ბოლო დროს საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. წავიდა ის დრო, როდესაც აზერბაიჯანს საქართველოში ენერგომატარებლებზე მონოპოლია გარანტირებული ჰქონდა. როგორც ჩანს არსებული რეალობა ვითარების ხელახლა “დალაგებას” მოითხოვს. აქ კი დიპლომატიაა საჭირო. ამიტომაც ორივე ქვეყნის დიდმოხელეები ცდილობენ განსაკუთრებული ყურადღება გამოხატონ ერთმანეთის მიმართ, დიდსულოვნება გამოიჩინონ და მუდმივად ორი ქვეყნის ძმურ ურთიერთობაზე გააკეთონ აქცენტი.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება თანამდევი გამოსვლებით, რუსთავში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომპანია “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან და აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ აბულფაზ გარაევთან ერთად, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლი და მისივე სახელობის სკვერი გახსნა.
ღონისძიებას აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხში ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.
“სწორედ ჰეიდარ ალიევის დამსახურებაა ის, რომ აზერბაიჯანული ნავთობი გაედინება საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის გავლით და სწორედ ჰეიდარ ალიევის დაჟინებული პოზიციით მოხდა და მოხერხდა ეს ყველაფერი, რაც განხორციელდა. იმ დროს იყო არჩევანი და იყო ალტერნატიული გზები.
სწორედ ჰეიდარ ალიევის შორსმჭვრეტელმა ნაბიჯმა გადაწყვიტა ყველაფერი. მან აზერბაიჯანული წილიც კი დათმო ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, რამეთუ ძალიან ძვირ ფასს ადებდა აზერბაიჯანისა და ქართველი ხალხის მეგობრობას. სწორედ მისმა პოზიციამ გადაწყვიტა ის, რომ აზერბაიჯანული ნავთობი გაედინება საქართველოს ტერიტორიის გავლით. ჩვენ მისი ძეგლის გახსნით პატივი მივაგეთ არა მარტო ბატონი ალიევის სხსოვნას, არამედ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობას”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოსა და აზერბაიჯანის ისტორიული მეგობრობა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. “სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ აზერბაიჯანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ერთად, მხარი-მხარ ავაყვავოთ ჩვენი ქვეყნები. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიული მეგობრობით ორ ერს შორის, დღევანდელობით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ბაქოში მაინც შეფიქრიანებულნი არიან ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის 2 დღის წინანდელი განცხადების გამო. თუკი აქამდე აზერბაიჯანი საქართველოში ენერგომატარებლების სრულ მონოპოლისტად მიიჩნეოდა, სამომავლოდ, შესაძლოა, რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარი იყოს. ამიტომ ბაქოშიც ცდილობენ, რომ საქართველოსთან წლების განმავლობაში მოპოვებულ ურთიერთობას გაუფრთხილდნენ.
ბაქოში, „სოკარის“ სათავო ოფისში აცხადებენ, რომ გაზის მიღების წყაროების დივერსიფიკაცია საქართველოს სუვერენული უფლებაა და, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამ კუთხით ქართულმა მხარემ, აზერბაიჯანი გააგრძელებს მისთვის გაზის დაბალ ფასად მიწოდებას.
ამასთან, „სოკარში“ იხსენებენ 2006 წლის იანვარში რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენზე მომხდარ ავარიას და ხაზს უსვამენ, რომ ისევე როგორც მაშინ, მომავალშიც, მსგავს სიტუაციაში მზად არიან საქართველოს გაზი უანგაროდ მიაწოდონ, რათა მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩეს.
აზერბაიჯანთან გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის შედეგად, საქართველო შედარებით იაფი გაზით მარაგდება. ქვეყანაში ოთხი სხვადასხვა წყაროს და სხვადასხვა ფასის გაზი შემოდის, მათ შორის, ორი წყარო არის შაჰდენიზის და ის ლიმიტირებულია.
საერთო ჯამში, დაახლოებით, 250 მლნ კუბური გაზი არის 55-დოლარიანი, 500 მლნ კუბური გაზი 64-დოლარიანი. იმავდროულად, ქვეყანა იღებს გაზს რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისგან - 150 მლნ კუბური მეტრი გაზი. 900 მლნ-ს ქვეყანა იღებს აზერბაიჯანიდან, ორი სხვადასხვა კონტრაქტით, რომელთაგან ერთ არის ე.წ. სოციალური გაზი (167 დოლარი), ხოლო მეორე - კომერციული გაზი (240 დოლარი).