„რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის „ნაცმოძრაობა“, იქ ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს - ცოცხალი ორგანიზმი იბრძვის არსებობისათვის“

„რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის „ნაცმოძრაობა“, იქ ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს - ცოცხალი ორგანიზმი იბრძვის არსებობისათვის“

„დამოუკიდებლად გასულ ნიკა მელიას არ ექნება რაიმე პერსპექტივა, რადგან მაინც „ნაცმოძრაობის“ ლიდერად იგულისხმება სააკაშვილი. ვიდრე სააკაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. დაფიქსირებული ლიდერი და არ გადის ამ ლიდერობიდან, მელიას შანსები არ აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

ნუგზარ წიკლაურს „ნაცმოძრაობაში“ ჩემოდნები არ შეუნიშნავს და არ ფიქრობს, რომ პარტიაში ნიკა მელიას წასვლაზე იყოს საუბარი. თუმცა პარტიის შიგნით პროცესებზე რომ არაფერი ვთქვათ, პარტიის გარეთ ვინ აღარ იშურებს ნიკა მელიასთვის „რეკომენდაციებს“, თაკო ჩარკვიანიდან დაწყებული, რომ „მელიასთვის შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე“, მაია ორჯონიკიძით დამთავრებული, რომ „მელიამ ვერ ილიდერა“. სადამდე ექნება მელიას თმენის ვალდებულება და უღირს კი ამდენის ატანა ე.წ. აწყვეტილი მიშისტების უკმაყოფილების სახით? ამ ერთ კაცშია „ნაცმოძრაობის“ პრობლემა? რას გააკეთებდა მის ნაცვლად გია ბარამიძე, კობა ნაყოფია, ან თვით მიხეილ სააკაშვილი?

- მიმაჩნია, რომ ქვეყნის პრობლემა არ არის „ნაცმოძრაობა“, ქვეყნის პრობლემაა „ქართული ოცნება“, რომელიც მართავს ქვეყანას. ამიტომ „ნაცმოძრაობის“ შიგნით არსებულ პრობლემებზე ნებისმიერი მსჯელობით ვაძლიერებთ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ „ნაცმოძრაობაში“ რაღაც ხდება. ცხადია, „ნაცმოძრაობაში“ რაღაცები ხდება, მაგრამ ეს არ ეხება ქვეყანას, ეს ეხება მხოლოდ „ნაცმოძრაობას“. ამიტომ, როგორც წესი, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი ჩემი ინიციატივა არაა. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ შიგნით არსებულ პრობლემებს, ყველასთვის მოულოდნელად, ჩემთვისაც მოულოდნელად, „ნაცმოძრაობა“ არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც უკვე 10 წელია, არსებობს. ვერც „აღორძინება“, ვერც „მოქალაქეთა კავშირი“, ვერც „მრგვალი მაგიდა“ ვერ გადარჩა, ისინი აორთქლდნენ მეორე დღესვე. ბუნებრივია, „მრგვალ მაგიდას“ თავისი გამოწვევები ჰქონდა, რადგან სამხედრო გადატრიალება მოხდა და მაშინ სხვა ვითარება იყო, მაგრამ ექვსი თუ შვიდი პარტია იყო „მრგვალ მაგიდაში“ და ვერც ერთმა მაშინდელმა პარტიამ ვერ შეინარჩუნა ქართული საზოგადოების სიმპათიები. მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ არსებობს ათი წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ხელოვნური ორგანიზმი, არამედ ბუნებრივი ორგანიზმია, ორგანული ორგანიზმია, ანუ მას შესწევს უნარი, თავის წიაღში რაღაცები ეძებოს. ასეთი დრამატული ვითარებაა დღეს. ამიტომ რაც არ უნდა ჩემთვის მიუღებელი იყოს „ნაცმოძრაობა“, და ყოველთვის მისი მოწინააღმდეგე ვიყავი, რაც იქ ხდება, ძალიან საინტერესოა - ცოცხალი ორგანიზმი იბრძვის არსებობისათვის. იქ მელია ვიღაცას არ მოსწონს, ან პეტრე ვინმეს არ მოსწონს, ეს ყველაფერი მეორადია, ფაქტია, ორგანიზმი არსებობს, იბრძვის და, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ორგანიზმი პოპულარულია, ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიაა. ვერც ერთმა სხვა პარტიამ ვერ მოახერხა საზოგადოებაში თავი შეენარჩუნებინა, გადაერჩინა და გამხდარიყო 1-2%-იანი პარტია, „ნაცმოძრაობა“ კი ინარჩუნებს მინიმუმ 15%-ზე მეტ ხმებს. „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, არ მადარდებს, მაგრამ ის, რომ გულახდილი საუბარი მიდის მელიას მხრიდან, ჩემში ეს იწვევს გარკვეულ სიმპათიას. მელია არ მალავს პოზიციებს, მე არ მომწონდა მელია, არც ახლა მომწონს, მაგრამ რაღაცები სიმპათიებს იმსახურებს, რომ ის ასე თავგამოდებით ცდილობს, სიმართლე დაიცვას.

