„სიების აღდგენა კარგი გამოსავალი იქნება, რადგან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, შეიძლება ამით შერბილდეს“

„სიების აღდგენა კარგი გამოსავალი იქნება, რადგან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, შეიძლება ამით შერბილდეს“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-10 მოწვევის დეპუტატებს ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. რაც შეეხება კახა კუჭავას, მან პარლამენტის თავმჯდომარეობასა და დეპუტატის მანდატზე უარი თავად განაცხადა.

აღშანიშნავია, რომ შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას პარლამენტში ჩამნაცვლებელი არავინ ჰყავთ, რადგან მათმა პარტიამ ცესკოში სიები ჩახსნეს. ასე რომ, საქართველოს პარლამენტს 150 დეპუტატის ნაცვლად, 148 დეპუტატი ეყოლება.

კანონით რამდენად არის შესაძლებელი, რომ ოპოზიციამ ჩახსნილი სიები აღადგინოს, ან რამდენად არის სწორი ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის დროზე ადრე შეჩერება კანონიერი, ამ კითხვებით კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს მივმართეთ.

ბადრი ჯაფარიძისთვის რამდენად კანონიერად მოხდა მანდატის დროზე ადრე შეჩერება, შეიძლებოდა, რომ მისთვის მანდატი არ შეეჩერებინათ?

- დღეს ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. მჭირდება დრო, რომ შევისწავლო პარლამენტი სამართლებრივად რამდენად სწორად მოიქცა. უნდა ვნახო სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და ამის შემდეგ მეცოდინება პასუხი. ახლა არ მინდა, რომ არასწორი პასუხი მოგცეთ.

მაშინ რომ გვითხრათ ნიკა მელიასი და ბადრი ჯაფარიძის საკითხი რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან?

- ნიკა მელიასი და ბადრი ჯაფარიძის საკითხები ერთნაირი არ არის. ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პირის დამნაშავეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა. სასამართლომ დაადგინა, რომ მელია დამაშავე იყო. უბრალოდ, მასთან დაკავშირებით სადავო იყო პირველი ინსტანციის შემდეგ უნდა მიეღო პარლამენტს გადაწყვეტილება თუ ყველა ინსტანციის დასრულების შემდეგ.

ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებაში საკითხი ასე დგას - თავისთავად ის, რომ ხანდაზმული დანაშაული გამოსდის დამნაშავეს, ეს, კონსტიტუციის მიზნებისთვის, ჩაითვლება თუ არა საკმარისად ლეგიტიმურად საპარლამენტო უფლებამოსილების შესაწყვეტად. ჯაფარიძესთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან არგუმენტები არსებობს და ახლა სწორედ ამ არგუმენტებს ვსწავლობთ.

ასევე პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას. ორივე დეპუტატს ჩამნაცვლებელი არ ჰყავს, რადგან მათ ცესკოში სიები ჩახსნენს. ამის გამო საქართველოს პარლამენტს 150 დეპუტატის ნაცვლად 148 დეპუტატი ეყოლება. კონსტიტუციურად რამდენად არის გამართლებული, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად არ იქნება შევსებული?

- სიების აღდგენა კარგი გამოსავალი იქნება, რადგან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში არის, შეიძლება ამით შერბილდეს. მოგეხსენებათ, სწორედ სიების ჩახსნა ასოცირდება პოლიტიკურ კრიზისთან და დესტრუქციულ მოქმედებასთან. როდესაც სიების ჩახსნა მიდინარეობდა, იმ პერიოდში ოპოზიციის ამ ქმედებას ვაკრიტიკებდი. დეპუტატებს მოვუწოდებდი, რომ პარლამენტში გაეგრძელებინათ მუშაობა. პირადად მე სიების აღდგენას მხარს დავუჭერ, როგორც კონსტრუქციული პროცესების წამოწყების შესაძლებლობას. ნაკლულ პარლამენტში ოპოზიცია თავის ფუნქციას სრულად ვერ შეასრულებს. თუ ჩვენ გვინდა, რომ დავინახოთ როგორი განწყობა აქვს ამომრჩეველს ქართული პარტიების მიმართ, მაშინ ეს პარლამენტში უნდა ავსახოთ. თუ ოპოზიციას ბევრი დეპუტატი დააკლდება, მაშინ გამოდის, რომ პარლამენტი სრულყოფილი ვერ იქნება.

კონსტიტუციურად როგორ უნდა მოხდეს სიების აღდგენა?

- ეს შეიძლება კანონში ცვლილებებით მოხდეს, რომლის მიხედვითაც სიები აღდგება და პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ გამოკლებული დეპუტატები ჩაანაცვლონ.

ანუ საკონსტიტუციო ცვლილება უნდა განხორციელდეს?

- ამას ოპოზიცია დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს, ამას უმრავლესობის თანხმობა სჭირდება და საერთო ჯამში 113 ხმა არის საჭირო. თუ კონსტიტუციაში ცვლილებას შეიტანენ, ეს იქნება იგივე გზა, რომელიც 2008 წელს გააკეთა მაშნდელმა პარლამენტმა. თუმცა, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას, ამ მხრივ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- საინტერესო შემთხვევაა. ვიტყოდი, რომ არგუმენტები არსებობს და საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

დემეტრე - ეხლა ამ სიტყვების მთქმელი იურისტია?!
2 წლის უკან
ჯარჯი ამ კაცს კონსტიტუციონალისტობაზე აქვს პრეტენზია და ამ დროს, ანტიკონსტიტუციურ იდეას აჟღერებს
2 წლის უკან