იმაზე, თუ როგორ აისახა VII საუკუნის მეორე ნახევარში აგებულ ატენის სიონზე, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები - კედლისა და ბაქანის გაბურღვები, კედელში კირ-ხსნარის შეშვება; რატომ არის უყურადღებოდ მიტოვებული, ხარაჩოებში ჩასმული და დაბურღული ტაძარი; რატომ ყიდულობენ კირს ევროპაში და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან გერმანელი და იტალიელი სპეციალისტები, for.ge შეხვდა და ესაუბრა ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალურ დირექტორს მერაბ ბოჭოიძეს.
პირადად მე 2009 წლიდან მოყოლებული ატენის სიონზე არაერთი სტატია გამოვაქვეყნე. ტაძარი ბოლოს 4 მაისს ვნახე. იქ გადაღებულ ფოტოებთან ერთად რეპორტაჟი სათაურით - დაბურღული ატენის სიონი, for.ge-ზე გამოვაქვეყნეთ. ტაძრის კედელი ორ ადგილას გაბურღულია; ძალიან ახლოს, ათი მეტრის სიღრმეზე, დაახლოებით ნახევარი მეტრის რადიუსით ის კლდეა ჩაბურღული, რომელზეც ატენის სიონი დგას; იქვე ყრია ქვები და თიხის ნაკეთობის ნატეხები; ტაძრის ეზოს მიღმა, რამდენიმე ადგილას ქვებია დახვავებული.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე ატენის სიონის რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ. თუმცა, იმ სამუშაოებში, რომელიც ატენში ამ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს, ჩართული არ ყოფილა.
რატომ არის ატენის სიონი უყურადღებოდ მიტოვებული?
მერაბ ბოჭოიძე: ალბათ, მართალი ხართ, აქამდეც უნდა მენახა, მაგრამ ყველა მხრივ, გაუთავებლად გაუთავებლად ცეცხლი გვიკიდია. ვაპირებდი და ვერც წარმომედგინა, თუ ატენში აქამდე ვერ ჩავიდოდი, მით უმეტეს ვიცი, რომ სამუშაოები გაჩერებულია, მაგრამ სანამ დაიწყება, ატენში აუცილებლად ჩავალ.
სამუშაოები არ მიმდინარეობს, მაგრამ ტაძარი დაბურღულია, ბაქანზე უზარმაზარი ღრმული თავღიაა, რომელშიც შეიძლება ბავშვი, ან ზრდასრული ადამიანიც ჩავარდეს.
-თქვენს მიერ გადაღებულ ფოტოებზე, რაც ჩანს, ესაა გეოლოგიური შურფი, რომლის გაკეთება გერმანელებმა მოითხოვეს, კონსტრუქციულ მდგრადობასთან დაკავშირებით დამატებითი დასტური, რომ მიეღოთ და ალბათ, დაკმაყოფილდნენ. თუ არ ვცდები გაბურღვა 2010 წელს გაკეთდა. ორმო ასე თავღია არ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ შესაძლებელია დინამიკაში დამატებით ინფორმაციას ელოდებიან, ან თავღია დატოვებული ორმო სინესტის სარევიზიოდ სჭირდებათ. ანდა უბრალოდ, ასე დარჩათ, ზუსტად ვერ ვხვდები.
ატენზე მდგომარეობა ცოტა რთულია, იმ მხრივ, რომ თავის დროზე პროექტი გაკეთდა, მაგრამ ვერ წარიმართა. შემდეგ ტაძართან ძალიან ახლოს, ნასახლარებზე მონასტრის მშენებლობა დაიწყო, რასაც საზოგადოებიდან და სხვადასხვა პროფესიული წრეებიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. იმჟამად ჩატარებულმა სამუშაოებმა უარყოფითი კვალი დატოვა - იმ ადგილას, რომელიც ჩაიჩეხა, არქეოლოგიური ფენების დიდი ნაწილი სამწუხაროდ, განადგურდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს სამუშაოები გაჩერდა, რაშიც პატრიარქს დიდი წვლილი მიუძღვის.
შემდეგ მეთოდების შერჩევა მიმდინარეობდა. გერმანელი სპეციალისტების მეთოდოლოგია უფრო ინჟინრულ ტექნოლოგიებზე იყო ორიენტირებული, გუმბათის ქვეშ, კამარების შესაკრავად მჭიმების დაყენებას ითვალისწინებდა. ისინი თვლიდნენ, რომ სამხრეთის კედელი გადაწეულია და ამისთვის ლითონის გისოსით მოჭიმვა აუცილებელია. ამბობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხრეთის კედელმა შესაძლოა ერთ წელსაც ვერ გაუძლოს და ჩამოინგრესო. ეს იყო 2009 თუ 2010 წელს. ამავდროულად, ისინი სვეტების დაბურღვას და შიგ წვრილი ანკერების შეშვებას საჭიროდ თვლიდნენ.