„ნაცმოძრაობიდან“ წამოსვლის შემთხვევაში, ცალკე მდგომ მელიას რაიმე პერსპექტივა ექნება? თუ მიშასთან ტანდემშია მელია?

- მელია ვერ შეძლებს რამეს, რადგან მაინც „ნაცმოძრაობის“ ლიდერად იგულისხმება სააკაშვილი. ვიდრე სააკაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ დაფიქსირებული ლიდერი (და არც თვითონ უარყოფს ამას) და არ გადის ამ ლიდერობიდან, მელიას პერსპექტივა არ აქვს. შევარდნაძე ადგა და წავიდა პოლიტიკიდან, განსხვავებით შევარდნაძისგან, ივანიშვილი არ წასულა პოლიტიკიდან, არის ჩრდილში, გავლენებს ახდენს თავის პარტიაზე, სააკაშვილი კი მუდმივად არის თავის პარტიაში. სააკაშვილი რომ შევარდნაძესავით ადგეს და წავიდეს, „ნაცმოძრაობაში“ რაღაც პროცესები დაიწყება, შეიძლება ჩამოვიდნენ სადღაც 10%-მდე, მაგრამ ისინი გადაირჩენენ თავს და მაინც გახდებიან წამყვანი ოპოზიციური ძალა, ოღონდ შეიძლება არა ერთადერთი ძალა, როგორც დღესაა. ამიტომ, თუ მელია წამოვა „ნაცმოძრაობიდან“, ის დაიკარგება, არ ვურჩევ მას, თავისი პარტია შექმნას.

თუკი მელიას თავის პარტიაშიც არ უსმენენ, მაშინ ვის უნდა გაუგზავნოს მესიჯები, ისევ სააკაშვილს?

- ეს არ არის კარგი ვარიანტი, ეს არ არის ჯანსაღი დემოკრატიული პარტიის ნიშანი, რომ სააკაშვილი წყვეტს ამ პარტიაში საკითხებს, მაგრამ რეალობა ასეთია, ამიტომ მელიამ, პირველ რიგში, უნდა დააჯეროს სააკაშვილი, სააკაშვილთან კარგი ურთიერთობებით დაარწმუნოს იგი, როგორი გზა უკეთესია. თუკი მელია ამას შეძლებს და მოიპოვებს სააკაშვილის მხარდაჭერას, მაშინ აჯობებს, დარჩეს თავის პარტიაში და იყოს ან თავმჯდომარე, ან რიგითი წამყვანი ფიგურა „ნაცმოძრაობაში“ იმ შემთხვევაში, თუკი ყრილობა მას გადაირჩევს. გარეთ მელია ვერ შექმნის პარტიას და დაიკარგება, უკვე გამოცდილება მიიღო, მეტს ველოდი მისგან, ვერ გაქაჩა, მაგრამ რასაც ქაჩავს, ესაა.

თქვენ ბრძანებთ, რომ „ნაცმოძრაობას“ დღემდე საკმაოდ მსხვილი ოპოზიციური ნიშა უჭირავს მაშინ, როცა უამრავი პარტია გაუქმდა. ეს ხომ არ აიხსნება იმ ულევი კაპიტალით, რაც სააკაშვილის ბიძას და ოფშორებს უკავშირდება? ნუთუ მხოლოდ სააკაშვილის ქარიზმაზე შეიძლება ამდენ ხანს იდგეს პარტია და „ნაცებს“ ბრმად სწამდეთ, რომ გალიაში დატყვევებული მიშა უფრო იბრძვის, ვიდრე გარეთ მყოფები?

- ფინანსები, ბუნებრივია, არის, მაგრამ ცოტა არ იყოს, ფინანსებზე საუბარი უხერხულია, როცა „ქართული ოცნება“ გვაქვს მაგალითად. აშკარაა, „ნაცმოძრაობაში“ ფინანსები არსებობს და მარტო ქარიზმით „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ვერ გავიდოდა ფონს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ფინანსებისდარი წილი არის სააკაშვილის ქარიზმა, რომელიც არ არსებობს „ქართულ ოცნებაში“, სადაც არავინაა პოპულარული, ხალხს ივანიშვილიც აღარ მოსწონს. ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია, მაგრამ საზოგადოების ნაწილს პიროვნულად სააკაშვილი უფრო მოსწონს, რადგან სააკაშვილი ვინც არის, იციან, ივანიშვილისგან კი მეტს მოელოდნენ. რამდენად სამართლიანად და საფუძვლიანად, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხალხი ივანიშვილისგან მეტს მოელოდა, მან კი გაუმტყუნა მოლოდინი. რაც მთავარია, ივანიშვილი ვითომ გავიდა პოლიტიკიდან, სააკაშვილი კი არ გასულა, ის ან არის პოლიტიკაში, ან თუ წავა, ალბათ, სულ წავა, ასე ფარულად არ იქნება. ივანიშვილის ფენომენი ისაა, რომ მის შესახებ მისმა გუნდმაც კი არ იცის, ის პოლიტიკაშია თუ არა, ყველასთან კონტაქტზე არ გადის, შეიძლება დაურეკოს ღარიბაშვილს, კობახიძეს, ანუ „ქართული ოცნების“ საშუალო ფენამაც კი არ იცის, ივანიშვილი რამდენადაა ჩართული პოლიტიკაში. ეს ცუდი მმართველობის ფორმაა პარტიისთვისაც. წარმოიდგინეთ, ბაგირზე ადიხარ და ჭერი არ ჩანს, არ იცი, როდის მოწყდება ბაგირი.

