შალვა ნათელაშვილისთვის ბრძოლა ახლა იწყება, მანდატით თუ უმანდატოდ, პირველი ლეიბორისტი ისევ ის შალვა იქნება, რომელიც ყველას თავისი ხმამაღალი განცხადებებით ახსოვს. ბადრი ჯაფარიძე ისევ უკან აპირებს პარლამენტში შებრუნებას და სათადარიგო გეგმას აამოქმედებს, არც ელენე ხოშტარია რჩება პოლიტიკური ინტერესის გარეშე.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამჯერადაც არ მოუწონა მმართველ გუნდს გადაწყვეტილება და შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ გაიზიარა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა.
თუმცა მმართველი გუნდის განაჩენი მკაცრი აღმოჩნდა, მათი გადარწმუნება ვერ მოხერხდა და 70 სხდომის არასაპატიოდ გაცდენის გამო შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია უმანდატოდ დატოვეს, ბადრი ჯაფარიძის საწინააღმდეგოდ კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიყენეს.
ყოფილი პარლამენტარები მმართველ გუნდს პოლიტიკურ-ზნეობრივი გადაწყვეტილების მიღებას მოუწოდებდნენ, თინა ხიდაშელი ამ მხრივ ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებით განსხვავებულ მიდგომას ითხოვდა, რათა ჯაფარიძის „ქეისი“ არ დამსგავსებოდა ვალერი გელაშვილის „ქეისს“, რომელსაც თავის დროზე „ნაცებმა“ შეუწყვიტეს სადეპუტატო უფლებამოსილება, თუმცა თინა ხიდაშელის რეკომენდაცია მმართველმა გუნდმა არ გაიზიარა და, ოპოზიციის მტკიცებით, პოლიტიკური შურისძიება განახორციელა ოპოზიციონერ დეპუტატებთან მიმართებით.
ოპოზიცია აპირებს გეგმა „ბე“ აამოქმედოს და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელოს ბადრი ჯაფარიძე, რათა ამით იგი პარლამენტში დააბრუნოს.
შეეძლო თუ არა პარლამენტს პოლიტიკურ-ზნეობრივი გადაწყვეტილების მიღება იმ დეპუტატებთან მიმართებით, რომლებიც ერთ დროს თვითონვე ითხოვდნენ სადეპუტატო მანდატისგან გათავისუფლებას? შეიძლებოდა თუ არა ბადრი ჯაფარიძესთან მიმართებით პარლამენტს განსხვავებული მიდგომა გამოეჩინა?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მკაფიო დაპირისპირებაა, ამიტომ ორივე მხარე ეცდება, პროცესი ისე წარმოაჩინოს და ისე დასვას საკითხი, როგორც ეს მისთვის მომგებიანია. აქედან გამომდინარე, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საკმაოდ რთულია თქმა იმისა, ეს საკითხი პოლიტიკურ-ზნეობრივი უნდა იყოს, თუ მხოლოდ სამართლებრივი. პოლიტოლოგს ახსენდება, რომ თავის დროზე, როდესაც კონკრეტულმა დეპუტატებმა განცხადებები დაწერეს პარლამენტიდან გასვლის თაობაზე, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ რეგლამენტს გადააბიჯა, 2020 წელს რეგლამენტი დავიწყებას აქტიურად მისცა და არაფრით არ შეუწყვიტა უფლებამოსილებები ამ დეპუტატებს.
„მაშინ ეს არ იყო რეგლამენტის დარღვევა და დღეს რეგლამენტის დარღვევაა? მე რომ მკითხოს კაცმა, რეგლამენტი, რომელსაც იღებს ერთი პარტია, პარტიული რეგლამენტია და არა მთლიანი პარლამენტის რეგლამენტი. ამიტომ, თუ ოდესმე გვინდა, გამართული გვქონდეს საკანონმდებლო ბაზა, ის თემები, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება, საერთოდ, დეპუტატის უფლებამოსილებებს ეხება, პარლამენტის მუშაობას ეხება, მათი მიღება უნდა მოხდეს ორივე მხარის თანხმობით, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების თანხმობით. ჩვენთან კი უმრავლესობაში მუდმივად ხელისუფლებაა და ამ რეგლამენტსაც მუდმივად ხელისუფლება იღებს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და შეკითხვის საპასუხოდ, განსხვავებულ მიდგომას მოითხოვდა თუ არა ბადრი ჯაფარიძის საქმე, განმარტა, რომ ამ თემას ვერ ჩაუღრმავდება, მაგრამ ჯაფარიძის პრობლემა ცოტა სხვაგვარია.
