„სააკაშვილზე პოლიტიკური პროცესების აგება ნიშნავს, რომ ოპოზიცია საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციას ვერასდროს მოახერხებს“

„სააკაშვილზე პოლიტიკური პროცესების აგება ნიშნავს, რომ ოპოზიცია საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციას ვერასდროს მოახერხებს“

ჩიხში შესული და გაკოტრებული ოპოზიცია ახლა ეძებს გამოსავალს და სვამს კითხვას მიხეილ სააკაშვილთან მისვლის შემდეგ რა მიიღეს? ამომრჩეველი პარტიების გარეშე დარჩა და მათზე გაბრაზებულებმა გული აიცრუეს. პარტიები იყვნენ 3%-იანი და 1%-იანები გახდნენ. თუ იყო 5 პარტია 3%-იანი ახლა 12 პარტია 1%-იანია. ამიტომაც მცირე პარტიები დიდი დილემის წინაშე დგანან. თუმცა დალხენილი მდგომარეობა არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. საბოლოოდ პარტიის შიგნითაც კი მიხვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილით პოლიტიკური დღის წესრიგის წარმართვა წამგებიანია.

დილის სააკაშვილის წნევის გაზომვით დაწყება, შემდეგ შუადღისით სიცხის და საღამოს ძილის მდგომარეობის მოკითხვით შეწუხებული საზოგადოება პოლიტიკურ სპექტრს საერთოდ გაემიჯნა. ხელისუფლება კი ამ სიტუაციას ტაქტიკურად სწორად იყენებს. ხაფანგში მოქცეულ ოპოზიციას რეიტინგი ყოველდღიურად აკლდება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პატარა პარტიები დროა, გაიზარდონ, დავაჟკაცდნენ და მიხვდნენ, რომ „ნაციოანლურ მოძრაობას“ მიწებებულები არ უნდა იყვნენ. სხვაგვარად საკუთარ რეიტინგს ვერასდროს შემქნიან და მუდამ ენმ-ის ჩრდილქვეშ იქნებიან. ეს მძიმე შედეგი მათ უკვე მიიღეს და თუ ახლა გადარჩენა სურთ, „ნაციონალებს“ საერთოდ უნდა გაემიჯნონ.

„საკმარისია, რომელიმე პარტია დამოუკიდებლად იყოს აღქმული, ამ ორ პოლიტიკურ ველში არ ტრიალებდეს და საზოგადოების მხარდაჭერას მიიღებს. ივანიშვილს ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ბრძოლისუნარიანი პარტია შეექმნა, შემდეგ დაეკომპლექტებინა და მათი რეაბილიტაცია მოეხდინა. ივანიშვილის ფუნქცია იყო, რომ სააკაშვილი დაემარცხებინა, ამ პატარა პარტიებს კი, რომლებიც ივანიშვილს შეეკრნენ, დასავლეთთან ხიდის ფუნქცია ჰქონდათ.

დღეს რომელიმე პატარა პარტიას რამე ფუნქცია აქვს? - არანაირი, საკუთარი რეიტინგიც კი აღარ აქვთ. 4%-იანი პარტიები 1%-მდე არიან ჩამოსულები. „ნაციონალურ მოძრაობას“ იგივე კარტის გათამაშება უნდა, რაც ივანიშვილმა თავის დროზე გაათამაშა. პრობლემა ისაა, რომ ენმ განსხვავებას ვერ ხედავს - მაშინ ხალხს სააკაშვილის მმართველობის ავტორიტარული რეჟიმის მოშორება უნდოდა და ივანიშვილს ხალხი აჰყვა. მოსახლეობას „ოცნებაზე“ შეიძლება ახლა მზე და მთვარე არ ამოსდის, მაგრამ ხელისუფლებაში „ნაციონალების“ დაბრუნება არ უნდა“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ის პატარა პარტიების გაერთიანების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მესამე ალტერნატივა თუკი მკაფიოდ გამოიკვეთება და ხალხი ასეთ პოლიტიკურ ძალას მიენდობა, მაშინ ეს პატარა პარტიებიც ამ გზას უნდა მიჰყვნენ. სხვაგვარად ახლა რომც გაერთიანდნენ, მათ არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნიათ და ერთმანეთს, უბრალოდ, ტვირთად დააწვებიან. პატარა პარტიები ენმ-თან მათხოვრული პოზიციით, - იქნებ არჩევნებში რამე გვიწილადოთ, - წარმატებას ვერ მიაღწევენ.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი ფიქრობს, რომ ოპოზიციაში არსებული პრობლემების გაშიშვლება საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მოახდინა. ხუხაშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ დღეს პოლიტიკური პრიორიტეტები არასწორად ლაგდება, რაც მოსახლეობას აღიზიანებს. ამიტომაც პატარა პარტიებმა და მთელმა ოპოზიციამ მოსახლეობასთან კავშირი დაკარგა.

„დღეს მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტები ასეთია: დილას სააკაშვილს წნევა უნდა გავუზომოთ, საღამოს სიცხე და შუალედებში კიდევ, შეიძლება, ვიღაცამ რაღაცაზე ილაპარაკოს. ამიტომ ოპოზიცია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს და მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, დღის წესრიგში სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში არსებული პრობლემები უკანა პლანზე გადავიდა.

ეს კი ჩვენს მოსახლეობას აღიზიანებს. ამიტომაც არის, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი გაკოტრდა. მდგომარეობა სავალალო და მძიმეა. სერიოზული აცდენა აქვს ოპოზიციას იმ პრობლემებთან მიმართებაში, რაც საზოგადოებაში არსებობს. ხელისუფლებამ ძალიან კარგად შეძლო და ოპოზიცია, როგორც მატერიალურ, ასევე ორგანიზაციულ რესურსებს დააშორა. ოპოზიციის კომპრომეტირება მოახდინა და ისინი ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე იმ ხაფანგის მარწუხებში, რომელსაც ხელისუფლება ამა თუ იმ ეტაპზე უგებს. მეორე მხრივ, საკუთრივ მათი შეცდომები - ისინი ვერ ალაგებენ სწორად პრიორიტეტებს, ვერ პასუხობენ ხალხის მოთხოვნებს“, - ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური პროცესების აგება ნიშნავს, რომ ოპოზიციური სპექტრი საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციას ვერასდროს მოახერხებს და სავარაუდოდ, ოპოზიციის ნაწილი ამას ხვდება.

„მიხეილ სააკაშვილის თემაზე აგება ნიშნავს, რომ შენ ვერასდროს მოახერხებ საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციას, იმიტომ რომ სააკაშვილს, ბუნებრივია, თავისი მომხრეები ჰყავს, მაგრამ მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს - ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს. ასეთ ხალხს ქუჩაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს გამოიყვანს, მით უმეტეს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით“, - ამბობს ხუხაშვილი.

 

 

ლევკოთეა ნაცებში, არაერთი იქნება, ვინც კარგად ხვდება, თუ რამდენად წამგებიანია ძირითადი დღის წესრიგის აგება სააკაშვილის გამოშვებაზე, მაგრამ პრეზიდენტყოფილი არ აძლევს არც უფლებას და არც საშუალებას, რომ ამ ,,დიად მიზანს" დაშორდნენ და უმთავრეს საკითხად არ იყოს.
2 წლის უკან