ეს რისთვის?
-ჩვენც ვეკითხებოდით - ეს რისთვის? ატენს თუ ასეთი რამ სჭირდება, მაშინ, გამოდის, რომ იგივეა გასაკეთებელი ყველა ძეგლზე, რადგან ატენის სიონს საკმაოდ მძლავრი სვეტები აქვს, სერიოზული დაზიანებები არ შეინიშნება და რაც მთავარია, ატენის ტაძრის ინტერიერი უნიკალური ფერწერითაა დაფარული; სვეტების და კედლის დაბურღვები ბუნებრივია, კედლის მხატვრობას საფრთხეს შეუქმნიდა.
საერთოდ, როცა უცხო სხეული ორგანიზმში შედის, გარკვეულ გართულებებს იწვევს. ტრადიციული არქიტექტურისთვის ლითონი ყოველთვის უცხო სხეულია. გერმანელები პროფესიით ინჟინრები იყვნენ და ძეგლის რესტავრაციას ინჟინრული მეთოდოლოგიით უდგებოდნენ.
რას იტყვით ტაძრის კედლის იმ ნაწილზე, რომელიც ორ ადგილას გაბურღულია?
-ეს განაბურღი ადგილებიც თქვენს მიერ გადაღებულ ფოტოებზე ვნახე. შეიძლება დუღაბის ანალიზისთვისაა, ზუსტად ვერ გეტყვით. გერმანელები, რომლებიც ზოგადად ძალიან ფრთხილები და აკურატულები არიან, მოგვიანებით თავად აღმოჩდნენ პრობლემის წინაშე, რადგან დაინახეს, რომ სამუშაოებს ფერწერის დაზიანების გარეშე ვერ ჩაატარებდნენ. ამიტომ, თავი თვითონვე შეიკავეს, მე ასეთი ეჭვი მაქვს.
რით განსხვავდებიან მათგან იტალიელები, რომლებმაც გერმანელები ჩაანაცვლეს?
-იტალიური მხარე უფრო კლასიკურ კონსერვაციაზე, სარესტავრაციო მიმართულებაზეა ორიენტირებული. რამდენადაც ვიცი, მათ გერმანელების მიდგომა კატეგორიულად უარყვეს და ის მიმართულება შემოგვთავაზეს, რომელიც ტრადიციულ გამაგრებას ითვალისწინებს - კედლების კირ-ხსნარით ამოვსებას და გამოფიტული ნაწილების ამდაგვარად გამაგრებას. ატენის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების კომლექსში ჩვენი ჯგუფის მიერ დამუშავებული პროექტი სხვა სამუშაოებთან ერთად ამ ტიპის სამუშაოების განხორციელებასაც ითვალისწინებდა.
როგორ იმოქმედებს ეს მეთოდი ფრესკებზე?
-ვფიქრობ, დამუშავებული და შემოწმებული კირი ევროპიდან ყველაფერთან ერთად იმიტომ ჩამოაქვთ, რომ ფერწერაზე უარყოფით გავლენა არ იქონიოს. ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ რევიზიას ატარებენ - გარედან კირს რომ უშვებენ, შიგნით ამოქოლვებს აკეთებენ, რომ არ გამოჟონოს. შარშან მთელი სეზონი იმუშავეს. მათ ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტებიც ეხმარებოდნენ.
რატომ დაიწუნეს აქაური კირი?
-საქართველო კირის ნედლეულით მდიდარია, თუმცა, მისი დამუშავებისა და სარესტავრაციო პრაქტიკაში გამოყენების ტექნოლოგია ბოლომდე ათვისებული და დახვეწილი არ არის. კირი რამდენადაც კარგი და კეთილშობილი მასალაა, იმდენად სარისკოა მისი გამოყენება შესაბამისი ცოდნის გარეშე. თუ ტექნოლოგიური შეცდომა დაუშვი, შეიძლება კირის ჩაუმქრალმა ნაწილებმა მოგვიანებით იფეთქოს და სულ დაიშალოს. ამიტომ, ის რომ იტალიელმა სპეციალისტებმა ატენის ტაძრის დუღაბის კვლევა და ანალიზი ჩაატარეს, ბოლომდე არ ენდვნენ კირის ჩაქრობის და დამუშავების აქაურ ტექნოლოგიას და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, უკვე აპრობირებული, შემოწმებული და მათთვის ნაცნობი კირი ჩამოიტანეს, გამართლებულად მიმაჩნია. მართალია, ჩამოტანილი კირი გაცილებით ძვირი ჯდება, მაგრამ იმის განცდას გაძლევს, რომ არასწორი ცოდნის გამო ტექნოლოგიური შეცდომების დაშვება არ მოხდება.
