„რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია - თუ ეს მოხდება, მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია უაზრო სიკვდილი და ნგრევა“, - ამის შესახებ ამერიკს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან „დიპლომატიის სივრცე არის“, რომელსაც შეუძლია თავიდან აიცილოს კონფლიქტი ევროპაში.
აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლას და რუსეთის შესაძლო უკან დახევის საკითხს, for.ge-სთან საგარეო ურთიერთობის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აფასებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინასთან მიმართებაში ვრცელი მიართვა გაავრცელა. პირველი, რაც ჯო ბაიდენმა განცხადა იყო ის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია. როგორ შეაფასებდით ბაიდენის ვრცელ განცხადებას, რა იყო თქვენთვის ამ განცხადებაში მნიშვნელოვანი?
- ბაიდენის გამოსვლამდე ჩვენს წინა ინტერვიუს გავიხსენებ, სადაც ვპროგნოზირებდი, რომ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს ამ ეტაპზე ადგილი არ ექნებოდა. პუტინის მხრიდან აშკარად ჩანდა, რომ ადგილი ბლეფს ჰქონდა. პროცესები როგორც არ უნდა განვითარდეს, რუსეთმა გეოპოლიტიკურად რა დივიდენდებიც არ უნდა მიიღოს, რუსეთი და მის ლიდერი ყოველთვის არასანდო სახელმწიფოდ დარჩება. მეორე ინდიკატორი იყო ის, რომ საომარი მოქმედებებისთვის სათანადო ძალები და საშუალებები უკრაინის საზღვართან თავმოყრილი არ იყო, მიუხედავად იმ კადრებისა, რასაც ჩვენ ვხედავდით. ეს, უბრალოდ, ძალის დემონსტრირებას გავდა. თუმცა, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, (ვგულისხმობ 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, ასევე დონბასის ორი რეგიონის ოკუპაცია) დასავლეთმა და მათ შორის აშშ-მაც გააკეთეს გარკვეული დასკვნები. ყველამ შეამჩნია, რომ დუღილის ტემპერატურის აწევა რუსეთს მოუწია და არა დასავლეთს. დასავლეთი არ წავიდა რუსეთის ძალის დემონსტრირების საპასუხოდ, პირიქით, დუღილის ტემპერატურა უფრო აწიეს და აქტიურ სინფორმაციო შტურმზე გადავიდნენ. ამიტომ, რუსეთს მოუწია თემის შეტრიალება და საკითხის ისე დაყენება, რომ თითქოს ომს ისინი არ აპირებენ, ომს აპირებს აშშ და ა.შ.
ასევე, გავიხსენოთ ის მუქარები, რომელსაც რუსეთი რამდენიმე თვის განმავლობაში დასავლეთს უყენებდა. მთავარი მოთხოვნა იყო ნატოს გაფართოვების შეჩერება და დაბრუნება 1997 წლის მდგომარეობამდე. ამას აფიქსირებდნენ იმ ძალის დემონსტრაციის ფონზე, რომელსაც ბელარუსში, ისევე რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ. ასევე იყო მოწოდება, რომ უკრაინის ნატოში მიღება წითელი ხაზებია. ეს ყველაფერი დასავლეთმა არ გაატარა, რის შემდეგაც კრემლს ფირფიტის ამოტრიალება მოუწია. ჯარების გამოყვანის პროცესი დაამთხვიეს გერმანიის კანცლერის ჩასვლას. იმავე დღეს დაამთხვიეს დუმის რეზულუციაც. კარგად იკითხება, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია.
რაც შეეხება ბაიდენის განცხადებას, რაც მე აღვწერე სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარეობდა. დასავლეთი ელოდება დადასტურებას, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან დაჯგუფებები შეამცირა. ელოდებიან, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მიიღონ. რუსული მედია გააკეთებს კადრებს, როგორ ტოვებენ დისლოკაციის ადგილებს, უბრალოდ, შესამოწმებელი იქნება ეს ყველაფერი და აშშ-ს ამის გადამოწმება არ გაუჭირდება.
