კახა კალაძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი მარგველაშვილი, პაატა ბურჭულაძე, სალომე ზურაბიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, დავით მაღრაძე, გია დვალი - ვიდრე კოალიცია პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს, ეს სია კიდევ შეიძლება შეივსოს. რა პრინციპით სახელდება სავარაუდო კანდიდატები, რთული ასახსნელია, თუმცა მას, ვისაც პრეზიდენტობის კანდიდატზე არჩევანის შეჩერება მოუწევს, ალბათ, უამრავი ფაქტორის, ხილული თუ ფარული რისკის გათვალისწინება მართებს. როგორი პრეზიდენტი სჭირდება დღევანდელ საქართველოს ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ქალბატონო ხათუნა, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ თავად განაცხადა, როგორი იქნებოდა პრეზიდენტობის მისთვის სასურველი კანდიდატი. ვიდრე კოალიცია ოფიციალურად წარადგენს საკუთარ კანდიდატს, სახელდებიან სხვადასხვა ადამიანები, პოლიტიკოსები თუ არაპოლიტიკოსები. თქვენი შეფასებით, ახალი კონსტიტუციის პირობებში როგორი პრეზიდენტი სჭირდება საქართველოს?
- ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალაში შევა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალიან კარგად აბალანსებს ძალაუფლების გადანაწილებას სახელისუფლებო შტოთა შორის. ეს არ არის კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, როდესაც ლოიალური უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტი პარლამენტის მიერ ირჩევა. ასევე არ არის საპრეზიდენტო უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტი, როგორიც გვახსოვდა დღემდე. არის რაღაც შუალედური, ირჩევა საერთო სახალხო კენჭისყრით და აქვს იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე უნდა ჰქონდეს კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს.
იმ პირობებში, როდესაც საქართველოში შტოთა შორის ბალანსის დაცვა იყო უკიდურესად რთული და ამას არა მხოლოდ კანონმდებლობა განაპირობებდა, არამედ როგორც ჩანს, ჩვენი პოლიტიკური კულტურის თუ ყოფის თავისებურებაც (ანუ ერთმმართველობისკენ მიდრეკილება), ასეთ პირობებში, ამ წონასწორობის თვალსაზრისით, ის მოდელი რომელიც შემოდის, არის ძალიან კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ ასევე უკონტროლო ძალაუფლების მქონე პრემიერს და თუ ბიძინა ივანიშვილი არ არის ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი, არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ნებისმიერი, მის შედგომ ამ პოსტზე მოსული, არ იქნება ავტორიტარული მიდრეკილების მქონე. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი უფლებამოსილებებით უნდა იყოს პრეზიდენტი აღჭურვილი.
ამ შემთხვევაში, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა თუ არაპოლიტიკოსი, რომელიც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს?
- საქართველოში და სხვაგანაც ასეა, თანამდებობას ავსებს არა მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ ზოგადად, პიროვნების ძლიერება და მის გვერდით მყოფი პოლიტიკური ძალის წონა. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს თავისთავადი და დამოუკიდებელი პიროვნება, რომელიც მიუხედავად იმისა, წარდგენილია თუ არა მმართველი კოალიციიდან, შეძლებს ბალანსის დაცვას არა მხოლოდ სახელისუფლებო შტოებს შორის, არამედ პოლიტიკურ პარტებს შორისაც - ეს კონგლომერატი, „ქართული ოცნება“, ისე, როგორც ნებისმიერი სხვა, საქართველოს უახლოეს ისტორიაში, დაიშლება.
წინა პერიოდებისგან განსხვავებით, დღეს არ გვყავს ერთიანი მმართველი ძალა - პარტიას ვგულისხმობ, რომელიც შეძლებდა ყოფილიყო პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი სხვა პარტიებისთვის და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ბალანსის შემქმნელი. თუ კოალიციაში შემავალი პარტიები დაიშლებიან, ან რაღაც სხვა პირობა შეიქმნება, პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი, პრეზიდენტი უნდა იყოს პიროვნება, რომელიც შეძლებს ამ ბალანსის დაცვას. ასეთ შემთხვევაში, სასურველია პრეზიდენტი არ იყოს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ რაკი ლაპარაკია იმაზე, რომ ივანიშვილის ფაქტორის მიღმა დღეს არ არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს (ეს სიტყვა დაკნინებულია, მაგრამ მაინც), პოლიტიკური ხერხემლის ფუნქცია შეასრულოს, არ იქნებოდა ურიგო, პრეზიდენტად წამოყენებულ კანდიდატს საკუთარი პარტია ჩამოეყალიბებინა.
