უკრაინასთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური კრისიზი დღეს უკვე, ახალ და უფრო საშიშ ფაზაში გადადის. რეალური საფრთხის შესახებ ღიად მიგვანიშნებენ მსოფლიო ლიდერები და აცხადებენ, რომ მდომარეობა შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, რადგან საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც დღეს პრაქტიკულად, დანარჩენ, ცივილიზებულ სამყაროს თითის დაქნევით ელაპარაკება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, სადაც შესაძლოა, მალე სიტუაცია მწყობრიდან გამოვიდეს.
„ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სცენარი, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს მას, ამერიკელების გადასარჩენად ჯარი გაგზავნოს, ბაიდენმა უპასუხა, რომ „არ არსებობს“.
„როდესაც ამერიკელები და რუსეთი იწყებენ სროლას ერთმანეთისკენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ დღეს ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი მსოფლიოს აფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და იმ შემთხვევაში თუკი, არსებული ვითარება უფრო მეტად დამძიმდება, კატასტროფის წინაშე დადგება არა მხოლოდ უკრაინა, მთელი მსოფლიო.
ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, რუსეთი უკრაინას დასავლეთთან შანტაჟისთვის იყენებს და დანარჩენი მსოფლიო უნდა ეცადოს, მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილოს.
„ეს არის ჯო ბაიდენის საკმაოდ სერიოზული გაფრთხილება. ამ შემთხვევაში, მსოფლიო კატასტროფის რისკი იმდენად დიდია, რომ შეშფოთება მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი არ არის არავისგან, ეს სრულიად რეალური გათვლის შედეგია. უკრაინასთან დაპირისპირება შანტაჟისთვის ამიტომაც გამოიყება რუსეთმა. მან კარგად იცის, როგორი იქნება მსოფლიოს რეაქცია ამ მოქმედებაზე. ზომები, რომელიც მიღებულ უნდა იქნას ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ყოველგვარი ჩარჩოს და შეზღუდვის გარეშე უნდა იყოს რეალიზებული.
არ ვიტყოდი ჯერჯერობით, რომ მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, ექსპერტების შეფასება ასეთია. თუმცა, ამ ძალიან საშიშ თამაშს შეიძლება მოჰყვეს მსგავსი განვითარება, ეს უდავოა. მე მაინც მგონია, რომ ცივილიზებული მსოფლიო უკან დაახევინებს რუსეთს მსგავსი გადაწყვეტილებისგან, მაგრამ რაც მოხდა, ეს ყველაფერი უკვე ძალიან შემაშფოთებელია, ყურადღების მიღმა გატარება სრულიად შეუძლებელია.
საუბარი არის იმ ფასზე, რომელიც რუსეთმა უნდა გადაიხადოს დასავლეთთან წინააღმდეგობის შემთხვევაში. იმდენად დიდია ეს ფასი, რაც დასავლეთმა დაასახელა, რომ არ მგონია, რუსეთმა გარისკოს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში.
ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს საკმაოდ მასშტაბურ სახეს მიიღებს. როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, დღეს რეალურად, მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ.
„შესაძლებელია, ამ ყველაფერმა მასშტაბური ხასიათი მიიღოს, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი და მეტი სახელმწიფო ერთვება რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ, დღევანდელ კონფლიქტში, ვგულისხმობ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის შეიარაღებას აწვდიან უკრაინას.
საინტერესოა, რომ ბევრი ქვეყანა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ძალიან საინტერესოა ჩინეთ-რუსეთის ალიანსი. ვხედავთ, რომ რუსეთსაც ჰყავს მოკავშირე ჩინეთის სახით. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ეს არ იქნება მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. ომში გადაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია კაცობრიობა გახდეს მესამე მსოფლიო ომის მომსწრე. ეს არის ჯო ბაიდენის გაფრთიხლება, რომ მსოფლიო მართლაც დადგეს მესამე მსოფლიო ომის წინაშე.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრას, მგონია, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ის გაააქტიურებს თავის ქმედებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. საფრთხე არსებობს, თუმცა, რამდენად უღირს რუსეთს ფართომასშტაბიანი ომი ამ პირობებში? - მას სჭირდება ძალის დემონსტრირება, რომ ძალის იმიტაცია შექმნას, თითქოს ის აპირებს უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს იმისათვის, რომ დასავლეთი გარკვეულ დათმობებზე დაიყოლიოს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღე შეიძლება ყველაზე სახიფათო მომენტი იყოს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილ კრიზისში. მისი თქმით, უკრაინაში ომი აბსოლუტური კატასტროფა იქნება.
„გულწრფელად გითხრათ, არ მგონია, რომ მოსკოვმა შეჭრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია ძალიან მალე რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული მოხდეს. ეს არის, ალბათ, ყველაზე სახიფათო მომენტი, ვიტყოდი, მომდევნო რამდენიმე დღე, უსაფრთხოების ყველაზე დიდ კრიზისში, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა. უბრალოდ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა, თუ აქამდე მივა და თუ სისხლი დაიღვრება უკრაინის მიწაზე“, - აღნიშნა ჯონსონმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსმა ხალხი უნდა იფიქროს „რამდენად კეთილგონივრულია რუსი ჯარისკაცების სისხლისღვრა ომში, რომელიც კატასტროფული იქნება“. ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო ემზადება სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ისინი მზად არიან დიალოგისთვისაც.
„არსებობს გარკვეული საკითხები, რაც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება - ის, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ჯონსონმა და დასძინა, რომ არის ისეთი საკითხებიც, რომლებზე მოლაპარაკებაც შესაძლებელია.
საიდან ამდენი იდიოტი მთავრობაში?
გინდა ძველში და გინდა დღევანდელში?
ესენი მართლა ასეთი იდიოტები არიან, თუ უხდიან ამაში?