14 თებერვალს ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტაცია და შესაბამისად, შეფასება მოჰყვა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში, ვაქცინა არ მუშაობს.
აღნიშნულის გამო, პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერთა წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა, მეორე ნაწილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება გარკვეულწილად, კონტექსტიდან ამოგლიჯეს და დაამახინჯეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება.
„ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“.
მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მისი გაუქმება.
მეორე მხრივ, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა, რათა, ვინც ასაკში არის და ქრონიკული დაავადებები აქვს, არ გაურთულდეს ეს ვირუსი. სხვა მხრივ ყველაფერი კონტროლქვეშ არის. ევროპულმა ქვეყნებმა და ამერიკამ, ყველამ გახსნეს და აღარავინ ფიქრობს შეზღუდვებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ექიმი-ინფექტიონისტი, ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ მუშაობს თუ არა ვაქცინა, აღნიშნული საკითხი, პირველ რიგში, მედიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ. მისი შეფსებით, ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ დაემართება ვირუსი. ხმალაძის თქმითვე, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
„როდესაც პანდემიაა და ერთდერთ გზად მაინც ვაქცინაცია რჩება, თანაც უკეთესს არავინ გთავაზობს, ასეთი განცხადებების გაკეთება, მაინცდამაინც არ უნდა იყოს მთლად მიზანშეწონილი. მუშაობს თუ არა ვაქცინა, ეს უნდა გადაწყვიტოს პირველ რიგში, პროფესიონალმა და თქვას დაავდებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ანუ ექიმებმა. ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ დაემართება ვირუსი. ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ პაციენტი არ მოხვდეს ჰოსპიტალში, მეორე ის, რომ გადაურჩეს ლეტალურ გამოსავალს. ამ ეტაპზე, ვაქცინაციის მთავარი მიზანი ეს არის და ასევე, რა თქმა უნდა, კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშვება. ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს.
არაფერზე არ შეიძლება საუბარი გადაჭრით, უნდა ვისაუბროთ ფაქტებით, თუმცა, ფაქტები კარგს გვეუბნება, რომ შემცირდა ლეტალობის რაოდენობა, ვირუსის ვირულენტურობა, მაგრამ აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი: საუბარი იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ უფრო სუსტი შტამია, ვიდრე „დელტა“ შტამი, უფრო რეალურია, მაგრამ უკან დასახევი გზა ყოველთვის უნდა ჰქონდეს დატოვებული ადამიანს. უნდა ვიფიქროთ ცუდზე, რომ მივიღოთ კარგი. თუმცაღა, სასიამოვნოა ის ფაქტი, რეალურად, ადამინების უმეტესობა ამბობს იმას, რომ ადვილად გადაიტანა კიდევ ერთხელ დამართული კორონავირუსული ინფექცია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ღარიბაშვილის განცხადებაზე ერთგვარი განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც გააკეთა:
„განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების“ გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ „მწვანე საშვის“ მოქმედება „ომიკრონის“ პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა „ომიკრონის“ პირობებში გარანტია, რომ პირი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად „მწვანე საშვის“ მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო.
რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან „ომიკრონის“ პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ამდენად ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.