სეპარატისტული 2010

სეპარატისტული 2010

[ინტერპრესნიუსი]

აფხაზეთში წლის დასაწყისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სერგეი ბაღაფშის ე.წ. პრეზიდენტად ინაუგურაცია იყო, რომელიც ამ პოსტზე გასული წლის 12 დეკემბერს აირჩიეს. მან ინაუგურაციის შემდეგ დე-ფაქტო მთავრობის მთელი შემადგენლობა შეცვალა, რომელის ხელმძღვანელად, დე-ფაქტო პრემიერად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა დანიშნა. 


ინაუგურაციიდან 5 დღეში ბაღაფში მოსკოვს ეწვია და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მედვედევმა საქართველოს პრეზიდნტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. 


რამდენიმე კვირაში – 4 მარტს აფხაზეთის პირველი დე-ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძნიბა 64 წლის ასაკში მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 


10 მარტს სოხუმს დიტერ ბოდენი ეწვია და დე-ფაქტო ხელისუფლებისა და აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა და მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა სოხუმში გამართულ შეხვედრებზე ჟენევის მოლაპარაკებებსა და კოდორის ხეობაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელა.


აპრილში სერგეი ბაღაფში კიდევ ერთხელ ეწვია მოსკოვს და პრემიერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსეთი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებისთვის 10 მილიარდ რუბლს გამოყოფდა. 


თვის ბოლოს ბაღაფშმა საკუთარი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. მან გადააყენა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი ზაიცევი, გენერალ-მაიორი ზაკან ნანბა, გენერალ-მაიორი გარი კუპალბა, გენერალ-მაირო სლავა ანქვაბი და გენერალ-მაიორი ალექსანდრე მელნიკი.


ივნისში გალის რაიონში უკიდურესად დაიძაბა კრიმინოგენული ვითარება - 1 ივნისს აფხაზური საბაჟო სამსახურის თანამშრომელი, 3 ივნისს კი სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია მოკლეს. ორივე დანაშაულის ორგანიზებაში სოხუმის რეჟიმი ქართულ სპეცსმსახურებს ადანაშაულებდა. ქართული მხარის ვერსიით, კი კმვლელობების მიზეზი ქართული მოსახლეობიდან ძალით ამოღებული გადასახადების განაწილება გახდა. 


ივლისის დასაწყისში ბაღაფშმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებები გააპტოტესტა, რომელმაც თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.


ამავე თვეში ბაღაფში სოხუმის ვიზიტით ნიკარაგუასა და ვენესუელაში იმყოფებოდა, სადაც ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან თანამშომლობის შეთანხმებები გააფორმა. 


8 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო. ბაღაფშმა აღნიშნული რეზოლუცია გააპროტესტა და განაცხადა, რომ სოხუმის რეჟიმი ქართველი დევნილების დაბრუნებას არ აპირებს. 


ამავე თვეში გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში სოხუმის რეჟიმის ვიცეპრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის სახლს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი ყუმბარმტყორცნიდან გაუხსნეს. შედეგად ანქვაბი ხელში და ფეხში დაიჭრა. ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე თავდასხმა იყო, მაგრამ არც ერთი შემთხვევა გახსნილი არ არის.


დეკემბრის დასაწყისში სერგეი ბაღაფში ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალის გამოყენებას არც სოხუმის რეჟიმი აპირებს. ამასთან, მან მიხეილ სააკაშბილის დაპირების იურიდიულად გაფორმებაში დახმარება გაერო-ს გენერალური მდივანს სთხოვა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი ფაქტობრივად, წლის დასაწყისდანვე დაიწყო ე.წ. პრეზიდენტს ედუარდ კოკოითისა და მისივე რეჟიმის პრემიერს, მოსკოვის კადრს - ვადიმ ბროვცევს შორის დაპირისპირება. დაპირისპირების მიზეზი დე-ფაქტო რესპუბლიკაში აღდგენითი სამუშაოებისთვის მოსკოვის მიერ გამოყოფილი თანხების განკარგვა და ხარჯვა იყო.


