეს ვარაუდი თქვენს გამოცემასთან ზუსტად რამდენიმე დღის წინ გამოვთქვი და აგერ ჩერგოლეიშვილმაც დაადასტურა. მელიას ორსახოვნება უკვე ნანახი გვაქვს. მისი განცხადებები და ქმედება თანხვედრაში არასდროს მოდის. ახლა მელიასთვის „კეზერაშვილის ბინძურ ფულს“, როგორც ის 5 წლის წინ ამტკიცებდა, სუნი აღარ აქვს. კეზერაშვილს ეუბნებოდა შე ბინძურო „ევროპელებს“ როგორ აფინანსებო, მაგრამ ახლა მისი ფულის აღებაზე ხელიც კი არ აუკანკალდა“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან დავით კეზერაშვილზე შურისძიების მიზნით, მასზე თავდასხმის ბრძანება გასცა. სწორედ ამას უკავშირებს ქართველიშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებებს, რომელიც კეზერაშვილს თავს დაესხა.
„კილაძე დავით კეზერაშვილს „ქოლ ცენტრებთან“ დაკავშირებულ პირამიდის შექმნაში ადანაშაულებს. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილისგან პირდაპირ დავალება მიიღო კეზერაშვილს დასცხოს. ოდესღაც ერთიანი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთდროულად თვალსა და ხელს შუა იხლიჩება. ეს უბრალოდ ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. კეზერაშვილისთვის „ევოპელებზე“ დადებული ფსონი წარუმატებელი აღმოჩნდა და კარგადაც გაყვლიფეს. იგივე მოუვა ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც. ამ ხალხმა ერთი რამ ვერ შეიგნო, რომ ენმ-ის მხარდამჭერები ე.წ. სექტაა, რომლისთვისაც ამოსავალი წერტილი მიხეილ სააკაშვილია. ამიტომ ეს უპრინციპო და საკუთარი სიტყვის არაპატივისმცემელი მელია ვის რაში ანაღვლებს?
კი ბატონო, ალბათ, რაღაცა პროცენტი აქვს, მაგრამ მასაც „ევროპელებივით“ ბედი ეწევა, როგორც კი „ნაციონალებისგან“ დისტანცირდება. ამ ადამიანს რა პოლიტიკური მომავალი უნდა ჰქონდეს? კეზერაშვილზე 5 წლის წინ იძახის ბინძური ფულით გამდიდრდაო და ახლა ამ ფულს თავად იჯიბავს. ამიტომაც არის, რომ მელია გაყოყოჩებულია და ვნახეთ, სააკაშვილზე როგორც ლაპარაკობს. კეზერაშვილისგან ფულს იღებს და ენმ-იდან გამოგდების აღარ ეშინია“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.