როგორ აისახება ატენის სიონზე ის, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში გაკეთდა?
-მაგალითად?
მაგალითად, დახვრეტილი კედლები, ჩაბურღული ფუძე, ტაძართან ძალიან ახლოს ჩაჭრილი კლდე.
-მესმის, რომ ეს მძიმე სანახავია. ალბათ, იქ დაგხვდათ ქაოსი - მიყრილი ქვები, კირი, ხარაჩოების მასალა. აი, ეს მოქმედებს ძალიან ცუდად. მგონია, რომ იქაურობას უპირველესად დალაგება და მოსუფთავება უნდოდა, ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს, ესაა შრომის ორგანიზაცია და კულტურა.
განაბურღი ადგილები ასე დარჩება?
-ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მას შემდეგ მექნება, რაც ატენში ჩავალ და ჩემი თვალით ვნახავ იქ რაც ხდება. სამოცდაათიან თუ ოთხმოციან წლებში, როცა არქეოლოგიური გაწმენდა მიდიოდა, ის ადგილი, რომელიც ახლა ჩაბურღულია გეოლოგიური შურფის გამო, საერთოდ ამოღებული იყო, სამხრეთი ნაწილი, აღმოსავლეთის კუთხე კლდემდე მოშიშვლებული გახლდათ.
გერმანელ სპეციალისტებს შეხვედრების დროს ვუთხარი, რომ გეოლოგიური შურფი ზედმეტი იყო, რადგან წლების წინ ჩატარებული სამუშაოების მიმდინარეობისას, ცხადად ჩანდა არსებული ვითარება, თუ რას ეყრდნობა და რა მდგომარეობაშია კედელი. ეს მასალები ქალბატონ ელიკო კავლელაშვილსაც ჰქონდა და შემეძლო მეჩვენებინა, მაგრამ გეოლოგიური დასკვნის დასაზუსტებლად მაინც გაბურღეს. თუმცა, გაბურღვა არ არის ისეთი პრობლემატური, ის არ უნდა იწვევდეს არანაირ დაზიანებას და მისი ამოვსება ყოველთვის შეიძლება.
როგორც გავიგე, იტალიელებმა მუშაობა გასულ წელს დაიწყეს. იმ ინფორმაციით რომელიც მაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ მათ საქმიანობას პოზიტიურად ვუყურებ. ვიცი იტალიური სარესტავრაციო სკოლის ძეგლების რესტავრაციისადმი დამოკიდებულება, ისინი ძალიან ფრთხილობენ. ეს არ არის ლითონის კონსტრუქციები, ანკერები, გაბურღვები, სხვადასხვა არმირებები და ის მეთოდები, რომელიც ტრადიციული ტექნოლოგიებისთვის უცხო და მიუღებელია.
იცით გეოლოგიური დასკვნის შინაარსი, რომელიც გაბურღვის შედეგად დაიდო?
-ვიცი რომ იმ გეოლოგიურმა დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ჩვენ აქამდეც ვიცოდით, ანუ ის რომ ატენის ეკლესია ამ ნაწილში დგას კლდოვან მასაზე.
თუ კლდოვან მასაზეა, მაშინ წყალს იქ რა უნდა? ხუთი მეტრის ქვევით წყალი იყოო, - მითხრეს ატენში.
-სავარაუდოდ, წყალი ჩრდილოეთის მხრიდან გრუნტში ჩაიჟონება და მერე სამხრეთისკენ მიუყვება; ტაძრის ფუძესა და კლდოვან მასას შორის, გასავლელი შეზღუდული აქვს და იატაკი პერიოდულად ალბათ, ამის გამოც ნესტიანდებოდა.
რა ეშველება იმ ადგილს, ტაძრის ზემოთ კლდე რომ ჩამოჭრეს?
-ჩამოჭრილი კლდე ბუნებრივია, ვეღარ აღდგება. ეს ადგილი დროთა განმავლობაში მიწით დაიფარება, ბალახი ამოვა. ალბათ, გენერალურ გეგმაზე მუშაობა აუცილებელი გახდება, რადგან ტაძართან ერთად აქ არის გალავნის კედლები, კოშკისა და ბურჯების ნარჩენები.
რა იცით მონასტრის მშენებლობის ირგვლივ? ატენში მითხრეს, მონასტრის მშენებლობა იგეგმება, პროექტზე გიორგი სოსანიძე მუშაობს, ოღონდ მონასტერი აშენდება არა იქ, სადაც 2009-ში აპირებდნენო.
-ვიცი ის რომ მონასტრის აშენება უნდათ, მაგრამ ტაძრიდან ცოტა მოშორებით, ქვედა იარუსზე. ადგილი დაზუსტებული არ არის. ჩემი ინფორმაციით, არც პროექტია დასრულებული.