კოკოითს სხვა პოლიტიკური ძალებიც დაუპირისპირდნენ და შიდადაპირისპირება იმდენად გაღრმავდა, რომ 20-21 მარტისთვის ოპოზიციამ ცხინვალში მასშტაბური მიტინგი დაგგემა. მიტინგის მთავარი მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების აღდგენა და მოქალაქეების უფლებების დაცვა უნდა ყოფილიყო. თუმცა, ცხინვალის დე-ფაქტო მერიამ მიტინგის სანქცია არ გასცა, ე.წ. შსს-მ კი განაცხადა, რომ ვითარების დესტაბილიზების ნებისმიერ მცდელობას მკაცრად აღკვეთდა. მიტინგისთვის ხელის შეშლის მიზნით 2 დღის მანძილზე ჩაკეტილი იყო როკის გვირაბიც. 


22 აპრილს ცხინვალის რეჟიმმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ ჯერაპოვი დააკავა, ხელისუფლების ძალადობრივად მიტაცებასა და კონსტიტუციური წყობის დარღვევაში და ხელისუფელბის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა და რამდენიმე თვიანი პროცესის შემდეგ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 


ივლისში ცხინვალი რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი ნიკარაგუას ეწვია და სანდინისტების რევოლუციის 31-ე წლისთავისადმი მიღძვნილ საზიემო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კოკოითი ივლისში ბაღაფშის მსგავსად გამოეხმაურა ჰილარი კლინტონის განცხადებას და განაცხადა, რო ე.წ. სამხრეთ ოსეთი არა ოკუპირებული, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 
20 სექტემბერს .წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადების მე-20 წლისთავი აღნიშნეს და სამხედრო აღლუმიც გამართეს. ზეიმზე სხვა სტუმრებთან ერთად სოხუმის რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფშიც იმყოფებოდა. 


8 ოქტომბერს ახალგორის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ დაიწყო მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ახალგორის რაიონის საქარტველოს ხელისუფლების მიერ 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული. მუქარისა და ზეწოლის მიუხეადვად მოსხლეობის ნაწილმა განცხადებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. 
ჟენევის მოლაპარაკებების 14 ოქტომბრის რაუნდზე რუსული მხარის განცხადების შემდეგ, რამდენიმე დღეში საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსული ქვედანაყოფების გაყვანა დაიყო და პროცესი სოფლის დეოკუპაციით დასრულდა.


29 ნოემბერს კი კოკოითი "წიკილეაკს.ორგ"-ის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებში მოხვდა. საქართველოში აშშ-ს საელჩოს დოკუმენტებშია დაფიქსირებული იყო, რომ კოკოითიმ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის წინა დღეებში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილისა და ცხინვალის რეჟიმისწარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის შეხვედრა დაბლოკა. 


კოკოითი დეკემბრის დასაწყისში ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ საქართველოს წინააღმდეგ ძალას არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი გამოიყენებს. თუმცა, მან სააკაშვილის განცხადების იურიდიულად გაფორმება მოითხოვა. 


7 დეკემბერს ედუარდ კოკოითიმ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც ბათილად გამოცხადდა 1991 წლიდან 2008 წლამდე ახალგორის ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. ბრძანების მიზნად ახალგორის რაიონში "ქართული ოკუპაციის" დროს დევნილი ოსი მოსახლეობის დაბრუნება და საცხოვრებელი დავების გადაჭრა დასახელდა.

გასულ წელს, რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანა პარტიორმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ნატომ და ეუთომ არაერთხელ მოსთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან რუსეთს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ თავდაცვის უფლებას იტოვებს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალის გამოყენებით არ შეეცდება.


მხარეთა დიალოგის მთავარ პლატფორმად კვლავ ჟენევის მოლაპარაკებები რჩებოდა. წლის განმავლობაში ჟენევის მოლაპარაკებათა 6 რაუნდი გაიმართა. მხარეები მათგან ყველაზე მეტ იმედს ბოლო – 16 დეკემბრის რაუნდზე ამყარებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას ჩამოაყალიბებდნენ, თუმცა, საბოლოოდ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა.