„არ მესმის, სად და რა მიზნით უნდა ჩაატაროს რუსეთმა სამხედრო ოპერაცია, რა უნდა აიღოს? უკრაინაში რაც  სჭირდებოდა, უკვე ყველაფერი მითვისებული აქვს“

„არ მესმის, სად და რა მიზნით უნდა ჩაატაროს რუსეთმა სამხედრო ოპერაცია, რა უნდა აიღოს? უკრაინაში რაც  სჭირდებოდა, უკვე ყველაფერი მითვისებული აქვს“

უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ყველაზე ცხელ ფაზაში შედის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. უცხოური მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან, ეუთოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კიევი „ვენის დოკუმენტის“ ხელმომწერ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, შეხვედრას ითხოვს.

„რუსეთმა არ უპასუხა „ვენის დოკუმენტით“ გათვალისწინებულ ჩვენს მოთხოვნას. შესაბამისად, ვდგამთ შემდეგ ნაბიჯს. ვითხოვთ შეხვედრას რუსეთთან და ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან 48 საათის განმავლობაში, ჩვენს საზღვარზე და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ძალების გაძლიერებისა და განთავსების საკითხის განსახილველად“, - აცხადებს დმიტრო კულება. მისი თქმით, თუ რუსეთი სერიოზულად საუბრობს ეუთოს სივრცეში უსაფრთხოების განუყოფლობაზე, მან უნდა შეასრულოს ვალდებულება სამხედრო გამჭვირვალობის შესახებ, რათა განიმუხტოს დაძაბულობა და გაძლიერდეს უსაფრთხოება ყველასთვის.

ჯერ უცნობია რუსეთის პოზიცია აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ ნათელია - საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე ამოწურა ყველა შესაძლებლობა მშვიდობიანი გზით გადაეჭრა პრობლემა, ახლა უკვე უკრაინა ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა თვლის, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ალბათობა მინიმალურია, მისი თქმით, მაქსიმუმი, რასაც რუსეთი გააკეთებს არის ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება:

გოგა ხაინდრავა: რუსეთმა ძალიან შეტოპა თავის მუქარებით და უკან გამოსვლაც ძნელია. როდესაც მსოფლიოში ასეთ პრეტენზიას აცხადებ, მერე რაღაც უნდა მოიმოქმედო. ყველაზე დიდი, რასაც რუსეთი იზამს, ვფიქრობ, ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს და ცნობს, ისევე როგორც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნო თავის დროზე. ეს იქნება მისი უკან დახევის ზღვარი. ძნელი წარმოსადგენია, რომ საქმე სამხედრო, ცხელ კონფლიქტამდე მივიდეს. მსოფლიოს ასეთი კრიზისი, ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს. ეს არის პოლიტიკური ისტერია, რომლის მოწმენიც ვართ. ამ პოლიტიკურ ისტერიას ოთხი ძირითადი მოთამაშე ჰყავს: რუსეთი, აშშ, ნატო და ევროკავშირი. უკვე ორი თვეა, ამ ისტერიის მომსწრენი ვართ. ეს, ჩემი რწმენით, განპირობებულია შიდა პროცესებით, შიდა პოლიტიკური კრიზისებით, რომელმაც ოთხივე სუბიექტი მოიცვა, პირველ რიგში - რუსეთი. ვფიქრობ, პუტინის მეფობა დასასრულს უახლოვდება. 30 წელი ხელისუფლების სათავეში ყოფნა მირონცხებულ მეფეებს არ გამოსდიოდათ ხოლმე, მით უმეტეს, პუტინისნაირ პერსონაჟებს. ამიტომ, ნათლად ჩანს, რომ ამ შიდა კრისიზისის დასაძლევად, რომელსაც ეკონომიკური შემადგენელიც აქვს, როგორც წესი, ეს ქვეყანა და არა მარტო ეს ქვეყანა, გარე ბლიცკრიგების ჩატარებას იყენებს ხოლმე. ეს კუნთებით თამაში, რომელსაც დღეს რუსეთი ახორციელებს და მთელს მსოფლიოს ემუქრება, ჩემი აზრით, მაგისთვისაა. თუმცა, ბუნებრივია, სხვა ამოცანებიც აქვს. ყველანი ვხედავთ, რომ აქეთაა ერთი რუსეთი და იქითაა მთელი, დანარჩენი დასავლური სამყარო: ნატო, ევროკავშირი აშშ. ეს მდგომარეობა, როცა ის დანარჩენ მსოფლიოს მარტო უპირისპირდება, მისი მოსახლეობის თვალში დიდი წარმატებაა. ეს ყოველთვის ასე იყო. ახლა რაც ხდება, ეს ბლეფი პოკერს უფრო ჰგავს, ყველა მოთამაშე რეალურად ბლეფობს. ყველას კარგად ესმის, რომ ნებისმიერმა სამხედრო დაპირისპირებამ, შეიძლება, ბირთვული ომი გამოიწვიოს. ბირთვული ომი პლანეტის დასასრულია. არ მგონია, რომელიმე მოთამაშეს ასეთი მიზანი ჰქონდეს, თუნდაც პუტინს, მით უმეტეს, მის გარემოცვას, რომელიც ამ ათწლეულების განმავლობაში არანორმალურად გამდიდრდა. ბუნებრივია, ყველაფერს გამოიყენებენ იმისათვის, რომ თავის სიმდიდრე შეინახონ და გამოიყენონ. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ საქმე სამხედრო, ცხელ კონფლიქტამდე მივიდეს.
მეორე მხრივ, არ მესმის, სად და რა მიზნით უნდა ჩაატაროს რუსეთმა სამხედრო ოპერაცია? რაღაც ამოცანა ხომ უნდა იყოს და რა ამოცანა უნდა დაუყენოს რუსეთმა თავის ჯარს, ძნელად წარმოსადგენია. რა უნდა აიღოს? ის, რაც უკრაინაში სჭირდებოდა, უკვე ყველაფერი მითვისებული აქვს. პირველ რიგში - ყირიმი და ამის შესახებ აღშფოთების მეტი არაფერი გაგვიგია. დონბასი და ლუგანსკი რეალურად რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რეალურად, იქ ჯარის შეყვანა არც სჭირდებათ. იარაღითაა გაძეძგილი იქაურობა. ახლა მუქარების ომი მიდის. ესენი იმათ ემუქრებიან, ისინი ამათ. არა მგონია, რომ სამხედრო ძალის გამოყენება უკრაინაში გონივრული ნაბიჯი იყოს, მით უმეტეს, როცა მიზანი არ არსებობს. ყველა ინტერესი ისედაც უკვე განხორციელებული აქვს.
საქართველომ მართალია უკრაინას ოფიციალურად მხარდაჭერა ცოტა გვიან, მაგრამ გამოუცხადა, რისთვისაც ოპოზიციისგან უკმაყოფილება მიიღო, ასევე პროტესტი იყო გარკვეულ ტერმინებთან დაკავშირებითაც, რამდენად სწორად გეჩვენებათ ხელისუფლების ეს პოზიცია?