მაგალითად, არ იქნებოდა ურიგო კალაძე-ღარიბაშვილი-მარგველაშვილის კონგლომერატს რომ შეექმნა ახალი პოლიტიკური ძალა, ეს პიროვნებები მომავლის გადმოსახედიდანაც იქნებოდნენ ასოცირებული ივანიშვილთან. ასეთი პოლიტიკური ძალა თავისუფალი იქნებოდა იმ ბალასტისგან, რომელიც არის „ქართულ ოცნებაში“. მეორე მხრივ, იმ დაპირისპირებებისას, რომელიც, ლამის, ყველა რაიონში შეიქმნა „ქართული ოცნების“ გარშემო, შტაბების დაკომპლექტებისას, უამრავი ხალხი განაწყენდა. ამ ახალ პოლიტიკურ ძალას განაწყენებული ხალხის შლეიფიც თავისთავად ჩამოსცილდებოდა და, გარდა ამისა, შესაძლებელი იქნებოდა, ჩამოყალიბებულიყო ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალად.
დასახელებული კანდიდატებიდან როგორ ფიქრობთ, ვინ გაუწევდა ივანიშვილს ღირსეულ პარტნიორობას? არსებობს მოსაზრება, რომ, ნებით თუ უნებლიედ, მათ მოუწევთ მთავრობის და მისი მეთაურის გადაწყვეტილებების უსიტყვოდ შესრულება...
- პერსონალურ განხილვას არ შევუდგები, თუმცა დასახელებული კანდიდატები შეგვიძლია დავყოთ მინიმუმ ორ ჯგუფად პოლიტიკური გამოცდილებიც მქონედ და ასეთი გამოცდილების არმქონედ. კატეგორიულად არ ვისურვებდი პრეზიდენტის პოსტზე ისეთ ფიგურას, რომელიც იქნებოდა პრემიერის „ხელის ბიჭი“. არა იმიტომ, რომ პიროვნული თვისებები არ უწყობს ხელს, იყოს წარმატებული, არამედ იმიტომ, რომ საკმაოდ მოწიფულ ასაკში არ ჰქონია პოლიტიკაში ყოფნის და მოღვაწეობის გამოცდილება - ასეთ პრეზიდენტს ნამდვილად არ ვისურვებდი, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში, დღემდე გვაქვს სამწუხარო გამოცდილება, ყველას ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება აქვს. ასე იყო დღემდე, ივანიშვილის გარდა, ასეთი მისწრაფება ქვეყნის ყველა ლიდერში შეინიშნებოდა. ამიტომ მომხრე ვარ, პრეზიდენტი იყოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, მინიმუმ პოლიტიკური ფიგურა მაინც, ძლიერი იქნება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
იქამდე, ვიდრე ივანიშვილია პრემიერი, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, სავარაუდოდ მათ შორის იქნება ცივილური, დაბალანსებული, პარტნიორული ურთიერთობა. თუ ქვეყანა მართლაც წელში გაიმართება და ივანიშვილი დაპირებისამებრ პოლიტიკიდან წავა, ალბათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება, ვინ არის პრეზიდენტი და ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს. როგორ ფიქრობთ, ასეთი სცენარი უნდა იყოს თუ არა გათვალისწინებული, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენისას?
- ვინ იქნება პრემიერის პოსტზე ივანიშვილის შემცვლელი, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან როდის მიდის ივანიშვილი, არავინ იცის და ვნახოთ, ვის დაასახელებს პრეზიდენტის პოსტზე. სამომავლოდ, ეს ბევრი ვერსიის დალაგების საშუალებას მოგვცემს.
ივანიშვილი რომ პოლიტიკიდან დროზე ადრე წავიდეს, ამას არ მივესალმები, მან აიღო ვალდებულება, რომ შექმნიდა ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც იქნებოდა ქვეყნის სტაბილურობის გარანტი - რამდენიმე პოლიტიკურ ძალას შეეძლებოდა თანაბარ გარემოში არსებობა და შესაბამისად, ხელისუფლებაშიც იქნებოდნენ წარმოდგენილი. დღეს მსგავსი რეალობა არ ჩანს. ხვალ რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე, საინტერესოა, ძალთა როგორ ბალანსს მივიღებთ?
ვფიქრობ, ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის შესანარჩუნებლად, პრეზიდენტი უნდა იყოს მკვეთრად პროდასავლური ბანაკიდან. თეორიული საპარლამენტო არჩევნები გვაჩვენებს, რომ დასავლური ფლანგის პოზიციები საგრძნობლად შესუსტდა.
საინტერესოა, რა ძალები მოიყრიდა თავს პარლამენტში და რის ხარჯზე შესუსტდა პროდასავლური ძალების პოზიციები...
