პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე ფიქრობს, რომ არსებობს შანსი, უკრაინამ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე. მით უმეტეს, როდესაც ნატოს ყველა წევრი - საფრანგეთი და უნგრეთი არ თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე. დასავლეთში არსებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი ამბობს, რომ დიდი ომი არ იქნება, რადგან სამხედრო კონფლიქტი განსაკუთრებით დასავლეთს არ აწყობს. შესაბამისად, პროცესი მოლაპარაკებით დამთავდება.
for.ge თამარ კიკნაძეს ესაუბრა.
საინტერესოდ ვითარდება პროცესები, იმის მიუხედავად, რომ ყველა ელოდება რუსეთი ოფიციალურად განაცხადებს უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტის შესახებ, პირიქით, რუსეთმა სამხედრო წვრთნები დასრულებულად გამოაცხადა და დაიწყო ჯარის გაყვანა. ამას წინ უსწრებდა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადება, რომ უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუ გარემოებები ამას აიძულებს. როგორ ფიქრობთ, რის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთმა უარი ათქმევინოს უკრაინას ნატო-ზე და საერთოდ, არის ამის შანსი?
თამარ კიკნაძე: რა თქმა უნდა, შანსი დიდია. რუსეთი და უკრაინა, ფაქტობრივად, ერთი სამყაროს ხალხია, ანუ რუსული სამყაროს ხალხია. იგივე პოლიტიკურ ელიტას რომ გადავხედოთ როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში ვნახავთ, რომ რუსულ ელიტაში ძალიან ბევრია უკრაინული გვარის, ისევე როგორც უკრაინულ ელიტაში. ნახეთ, როგორი სიტუაციაა - გლობალური დაპირისპირება და უკრაინა არის საბაბი, ამას ძალიან კარგად ხვდება როგორც უკრაინა, ასევე რუსეთი. ამ პროცესში ძალიან სიმპტომატურია ისიც, რომ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაჭრობა.
შესაძლებელია ვაჭრობის თემა იყოს ის, რასაც ითხოვს რუსეთი - უკრაინა გადახედავს ნატოში გაწევრიანების ამბიციას?
- რა თქმა უნდა, და ვაჭრობა უკვე მიდის დასავლეთთან. მივადევნოთ თვალი, ჯერ იყო მაკრონის ვიზიტი რუსეთში, შემდეგ შედგა ორბანის ვიზიტი. დასავლეთს არ აქვს ერთი პოზიცია. ნატოში გაწევრიანება კონსენსუსის გზით ხდება. მაგრამ ვხედავთ, რომ ორბანი და მაკრონი წინააღმდეგი არიან უკრაინის გაწევრიანების. დასავლეთი არ არის ერთიანი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი გეგმა შესთავაზა და თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოებაში აუცილებლად უნდა მოვიაზროთ რუსეთი. ეს მაშინ, როდესაც ევროპა და აშშ რუსეთს ადანაშაულებს საომარი მოქმედებების პროვოცირებაში და ფინანსური სანქციებით ემუქრებიან...
- ისიც ხომ გასაგებია, რომ ეს ფინანსური სანქციები დიდად არ დააზარალებს რუსეთს?! სხვათა შორის, ჩინეთმა განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ თავის ხედვას წარმოადგენს საერთაშორისო პერსინგთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მარტო პოლიტიკა არ არის. ეს ძალიან რთული კომპლექტია, რომელიც ერთობლივად არის როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე აქსეოლოგიური. ძირითადად, ღირებულებების ხედვაა ერთი მხრივ რუსეთისა და ჩინეთის, მეორე მხრივ დასავლეთის და აშშ-ის. რთული პროცესია, რომელიც დამთავრდება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებით. ახლა მიმდინარეობს მტკივნეული პროცესი - დიდ მოთამაშეებს შორის ვაჭრობა.
რა შემთხვევაში შეიძლება უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე? დღეს პრინციპულად აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური კურსი არ გადაიხედება...
- საერთოდ, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებით ყველაზე დაზარალებული რჩებიან ერთი მხრივ რუსეთი და მეორე მხრივ უკრაინა, რაც ძალიან კარგად ესმით უკრაინაში. ამიტომ, უღირთ ნატოში გაწევრიანების ფასად ხანგრძლივი ომი, მაშინ, როდესაც ყველა წევრი არც კი თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე? აშშ ამბობს, რომ ჯარებს ვერ გაგზავნის, მაკრონს სხვა გეგმა აქვს, იქ ორბანი სულ სხვა გეგმას სთავაზობს და გაიჟღერა იმანაც, რომ შეიძლება საერთოდ გამოვიდეს ევროკავშირიდან - განხეთქილებაა დასავლეთში.
განხეთქილება დასავლეთში შექმნის იმის წინა პირობას, რომ დიდი ომის გზით არ განვითარდეს მოვლენები და, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკების გზით გადაწყდეს კონფლიქტი?
