„უკრაინაში ომის დაწყების ალბათობა, ფაქტობრივად, 50/50-ზეა, ასეთი სერიოზული სიტუაცია, ალბათ, ცივი ომის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა.“

„უკრაინაში ომის დაწყების ალბათობა, ფაქტობრივად, 50/50-ზეა, ასეთი სერიოზული სიტუაცია, ალბათ, ცივი ომის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა.“

მსოფლიოს ყურადღება კვლავ რუსეთ-უკრაინის კრიზისისკენაა მიპყრობილი. უკრაინის პრეზიდენტის ბოლო იმედი უკვე საკუთარი ხალხის გამხნევებაა. ზელენსკი უკვე ხვდება, რომ მოწოდებები რუსეთის ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით სრული აბსურდია. ფაქტია, უკრაინა საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩა - „ნატო“-ში გაწევრიანების იდეის ერთგულებას შესაძლოა, ძალიან ბევრი, მისი თანამემამულის სიცოცხლე შეეწიროს. ამ მოვლენების შედეგებს დაშვებულ შეცდომებთან ერთად კი, ისტორია აუცილებლად გადაითვლის. რა თქმა უნდა, სათქმელად რთულია, მაგრამ ფაქტი, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილების ერთადერთი გზა, ნატოზე უარის თქმა და რუსეთთან მოლაპარაკებებზე წასვლაა. მაგრამ მაინც, იყო თუ არა მეგობარი ქვეყნებიდან მაქსიმალური მცდელობა სიტუაციის განეიტრალების - პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არა. ფაქტია, უკრაინა მარტო დარჩა რუსეთის პირისპირ. მეგობარი ქვეყნის ლიდერების ცარიელი განცხადებები უკვე არცთუ გულწრფელად და არასაიმედოდ გამოიყურება.

უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინაში ვითარება მართლაც კრიტიკულია, არის რამდენიმე ინდიკაცია, რომლითაც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ომის სცენარი მოახლოებულია.

ვახტანგ მაისაია: უკრაინაში სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია. ომის დაწყების ალბათობა, ფაქტობრივად, 50/50-ზეა. ასეთი სერიოზული სიტუაცია, ალბათ, ცივი ომის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა.
ფაქტობრივად, ეს სიტუაცია „კარიბის კრიზისის“ სცენარს ძალიან წააგავს. ამიტომ, მე ტერმინი „შავი ზღვის კრიზისი“ შემოვიტანე. ვითარება მართლაც კრიტიკულია, არის რამდენიმე ინდიკაცია, რომლითაც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ომის სცენარი მოახლოებულია. შეიძლება, საუბარი იყოს იმაზე, კრემლი უკრაინის წინააღმდეგ როგორი ტიპის ომს აარჩევს. კრემლმა, ფაქტობრივად, უკრაიანას ჰიბრიდული ომი სრულმასშტაბიანად გამოუცხადა. მოგეხსენებათ, ჰიბრიდული ომი 4 ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: სამხედრო, ეკონომიკური, საინფორმაციო – ფსიქოლოგიური და კიბერომის ფაზები. ამ ფაზებიდან კრემლის მიერ 3 სრულადაა ამოქმედებული. საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი მიმდინარეობს, მას როგორც შიდა, ისე გარე მდგენელი აქვს. გარე მდგენელს რაც შეეხება – პუტინს უნდა, დასავლეთმა აღიაროს, რომ რუსეთი გეოპოლიტიკური გავლენის ცენტრი და სუპერსახელმწიფოა, მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია. ამით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მსოფლიო წესრიგი მულტიპოლარულია. მეორე მომენტი: რუსეთი ცდილობს, დასავლეთს თავის სტრატეგია მოახვიოს, განსაკუთრებული, სასიცოცხლო მნიშვნელობის გავლენის ზონები განსაზღვროს. კიბერომს აღარ შევეხები. მისი შეტევის ობიექტები ისედაც არიან უკრაინული სტატეგიული დანიშნულების ობიექტები. ეკონომიკური ომი როგორ მიმდინარეობს, ისედაც გასაგებია. სამხედრო ფაზა, როგორც ჩანს, კარსაა მომდგარი. ამის პირველი ინდიკაცია არის ის, რომ რუსეთმა შავი ზღვისა და აზოვის აკვატორიის სრული ბლოკირება მოახდინა, ფაქტობრივად, არაგადასაადგილებელ ზონად გამოაცხადა. რუსეთმა საკმაოდ ძლიერი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება შექმნა. რუსეთის ფედერაციამ ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში მოტყუებითი მანევრი განახორციელა, იქაც სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება აღადგინა. გუშინ საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გაჩნდა: რუსეთმა, როგორც ჩანს, უკრაინის გარკვეულ რაიონებზე უკვე უფრენო ზონის პირობები დააწესა. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი თვითმფრინავი შეიძლება, გაბრუნებული ან ჩამოგდებული იქნეს. რუსეთი ამაზე წამსვლელია. მესამე მომენტი ისაა, რომ დასავლეთის სახელმწიფოების დიპლომატიური მისიები, ფაქტობრივად, კიევს ტოვებენ, ლვოვის ტერიტორიაზე გადადიან. კიევიდან რუსეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც გადიან.