- ხელისუფლებას, განსაკუთრებული გონიერება მართებს. საქართველო ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ რუსეთისთვის ყველაზე მარტივი ლუკმაა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც, რეალურად, რუსული საჯარისო ფორმირებები დგანან, თბილისიდან 30 კილომეტრში არიან და მათი ტანკების ლულები თბილისისკენაა მიმართული. იგივეა აფხაზეთში. ფოთის აკვატორიაში, ნეიტრალურ წყლებში რუსული სამხედრო გემებია განლაგებული და რეალურად რუსეთის სამხედრო მანქანას, დაახლოებით, საათ-ნახევრამდე სჭირდება იმისათვის, რომ საქართველოს ირგვლივ სრული კონტროლი დააწესონ. ყველაზე მეტი გონიერება ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის პოლიტიკოსებს მართებთ, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. დღეს გამძვინვარებულ ჰიბრიდულ ომს ქართული პროპაგანდისტული დაწესებულებები აწარმოებენ, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ცდილობენ, ყველანაირად შეარყიონ, დაანგრიონ ეს ქვეყანა. ცდილობენ, საზოგადოებაში მორალი მოსპონ, ამით საზოგადოების და ქვეყნის დემორალიზაცია გამოიწვიონ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ნელ-ნელა საკუთარ თავს ვჭამთ. მადლობა ღმერთს, ეს საზოგადოების უმრავლესობა არაა. არსებული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა თავის ქვეყნის წინააღმდეგ ამ ჰიბრიდულ ომში პირდაპირაა ჩართული. საკუთარ თავს მიზანმიმართულად ვჭამთ. მთელს მსოფლიოში ვქმნით ისეთ სურათს, რომ ეს აბსოლუტურად დეგრადირებული ქვეყანაა. საკუთარ ქვეყანაზე, ხალხზე მთელს მსოფლიოში, ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტში ამდენი ჩივილი გვესმის, ეს წარმოუდგენელია. ვგულისხმობ ყველას, ვინც დღეს თავის თავს ოპოზიციას ეძახის. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, მათთვის საქართველო და სამშობლო „ქართული ოცნებაა“, იმის იქით ვერაფერს ხედავენ. „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან და სინამდვილეში ეს „ქართული ოცნება“ დღესაა და ხვალ აღარ. მთელი ეს ნაგავი, რომელიც აქედან იქით მიდის, საქართველოზე, ყველა ჩვენგანზე, ოჯახებზე, ჩვენს შვილებზე და მომავალზე ილექება.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უფრო აქტიური, ქმედითი მხარდაჭერა, ალბათ, მოვლენებს შეცვლიდა თუნდაც საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, რატომღაც ამაზე თავს იკავებენ, რამაც ფაქტია, რუსეთი წაახალისა კიდეც.

