ევროპის საბჭოს 2013 წლის მინისტერიალის დღის წესრიგში აგვისტოს ომის თემა შეტანილი არ არის. ამის შესახებ განცხადება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, 2013 წლის 23 აპრილს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ საქართველომ პირველი უარყოფითი შედეგი მიიღო.
როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, 2013 წლის ევროპის საბჭოს მინისტერიალის მოსამზადებელ დოკუმენტებში (დღის წესრიგი, სავარაუდო გადაწყვეტილებები) საკითხი “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში” საერთოდ აღარ ფიგურირებს. ჭიაბერაშვილი ეჭვობს, რომ დარჩენილ 10 დღეში პროცედურულად აღნიშნული პრობლემის გამოსწორება მოესწროს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემაც გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან.
„ეს საკითხი არ ყოფილა მინისტრთა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში არც 2011 წელს მინისტერიალზე სტამბოლში, აქედან გამომდინარე ეს საკითხი იქნება თუ არ იქნება ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ კონკრეტული საკითხისთვის არ აქვს, რადგან ევროსაბჭოში არსებობს სხვა მექანიზმები სადაც ეს საკითხი იქნება შეტანილი დღის წესრიგში“, - განახადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ის ვინც ამბობს, რომ რაღაც იყო დღის წესრიგში შეტანილი და ახალი ხელისუფლების პირობებში ამოიღეს, ეს არის უბრალოდ დეზინფორმაცია და უსინდისო საქციელი.
ფანჯიკიძის ამ განცხადებას ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა ჟღენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.
„მე არასდროს მითქვამს, რომ 2008 წლის მერე საკითხი იყო ყველა მინისტერიალის დღის წესრიგში, ახლა კი ვიტყვი ამას: დიახ, საქართველოს საკითხი განიხილებოდა ყველა მინისტერიალზე, გარდა მოახლოებულისა. ეს ნიშნავს, რომ 2009, 2010, 2012 წლებში საკითხი შეტანილი იყო ოფიციალურ დღის წესრიგში, ხოლო 2011 წელს საკითხი დღის წესრიგში ცალკე ნამდვილად არ იყო, თუმცა მინისტრებმა მიიღეს ფორმალური გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში კონფლიქტის თაობაზე გენერალური მდივნის მორიგ მოხსენებას მიესალმნენ. მე მერჩივნა, ესეც ყოფილიყო და დღის წესრიგიც, მაგრამ რაც იყო, ის იყო. ის, რომ საკითხი არაა და არ იქნება ამ წლის მინისტერიალის დღის წესრიგში, არის სამწუხარო ფაქტი“, - ამბობს მამუკა ჟღენტი.
მისი თქმით, არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოხვდა ეს საკითხი მინისტერიალის დღის წესრიგში - ან საქართველოს მხარემ არ მოითხოვა საკითხის დღის წესრიგში შეტანა, ან მოითხოვა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, ან საქართველოს ახალ ხელისუფლებას უბრალოდ დაავიწყდა ამის გაკეთება.
„ქალბატონი მინისტრი თვითონ ცდილობს, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მოახვიოს. მაგალითად, 7 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან ბრძანა, რომ მინისტერიალის დღის წესრიგის საკითხი ჯერ არ განხილულა და მალე გვექნება შედეგი. ახლა აცხადებს, რომ ყველაფერი გაგვიკეთებია თურმე და არ გამოვიდა. გუშინ გავაკეთეთ ყველაფერი და არ გამოვიდა?! რომელი ვერსიაა სანდო?! ერთს ვიტყვი: მინისტერიალის დღის წესრიგის არსებული პროექტი ჯერ კიდევ გასული კვირის ოთხშაბათს შეთანხმდა და ეტყობა მინისტრმა მარტო იმიტომ შეიტყო, რომ მედიაში გაჟღერდა ეს თემა“, - აცხადებს მამუკა ჟღენტი.
მაია ფანჯიკიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი 2011 წლის მინისტერიალის დღის წესრიგშიც არ ყოფილა შეტანილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ვაშაძეც ეხმაურება. მისი თქმით, 2011 წელს, სტამბულის მინისტერიალზეც არ იყო აღნიშნული საკითხი შეტანილი, მაგრამ ამის საპასუხოდ, ქართულმა მხარემ თურქეთს ვეტო დაუდო კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მათ ინტერესში შედიოდა.
„ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა-არშეტანასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებს შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდეთ, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. თუ ჩვენ ერთ ყურში შევუშვებთ და მეორეში გავუშვებთ, რომ ეს საკითხი არ უნდა შევიდეს დღის წესრიგში, დამერწმუნეთ, უკუსვლას დავიწყებთ. ეს წყალს დაასხამს რუსეთის ქმედებებზე, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა აღმოჩნდეს მსოფლიოში ვინც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი კი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი 2011 წლის ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგშიც არ იყო, თუმცა გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ მოხსენებაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. დეპუტატი აცხადებს, რომ წლევანდელ მინისტერიალზეც სწორედ ამგვარ ფაქტს ექნება ადგილი. მისივე განცხადებით, აღნიშნული თემა სამუშაო რეჟიმში ევროსაბჭოს განსახილველ საკითხთა ნუსხაში ყოველთვის იქნება.
