ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ტაქტიკურ შეცდომებს ხელისუფლება ბრძოლის იარაღად ადვილად იყენებს და ოპოზიცია თავისივე დაგებულ მახეში ებმება. სამშაბათს პარლამენტიდან „ოცნებამ“ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას ქუჩის ჩაგდებული აქციების შემდეგ, ბრძოლის ველის გადმოტანა პარლამენტში უნდოდა, რისი საშუალებაც საბოლოოდ ხელისუფლებამ არ მისცა. ასევე „ნაციონალებს“ ხელიდან გამოაცალა საყრდენი, რომლითაც საგამოძიებო კომისიის შექმნა შეეძლო და სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით აჟიოტაჟი კვლავ აეტეხა. მათი აზრით, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლაა, რომელსაც ხელისუფლება წარმატებით იყენებს.
სამშაბათს პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
ბადრი ჯაფარიძე 77 - მომხრე; 38- წინააღმდეგი; შალვა ნათელაშვილი 79 - მომხრე; 28 - წინააღმდეგი; ელენე ხოშტარია 77 - მომხრე; 9 - წინააღმდეგი; პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას.
ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.
რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.
ამის პარალელურად, „ლელომ“ სამშაბათს საღამოსვე ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, რომლის შუალედური არჩევნებიც 2 აპრილს უნდა გაიმართოს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ამ მდგომარეობაში საკუთარი თავი თავადვე ჩააყენა. ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ როდესაც ოპოზიციამ საპარლამენტო სიები ჩახსნა, ეს ტაქტიკურად ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ახლა კი მისი აღდგენის მოთხვონა მისსავე ამომრჩეველში ოპოზიიცის მარგინალიზებას იწვევს. მოსახლეობა მათ ქცევას კარგად აკვირდება და ყველაზე მეტად პოლიტიკოსებში არათანმიმდევრულობა აღიზიანებს. ამიტომ უპრინციპო პოლიტიკოსები რეიტინგს თავად ოპოზიციურ ამომრჩეველშიც კარგავენ.
„ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერი ახალი არ ხდება. ისევ ძველ წრეზე ვტრიალებთ. ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლებამ ვიღაცა პარლამენტიდან გაყარა და ა.შ. სისულელეა, რადგანაც ოპოზიციას არაფერს აძლევს. მათ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვეს, რასაც ტაქტიკურად ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებს. ახლა „ოცნების“ მიზანია ოპოზიცია მაქსიმალურად ჩაძიროს - ჰო, მერე რა? ამაში გასაკვირი რა არის?
ანუ შენს ოპონენტს საშუალებას რომ აძლევ გებრძოლოს, აბა, რას იზამს, გულხელდაკრეფილი დაჯდება? როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შემქნის საშულება ამ ეტაპზე არ მისცეს. თუკი საჭიროდ ჩათვლის, მერე თავადვე წაეხმარება და ამასაც პოლიტიკური უპირატესობისთვის გამოიყენებს. პარტიები სიის ჩახსნის გადაწყვეტილებას რომ იღებდნენ, ვიღაცას ეს ტაქტიკურად ხომ უნდა გაეთვალა? ამიტომ ვამბობ მუდმივად, რომ ოპოზიცია ერთიდაიგივე შეცდომებს უშვებს და ხელისუფლებაც გამარჯვებას მარტივად აღწევს“, - აცახდებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ეს თემა საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მოთელილია და სჯობია ოპოზიციამ გამწვავებისგან თავი შეიკავოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ისევ იმ სტილში ეპაექრება, რომელიც ტაქტიკურად წამგებიანია და ეს ხელს მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს.
„თემას, რომელსაც ოპოზიცია იწყებს, მკაფიოდ აწონილ-დაწონეილი უნდა იყოს. დავუშვათ, ეს კომისია შეექმნათ, ამ კომისიას რა შედეგი უნდა მოეცა? როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა დაედო, სააკაშვილის თემა ახლა საინტერესო არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ არის. ასევე სააკაშვილს ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე არავინ არ გაათავისუფლებს. ის მედიაში რაც უფორ ხშირად გამოჩნდება, ეს „ნაციონალებს“ რეიტინგს კი არ მოუმატებს, არამედ დაუკარგავს. მოსახლეობაში აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებია და ახლა სამი დეპუტატის პარტიიდან გაძევება, თანაც არცთუ უსამართლოდ, საინტერესო არ არის. ჩახსნილი სიების აღდგენას რომ ითხოვენ, ხომ იციან, რომ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს. ამიტომ რატომ იგდებენ თავს ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ვერ გავიგე“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ ოპოზიცია ახლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და ხელისუფლებას საკუთარი დასუსტების ბერკეტი ხელში თავადვე მიაწოდა და ახლა, ხელისუფლებას ხელის გატოკებაც არ სჭირდება, ოპოზიცია თავს ისე იზიანებს.
„თუკი ხელისუფლებას კანონის დარღვევა არ უნდა და სიების აღდგენაზე ოპოზიციას უარს ეუბნება, ეს ჯიბრი არ არის. ამით საკუთარ ამომრჩეველს გაანაწყენებს და ოპოზიციის გამო მსგავს ნაბიჯს რატომ გადადგამს? ოპოზიციის არათანმიმდევრულობა და უპრინციპულობა ოპოზიციურ ამომრჩეველში ნიჰილიზმს აჩენს. ჩვენ END-ის კვლევებც ვნახეთ, ამომრჩევლის დატესტვამ ოპოზიციას რა შედეგიც მოუტანა, გამოჩნდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგი 9%-მდე აქვს ჩამოსული.
თუმცა ამის მიუხედავად, სააკაშვილს ჰყავს იმ კატეგორიის ამომრჩეველი, რომლსაც რაც არ უნდა უთხრას, ყველაფერზე დაეთანხმება. ბრძოლას ბრძოლის უნარი უნდა. ამისთვის კი საჭიროა ოპოზიციამ კონკრეტული გათვლები გააკეთოს, რასაც ვერა და ვერ ახერხებს. სტრატეგია არა აქვთ და ფიგურების დეკორაცია ვერაფერს შველით. რასაც ამბობენ იმის საწინააღმდეგოდ იქცევიან. ხელისუფლება მინიმალურად იბრძვის, უფრო აქტიური მოქმედებები არ სჭირდება. ოპოზიციამ სიები საკუთარი სურვილით ჩახსნა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ პრობლემა შეექმნათ. ხელისუფლება აქ, აბა, რა შუაშია? უმრავლეს შემთხვევაში ოპოზიცია საკუთარ თავს უნებლიე ხაფანგებს უდებს და მერე შიგ ებმება. ხელისუფლება კი ასე ადვილ გამარჯვებებს თუ შეეჩვევა, პოლიტიკურ კვალიფიკაციას დაკარგავს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.