ოპოზიციის ერთი ნაწილი კარგა ხანია, სააკაშვილისგან დისტანცირებულია, მეორე ნაწილი კი ცდილობს, ბელადს ერთგულება დაუმტკიცოს. თუმცა მათ ტონებში უკვე შეიმჩნევა, რომ სააკაშვილისადმი ერთგულება უფრო თავს მოხვეული ვალდებულებაა, რომლისგანაც გათავისუფლება მათ უდიდეს შვებას მოგვრიდა.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩნდება ეჭვი, სააკაშვილი ძალით ხომ არ ახვევს საკუთარ თავს მთელ ოპოზიციურ სპექტრს? იქნებ, შემთხვევითი არაა გუბაზ სანიკიძის ნათქვამი, რომ უკვე ათი წელია, ოპოზიცია წვალობს სააკაშვილის ჩანაცვლებაზე, მაგრამ ვერ ანაცვლებენ - მაკედონელები, ვაშინგტონები ჰგონიათ საკუთარი თავი და მაინც ვერ ანაცვლებენ სააკაშვილს.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ხელოვნურად ცდილობს, შეინარჩუნოს პირველობა. ამიტომაც საკუთარი თავის გარდა ყველას აქრობს მის მიერვე დაქვემდებარებული მედიებიდან. ამას კი იმით ახერხებს, რომ სააკაშვილს ინფორმაციის გავრცელებაზე აქვს დამყარებული მონოპოლია.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას ჩანაწერი გავრცელდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამყარდა ეჭვი, რომ ექსპრეზიდენტი „ნაცმოძრაობისთვისაც“ პრობლემა გახდა.
რატომ არ გამოუდის ოპოზიციას დისტანცირება სააკაშვილისგან, იმ სააკაშვილისგან, რომელთანაც პოლიტიკური ერთობა უკვე ამოწურულია? როდის შეძლებენ ე.წ. თანამოაზრეები სააკაშვილის „მფარველობიდან“ გამოსვლას?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილს აქვს უზარმაზარი ბერკეტი და ამიტომ ვერ ახერხებს ოპოზიცია მისგან დისტანცირებას. პირველი, მას აქვს ფული და, მეორე, ის არის კრიმინალური ბანდის მეთაური, რომელმაც ყველაფერი იცის იმ კრიმინალური ქმედებების შესახებ, რაც მთლიანობაში ჩადენილი აქვს მის ბანდას.
„რაც მთავარია, ამათ შიში ამოძრავებთ, შიში აერთიანებთ, ფული და შიში, ეს არის მათი შემაკავშირებელი წებო, ანუ შიში საკუთარი კრიმინალური ქმედების გამო და ფული, სააკაშვილის მიერ მოპარული. სააკაშვილი მათ უგდებს მოპარულ ფულს და, როგორც ძვალს, ახრევინებს. სააკაშვილმა შეჭამა საქართველო. მარტო აგვისტოს ომის დროს 4 მილიარდ ნახევარი გააქრო. სად წაიღო, ვინმეს გამოუთხოვია ბიუჯეტი, როგორ დაიხარჯა 4 მილიარდ ნახევარი? წავიდა და დაილექა მაგ ნაძირლების ჯიბეებში. გეტოები რომ აუშენეს დევნილებს, აშენებული აქვთ ქართველ ბიზნესმენებზე შეწერილი ფულებით. ხომ არ გგონიათ, რაიმე დაიხარჯა იმ 4 მილიარდ ნახევრიდან? სანამ ეს კრიმინალური ქმედებები არ იქნება გამოძიებული და ესენი არ იქნებიან ჩამოშორებული პოლიტიკას, მანამ სიტუაცია არ გამოსწორდება“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი ჩამოკიდებულია სააკაშვილზე ორი ძირითადი მიზეზით, პირველი, ესენი არიან გაკოტრებული პოლიტიკოსები, რომელთაც არ აქვთ პოლიტიკური მიზნები და მეორე, ეს ოპოზიციონრები, როგორც პიროვნებები, სახელგატეხილები არიან.
„სწორედ ამით აიხსნება, რომ ისინი სააკაშვილში ხედავენ სამაშველო რგოლს და მისი რეპუტაციის გამოყენებით, მისი სახელისა და რენომეს ექსპლუატაციით პოულობენ ადგილს პოლიტიკაში. სინამდვილეში, პოლიტიკას სჭირდება ძალისხმევა, მუშაობა, გარკვეული თვითშეზღუდვა, ასკეზი, ასკეტური ყოფა. ისინი საქმეზე არ ლაპარაკობენ, მხოლოდ იმას გაიძახიან, ამერიკა კარგია, რუსეთი ცუდია“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.