- ყველაზე სახიფათო, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ, არის მაკრონის განცხადება უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე. თუ ამ იდეამ მხარდაჭერა ჰპოვა, ეს არის ძალიან სერიოზული უკანდახევა. ეს არის რუსეთის ულტიმატუმის შესრულების წინაპირობა, რაც რუსეთთან მიმართებაში საფრანგეთს ახასიათებს, ისევე როგორც გერმანიას. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ორივეს ახსოვს რუსული ჯარი საკუთარ დედაქალაქში. ამ ყველაფერს გავლენა ჰქონდა და ყველაზე ლმობიერი რუსეთთან მიმართებაში იყო გერმანია და საფრანგეთი. თავის დროზე მათი გადაწყვეტილება იყო საქართველოზე მაპის არმიცემა. ასეთი ქმედება, რომელიც გულისხმობს ერთ ნაბიჯს წინ და ორ ნაბიჯს უკან, რუსეთს ამ ყველაფრის საშუალებას აძლევს. თავის დროზე, ბუქარესტის გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო საქართველოს ნატოში მიღებაზე, ის ტრაგედია, რაც მოხდა, რომელიც მსხვერპლით და ტერიტორიების დაკარგვით დამთავრდა, არ იქნებოდა. იყო ლაპარაკი რეფორმებზე და ასე შემდეგ. რეფორმები არის მუდმივი პროცესი და არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც პერიოდულად არ სჭირდებოდეს ეს. საქართველომ ამ კუთხით ბევრ ევროპულ ქვეყანას გაუსწრო და ამაზე მეტყველებს ის მონაცემები, რომელსაც თავად აქვეყნებენ. ასე რომ, ეს არის მხოლოდ საბაბი და სწორედ ამ საბაბმა მისცა რუსებს ამ ულტიმატუმის დაყენების შესაძლებლობა, როდესაც ისინი კატეგორიულად მოითხოვენ უკრაინისა და საქართველოს არმიღებას ნატოში, ამიტომ ვამბობ, რომ საქართველო დღეს არის ყველაზე რთულ მდგომარეობაში.

ლაზი რუსები და უკრაინელები ერთი მოდგმის ხალხია. როგორც მეგრელი იმერელს და კახელი აჭარელს ვერ მოიგლეჯს გულიდან, ისე ვერ გაიმეტებენ ეგენი ბოლომდე ერთმანეთს. მაგათი ჩხუბი, გაყოფილი ძმების მიერ ავეჯის განაწილების იქით არ წავა. ჩვენი საქმე სხვანირად არის და ისე უნდა მოვიქცეთ, არც ერთის ხახაში აღმოვჩნდეთ და არც მეორესთან დავწვათ ხიდი.
2 წლის უკან
DDD "რაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ, არის მაკრონის განცხადება უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე. თუ ამ იდეამ მხარდაჭერა ჰპოვა, ეს არის ძალიან სერიოზული უკანდახევა" - რატომაა დახევა? 2014-მდე კი იყვნენ ნეიტრალურები და ქონდათ ყირიმიც და დონბასიც.
რა უნდოდათ კიდევ?

"ყველაზე ლმობიერი რუსეთთან მიმართებაში იყო გერმანია და საფრანგეთი" - სამაგიეროდ ჩვენ ვართ ფოლადივით მტკიცენი. ვერ გაგვტეხეს რუსებმა.

"თავის დროზე, ბუქარესტის გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო საქართველოს ნატოში მიღებაზე, ის ტრაგედია, რაც მოხდა, რომელიც მსხვერპლით და ტერიტორიების დაკარგვით დამთავრდა, არ იქნებოდა" - ანუ, 2008-ში, როდესაც დორბლიანი ბელადის ბრძანებით ჩვენი ჯარები შეცვივდებოდნენ სამხრეთ ოსეთში, დილიდან "გრადიდან" დაბომბავდნენ მძინარე ცხინვალს, მერე გაანადგურებდნენ რუს სამშვიდობოებს (პრინციპში ესენიც არ უნდა ყოფილიყვნენ იქ, თუ ნატოში ვიქნებოდით) და ამაზე კაცის-შვილი პასუხის გამცემი არ იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ ნატოს ქოლგის ქვეშ ვიქნებოდით და ვერავინ ვერაფერს ვერ გაგვიბედავდა.

ის ხაინდრავაა, თუ ხაინშეშა ადრე ნორმალური მეგონა.
ახლა ეჭვი მეპარება უკვე.
2 წლის უკან