„გამოვლენილია საერთაშორისო თაღლითური სქემა, რომლის სათავეში დგას დავით კეზერაშვილი“

„გამოვლენილია საერთაშორისო თაღლითური სქემა, რომლის სათავეში დგას დავით კეზერაშვილი“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა საერთაშორისო თაღლითური სქემის ე.წ. ქოლცენტრების ირგვლივ მიმდინარე გამოძიებისას. გამოძიებას უკვე ყავს ასობით ინფორმატორი და ასი ათასობით დაზარალებული ადამიანი, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას. საქმის მასალებში საუბარია კოლოსალური თანხების მითვისებაზე. დანაშაულებრივი ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არჩევდა საპენსიო ასაკის ადამიანებს, რომლებსაც დანაზოგს ადებინებდნენ მითიურ აქციებში, რამაც, ბუნებრივია, პენსიონერები გააკოტრა.

ამ სქემას ახორციელებს „milton group“, რომლის ხელმძღვანელია, საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა. სწორედ თოდუას პარტნიორია დავით კეზერაშვილი, რომელიც საქართველოშიც ფინანსურ-კორპორაციული სქემებით ოპერირებს და პარტიებს, მედიებს და პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა „ანტიკორუფციული ბიურო“, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობს.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ კეზერაშვილი ჩართულია ტრანსნაციონალური მასშტაბის უკანონო სქემებში და აქედან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს „ნაცმოძრაობას“.

საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიებაზე და ამ სქემაში კეზერაშვილის მონაწილეობაზე for.ge ზურაბ ქადაგიძეს ესაუბრა.

ბატონო ზურაბ, ვინ არიან ამ თაღლითურ სქემაში დავით კეზერაშვილის პარტნიორები, რომლის მეშვეობით კეზერაშვილი საქართველოში ახორციელებს თავის ბიზნეს საქმიანობას და სავარაუდოდ, სად მიდის გამოძიების კვალი?

ზურაბ ქადაგიძე: ყველა გზა კვიპროსში მიდის. საერთაშორისო თაღლითური სქემის შემოქმედი და ელიტური კორუფციის მამად წოდებული კეზერაშვილი, როგორც აღვნიშნე, ჩართულია ტრანსნაციონალური მასშტაბის უკანონო სქემებში და აქედან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს „ნაცმოძრაობას“. იგი დიდი ხანია ცხოვრობს კვიპროსში და იქიდან უძღვება საქართველოს „გადარჩენის“ გეგმას. რაც შეეხება კითხვას - ვინ არიან საქართველოში მოღვაწე, მისი პარტნიორები და ვისი ხელით იმართება ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც კეზერაშვილის საკუთრებაშია? - ეს არის საქართველოში რეგისტრირებულია კომპანია „რეიზომატი“, რომლის 51% წილს ფლობს „აქსიოს კაპიტალ ლიმითედი“. ზემოხსენებული ორგანიზაცია კვიპროსშია რეგისტრირებული. „აქსიოს კაპიტალ ლიმითედის“ დირექტორია საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე, რომელიც პავლე კუბლაშვილთან ერთად, შპს „ქი პოინტს კონსალტინგის“ მფლობელია. ასევე 2016 წლის ე.წ. „პანამურ დოკუმენტებში“ ბატონი ჭელიძე მოიხსენიება „Petrocas Energy Management Iimited,FPC Group“-ის წარმომადგენლად. აღნიშნულ კომპანიას საქართველოში რეგისტრირებული აქვს „პეტროკას ენერჯი ჯორჯია“. ორივე კომპანიასთან მჭიდრო კავშირები აქვთ დავით იაკობაშვილსა და დავით კეზერაშვილს.

რატი ჭელიძეს 2010 წელს ფინანსური შემხებლობა ჰქონდა „საქართველოს ლატარიის კომპანიასთან“ რომელიც 2010 წელს კეზერაშვილის საკუთრება იყო. ასევე, 2017 წელს ბატონი ჭელიძე გახლდათ სასამართლოში დაცვის მხარის მოწმე, სადაც კეზერაშვილის ერთ-ერთი საქმის განხილვისას უნდა მიეცა ჩვენება. რატი ჭელიძე 2020 წელს გაემგზავრა კვიპროსში და საქართველოში აღარ დაბრუნებულა. ასეთი ფინანსურ-კორპორაციული სქემებით ოპერირებს კეზერაშვილი საქართველოში, სადაც პარტიებს, მედიებსა და სხვა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

ერთ-ერთი ასეთი ინტერესია პირადი თაღლითური რეპუტაციის „გათეთრება“ და ამიტომ აქტიურად აფინანსებს ე.წ. „ანტიკორუფციულ ბიუროს“, რომლის ხელმძღვანელია ლევან ხაბეიშვილი. ამ ბიუროს ფუნქცია მხოლოდ კეზერაშვილისა და მასთან დაკავშირებული მაქინაციების „გაპრავებაში“ მდგომარეობს, სადაც დიდი ენთუზიაზმით, კლოუნადითა და უხარისხო სანახაობებით გვანებივრებს ბატონი ხაბეიშვილი.

რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მიუხედავად იმისა, რომ ამ თაღლითური სქემის სათავეში დგას ყოფილი თავდაცვის მინისტრი, პოზიციამ ეს საქმე დაუკავშირა სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს...

- რეალურად ხდება ის, რომ გამოვლენილია საერთაშორისო თაღლითური სქემა, რომლის სათავეში დგას დავით კეზერაშვილი. თითქმის ყველა დამნაშავემდე და ორგანიზატორებამდე მივიდნენ. ამიტომ ერთადერთი რისი საშუალებაც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, არის ის, რომ რამენაირად მოახდინონ ამ საკითხის არა სისხლის სამართლებრივი შეფასება, არამედ პოლიტიკურ კონტექსტში გადაყვანა და როგორც სჩვევიათ, დაიწყონ სპეკულაციები, რომ კეზერაშვილის ებრძვიან და ა.შ. აქედან გამომდინარე, ბატონ გრიგოლს იბარებენ პარლამენტში იმ მოტივით, რომ ეჭვი აქვთ მაღალჩინოსნები ფიგურირებენ ამ სქმეში. მაგრამ ერთი რამე ავიწყდებათ, ეს არაა ლოკალური გამოძიება, ეს არაა ადგილობრივ დონეზე წარმოებული საქმე. საერთაშორისო თაღლითურ სქემაზეა საუბარი. ამ საქმის გამოძიებაში ჩართულია 21 ქვეყნის ათეულობით ჟურნალისტი. თუკი რამე გვარები ფიგურირებს, ყველაფერი იციან ამ ჟურანლისტებმა.

მათ მიერ მოძიებული მასალების, სახელებისა და გვარების გაშიფვრის შემდეგ იწყება გამოძიება და გავიდნენ ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან?

- დიახ, გავიდნენ კეზერაშვილამდე. საქართველოში ამ გამოძიების შედეგი არის ის, რომ გერმანელმა და ქართველმა ძალოვანებმა ჩაატარეს ერთობლივი ოპერაცია, დაკავებულია რამდენიმე პირი. ასევე, ადგილობრივ დონეზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ჩანს, არიან პოტენციური დამნაშავეები, რომელებსაც დააკავებენ.

როგორ ფიქრობთ, გარდა კეზერაშვილისა, რამდენად ხმაურიანი შეიძლება აღმოჩნდეს იმ პირების ჩამონათვალი, ვისზეც გავა გამოძიება? როგორც ცნობილია, აქ იკვეთება გია გეწაძის და მათ შორის პეტრე ცისკარიშვილის ინტერესებიც...

- ნამდვილად ვერ შევალ გამოძიების სპეციფიკაში. ეს არის გამოძიების პრეროგატივა. ვსაუბრობ იმაზე, რომ ოპოზიცია და ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს პოლიტიკური კომპონენტი შემოიტანეს ამ საქმეში. მეტი სკანდალი რა საჭიროა, როცა ელიტური კორუფციის მამა, დავით კეზერაშვილი, რომელიც საქართველოში მოპარაული ფულით არის გამდიდრებული, საქართველოში აფუძნებს რაღაცა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც იყენებს სათავისოდ და როცა დასჭირდება ახმაურებს ხაბეიშვილისნაირ შოუმენებს. მეტი რა სკანდალი უნდა იყოს, როცა ეს ბატონი დავით თოდუა არის დავით კეზერაშვილის პირდაპირი პარტნიორი.

თოდუას რა კავშირი აქვს ამ თაღლითურ საქმესთან?

- თოდუა პირდაპირ არის დაკავშირებული. საქართველოში არსებული „morgan limited“-თან, რომელიც არის უკრაინაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაცია „milton group“-ის წარმომადგენელი. სწორედ „milton group“-ია საერთაშორისო თაღლითური სქემის ორგანიზატორი. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ორგანიზაციის „რუხი კარდინალია“ საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა. გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში არსებული „morgan limited“-ების მიერ დაგეგმილ სხვა და სხვა საზეიმო, საინფორმაციო, თუ საგანმანათლებო ღონისძიებებში აქტიუტად არის ჩართული ბატონი თოდუა.

