„გია ბარამიძე გულწრფელადაა ხიბლში ჩავარდნილი მიშას ფაქტორის გამო, გუბაზ სანიკიძე კი თამაშობს“

„გია ბარამიძე გულწრფელადაა ხიბლში ჩავარდნილი მიშას ფაქტორის გამო, გუბაზ სანიკიძე კი თამაშობს“

„გინდა ციხეში იყოს, გინდა უკრაინაში, სააკაშვილი თვითონ არ გავა ქართული პოლიტიკიდან, სცენიდან წასვლას არ აპირებს, უკვე იმდენჯერ გაიტეხა სახელი, სულ ბოლოს უკრაინის ჰიმნი როგორ შეასრულა, ან უკრაინის დროშა როგორ უკუღმა დაიჭირა, გამარჯვების დროშად კი არა, დამარცხების დროშად წარმოაჩინა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

შალვა ნათელაშვილი ახლა აპირებს პარლამენტში შესვლას, როცა მისი მანდატის გაუქმების საკითხი დგება... პარალელურად, არასამთავრობოები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება არა კანონის საფუძველზე, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს. რა პროცედურები არსებობს საიმისოდ, რომ პარლამენტში თუნდაც შალვა ნათელაშვილი ვიხილოთ, რაც ცალკეული დეპუტატებისთვის გამხიარულების მოტივატორია?

- საამისოდ არ არსებობს არავითარი პროცედურა. თუ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, არავითარი საფუძველი არ არის, ეს მანდატი დეპუტატმა დაიბრუნოს. რაც შეეხება ნათელაშვილს, არასაპატიო მიზეზით მას უკვე დიდი ხანია, გაცდენები აქვს. არჩევნები რამდენი ხანია, ჩატარდა და იმის მერე პარლამენტში არ მისულა, არავითარი მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო საქმიანობაში. ასე არ არის, როცა გინდა, შეხვალ, როცა გინდა, გამოხვალ პარლამენტიდან. მათ ისეთი რამ ჩაიდინეს, სიები ჩახსნეს, პარლამენტში არ ცხადდებოდნენ, სათითაოდ ყველამ, მთელმა ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ, საბოტაჟი იმ მიზნით დასჭირდათ, რომ საპარლამენტო საქმიანობა ჩაეშალათ და პარლამენტი ქმედუუნარო გაეხადათ, ოღონდ მიეღწიათ რიგგარეშე არჩევნებისთვის. ეს იყო მათი მიზანი. შემდეგ იყო ცნობილი შარლ მიშელის პროცესი, რის შედეგადაც დაბრუნდნენ პარლამენტში, მაგრამ ეს სიები, მათივე გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩახსნილია.

ვინაიდან შალვა ნათელაშვილი პარლამენტში არ დადიოდა და თან განცხადებაც საკუთარი ხელით აქვს დაწერილი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ (მართალია, ის განცხადება პარლამენტმა არ განიხილა), იმ მიზეზით, რომ მას არასაპატიო გაცდენები აქვს, ალბათ, უფლებამოსილება შეუწყდება. გამომდინარე იქიდან, რომ სიაში ადგილმონაცვლე არ ჰყავს, სია კი ჩახსნილია, ვერავინ ვეღარ შევა პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიიდან“. მათ პარტიას ერთადერთი მანდატი ერგო ამ არჩევნებში.

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება შეუწყდეთ „ლეიბორისტებს“, როგორც პარტიას?

- დიახ, რადგან პარლამენტის წევრი არ ჰყავთ და არც საკრებულოებში გამოირჩევიან წარმომადგენლებით, შეუწყდებათ დაფინანსება. დაფინანსება დამოკიდებულია პარლამენტში გაყვანილი დეპუტატების და საკრებულოში გაყვანილი წევრების რაოდენობაზე.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტს, „ნაცები“ დაჟინებით ითხოვენ სააკაშვილთან მიმართებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამ მოთხოვნით თავადვე უპირისპირდებიან მთლიან ოპოზიციურ სპექტრს, რომელშიც ჩნდება კრიტიკული კითხვები, რატომ უნდა შეიქმნას იმ ადამიანთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია, რომლის ირგვლივაც არ ხდება საზოგადოების დარაზმვა? ეს მაშინ, როცა არსებობს უამრავი სხვა საჭირბოროტო საკითხი - ფასების მატება, გადასახადების მატება, ჰიპერინფლაცია?