- რიგგარეშე არჩევნებისას პარლამენტში მოხვდებოდნენ, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები, ან ისიც ვერა, რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია, რომელიც საკმაოდ შესუსტებულია ალასანიას წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. სამივე ერთად, საუკეთესო შემთხვევაში, ალბათ, დაახლოებით 25%-ის მოგროვებას შეძლებდა და ეს - პროდასავლურ საქართველოში, რომელშიც მიშა გვაცხოვრებდა 9 წლის განმავლობაში!
არასაპარლამენტო ოპოზიციასაც თუ გავითვალისწინებთ, ასეთ შემთხვევაში როგორი ბალანსს ვიღებთ? - ბურჯანაძის პარტია საკმაოდ ძლიერად გამოიყურება სხვების ფონზე...
- არასაპარლამენტო ოპოზიციაში საკმაოდ უცნაური ვითარებაა, როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბურჯანაძეს აქვს ყველაზე ძლიერი პოზიციები, როდესაც იგივე თარხან-მოურავის პარტიამ ფაქტობრივად, საქართველოს მეორე ქალაქის საკრებულო აიღო ხელში. ამ შემთხვევაში ეს იყო გარკვეული მადლობა იმ როლისთვის, რაც მათ შეასრულეს არჩევნებამდე, თუ უფრო ფართომასშტაბიანი გეგმებია, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თვითონ აცხადებენ, რომ მარტო ქუთაისში კი არა, მთელი დასავლეთ საქართველოს საკრებულოებში აიღებენ უმრავლესობას - იქ, სადაც დღეს უმრავლესობაში ნაციონალები არიან, იგულისხმება აჭარაც. ასე რომ, გამოდის, ყველაზე უფრო ფართოდ წარმოდგენილი ეს პოლიტიკური ძალა იქნება.
ამის გარდა, ამბობენ, რომ პარლამენტში ფრაქციის შექმნასაც აპირებენ, სადაც გაწევრიანდებიან როგორც ნაციონალები, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
ულტრაპროდასავლურ ბანაკში ზემოთ დასახელებული სამი პოლიტიკური ძალის გარდა, ვერც ერთ მათგანს ვერ განვიხილავთ, - პლუს არასაპარლამენტო ოპოზიციიდან მემარჯვენეები, თუმცა ყველა ერთად, 25%-ზე მეტს, ვფიქრობ, ვერ შეაგროვებს. დანარჩენი პოლიტიკური ძალები ნაწილდებიან ცენტრში, პრორუსულ, ან ულტრანაციონალურ ბანაკში, რომელიც მკვეთრად რელიგიური ნიშნით არის დაღდასმული.
ცენტრისტულ ძალებში „ოცნების“ გარდა ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს?
- ცენტრში შეიძლება განლადგეს პარტია „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილის პარტია. პრორუსული და ულტრანაციონალური მიმართულებით არის უკვე ძალიან ბევრი პარტია, მათ შორის, საპარლამენტოც და არასაპარლამენტოც. იგივე თარხან-მოურავი, მრეწველები, ფორუმი, კახა კუკავა და ა.შ.
ბოლო პერიოდში კიდევ ერთმა საინტერესო ტენდენციამ იჩინა თავი, ეს არის სტუდენტური მოძრაობა, რომლებიც აქტიურად პირველად, შეიძლება ითქვას, გასული წლის სექტემბერში გამოჩნდნენ. მათი დიდი დამსახურებაა 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგებიც.
მას შემდეგ ასე აქტიურად ისინი ჩვენ ვიხილეთ პირველ მაისს - უცნაურია, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, სტუდენტები იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლისათვის. 23 წელი დასჭირდა იმას, რომ სტუდენტები კვლავ სოციალისტური იდეებისკენ შეტრიალებულიყვნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, დღეს ეს ყველაზე ორგანიზებული ძალაა სტუდენტებს შორის. მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას (არ ვგულისხმობ რიგგარეშე არჩევნებს) ისინი, შესაძლოა, საკმაოდ ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალადაც მოგვევლინონ. დღეს მათი უმეტესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია. ეს პარტია პარლამენტში გია ჟორჟოლიანის სახით არის წარმოდგენილი და მათ ორგანიზებულობაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი მარინა მუსხელიშვილსაც.