- ვფიქრობ, რომ დიდი ომი არ იქნება, რადგან ომი, განსაკუთრებით, დასავლეთს არ აწყობს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მოლაპარაკებით დამთავდება. სხვათა შორის ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ გამოსვლაში ამბობდა, რომ არ არის აუცილებელი მათ უკრაინას დაარტყან. შეიძლება ეს დარტყმა განახორციელოს იმ ქვეყანაზე, რომელიც ამ ომის პროვოცირებას აკეთებს. ე.ი. პუტინმა თქვა, რომ საფრთხის ქვეშ არის არა უკრაინა, არამედ დასავლეთის ქვეყნები, რაც იმის საფუძველია, რომ დაფიქრდნენ და დათმობაზე წავიდნენ.
თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთმა გადალახა უკრაინის საზღვარი, ასეთ შემთხვევაში დასავლეთი ჩაერთვება სამხედრო ძალით? ზელინსკი პირდაპირ ამბობს, რომ თუ უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა უკრაინას, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ ხელი შეუწყოს დეესკალაციას...
- პირდაპირ აცხადებენ, რომ ომში ჩაბმა და რუსეთთან დაპირისპირება გამოიწვევს ბირთვულ დაპირისპირებას. დასავლეთი არ აპირებს ჩაერთოს ამ პროცესებში. საქართველოს მაგალითიც ძალიან სიმპტომატური იყო ამ მხრივ. ყველა ელოდა, რომ დასავლეთი ჩაერთვებოდა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ არ ჩაერთვება დასავლეთი, ორი ბირთვული სახელმწიფო - ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს არ დაეტაკებოდა. იგივე ვითარებაა დღესაც. ასე რომ, შეიძლება უკრაინაც დათმობაზე წავიდეს. ყოველ შემთხვევაში ამის პირველი სიმპტომი გამოჩნდა.
საინტერესოა ისიც, რომ პასიურია როგორც ჩინეთი, ასევე ინდოეთი, მაშინ, როდესაც, როგორც რუსეთი, ასევე აშშ ცდილობს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან...
- ვლადიმერ პუტინი შეხვდა როგორც ჩინეთის, ასევე ინდოეთის ლიდერებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს და ინდოეთს ბევრი სადავო საკითხი აქვთ, ორივე შოშის წევრები არიან და თანამშრომლობენ. პოლიტიკის ვექტორი დასავლეთიდან გადადის სულ სხვა მიმართულებით და კერძოდ - აღმოსავლეთში. ჩინეთს სულ სხვანაირად ესახება მსოფლიო წესრიგი. მაგალითად, დასავლეთის ცივილიზაცია გამყარებულია ე.წ. კარტენზიანულ და პროტესტანტურ ეთიკაზე. მაგალითად, ჩინური პოლიტიკა ემყარება კონფუციანიზმს, ანუ ჰარმონიული გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. ძალიან დიდი ღირებულებითი განსხვავებაა მათ შორის - იდეოლოგიური. მაშინ, როდესაც წინა პლანზე გამოვიდნენ ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, დასავლეთი აღარ არის ერთადერთი კანონმდებელი მსოფლიო წესრგის.
ლიბერალიზმი არის კრიზისში. ამიტომ ჩვენ უნდა ველოდოთ სრულიად ახალი წესის მსოფლიო წესრიგს. ეს პროცესი დამთავრება ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებით. ეს იქნება არა ერთპოლარული, არამედ მრავალპოლარული სამყარო, სადაც დასავლეთს, ალბათ, ექნება თავისი ადგილი, მაგრამ არ იქნება ერთადერთი კანონმდებელი იმ უნივერსალური წესებისა, რომელსაც იგი დანარჩენ მსოფლიოს სთავაზობს.
დასავლეთი ცდილობს, რომ არ იყოს ზედმეტად აქტიური, ამის ფონზე ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს მისი პასიურობის გამო. დღეს საქართველოს რას აძლევს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში ჩართვა, მითუმეტეს, როცა უკრაინაში ომი საქართველოზე ავტომატურად იმოქმედებს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით?
- მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლებაში არ არის მიხეილ სააკაშვილი და ეს ხელისუფლება ფრთხილად იქცევა, რაც ვნახეთ რეზოლუციის ტექსტში. ნაციონალების სახით არსებული ოპოზიცია, ეს არის დესტრუქციული, რაც არაერთხელ გამოვლინდა. ვნახეთ, როგორ დამთავრდა 2008 წლის ომი. ისინი მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ - რაც უფრო ცუდი, მით უკეთესი მათთვის, რაც საქართველოს ნამდვილად არ წაადგება. საქართველო ახლა ძალიან ფრთხილად და მოზომილად უნდა იქცეოდეს. არ მოხდეს ისე, რომ ამ გლობალური კატაკლიზმების დროს ქვები გვირტყან თავში.