რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაში ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის ინტერესებზე მიანიშნებს. ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მურღულიამ წარმოადგინა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ოქტომბრის განკარგულება, რომლითაც ცვლილება შევიდა მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის განკარგულებაში და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე ე.წ. ბუფერული ზონა მოიხსნა, რითაც ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისება შესაძლებელი გახდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული განკარგულების პროექტის ავტორი იყო ქვემო ქართლის გუბერნია, რომელსაც დავით კირკიტაძე ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ინიციატივით წარედგინა მაშინდელ მთავრობას განკარგულების პროექტი. ამ
პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია:
„დღეის მდგომარეობით თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე დამტკიცებულია პროექტი და გამოვლენილია სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია, რომელიც უკვე ახორციელებს მშენებლობას. ამავდროულად, რეგიონში არის ინვესტორების მოთხოვნილება გზის მიმდებარედ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე... გამომდინარე ზემოთქმულიდან, განკარგულების იმ ნაწილში, რომელიც ეხება თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, ვინაიდან მიღებულია გადაწყვეტილება მოდერნიზებული საავტომობილო გზის მშენებლობაზე, შეტანილ უნდა იქნას შესაბამისი ცვლილებები“.
„მიზეზი, რომელსაც განმარტებით ბარათში კირკიტაძე ასახელებს, არის სიცრუე. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა იმ პერიოდში არათუ დაწყებული არ ყოფილა, ოფიციალურად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელსაც შემდგომში ავტომაგისტრალის მშენებლობა უნდა დაეწყო, ხელშეკრულებაც არ იყო გაფორმებული. როგორც ჩანს, კირკიტაძემ ან შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში მთავრობა, ან ეს წინა მთავრობის მორიგი აფიორა იყო. მნიშვნელოვანია, რომ განკარგულება საქართველოს მთავრობამ სწორედ 2012 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, ანუ მაშინ, როდესაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდებოდა, რის შემდეგაც ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა. რა გახდა ასე ნაჩქარევად განკარგულების მიღების მიზეზი, ამას, სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ“, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია.
მისივე თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, მოხდა თუ არა 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 27 აპრილამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გასხვისება აღნიშნულ ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრიდან მიღებული პასუხით დგინდება, რომ 2012 წლის 24 ოქტომბერს, ანუ მთავრობის განკარგულების მიღებიდან ოთხ დღეში, 8057 კვ.მ მიწა გადაეცა მოქალაქე ჯორჯ გვიმრაძეს. ხოლო 2012 წლის 27 დეკემბერს აღნიშნული ნაკვეთი ჯორჯ გვიმრაძემ აჩუქა მოქალაქე გურამ გვიმრაძეს. ვინ არიან აღნიშნული პირები, აქვთ თუ არა კავშირი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რატომ მოხდა ასე სასწრაფოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისება - ყოველივე ამას მოკვლევა დაადგენს, აცხადებენ სამინისტროში.
„ბოლო პერიოდში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლის გუბერნატორი კირკიტაძე ხშირად გვსაყვედურობს, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა ახალმა მთავრობამ შეაჩერა. მშენებლობა, რომელიც არც დაწყებულა, ბუნებრივია, ვერც შეჩერდებოდა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს პრეზიდენტის მონაწილეობით, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე დადგმული ფარსი წინა ხელისუფლების დიდი სპექტაკლის ერთი პატარა ნაწილი იყო. რაც შეეხება კირკიტაძის პერმანენტულ თავდასხმებს, ეჭვი გვაქვს, რომ მისი განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ განკარგულებიდან და გასხვისებული სახელმწიფო ქონებიდან გამომდინარეობს და არა რუსთაველებზე ზრუნვის დაუოკებელი სურვილიდან“, - განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო აღნიშნულ მასალებს პროკურატურას უგზავნის და გამოძიების შედეგებს დაელოდება. ამასთანავე, როგორც მურღულიამ აღნიშნა, სამინისტრომ დღეს აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბანკი მზადაა, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობა ახალი მთავრობის იმ პირობის მიხედვით დააფინასოს, რომლის თანახმად, სამუშაოებზე ადგილობრივები დასაქმდებიან.
ქვემო ქართლის გუბერნატორი, დავით კირკიტაძე არ უარყოფს, რომ რუსთავი - თბილისის გზაზე ბუფერული ზონა მისი ინიციატივით მოიხსნა. კირკიტაძის განმარტებით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ინვესტორები მართლაც იყვნენ ამ ადგილით დაინტერესებულები. ქვემო ქართლის გუბერნატორი დაინტერესებულ პირებს ხვალ რუსთავის გზაზე, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურთან იბარებს და პირდება, რომ აჩვენებს იმ სამ მშენებარე ობიექტს, სადაც მისი თქმით, დაახლოებით 500-მდე ადამიანი უნდა დასაქმებულიყო. ამასთანავე, დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ შოთა მურღულია ცრუობს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაგდა პოპიაშვილი კი განმარტავს, რომ მთელი დღის განმავლობაში კირკიტაძის მხრიდან კეთდება კომენტარები არა იმაზე, რა ბრალდებასაც მას სამინისტრო უყენებს, ანუ რატომ მიაღებინა კირკიტაძემ მთავრობას განკარგულება ბუფერული ზონის გაუქმების შესახებ, არამედ სრულიად სხვა მიმართულებით. პოპიაშვილის თქმით, კირკიტაძემ უნდა განმარტოს, მან თავისი ახსნა-განმარტებითი ბარათით მაშინდელი მთავრობა შეცდომაში შეიყვანა, თუ მთლიანად მთავრობის დაინტერესება იყო, რომ ეს ბუფერული ზონა გაუქმებულიყო და ტერიტორია გაესხვისებინათ.
„მთავარი პრობლემა და კითხვის ნიშნები არის იმასთან დაკავშირებით, რომ იქ ბუფერული ზონა გაუქმდა მაშინ, როდესაც კომპანიასთან კონტრაქტი არ იყო გაფორმებული და სამუშაო დაწყებული არ იყო, რასაც კირკიტაძე განმარტებით ბარათში წერს. მისი არგუმენტი სწორედ ეს იყო, რომ სამუშაო უკვე დაწყებული იყო და ამიტომ იყო საჭირო ბუფერული ზონის გაუქმება. კითხვები სწორედ ამასთან დაკავშირებით არსებობს და არა იმაზე, თუ ვინ რას აშენებს და რამდენი ადამიანია ამ ობიექტებზე დასაქმებული“, - აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.