ასეთ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას, რომელიც შეიძლება ქართული პოლიტიკური სივრცის ხერხემლად იქცეს უახლოეს წლებში და რომლის ირგვლივაც შეიძლება, განლაგდნენ შემდგომში სხვა პოლიტიკური ძალები. დღეს ასეთი პარტია უბრალოდ, არ ჩანს. ამიტომ ვამბობ, რომ პრეზიდენტის ფიგურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
იყო ლაპარაკი ალასანიაზე, რომელიც მკვეთრად პროდასავლელ პოლიტიკოსად მოიაზრება, ყველაზე დიდი ვნებათაღელვა სწორედ მისი ფიგურის გარშემო შეიქმნა და შიდა დაპირისპირების შედეგად მისი პოზიციები საკმაოდ შერყეულია. რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისი ან მისი თვისებების მქონე (პოლიტიკური გამოცდილება, პროდასავლურობა) ფიგურის ხილვა პრეზიდენტად?
- გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე სუსტად პროდასავლური ძალები არიან წარმოდგენილი, ვთქვი კიდეც, რომ ვისურვებდი პროდასავლური ძალის წარმომადგენელი იყოს პრეზიდენტი, მაგრამ მეორეა, შანსები ამ პოსტზე ალასანიასი. მისი პარტიის წევრებიც აღიარებენ, რომ ამ პოსტზე მისი შანსები მინიმალურია.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ფიგურებს, მაგალითად, ვახტანგ ხმალაძის ან სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, როგორი სურათი შეიძლება მივიღოთ?
- ჩემი იდეალი პრეზიდენტობის კანდიდატისა, ჩამოვაყალიბე - ძლიერი პიროვნება და საკმარისი წონა იმისათვის, რომ არ იყოს სხვისი „ხელის ბიჭი“. პერსონებს ვერ განვიხილავ, მაგრამ ეს ჩემი ხედვაა. სალომე ზურაბიშვილი, ვფიქრობ, კარგი კანდიდატურაა, რადგან ის შეძლებს, იყოს რეალურად დამოუკიდებელი.
რაც შეეხება სხვებს, ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ ქვეყანას ჰყავდეს ლოიალური პრეზიდენტი. ვიდრე ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სპექტრი არ ჩამოყალიბდება, ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პარლამენტი გვჭირდება. რაც შეეხება პარლამენტს, კოალიციურ პარტიებში ერთმა დეპუტატმა არ იცის, მეორე რას ამბობს, ზედემოკრატიული პარლამენტი გვყავს და საკმაოდ წონიანიც. ძლიერ პრემიერს საჭიროების შემთხვევაში ძლერი პრეზიდენტი დააბალანსებდა.
საინტერესოა, თვითონ ივანიშვილს თუ აწყობს ძლიერი პრეზიდენტი...
- ბიძინა ივანიშვილის აზრებს მე ვერ გეტყვით, მაგრამ მის ადგილას ვარჩევდი ძლიერ პრეზიდენტს, სწორედ იმიტომ, რომ ის ძლიერი პრეზიდენტი შეძლებდა, დახმარებოდა შესაძლო პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში. მითუმეტეს, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო გახდება ¾, ასეთ შემთხვევაში დაზღვეულები არ ვიქნებით პოლიტიკური კრიზისებისგან.
რატომაც არა, ძლიერი პრეზიდენტი, რომელიც იქნება შენი პარტნიორი. არ ვამბობ, რომ პრეზიდენტი პრემიერის ოპოზიციაში უნდა იყოს. კრიტიკულ სიტუაციებში ის უნდა იყოს პარტნიორი და ასეც იქნება. ბიძინა ივანიშვილს არაფერი გაუკეთებია საიმისო, რომ ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, მას ოპოზიციაში ჩაუდგეს.
სახალხო დამცველის შემთხვევაში უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა წინასწარ არ დასახელებულა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მოსალოდნდელი მსგავსი სცენარი? კიდევ ორი ახალი კანდიდატი დასახელდა, დავით მაღრაძე და გია დვალი...
- ფიზიკოსი გია დვალი? - არ გამოვრიცხავ, ისეთი შესანიშნავი პრეზიდენტი იყოს როგორი შესანიშნავი ფიზიკოსიც არის... თუ ლევან ვასაძე გამოჩნდა, ისიც შემოიკრებს სერიოზულ ძალებს. როდესაც ულტრანაციონალებზე ვსაუბრობ, მასაც სერიოზული პოლიტიკური წონა ექნება.
არის ეს საფრთხე?
- არ ვიცი, ეს საფრთხე იქნება თუ არა, ვამბობ იმას, რომ ეს არის ჯერ შეუმდგარი, მაგრამ სრულიად მოსალოდნელი რეალობა ხვალისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი იქნება, არაფერი არ არის საფრთხე და კარგიც არის თუ ყველა პოლიტიკური ძალა საკმაოდ ძლიერად იქნება წარმოდგენილი. პრორუსული ძალების სასარგებლოდ ბალანსის დარღვევა კი საქართველოს უახლესი ისტორიის გადახაზვას ნიშნავს.