“საქართველოს ფოსტასთან” დაკავშირებული გაურკვევლობა გრძელდება. დაახლოებით 10 დღის წინათ ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა მინისტრი გადამზიდველებთან დაკავშირებულ ბრძანებას შეცვლიდა და ასეც მოხდა. თუმცა, ბრძანება კი შეიცვალა, მაგრამ რეალურად ვითარება მხოლოდ 2014 წლიდან იცვლება. მანამდე ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება.
ნოდარ ხადურმა უკან დაიხია, მაგრამ ცოტათი და თანაც ეშმაკურად. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ადრე მიღებული რეგულაციები, რომელთა აღსრულების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მცირე და საშუალო გადამზიდველებს და უპირატეს მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული”საქართველოს ფოსტა”, გაუქმდა. ოღონდ ეს რეგულაცია გაუქმდა არამყისიერად, არამედ მხოლოდ 2014 წლის 1-ლი იანვრიდან.
აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო აღიარებს, რომ იანვარში მიღებული ეს რეგულაციები გაუმართლებელია, მაგრამ ახალ წლამდე რეალურად არაფერი შეიცვლება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” მიაჩნიათ, რომ 2014 წლის იანვრისთვის ბაზარზე მცირე და საშუალო გადამზიდველები, სავარაუდოდ, აღარც იარსებებენ. ასე რომ, ფინანსთა მინისტრის ამგვარი გადაწყვეტილება არაფერს ცვლის.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” თვლიან, რომ ნოდარ ხადურის მიერ ხელმოწერილი ბრძანების 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შესვლა არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების მცდელობას და არის როგორც გადამზიდველების, ისე საზოგადოების მოტყუება, ვინაიდან: მომავალი 8 თვის განმავლობაში ამ ბაზრიდან პრაქტიკულად განდევნილი იქნება ყველა მცირე და საშუალო მეწარმე,მათ მიადგებათ სერიოზული ფინანსური ზიანი და აღარ ექნებათ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა. ამ დროის განმავლობაში კი ბაზარზე უპირატეს მდგომარეობას საბოლოოდ განიმტკიცებს”საქართველოს ფოსტა”.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია,რომ სამინისტროს მიერ ამ რეგულაციების შემოტანას თავიდანვე აკრიტიკებდნენ და ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში საჩივარიც შეიტანა:
29 აპრილს სასამართლო სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ სადავო აქტში ცვლილებების განხორციელების შემდგომ აღარ იარსებებდა დავის გაგრძელების საჭიროება. ამ არგუმენტით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომის გახსნისთანავე იშუამდგომლეს პროცესის 2 კვირით გადადებაზე. ასევე, ფინანსთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა მომჩივანი გადამზიდველების პრობლემას და მათ ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა.
ფინანსთან სამინისტრომ მორიგი ნაბიჯის შემდეგ კი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” პრობლემის მოგვარების გზა ვერ დაინახეს. “ამ დროის განმავლობაში ბაზარზე უპირატეს მდგომარეობას საბოლოოდ განიმტკიცებს “საქართველოს ფოსტა”. მომავალი 7 თვის განმავლობაში ასევე ძალაში რჩება ის საბაჟო რეგულაციები, რომლებიც მიიღეს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. მათი ძალაში დატოვება კი ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და შეუსაბამობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან”, - მიაჩნიათ ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 25 იანვარს გამოიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N30 ბრძანება. ამ ბრძანების საფუძველზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან, საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ცვლილებები განხორციელდა, რამაც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.