ბაიდენმა თავის გამოსვლაში ასევე დაასახელა ის სფეროები, რომლითაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შეუძლიათ გააგრძელონ საუბარი. ეს არის „დიპლომატიური ურთიერთობები“. შეიძლება ითქვას, რომ გასულ შაბათს ბაიდენ-პუტინს შორის განხორციელებულმა საუბარმა განაპირობა რუსეთის მხრიდან უკან დახევა?
- ერთი მხრივ დიპლომატია, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის მიმართ საინფორმაციო იერიში იყო მიტანილი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს აგრესიაში ამხელდა. ასეთ ფონზე, როგორც წესი, ომი არ იწყება. მხარე, რომელიც ომს აპირებს, ომის წინ ცდილობს საინფომაციო ომი მოიგოს და შექმნას არა მხოლოდ საკუთარი საზოგოდოების აზრი, არამედ საერთაშორისო არენაზეც გარკვეული უპირატესობები მიიღოს. როდესაც მთელი დასავლეთი შენ გიპირისპირდება და გამადიდებელი შუშით გიყურებს, რა თქმა უნდა, ამ დროს აგრესიაზე არ წახვალ. იმის მიუხედავად, რომ რუსეთს თავზეხელაღებულობა არ აკლია, მთლად ჭკუიდან გადასულებიც არ არიან, რათა საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქციონ. პირიქით, რუსეთი ცდილობს ეს იზოლაცია გაარღვიოს, რომელშიც წლების განმავლობაში იმყოფება. პირველ რიგში, რასაც რუსეთი ამ უკრაინის შექმნილი კრიზისით ცდილობს, არის ამერიკასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იმის მიღწევა, რომ რუსეთი აღიქვან როგორც საბჭოთა კავშირის სრულყოფილი მემკვიდრე.
დაბოლოს ჯო ბაიდენის გამოსვლა რომ შევაჯამოთ, როგორ ფიქრობთ, მისი ეს განცხადება ნიშნავს, რომ რუსეთს დაანახა თუ რამდენად ერთიანი და ძლიერია დასავლეთი?
- თავის მიღწევებს ყველა სათავისოდ ყიდის და წარუმატებლობას არავინ აღიარებს. მსოფლიოში ბირთვული ქობინების რიცხვებით თუ შევხედავთ, პირველი ბირთვული სახელმწიფო ძალის დემოსნტრირების ფონზე გესაუბრება და რაღაც ულტიმატუმებს აყენებს. რუსეთის გულშემატკივრები დღესაც არიან და მათ კომენტარებს სოციალურ ქსელში თუ გადახედავთ, წააწყდებით ასეთ კომენტარებს - „რა უქნეს რუსეთს, ვერაფერიც ვერ უქნეს და დასავლეთი არაფრის მაქნისია“. რა მოლოდინი უნდა ჰქონდა მსოფლიო საზოგადოებას გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო ომის თავიდან ასაცილებლად?! ომის ასაცილებლად კი ვნახეთ, რომ დასავლეთმა გასული წლებისგან განსხვავებული გზა აირჩია. 2014 წელს რუსეთის დუღილის ტემპერატურას აჰყვა, რასაც აკეთებდა რუსეთი, დასავლეთიც მაშინ უფრო მეტად ძაბავდა ვითარებას. საერთო ჯამში, ყველა ცდილობს, რომ თავისი გააკეთოს. ახლა, ვფიქრობ, რუსეთმა გლობალურად წააგო. თუმცა, გარკვეულ მიზნებს მიაღწია - ინტესიური ვიზიტებია მოსკოვში, ამის პარალელურად, სატელეფონო ზარები ხორციელდება და იგივე, სხვადასხვა ლიდერების მხრიდან განცხადებები კეთდება. ბაიდენი მარტო უკრაინაზე არ საუბრობდა, არამედ, ზოგადად, ამბობდა, რომ რუსეთთან არის თემები, რის გარშემოც შეიძლება დაჯდომა და საუბარი.