უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმილის პოლიტიკას იყენებს და რუსეთთან მიმართებით რაიმე, მკვეთრი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. ამის ფონზე, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებასა და პოზიციას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას კრემლის გაღიზიანების ეშინია. ამასთან, „ქართული ოცნების“ ერთგვარი ფობია, საერთაშორისო ასპრეზზე, არა მარტო თავად მათ, საქართველოს იმიჯსა და რეპუტაციასაც აზიანებს.
მსოფლიო ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მაღალი ალბათობის შესახებ, დანარჩენ სამყაროს ღიად აფრთხილებენ და აღნიშნავენ, რომ მოსკოვის მხრიდან რეალური საფრთხე ნამდვილდ არსებობს. ამის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომდგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები უკრაინაში ვიზიტს არ აპირებენ.
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენს. ამასთან, როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ერთგვარი დუმილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორითაც შეიძლება აიხსნას.
„რუსეთის არგაღიზიანების მცდელობა ნამდვილად იკითხება ამ ყველაფერში. „ოცნებას“ აქვს გარკვეული პრეტენზიები უკრაინის ხელისუფლებასთან, იგივე სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველა ფაქტორი ერთად, რომ შევკრათ, მათი ეს თავშეკავებული მოქცევა უკრაინასთან დაკავშირებით, ახსნადია. უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა დონეზე, ამასთან რეზოლუცია იქნა მიღებული. საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები, ნატო-ს ასპირანტი ქვეყნები, მაგრამ გარკვეული, უსიამოვნო მომენტები, ორმხრივ ურთიერთობაში, მაინც იკვეთება მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში არაფერს შეცვლის, დიპლომატები გამოდიან, ომის მოლოდინია. თუ ჩავიდოდნენ, ეს იქნებოდა სიმბოლური მხარდაჭერის აქტი და რაღაც, კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიღებს. სიმბოლური მხარდაჭერა, ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ ეტყობა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, რომ გადაწყვიტეს, დემონსტრციული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ანტირუსულ საფუძველზე, მათ უფრო მეტ პრობლემას მოუტანდა, ვიდრე სარგებელს.
აქტიურად არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ უკრაინის შემდეგ, რიგში საქართველოა. უკრაინაში შეჭრა და იქ ომი, რუსეთისთვის არ იქნება იოლი გასეირნება, იმის გათვალისწინებით, თუ რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას. ამასთან, უკრაინის არმია არ არ არის დღეს ისეთი, როგორიც იყო 2014-15 წლებში. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის ორ ფრონტზე ბრძოლა - საქართველოსა და უკრაინაში, მგონი ეს უკვე რუსეთის შესაძლებლობასაც აღემატება. მათთვის მთავარი პრიორიოტეტი მაინც არის უკრაინის საკითხი. საქართველოდან, პრაქტიკულად, ყველაფერი წაიღეს, - აფხაზეთში ბაზები დგას, თბილისიდან 40 კილომეტრში ჯარები დგას, რა აზრი აქვს მათთვის საქართველოში სერიოზული, აგრესიული აქტის განხორციელებას?!“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, საქართველომ აუცილებლაად უნდა მოითხოვოს თავდაცვითი სისტემების გაძლიერება. მისივე თქმით, მოსკოვი შეიჭრება თუ არა უკრაინაში, უსაფრთხოების საკითხი საქართველოს წინაშეც მუდმივად იქნება.
„ქართულ ოცნებაში“ ალბათ, ფიქრობენ, თუ ვითარება გამწვავდება და დაპირისპირება ცხელ ომში გადაიზარდება, ასეთი პოლიტიკა საქართველოს დაიცავს რუსული საფრთხისაგან. ამიტომაც, რაღაც დონეზე აქტიურობენ, მაგრამ ზოგადად, ხმამაღალ განცხადებების გაკეთებას და უკრაინაში ჩასვლას ერიდებიან. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი გამართლებული იყოს. თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ შევიდეს და დაიწყოს ომი უკრაინაში, მას დამატებით არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუ იგივე სცენარს საქართველოში გააგრძელებს.
დღეს ჩვენი უსაფრთხოებას განაპირობებს დასვლეთ-რუსეთის ურთიერთობები. ის, რომ დღეს დასვლეთი რუსეთს უწესებს უმაღლეს სანქციებს, საქართველოში შემოჭრით რუსეთი უფრო მეტს დაკარგავს. ან ჩვენ ვდგავართ დასავლეთის მხარეს და ის საფრთხე, რაც უკრაინას ემუქრება, დიდი ალბათობით, ემუქრება საქართველოსაც, შესაბამისად, ვემზადებით ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ან უბრალოდ ვართ ლოდინის რეჟიმში. ჯობია ჩვენს დასავლელ პარტნოორებთან ერთად, „გამოვიყენოთ“ არსებული სიტუცია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფთხოება. იქნება თუ არა ეს შემოჭრა, უსფრთხოების თემა მუდმივად დგას საქართველოს წინაშეც.
ამ დროს შანსი იმის, რომ საქართველოს თავდაცვითი სისტემები უფრო მობილური და ქმედითუნარინი გახდეს, არის უფრო მაღალი, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში, თუნდაც ნახევარი წლის წინ. არ ვიცი, დღეს თავდაცვისუნარიანობის მხრივ რა ვითრებაა საქართველოში, მაგრამ არ მგონია კატასტროფულად იყოს გაუმჯობესებული 2008 წელთან შედარებთ. მაშინ რა დიდი წინაააღმდეგობის გაწევა შევძელით? რამდენად შეუძლია საქართველოს იყოს მეორე ფრონტი? - თუკი უკრაინის თავდცვითი სისტემები ძლიერდება, იქნებ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი სისტემები, რადგან საფრთხე 90%-ით როგორც უკრაინას ემუქრება, მსგავსად ჩვენც გვემუქრება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძალიან შემაშფოთებელია ის მდგომარეობა და ტენდენცია, რაც უკრაინაში ხდება. როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველო ყურადღებით აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ამა თუ იმ გადაწყვეტილებას შესაბამისად მიიღებს.
რაც შეეხება უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
„უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. მოვლენების განვითარებისამებრ მივიღებთ გადაწყვეტილებას ნებისმიერ ნაბიჯთან დაკავშირებით, იქნება ეს ვიზიტი თუ განცხადება. ჩვენ რეზოლუციით ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოვხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტომ განცხადება გაავრცელა, მათ შორის მოქალაქეებს მიმართა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯი“, - განაცხადა კობახიძემ.