ვამბობთ, რომ ომი გარდაუვალია, ფაქტობრივად ომის სამზადისმა წინა ფაზები გაიარა, ომი, რომელსაც დიდი ალბათობით ვველოდებით, რა მასშტაბებს მიიღებს? ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია იმ ქვეყნებისთვის, ვინც პროცესებს უკვე შორიდან აკვირდება.

- მე მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების წარმოებას გაბედავს. ალბათ, ეს უფრო მცირე ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რომელსაც თავის კონკრეტული გეოსტრატეგიული და სამხედრო სტრატეგიული ამოცანები გააჩნია.

და, ისევ ბევრჯერ დასმული კითხვა - რა ბედი ელის საქართველოს, ვამბობთ, რომ უკრაინის პროცესებზე ვართ მიბმული, რას ნიშნავს ეს სამხედრო მოქმედებების თვალსაზრისით?

- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ტაქტიკური წვრთნები დაიწყო. იქაც ანალოგიური ტაქტიკური ელემენტებით მოქმედებენ, ანუ ესაა ქალაქის ბრძოლების ტაქტიკა. მობილიზებულია მძიმე ტექნიკის ერთეულები. როგორც ჩანს, მაღალი ალბათობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, „ეროვნული თავდაცვის ცენტრმა“ ჩვენი მიმართულებით, სავარაუდოდ, 7 ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი შექმნა, რომელთაც შეუძლიათ, საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული სამხედრო ზეწოლა მოახდინონ. ფართომასშტაბიანი ოპერაციები საქართველოს მიმართ, ალბათ, არ იქნება. რუსები შეეცდებიან, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაგისტრალები გადაკეტონ: თბილისი – გორი, ფოთის და ბათუმის მიმართულება, საქართველოს დასავლეთ სანაპირო ტერიტორიებზე ტაქტიკური საზღვაო დესანტი გადმოსხან.

რა იქნება მოსკოვის გეგმის მინიმუმი და მაქსიმუმი?

- მაქსიმუმი არის ის, რომ ამერიკამ რუსეთი აღიაროს მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად. მოგეხსენებათ პეკინში, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრაზე, რუსეთი აღიარეს სუპერ სახელმწიფოდ, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო წესრიგის პირობებს. როგორც ჩანს, რუსეთი იგივეს სთხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. დღეს არის სამპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, დანარჩენი სახელმწიფოები როგორიც არის ინდოეთი, თურქეთი და ასე შემდეგ, ისენი არიან რეგიონალური ტიპის ჰეგემონები, ევროკავშირის იდენტობაც არც ისე იდენტურია მსოფლიო ჰეგემონობასთან. ანუ, ამერიკა და ჩინეთი არის მსოფლიო ეკონომიკის ლიდერი სახელმწიფოები და რუსეთი ცდილობს დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო წესრიგის პირობებში. ასევე, მეორე მიზანია ის, რომ რუსეთმა განსაკუთრებული სასიცოცხლო ზონების სფეროში დაიბრუნოს თავისი პოზიციები, აქ ძირითადად საუბარია მოლდოვა, უკრაინა საქართველოს მიმართულებაზე. დანარჩენ სახელმწიფოებთან მიმართებაში რუსეთს საკმაოდ მყარი პოზიციები გააჩნია. მესამე მომენტი, როგორც ჩანს, არის ის, რომ საქართველოში მოახდინოს ხელისუფლების შეცვლა.

მოვლენების განვითარების პრეისტორიას თუ გადავხედავთ, იკვეთებოდა ტენდენცია, რომ თურქეთი რაღაც დონეზე მაინც გაატრებდა რუსეთის ინტერესებს, თუმცა თურქეთის მიერ ბოსფორის სრუტის ჩაკეტვამ უკვე ვარაუდის სხვა მიმართულებები გააჩინა, თურქეთის ეს სტანდარტები რუსეთს ფაქტია არ დაავიწყდება, ამიტომ რამდენად სწორია თურქეთის ეს ტაქტიკა სამომავლო პერსპექტივისთვის?

- როგორც კი რუსეთმა მოახდინა აზოვის ზღვის აკვატორიის ბლოკირება, ამას საეჭვოდ დაემთხვა თურქეთის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტის დაბლოკვა. ერდოღანი დღეს საკმაოდ რთულ პოზიციაშია, ის აპირებს მთავრობის რადიკალურად შეცვლას, ასევე აპირებს შეცვალოს საგარეო საქმეთა მინისტრიც და, როგორც ჩანს, თურქეთშიც არის გარკვეული შიდაუთანხმოებები, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც. აქედან გამომდინარე, ერდოღანი, ალბათ, შეეცდება კვლავ მოიპოვოს პუტინის მხარდაჭერა და ასევე ითამაშოს ამერიკის მიმართულებითაც. პუტინი ცოტა ჯიუტი ადამიანია და რა შედეგებითაც დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.