„21-ე საუკუნის ლავრენტი ბერიასგან“ პრეტენზიები არ მიიღება

„21-ე საუკუნის ლავრენტი ბერიასგან“ პრეტენზიები არ მიიღება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 7 მაისს გამოცხადებულმა ტენდერმა პოლიტიკურ წრეებში დღეს, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ძალოვანი უწყება მზად არის, სხეულზე სატარებელი 2 900 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის შეძენის სანაცვლოდ, 1 131 000 ლარი გადაიხადოს.

იქედან გამომდინარე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის უწყების მიერ გამოქვეყნებულ სატენდერო განაცხადში მხოლოდ მოთხოვნები იყო წარდგენილი, ნაციონალებმა ძალოვანი უწყების სურვილი - კამერების შეძენის თაობაზე, მოსახლეობაზე კონტროლის დამყარებით ახსნეს, კამერებს „ირაკლი ღარიბაშვილის ღილაკები“ უწოდეს, ხოლო მოსახლეობა გააფრთხილეს - უცხო პირებს პერანგებზე არსებული ღილები შეუმოწმონ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით, ხელისუფლება ტოტალურ კონტროლს იწყებს და თითოეული მოქალაქის მოქმედება დღისით და ღამით იქნება გაკონტროლებული, რადგან ეს კამერები ჩვეულებრივი ღილების მსგავსია.

მისი თქმით, პატარა კამერები აღჭურვილია ფოტო-ვიდეო გადაღებით, რომელიც დისტანციურად იმართება და შესაძლოა, ეს კამერა ერთ ადამიანს ემაგროს, ხოლო მას მეორე მართავდეს.

„ასეთი რამ, დემოკრატიულ ქვეყანაში კი არა, ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება. ამ კამერებს „ღარიბაშვილის ღილები“ უნდა ვუწოდოთ, რომელიც გაგვაკონტროლებს. ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან ბინძური ხერხებით აკონტროლოს და ამისთვის ფარული კონტროლი და თვალთვალი გამოიყენოს, რაც კანონდარღვევაა“, - აცხადებს ვაშაძე, რომლის შეფასებასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და დამატებითი განმარტებები მოჰყვა, ხოლო მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა „ნაციონალებს“ 9 წლიანი მმართველობა გაუხსენეს და აღნიშნეს, რომ „იმ პირთა პრეტენზიას ვერ მიიღებენ, რომელთა ლიდერიც 21-ე საუკუნის ლავრენტი ბერიაა“.

ძალოვანი უწყების განმარტებით, ვიდეოკამერები საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისთვის გამოიყენება.

მათი ცნობით, უნიფორმაზე სატარებელი სამეთვალყურეო ვიდეოკამერები გათვალისწინებულია - საპატრულო ეკიპაჟებისა და პატრულ-ინსპექტორებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

„ვიდეოკამერების შეძენის ტენდერი ღიად და გამჭვირვალედ ტარდება. პატრულ- ინსპექტორების კამერებით აღჭურვის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება, ხოლო მედიისთვის პრეზენტაცია ჩატარდება. ვიდეოკამერები გამოიყენება - საპატრულო პოლიციის მუშაობის მონიტორინგისათვის, ადამიანის უფლებების დაცვის საიმედოობის ამაღლებისათვის, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის, კონკრეტულ შემთხვევაში პატრულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შეფასებისთვის. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვიდეოკამერების გამოყენებისას, მოქალაქე დაუყოვნებლივ იქნება გაფრთხილებული პატრულ-ინსპექტორის მიერ“, - აცხადებენ ძალოვან უწყებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის უწყების ინფორმაციით, წლების განმავლობაში, ეს მეთოდი აპრობირებულია - აშშ-ში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში.

„აღნიშნული სიახლე მოქალაქისა და პატრულის ურთიერთობას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს, ვინაიდან კამერების ჩანაწერების გამოყენება, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ორივე მხარისთვის შესაძლებელი იქნება“, - განმარტავენ უწყებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი უმცირესობას წარსულს უხსენებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალები ვიდეო-კამერებს საძინებლებში აყენებდნენ და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საბნის ქვეშ უძვრებოდნენ.

მისი თქმით, ხელისუფლება იმ პირთა საყვედურებს ვერ მიიღებს, რომელთა ლიდერიც ის პირია, რომელიც სრულიად საქართველოს საკუთარი კაბინეტიდან აკონტროლებდა.

„იმ ხალხის პრეტენზია როგორ უნდა მიიღო, რომელთა ლიდერიც ვიზუალურად და მრწამსით 21-ე საუკუნის ლავრენტი ბერიაა?! ადამიანი, რომელიც სრულიად საქართველოს მისი სამუშაო ოთახიდან აკონტროლებდა. ვაშაძეები და სააკაშვილები ისე გათავხედნენ, რომ პარლამენტს სერვერი გააუქმეს და ის იუსტიიის სამინისტროს სერვერს მიუერთეს. ამის მიზანი კი, რა იყო? - პარლამენტის ყველა წევრის პერსონალური კომპიუტერის გაკონტროლება. ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც თვალთვალის, მოსმენისა და ჩაშვების მანიაკალური ჟინით იყვნენ დაკავებულნი, საყვედური როგორ უნდა მივიღოთ?!“, - აღნიშნავს დეპუტატი.

კანონმდებელი ტენდერების გასაჯაროებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ზურგს უკან, ვაშაძეები და სააკაშვილები საბიუჯეტი თანხებით უზარმაზარ სპეცტექნიკას ყიდულობდნენ და მოსახლეობას აშანტაჟებდნენ.

„საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უთვალთვალებდნენ და შემდეგ სიბუნძურეეებს აქვეყნებდნენ. ყოველგვარი დაფარვის გარეშე, ჩვენმა ხელისუფლებამ ტენდერი გამოაცხადა. წინა ხელისუფლება კი, რას სჩადიოდა? მოსმენებს აწარმოებდა და ის ბინძური მასალები, რაც ვრცელდება, სწორედ ამ ავადსახსენებელი მმართვლობის პერიოდიდან მოდის. ტენდერის გამოცხადებაში კი არ არის საგანგაშო რაიმე,  საგანგაშო ის ფაქტი იყო, როდესაც, 7 ნოემბრისთვის ნაციონალებმა რეზინის ტყვიები, მხუთავი გაზი და უზარმაზარი ავტომანქანები იყიდეს, რომელიც ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს“, - დასძინა for.ge-სთან საუბარში გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სატენდერო პირობებს, თითოეული კამერა 40-მდე ტექნიკურ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის - ჩანაწერის თითოეული ფაილის ხანგრძლივობა სტანდარტულ სიტუაციაში 30 წუთი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს უნიკალური კოდის მქონე რადიოსიხშირული დისტანციური მართვის პულტი, მოქმედების მანძილი მინიმუმ 10 მეტრი, აღჭურვილი მინიმუმ 3 ღილაკით (ფოტოგადაღება, ვიდეოჩაწერის დაწყება, ვიდეოჩაწერის გაჩერება), ასევე უნდა ჰქონდეს დიქტოფონის რეჟიმი, არანაკლებ 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და დავარდნისგან დაცვა. კამერის წონა აქსესუარების გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს და უნდა მოყვებოდეს ქამარზე სამაგრი, სამხრეზე (პაგონზე) სამაგრი, ჩანთა, პლასტმასის ჩემოდანი, AV კაბელი, USB კაბელი და დამტენი.

სატენდერო წინადადებების მიღება კი, 24 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.