„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას 1 მარტს დატოვებს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 9-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. იმის მიუხედავად, რომ ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მაღალ თანამდებობას იკავებდა, დღეს მას თანაგუნდელები აღარ ახსენებენ.
სწორედ ამიტომ დავინტერესდით, შეუერთდება თუ არა ბაჩო ახალაია „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ისიც, ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი ვანო მერაბიშვილივით ჩრდილში მოექცევა. ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ და როგორც for.ge-თან ექსპერტებმა განაცხადეს, ახალაია თანაგუნდელებზე შესაძლოა, განაწყენებული იყოს, რადგან მას როგორც პოლიტპატიმარს, არ მოიხსენიებენ და ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი „ნაცმოძრაობას“ განუდგეს.
„ვფიქრობ, ბაჩო ახალაია პროცესებში აქტიურად არ იქნება ჩართული, თან როგორც მე ვიცი, ამის შესახებ თავადაც განაცხადა. გარდა ამისა, მისი პატიმრობა გარკვეულწილად ჩრდილში იყო მოქცეული. როდესაც ნიკა მელია და გიორგი რურუა დაკავებულები იყვნენ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათზე უფრო საუბრობდნენ და მეტი მოთხოვნა იყო, რომ ეს ადამიანები ციხიდან გამოეშვათ, ხოლო, ბაჩო ახალაიაზე ნაკლებად იყო საუბარი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, თავიდან, როდესაც 2013-2014 წლებში მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მაშინ ეს თემა უფრო აქტუალური იყო. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო, მან არ ითანამშრომლოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არ ჩაერთოს, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილი. შეიძლება ჩემი პროგნოზი არ გამართლდეს“, - განუცხადა For.ge-ს ნიკა ჩიტაძემ, რომელიც ასევე არ გამორიცხავს, რომ ახალაია კეზერაშვილის გვერდით დადგეს.
„კეზერაშვილი „ნაცმოძრაობასთან“ არც მოიაზრება. ის „ევროპულ საქართველოსთან“ მოიაზრება და ასევე აფინანსებს ტელეკომპანია „ფორმულას“, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ახალაია კეზერაშვილის გევრდით ვიხილოთ“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილს უჭირს მსჯელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას ბაჩანა ახალაიას მიმართებაში თუ რა გეგმები აქვს. ამიტომ ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაია ყოფილ თანაგუნდელებზე განაწყენებულია და განაწყენებული ექს-მაღალჩინოსანმა გეზი ევროპაში ძმასთან აიღოს.
„ბაჩო ახალაიას შეიძლება ლოგიკური და გონივრული წყენა გააჩნდეს თავის თანაგუნდელებზე, რადგან წლებია გასული და მის თანაგუნდელებს ის ერთხელ არ გახსენებიათ, მით უმეტეს გასულ ორ წელიწადში, როდესაც ყველანაირად შეეცადნენ, რომ საერთაშორისო დონეზე აეყვანათ ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი და ამ რიცხვს მიაკუთვნეს სამი ადამიანი - ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა. თავისუფლად შეეძლოთ იქ მეოთხეც შეეყვანათ ბაჩანა ახალაიას სახით, მაგრამ ეს არც ერთს თავში არ მოსვლია. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, აღიარებენ ყველა იმ სისტემურ სისხლიან დანაშაულს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში თუ სააკაშვილის სამართალდამცველ ორგანოებში მართლაც ჰქონდა ადგილი და ყოველივე ეს, სწორედ, ბაჩა ახალაიას ხელმძღვანელობის პერიოდში ხდებოდა. ეს არის ირიბად დადასტურება იმისა, რომ ახალაია მართლაც დამნაშავე იყო და მართლაც დამსახურებულად იხდიდა სასჯელს. ასევე, ეს იმის დასტურია, რომ მას ნიკანორ მელია არ მიიკარებს, რომელიც ზუსტად ამ ლოგიკით არ აკარებს დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვანო მერაბიშვილს.
ჩემი ვარაუდით, კეზერაშვილის ინტერესებში ნიკანორ მელიასთან მჭიდრო თანამშრომლობა შედის. ამიტომ არ მგონია, რომელიმე ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციაში მელია - ახალაიას ერთი ტანდემი შედგეს. არ გამოვრიცხავ, ციხით და უყურადღებობით გადაღლილი ბაჩანა ახალაიამ საქართველო საერთოდ დატოვოს და მის ძმას შეუერთდეს“ - განუცხადა for.ge-ს დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია კი მიიჩნევს, რომ თუ ბაჩანა ახალაია „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება, ეს იმის დასტური იქნება, თუ რაოდენ სწყურიათ კვლავ სისხლისღვრა აღნიშნული პარტიის წევრებს.
„ბაჩო ახალაია ვის მხარესაც დადგება, უკეთესი იქნება მეორე მხარისთვის. ყველამ კარგად იცის ახალაიასთან რამდენი საშინელება ასოცირდება. თუ ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობას კვლავ გააგრძლებს, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, რადგან ნათლად გამოჩნდება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს შეიცვლება. ეს არის პარტია, რომელიც არის ბოროტების კასკა და აქვთ ერთადერთი მიზანი - შურისძიება. ეს შურისძიება ყველაზე კარგ ვარიანტში არის ადამიანების დაკავება, ხოლო ცუდი ვარიანტია - ადამიანების წამება. სააკაშვილმა შექმნა აღნიშნული სისტემა და მას მოჰყვებოდნენ ახალაიები და მათი ძმანი. ამ ბიჭის მომავალი ნამდვილად არ მადარდებს. ის იმიტომ ჩაჯდა, რომ ციხეში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა, ვიდრე გარეთ. მას იმდენი ადამიანი ყავს გამწარებული, რომ ვფიქრობ, არ არსებოდა ისეთი ადამიანი, ვინც იმ პერიოდში მას იმ დანაშაულს შეარჩენდა. საერთო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ერთი შერწყმული პარტიაა, რომელიც არ შეიძლება, რომ არსებობდეს“, - განუცხადა for.ge-ს ირაკლი ლატარიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე აქვს მისჯილი.