ანუ, პირდაპირ იკვეთება მისი კავშირი ამ კომპანიასთან. აღნიშნული კომპანია მდებარეობს კიევში პლაზა „მანდარინის“ ოფისში, სადაც განთავსებულია უძრავი ქონების კომპანია „project partners“, რომლის მფლობელები არიან დავით თოდუა და დავით კეზერაშვილი. კომპანიის ხელმძღვანელი კი გახლავთ იუსტიციის ყოფილი მინისტრის მოადგილე გია გეწაძე. „Priject partners“ - ის მფლობელობაშია ორგანიზაცია „elitcomfortbud“, რომლის მეწილე გახლავთ პეტრე ცისკარიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ კავშირშია ამ კომპანიასთან, არა მგონია ასეთი თაღლითური სქემის შემქნელებს არ გაეთვალისწინებინათ, რომ პირდაპირ ფურცელზე არ ყოფილიყო დაფიქსირებული მათ შესახებ. მაგრამ ასობით ინფორმატორზე დაყრდნობით და ასი ათასობით დაზარალებული ადამიანი ამას ადასტურებს. ამაშინ მონაწილეობდა 21 ქვეყნის ათობით ჟურნალისტი, მათი ინფორმაციია, რომ ეს რუხი კარდინალი ბატონი თოდუა მონაწილეობს ამ ყველაფერში და ორგანიზებაში.

გარდა იმისა, რომ ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა, პოლიტიკური ინტერესი რა არის?

- საუბარია კოლოსალურ თანხებზე. აქ დაზარალებული არაა 10-20 და 30 ოჯახი. საუბარია ასეულობით ოჯახზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამორჩეული იყო ისეთი საპენსიო ასაკის ადამიანები, რომლებსაც დანაზოგი ჰქონდათ და რომლებიც გააკოტრეს. ეს სქემა წლებია მოქმედებს და ეს არის გამდიდრების ერთ-ერთი საშუალება. როგორც კი ეს სქემა გაიშიფრა და აღმოჩნდა, რომ ამაში მონაწილეობს საქართველო, რადგან ერთ-ერთი კომპანია საქართველოშია დაფუძნებული, იწყება ოპერირება და ცდილობენ პოლიტიკური ჭრილში გადაიყვანონ ეს საქმე და მიდის საუბარი იმაზე, რომ ამ სქემაში იმიტომ ჩართეს დავით კეზერაშვილის სახელი, რომ მოხდეს მისი სახელის დისკრედიტაცია გამომდინარე იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველიაო.

ეს არის საერთაშორისო გამოძიება და არა ლოკალური. ასე რომ, რამდენიც არ უნდა იყვიროს შოუმენმა ხაბეიშვილმა და კლოუნადები მოაწყოს, არ გამოვა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. დამიჯერეთ, როდესაც 21 ქვეყნის ათობით ჟურნალისტი მუშაობს ამ საქმეზე, იქ პოლიტიკურ სარჩულს არავინ არ დაეძებს. პირდაპირ სახელებზე, გვარებზე და კომპანიებზეა საუბარი.

კეზარაშვილი ამბობს, რომ თოდუა არის მისი პარტნიორი, მაგრამ „milton group“-ის შესახებ არაფერი იცის. როგორ ხსნით იმას, რომ მიუხედავად გამოძიების მასალებისა და მტკიცებულებებისა, უარყოფს კავშირს ამ კორუფციულ სქემასთან? აქ მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ამ სქემას იყნებენ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციისთვის...

- გეთანხმებით. თქვენ თვითონ კითხვაშივე გაეცით პასუხი. რა თქმა უნდა, კეზერაშვილი როგორ იტყვის, რომ მაგ ჯგუფთან კავშირი მაქვსო, მაგრამ ამ სქემასთან კავშირი აქვს თოდუას, რომელიც მისი პარტნიორია, ასევე, გეწაძეს და ცისკარიშვილს აქვთ კავშირი თოდუასთან, რომელიც ხელმძღვანელობს ასეთ ელიტურ კორუფცულ სქემას და, მინიმუმ, თუკი ინფორმაცია აქვს იმ ვითომდა ანტიკორუფციულ ბიუროს, ის რატომ არ იწყებს ფაქტების გამოძიებას და დამნაშავე პირების დასახელებას?! რა თქმა უნდა, კეზერაშვილი იტყვის, რომ არანაირი შემხებლობა არ აქვს და იტყვის, რომ საქართველოს ხელისუფლება ებრძვის მას. მაგრამ ეს არის საერთაშორისო გამოძიება, ეს სახელები და გვარები პირდაპირ კავშირშია კეზერაშვილთან, ამას საერთაშორისო დოკუმენტები ადასტურებენ და არა ვიღაცის მიერ აწყობილი მასალები.