სააკაშვილით თუ მის გარეშე, ფაქტია, ოპოზიცია ვერ ქმნის დღის წესრიგს, ხუმრობენ კიდეც, დილას მიშას წნევის გაზომვაზე საუბრით იწყებენ, შემდეგ საერთო ქოლგას ებღაუჭებიან, ან ტიტანიკივით ერთობლივად ჩასაძირად ემზადებიან ზოგიერთს შთაბეჭდილება რჩება, რომ სააკაშვილი ძალით ახვევს თავს მთელ ოპოზიციას, რომელიც მის ჩანაცვლებას წლებია, ამაოდ ცდილობს.

- წარუმატებელი ოპოზიცია წარუმატებელია თავისთვის, ქოლგას მოიფიქრებენ, თუ ფანჩატურს, ეს მათი პრობლემაა. ვერ ანაცვლებენ სააკაშვილს, მეც მინდა, სააკაშვილი უკეთესი იყოს და სხვა პოლიტიკოსებიც უკეთესნი გვყავდეს, მაგრამ ეს არის ქართული საზოგადოების ნაწილი, მათი ქცევები, მოქმედებები, ჩვენ არც მერკელი გვყავს ლიდერად და არც ობამა. ამდენად, თუ სააკაშვილს თავისი გააქვს, ძალიან ცუდი, ეს გულდასაწყვეტია, ეს ჩემზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ვიღაცაზე ხომ მოახდენს გავლენას? ამიტომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები უგულავას საერთო ქოლგის შექმნის თაობაზე. მოდის არჩევნების პროპორციული სისტემა, როგორც იქნა, ქვეყანაში დგება შანსი, რომ პატარა პარტიებმაც გაიმარჯვონ, ამ დროს კი უგულავა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ისევ შექმნან ერთი ცენტრი. ეს აბსურდია. უგულავა არ არის უგუნური პოლიტიკოსი, მას რაღაცები ესმის პოლიტიკაში. პირიქით, უნდა ვილაპარაკოთ, ხალხო, რაც შეიძლება მეტი პარტია შემოდით პარლამენტში, გეძლევათ შანსი, ვინც კი გადალახავთ მინიმალურ მიჯნას, მოხვდეთ პარლამენტში. ამიტომ უგულავას მოწოდება წინდაუხედავი, ზედაპირულია და არაფერი საერთო არ აქვს მომავალ საქართველოსთან. პროპორციული სისტემიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს რაც შეიძლება მეტი პარტიის შეყვანა პარლამენტში და ისევ ორ პარტიაზე არ უნდა იყოს საუბარი. საინტერესო არჩევნები გველოდება წინ. ნუ დავხატავთ სასურველ ლიდერებს, ვეძებოთ მესამე ძალა.

Maverick მანანა ნოზაძევ!

გენლანდიად რომ გყავთ ეს ფეიკ პლუტი გადაქცეული, ნუთუ ვერ ხვდებით, ვიდრე თავზე არ დაგეცემათ, არ დაანებებთ თავს?!

უკვე თქვენი "ძვირფასი პოლიტოლოგის საუბრებს" აღარც ვაქცევთ ყურადღებას, მალე თქვენი სტატიების წაკითხვის სურვილსაც დაგვიკარგავთ!
2 წლის უკან
ილია მართლაც, რა დაულაგებელი საუბარია. ადრეც არ ვკითხულობდი ზაქარეიშვილისას არაფერს და ახლა რატომ წავიკითხე, მიკვირს :( მეტს აღარ ვიზამ, პირობას ვდებ! :)
2 წლის უკან
დემეტრე - პაატა, შენ და ნაცები ერთი ინკუბატორიდან ხართ გამოჩეკილნი, ლიბერასტული ინკუბატორიდან...
2 წლის უკან
dimpi საინტერესოა სად დაინახა ნაც-მოძრაობაში და არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფილმა მინისტრმა ცოცხალი ორგანიზმი?
საჰ-აბასის და მურვან-ყრუს არ მოუტანიათ იმხელა ზიანი რაც ნაც-სეტამ მოუტანა საქართველოს თუნდა განათლების სისტემის დანგრევა-განადგურებით
2 წლის უკან
dimpi მარა არ იკადრა საქოცეთმა პასუხი ეგებინებინა ნაც-სექტისთვის, ისკიარადა კოაბიტაცის სიამეში გაატარა წლები,
2 წლის უკან
dimpi შედეგიც სახეზეა, იმ უბედურმა ბავშვებმა რა დაააშავეს თვარა...
2 წლის უკან