რუსული პრესა ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრიდან ჯარის ნაწილის გაყვანა დაიწყო. მედიაში მძიმე ტექნიკის გასვლის კადრებიც გავრცელდა, თუმცა ამერიკას და ნატოს რუსეთის არ სჯერა. მათი მტკიცებით, რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარი ჯერ ისევ არ გაუყვანია. ჯერ ისევ პასუხგაუცემელია კითხვა - რა ჩაიფიქრა პუტინიმა და რისი მიღწევა სურს?
„უკრაინა ჯერ არ მომკვდარა“ - დღეს ეს მხოლოდ ეროვნული ჰიმნის ტექსტი არ არის, არამედ უკრაინელი ხალხის მთავარი სათქმელია. 16 თებერვალს, ერთმანეთის მხარდამხარ, ასეულობით მოქალაქემ ოლიმპიურ სტადიონზე 200-მეტრიანი დროშა გაშალა. ამობდნენ, რომ ომი მათი არჩევანი არ არის, რუსულ სამხედრო ინტერვენციას კი ერთობით დაუპირისპირდებიან.
16 თებერვალი, დღე, როცა უკრაინა რუსეთისგან თავდასხმას ელოდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთიანობის დღედ აქცია. თარიღმა, რომელიც უკრაინის უახლესი ისტორიის კალენდარზე მოინიშნა, ომის ზღვარზე მყოფი ქვეყანა გააერთიანა. უკრაინის მთავარსარდლის სამშვიდობო გზავნილი ერთადერთია - უკრაინელებმა იცხოვრონ მშვიდად და ბედნიერად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინა არის სახლი, სამშობლო, საიდანაც არ გარბიან.
რუსული მედია კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ვლადიმირ პუტინი ითვალისწინებს სახელმწიფო სათათბიროს თხოვნას არაღიარებული რესპუბლიკების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, მაგრამ ხაზგასმულია, რომ ეს ნაბიჯი მინსკის შეთანხებას სცდება.
ნატოს მოსკოვის არ სჯერა. დეესკალაციის მოლოდინიც აქვთ, თუმცა ალიანსში რუსეთისგან პროვოკაციულ ქმედებებს მაინც ელოდებიან. ნატოს ღია კარის პოლიტიკა რომ გრძელდება, ეს მინისტერიალის მთავარი გზავნილი იყო.
ოფიციალური ვაშინგტონი კვლავ სანქციებზე საუბრობს. ეს არის არჩევანის ომი, ომი უმიზეზოდ - ამერიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია, თუმცა ჯო ბაიდენი დიპლომატიისთვის დატოვებულ სივრცესაც ხედავს.
თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინში შეჭრა ჩაფიქრებული არ ჰქონდა, მაშინ რა იყო მისი მიზანი და მიაღწია თუ არა ამას? საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ პუტინს ომი არც სურდა და ამაზე არაერთხელ უსაუბრია. მისი აზრით, პუტინის მიზანი იყო ამერიკა მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა. ასევე - ზეწოლის განხორციელება უკრაინაზე, რათა ქვეყნის ეკონომიკამ ზარალი მიიღოს და ქვეყანა გაკოტრდეს. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი იძულებული გახადეს, რომ მინსკის ხელშეკრულების შესრულებაზე თანხმობა განაცხადოს.
„რუსეთის პრეზიდენტის ასევე მთავარი მიზანი უკრაინის გაღარიბებაა. უკრაინულ გრინვასაც დაეტყო და მისი კურსი ძალიან დავარდა. ვნახეთ ქვეყნიდან გაქცეული ბიზნესმენები, რომლებიც უკრაინას პანიკურად ტოვებდნენ. პუტინი ფიქრობს, რომ ამით უკრაინა უფრო დამჯერი გახდება და ცოტა გონს მოვლენ, ხოლო შემდეგ, საუბარი მინსკის ხელშეკრულების შესრულებაზეც მივა. ეს პუტინის პროგრამა მაქსიმუმი იქნება. მეტს არ მგონია პუტინი ცდილობდეს.
მან კარგად იცის, უკრაინაში შეჭრას რაც მოჰყვება და ამდენად უგუნურიც არ მგონია. როცა პოროშენკომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, უკრაინის ძალიან დიდი არმია რუსეთს მომწყვდეული ჰყავდა და მაშინ უკრაინის პრეზიდენტი იძულებული გახადეს. ეს ხელშეკრულება უკრაინისთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ დონბასს უკრაინის შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსი უნდა ჰქონდეს, რაც უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს უფლების გამოყენებას ნიშნავს. ამიტომ ეს ქვეყანა არა თუ ნატოში ვერ შევა, არამედ ევროკავშირშიც ვერ გაწევრიანდება“, - ამბობს შარაშენიძე.
მისივე თქმით, დაპირისპირების ამ ფაზას ჯერჯერობით მოგებული არავინ ჰყავს და ამ ეტაპზე, წინასწარ რაიმე დასკვნებისგანაც თავს შეიკავებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პუტინი ახლა ცივი ომის გადასინჯვას ცდილობს, ამიტომაც ეს დაძაბულობა კვლავ გაგრძელდება. მას მოლოდნი აქვს, რომ პუტინი სხვა თამაშში შედის და მისგან სიუპრიზებიც მოსალოდნელია. ამიტომ ასე, ხელაღებით იმის მტკიცება, რომ მან უკან დაიხია - ნაადრევია.
„რონდელის“ ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის განცხადებები, თითქოს მათ უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანა დაიწყეს, დასაჯერებელი არ არის. ბატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პუტინი უკრაინაზე შეტევის ბრძანებას გასცემს თუ არა ამ დღეებში, ეს მხოლოდ მის თავში იხარშება. ამიტომ დარწმუნებით თავად პუტინის გარემოცვამაც არ იცის, ის რა ბრძანებას გასცემს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ყველამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას არ მიიღებს და გონიერება ეყოფა. კარგად ვიცით, უკრაინაში შეჭრას რაც შეიძლება მოჰყვეს. ეს იქნება სისხლისღვრა და ძალიან დიდი დანაკარგი, ნგრევა და წარმოუდგენელი დაპირისპირება, რომელიც მსოფლიოს მძიმე შედეგებს მოუტანს. თუ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, ეს იქნება „ახალი ავღანეთი“. პუტინი რუსეთში ძალიან ბევრი ჯარისკაცის გვამს ჩაიტანს, რაც მასვე დააზიანებს და შიდა დაპირისპირებას გამოიწვევს. დასავლეთი უკრაინას საჭირო იარაღს მიაწვდის. რუსეთი და პუტინი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ უკრაინა ხელიდან გაეშვა და იმპერიის ნაწილი აღარ არის.
ძალის დემონსტრირებით პუტინი თამაშობს. მას დასავლეთის დაპირისპირება და ორად გაყოფა უნდა. მისი დასუსტებით კი უკრაინაზე ზეწოლას გააძლიერებს, რომელიც თუნდაც მინსკის ხელშეკრულების შესრულებაზე წავა. ვნახოთ, მოვლენებს დაველოდოთ. ბაიდენის განცახდება ძალაინ მტკიცე და პრინციპული იყო, თუმცა პუტინის პროგნოზირება ძალიან რთულია. ამ დღეებში რეალურად გამოჩნდება რას აკეთებს. თუმცა, პუტინი ასე ადვილად პოზიციებს არ დათმობს“, - ამბობს ბატიაშვილი.
ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გია ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებზე გარკვეულ ზეგავლენას, ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება ახდენს. ჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დიდი ხანია მსოფლიოს არ უნახავია ამერიკის პრეზიდენტი რუსეთს თითს ასე უქნევდეს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამერიკამ და ნატომ ეს ბრძოლა რუსეთთან მოიგეს.
„ფაქტი იყო, რომ რუსეთმა ულტიმატუმი წამოაყენა. ერთი ნატოს მიმართულებით გაგზავნა, მეორე კი - ამერიკის. ევროპა კი სათვალავში საერთოდ არც ჩააგდო. ფრანგებს და გერმანელებს არაფერიც არ ჰკითხა. ამ ულტიმატუმიდან პუტინის რომელი მოთხოვნა დაკმაყოფილდა? - არც ერთი, პირიქით, ძალიან მკაცრი გაფრთხილება მიიღო. ნატოს ღია კარის და გაფართოვების პოლიტიკა ძალაშია. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ძალაშია. რუსეთს რა მოთხოვნებიც ჰქონდა, რომ მსოფლიო ცივი ომის პერიოდს დაბრუნებოდა, ეს ყველა მოთხოვნა ამერიკის მხრიდან უარყოფილია. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამ საკითხებზე უკან დახევას არ აპირებს. რუსეთმა ეს ბრძოლა წააგო, მაგრამ პუტინს სახის შენარჩუნება სჭირდება. ახლა პუტინს ქვეყნის შიგნით პოპულარობის შენარჩუნება უნდა. მისი რეიტინგი ქვეყნის შიგნით მაშინვე იწევს, როგორც კი საომარი რიტორიკა აქვს. ხოლო, როდესაც საგარეო პოლიტიკაში ის აგრესიული არ არის, რუსეთში ბევრი პრობლემაა, რომელიც ჩნდება. არ ვიცით ჯერ ჩინეთთან ფლირტი პუტინს რა დაუჯდა. რუსეთის წარმატება ახლა ის არის, რომ უკრაინას ეკონომიკურად აზიანებს. ვიცით, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ომია მოსალოდნელი, ინვესტიციას არავინ დებს. თუმცა აქაც არის გამოსავალი, რადგანაც დასავლეთი მას ფინანსურ დახმარებას აძლევს. ამერიკა რა სახით და თანხით ეხმარება უკრაინას, ჯერ კიდევ არ ვიცით“,-ამბობს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, უკრაინა ახლა ისეთი ქვეყანა აღარ არის, რაც თუნდაც ერთი წლის წინ იყო. უკრაინა დღე კბილებამდე შეიარაღებულია და რუსეთის აგრესიას ნებისმიერი მხრიდან მოიგერიებს. თუმცა ანალიტიკოსი სვამს კითხვას, ახლა საინტერესოა, ამერიკა და დასავლეთი სადამდე წასასვლელად არიან მზად.
„აქ ჩერდებიან, თუ იმ წნეხს აგრძელებენ, რაც 2 თვეა რუსეთზე მიდის? ამიტომაც ახლა პუტინი მათ რეაქციას ბოლომდე დაელოდება. რაც შეეხება ამერიკისგან 16 თებერვლის თავდასხმის დაანონდებას, ესეც პოლიტიკური ტაქტიკა იყო. ამერიკამ დრო მოიგო. თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, მართალი აღმოჩნდებოდა, რადგან მსოფლიო გააფრთხილა, თუ არ დაესხმებოდა აქაც მართალი იქნებოდა, რადგან ახლა იტყვის, რომ პუტინს შეეშინდა. ამიტომ დიპლომატიურ ფრონტზე ამერიკამ პუტინი გაანადგურა. ახლა ჯერი მასზეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, გამოჩნდება“, - ამბობს ჯაფარიძე.