ექსპერტებს ამ თემაზე საუბარი ინფორმაციის ნაკლებობის გამო უჭირთ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ურჩევს, ამ თემაზე საუბრისას 2011 წლის მინისტერიალი გაიხსენონ, როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში ასევე არ იყო შეტანილი. ექსპერტის თქმით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვა გზები მონახეს იმისთვის, რომ ამ თემისთვის ხაზი გაესვათ.
„როდესაც დღევანელ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, აქ საკითხი ასე ისმება, - აპირებს თუ არა ხელისუფლება ახლანდელ მინისტერიალზე ამ თემის გააქტიურებას, რადგან პრეცედენტი იმისა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ იყო, უკვე არსებობდა. მეორეც, გააჩნია, ვინ არ შეიტანა ეს საკითხი დღის წესრიგში. თუ ეს საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, მაშინ ბუნებრივია, მან უნდა თქვას, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, ხოლო თუ ეს თავად ორგანიზატორების მხრიდან მოხდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას, როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში - გაააქტიურებს ამ თემას რაიმე სხვა ფორმით, თუ არა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, საჭიროა მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როგორი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს ხელისუფლება საქართველო - რუსეთის 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში და თუ ყველა ამ კითხვაზე გაცემული იქნება პასუხები, შეფასებების გაკეთება შემდეგ უფრო ადვილი იქნება. მამუკა არეშიძის თქმით, ზოგადად აგვისტოს ომის თემის მინისტერიალის დღის წესრიგში არშეტანა კატასტროფა არ არის.
„მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს - რა საჭიროა ამ თემის დღს წესრიგში შეტანა? ეს საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოება მუდმივად შეხსენების რეჟიმში იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს და დემოკრატიულ თანამეგობრობას ეს თემა არ დავიწყებია. ამდენად, ამას მხოლოდ შეხსენებითი ფუნქცია აქვს, საკითხის გადაწყვეტა მინისტერიალზე არ ხდება“, - ამბობს არეშიძე.
მისი თქმით, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებას ისეთი სვლები აქვს მოფიქრებული, რომლებიც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება. აქვე ექსპერტი დასძენს, რომ საზოგადოებისთვის ამ საკითხის შეხსენება და ამ თემის გამწვავება მოკლე პერსპექტივაზეა გათვლილი. ახლა კი შესაძლოა გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს ეს არც აწყობდეს, რადგან წინა აზიაში და საერთოდ, ჩვენს საზღვრებთან ახლოს სიტუაცია ირევა. კერძოდ, ექსპერტის თქმით, ყოველდღიურად ვუახლოვდებით სირიაში ფართომასშტაბიან ომს, რისი გაგრძელებაც იქნება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი ომი ირანში. ამიტომ შესაძლოა ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას სხვანაირი მოქმედება სჭირდება. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემაა საჭირო, თუმცა აქვე დასძენს, რომ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეუძლია - საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ექსპერტი საგარეო საკითხებში, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ მინისტერიალის დღის წესრიგში ამ საკითხის არჩასმა თავისთავად არასასიამოვნო ფაქტია და თუ ამის უკან დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან ზოგადად ახალი ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკა, ანუ თუკი მათ ამ საკითხის მინისტერიალზე არგატანით კონკრეტული ნაბიჯები აქვთ დაგეგმილი, როგორ შეიძლება რუსეთთან ამ ურთიერთობების გაუმჯობესება და რაღაც პროგრესის მიღწევა, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ საჭიროა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უფრო მეტი განმარტებების გაკეთება, რადგან ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი მაღალია.
„ეს საკითხი რაღაც ფორმით უნდა იყოს განხილვაში. თუ საქართველოს ახალმა ხელისუფლება, ან ევროპის საბჭომ გადაყვიტა, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხის დღის წესრიგში არშეყვანა საქართველო - რუსეთის ურთიერთობების დალაგების ფონს გააუმჯობესებს, ალბათ უმჯობესი იქნება, საგარეო საქმეთა სამინისტროდან განმარტება გაკეთდეს, თუ რა ხდება. მაგრამ ცალსახაა, რომ ამ საკითხში ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ უნდა დავრჩეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაში ევროპის საბჭოც იყოს ჩართული. იმედია, ეს არ იქნება პრეცედენტი იმისთვის, რომ შემდგომში ეს საკითხი საერთოს მოიხსნას დღის წესრიგიდან“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.
მისი თქმით, ამიტომ არასაკმარისია საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებები მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი 2011 წლის მინისტერიალის დღის წესრიგშიც არ იყო.