კერძოდ, ჯაფარიძეს შეუფარდეს სასჯელი, მაგრამ ის ამნისტირებულ იქნა და მოხსნილი აქვს ყველანაირი ნასამართლეობა. თანაც, ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალი აღიძრა არა ახლა, არამედ წარსულში ჩადენილი საქმის გამო. ამიტომ რთულია ვთქვათ, რომ რაკი სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ჯაფარიძეს მაინცდამაინც უნდა შეწყვეტოდა უფლებამოსილება. ეს საკითხი უფრო მეტ დასაბუთებას მოითხოვდა, უფრო მეტი სამართლებრივი და იურიდიული არგუმენტები იყო საძებარი.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კონსტიტუციას თუ დავეყრდნობით, რა თქმა უნდა, პარლამენტის უფლებაა, შეუწყვიტოს უფლებამოსილება ცალკეულ დეპუტატს, თუ ამისთვის არსებობს სამართლებრივი საფუძველი. ცხადია, სამართლებრივი საფუძველი როგორც შალვა ნათელაშვილის, ისე ელენე ხოშტარიას მიმართ არსებობდა, რადგან უფლებამოსილება წყდება, თუ ექვსი თვის განმავლობაში არ ესწრება დეპუტატი პარლამენტის სხდომებს.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ავთანდილ დემეტრაშვილი თვლის, რომ აქ საკითხი უფრო რთულადაა. ზოგადად, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც, ავთანდილ დემეტრაშვილის აზრით, ინსტრუმენტალური ფუნქცია აქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ნორმებს იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ოპოზიციას ზიანი მიაყენონ.
„ამ შემთხვევაში, მე როგორც ვიცი, ზიანი დგება საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში, ანუ 50-ს უკვე ვეღარ აგროვებს ოპოზიცია, რათა შექმნას საგამოძიებო კომისია. აქ მხოლოდ სააკაშვილის ირგვლივ საგამოძიებო კომისია არ იგულისხმება, არამედ იყო წინადადება, შექმნილიყო ანტიკორუფციული კომისია. გარდა ამისა, ცესკო-ს თავმჯდომარის პრობლემა უნდა გადაწყვეტილიყო. ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან იყო წინადადება, იმის სანაცვლოდ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებას დაუჭერდა მხარს, დათანხმებულიყო ოპოზიცია იმას, რომ არა ნახევარი წლით იყოს არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე, არამედ უფრო ხანგრძლივად. ასევე, გენერალური პროკურორი არა ერთი წლით, არამედ უფრო ხანგრძლივად იყოს არჩეული. რა თქმა უნდა, აქაც პოლიტიკური კონიუნქტურის სუნია“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა და განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვს ვალერი გელაშვილის პროცედურა როგორ განხორციელდა, მაგრამ მაშინაც და ახლაც მმართველი გუნდის პოლიტიკურ- ეგოისტური ინტერესი აშკარა იყო.
კონსტიტუციონალისტს აინტერესებს, რაღა ახლა დადგა ნათელაშვილის და სხვების საკითხი? თავის დროზე პარლამენტის ბევრ წევრს ჰქონდა განცხადება დაწერილი, მაგრამ მაშინ არავის შეუწყვიტეს უფლებამოსილება, ახლა კი დადგა მომენტი, რომ შეიძლება, გამოიყენონ სამართლებრივი ბერკეტები, რათა პოლიტიკური ინტერესი იყოს უზრუნველყოფილი.
„რას ჰქვია ზნეობრივი გადაწყვეტილება? პირველ რიგში, გადაწყვეტილება სამართლებრივი უნდა იყოს. როდესაც პოლიტიკური ინტერესითაა გადაწყვეტილება მიღებული, ამ შემთხვევაში, ზნეობაც იგულისხმება, თუმცა დღევანდელ საპარლამენტო საქმიანობაში ზნეობას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არავინ აქცევს“, - გვითხრა კონსტიტუციონალისტმა.