გიორგი კვირიკაშვილი: საბჭოთა ანაბრების კომპენსაციაზე სერიოზულად ვმუშაობთ

გიორგი კვირიკაშვილი: საბჭოთა ანაბრების კომპენსაციაზე სერიოზულად ვმუშაობთ

საბჭოთა ანაბრები კვლავ სახელმწიფოს შიდა ვალად რჩება. არც ერთ წინა ხელისუფლებას, რომელიც ანაბების დაბრუნების დაპირებას იძლეოდა, ეს დაპირება არ შეუსრულებია. ახალი ხელისუფლება, მართალია, ანაბრების დაბრუნებას არ დაგვპირებია, მაგრამ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანაბრების ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყო და ამ თემაზე ფინანსთა სამინისტრო მუშაობს.

2012 წლის 12 დეკემბერს გამოვიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება N463 "საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აწერს.

აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მეორე ნაწილში ვკითხულობთ: "ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს, ქალაქ თბილისის მერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, რომ წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში.“ კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვრამდე.

სწორედ ამ კომისიას მოუწევს საბჭოთა ანაბრების თემაზე მუშაობაც, რადგან ანაბრები სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული და მისი გასტუმრება როდესმე აუცილებლად უნდა მოხდეს.
მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე მათ მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი დაზუსტებული ციფრების მიხედვით გადაწყდება.

„მე შემიძლია გითხრათ დაზუსტებით, რომ საბჭოთა ანაბრების თემასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ციფრების დაზუსტებაზე. აქედან გამომდინარე, იმის მიხედვით თუ რა ციფრები დაზუსტდება, განისაზღვრება რისი შესაძლებლობა ექნება ბიუჯეტს და რა ვადაში შეძლებს ამ ვალდებულების შესრულებას. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვეძლება ალბათ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება“, - აცხადებს მინისტრი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა კვირიკაშვილი დავით ონოფრიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფლანგული თანხები (განსაკუთრებით კი პრივატიზაციის დროს) თავისუფლად ეყოფოდა ანარების გასტუმრებას, გიორგი კვირიკაშვილი პასუხობს - „ბატონ დავითს ვეთანხმები იმაში, რომ ბევრი ფული გაიფლანგა, მაგრამ რამდენად ეყოფოდა ეს ანაბრებს, არ ვიცი. ჩემთვის ეს ციფრი დაზუსტებულად არ არის ცნობილი.“