- სააკაშვილის თემის წამოწევით კიდევ ერთხელ დისკრედიტირდება საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობა. როგორც წესი, საგამოძიებო კომისია განსაკუთრებული მექანიზმია პარლამენტარების ხელში, როცა ვითარება საჭიროებს ასეთი კომისიის შექმნას, როცა გამოძიება საჭიროა გახმაურებულ საქმეებზე, რაც საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. ეს სასარგებლო მექანიზმი ამ დროს გამოიყენება. ყოველ ჯერზე ამ კომისიის გამოყენება მის გაუფასურებას გამოიწვევს, თანაც ისეთ საკითხებზე, რაც ყველამ ისედაც იცის. ალოგიკური უნდა იყო ადამიანი, რომ იოტისოდენა ეჭვი შეეპაროს, თითქოს სააკაშვილს ციხეში აწამებდნენ. რაც არ უნდა იძიონ და როგორც არ უნდა იძიონ, აპრიორი ცდების გარეშეც ნათელია, რა შედეგიც დადგება ამ კომისიის შექმნით, მაგრამ „ნაცები“ დღის წესრიგს ვერ ქმნიან და აწყობთ, სანამ ეს კომისია იქნება, ხმაური ატეხონ. სანამ ეს კომისია იქნება, სააკაშვილი სცენიდან არ ჩამოვა, ეს იქნება ცენტრალური საკითხი, თავიანთი ტელევიზიით ამის ტირაჟირებას მოახდენენ.

„ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის (მელია, ნაყოფია) ამარა და ერთი ბელადის (სააკაშვილი) შემყურე - ეს ფორმულირება ზუსტად ასახავს იმას, რაც ახლა „ნაცმოს“ შიგნით მიმდინარეობს? მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, თითქოს პარტიაში ყველაფერი რიგზეა, სინამდვილეში, „ნაციონალებს“ გაუჩნდათ მიშასგან მოძულებული ლიდერის - ნიკა მელიას ჩანაცვლების ცდუნება. აქვთ კი მათ მელიას ჩამნაცვლებელთა ფართო არჩევანი? რატომ ვერ ანაცვლებენ ნიკა მელიას, რომლის მიმართაც ამდენი საყვედურია?

- ნიკა მელიას ჩანაცვლებას თუ დაიწყებენ, დიდი საფრთხეა, პარტია დაეშალოთ. თანაც, აქ ფინანსური საკითხებიცაა. ბუნებრივია, ისედაც დასუსტებულები არიან და ახლა მდგომარეობის გამწვავება არ აწყობთ.

ფინანსები მელიასთანაა მიბმული?

- არა, მელიასთან არაა მიბმული, მაგრამ მელიასაც აქვს ფინანსებზე წვდომა და ახლა პარტიის გაყოფას თუ დაიწყებენ, რასაკვირველია, ფინანსები შემცირდება. რაც შეეხება კობა ნაყოფიას, მას ფინანსური ავტორიტეტი აქვს. თან მელიას არ უნდა, სააკაშვილთან ჩატეხოს ხიდი, მით უმეტეს, რომ ფინანსები სააკაშვილის ოჯახისგან - თემურ ალასანიასგან მოემართება.

მაგრამ ფინანსები გადაწონის იმას, რასაც იტანს ნიკა მელია, რომ მას ქარიზმა არ აქვს, რომ პოლიტიკოსად არ დაბადებულა, რომ ვერ ილიდერა? წესით, პოლიტიკოსისთვის კარიერის დასასრულს უნდა ნიშნავდეს, როცა ამდენი ხალხი „ნაცმოძრაობიდან“ სინქრონულად გეუბნება, რომ პოლიტიკოსად იბადებიან და შენ კი პოლიტიკოსი არ ხარ.

- სხვაგვარად მელიას რა პერსპექტივა აქვს? თუმცა ეს მელიას პრობლემაა. ასეა თუ ისე, საუბედუროდ, „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშას.

თავის დროზე გრიგოლ ვაშაძეც გადადგა „ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობიდან, მისითაც არ იყო კმაყოფილი სააკაშვილი, სკაბრეზულადაც მოიხსენია ვაშაძე რამდენჯერმე, თუმცა გრიგოლ ვაშაძემ მაინც მოახერხა პოლიტიკაში შემობრუნება. მელიას საამისოდ ინტელექტი არ ეყოფა?

- გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში შევიდა, ეს სტატუსი არ დათმო, მაგრამ „ნაცმოძრაობასთან“ არაფერი აკავშირებს. ისიც პარტიის თავმჯდომარე იყო. ისე, კარგი საყურებელია პარტიისთვის, რომ მისი თავმჯდომარეები გარბიან, პარტიისთვის ეს დამაზიანებელია. მელია თუ გადადგა თავმჯდომარეობიდან, მაშინ პარტიიდანაც უნდა წავიდეს, მაგრამ პარტიიდან მელია გრიგოლ ვაშაძესავით არ წავა, ის თუ წავა, წაიყოლებს ფინანსებსაც, ხალხსაც და პარტიას გაყოფს. ასეთი არამყარი მდგომარეობაა „ნაცმოძრაობაში“. ეს პროცესები მაინც გარდაუვალია, რადგან პერსპექტივა ამ პარტიას არ აქვს, გინდა სააკაშვილთან ერთად და გინდა, მის გარეშე. მათ დღის წესრიგი არ აქვთ, ერთადერთი ხელჩასაჭიდი სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია, რაც ორივე შემთხვევაში აბსურდია.

მიშა რომ გაუშვან უცხოეთში სამკურნალოდ, „ნაციონალებს“ სალაპარაკო ამოეწურებათ. გამუდმებით არჩევნების გაყალბებაზე ხომ ვერ ილაპარაკებენ და ამით ხალხს თავს ხომ არ მოაბეზრებენ?

- პარლამენტში სალაპარაკო თემას რა გამოლევს? უამრავი საკითხია განსახილველი. თუ პარლამენტში იმუშავებდნენ, შეასრულებენ ამომრჩევლის მოთხოვნებს და ეცდებოდნენ ქმედითი პოლიტიკის გატარებას, უკვე განსხვავებულ ტალღაზე გადავიდოდნენ. სააკაშვილის თემა და რიგგარეშე არჩევნები კი მათ გარდა არც არავის აინტერესებს. მტყუანს მართალიც არ დაეჯერებაო, ახლა მაგათ რომ დაიწყონ ლაპარაკი ინფლაციაზე, მათგან ესეც დაუჯერებელი იქნება. შეუძლებელია, ეგენი სერიოზულ დისკუსიაში ჩაებან, რაც გასაკრიტიკებელია, ის გააკრიტიკონ. საბედნიეროდ, ჰიპერინფლაცია ქვეყანაში არ არის, ასეთ კატასტროფულ მდგომარეობამდე არ ვართ მისული, კუპონის დროს იყო ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში, ფასები კი იზრდება, მაგრამ მთელ მსოფლიოში იზრდება ფასები. ეკონომიკის გარდა პარლამენტში უამრავი საკითხია განსახილველი, მათ შორის, თვითმმართველობის თემა. მიშა რომ გაუშვან საზღვარგარეთ, მიშა თვითონ არ გავა ქართული პოლიტიკიდან, სცენიდან გასვლას არ აპირებს, გინდა ციხეში იყოს, გინდა უკრაინაში. მან უკვე იმდენჯერ გაიტეხა სახელი, ის რა იყო, სასამართლო პროცესზე უკრაინის ჰიმნი რანაირად შეასრულა, უკუღმა დაიჭირა უკრაინის დროშა, გამარჯვების დროშად კი არა, დამარცხების დროშად წარმოაჩინა. რაც უფრო სამარცხვინოდ იქცევა, მით უფრო საამაყო ჰგონია თავი. „ნაცმოძრაობის“ ერთი ფრთა მას აიდეალებს - გია ბარამიძე, გუბაზ სანიკიძე, პიროვნების კულტის წინაშე ვართ, მაგრამ გია ბარამიძე გულწრფელადაა ხიბლში მიშას ფაქტორის გამო, გუბაზ სანიკიძე კი თამაშობს. სიგიჟეა, თუ არ არის სიგიჟე, მიშას შესახებ თავგადაკლული „ნაცები“ მაინც იტყვიან, შეუმცდარია, გმირიაო. მოსახლეობის ფართო ფენისთვის კი სააკაშვილის გამოსვლები სასაცილოა.