სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებული დედა-შვილის ქონება

სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრებული დედა-შვილის ქონება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პროცესს თავად ექსპრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელსაც გამოძიება ბიუჯეტის თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ადანაშაულებდა. სააკაშვილის გარდა საქმეზე ბრალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშიაც.

მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე მივიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ჩვენების მიცემაზე, რადგან მისი ჩვენება შესაძლოა გამოყენებული იქნას მომავალში მისსავე წინააღმდეგ. ჩუბინიძის ეს გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ბრალდებულისთვის, რომ თავი ვერ შეიკავა და აღნიშნა, რომ ძალიან წუხს ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ნაცვლად, რომ ანზორ ჩუბინიძეს ჰქვია ოფიცერი.

ტრადიციულად, სააკაშვილმა ეს სასამართლო პროცესიც გამოიყენა, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა. ჯერ იყო და ფონოგრამის დახმარებით უკარაინის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა, მაგრამ იმდენად უხარისხოდ, რომ ბრალდებულმა თემურ ჯანაშიამ ღიმილი ვერ დამალა.

სააკაშვილმა ისაუბრა ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა არა ბრალდებაზე. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა სახლების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც, მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს და პროკურორებს ეკუთვნით. სააკაშვილის განცხადებით, ეს ძვირადღირებული სახლები ამტკიცებს იმას, რომ მისგან განსხვავებით, სწორედ მოქმედი ხელისუფლება ითვისებს ბიუჯეტიდან ფულს.

„პროცესი, რომელიც ტარდება, ეს არის ზოგადი პოლიტიკური პროცესი, მთლიანად პოლიტიკური პროცესი, ანეკდოტური, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო პროცესი საქართველოს ისტორიაში. მე მასამართლებენ სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არა მითვისებაში. მე მინდა გაჩვენოთ სახლები, ეს არის ღარიბაშვილის სახლი და ტყე მის უკან. მე ბაკურიანში გავიზარდე, დედაჩემს დავყავდი ხოლმე, ძალიან მიყვარს ეს ადგილი და ამ ტყეში ვკრეფდი გირჩებს, ახლა კი აქ უკვე არავის უშვებენ.

თქვენ იცით, რომ ორჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის ფასი, ეს სახლი კი დავით ნარმანიასია. არადა, სანდრა გადავიდა ისევ მამამისის ნაყიდ ძველ ბინაში. დედაჩემი 90-იან წლებში აშენებულ ბებიაჩემის ბინაში ცხოვრობს, რომელიც დააყადაღეს, ამ სასამართლომ დააყადაღა. ისევე, როგორც ბებიაჩემის 20 წლის „რავ 4“. აქ არის ასევე, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის სახლის ფოტოც. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ გუდაურში სახლი მქონოდა, მე არ მაქვს სახლი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ მოსამართლემ აღნიშნა, რომ დარბაზში არავის ბებიის სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს, მიმდინარობს მიხეილ სააკაშვილის პროცესი, რაზეც ბრალდებულმა სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს მიმართა, რომ ეს პროცესი არ არის და ზღაპრები შეუძლია ბებიას მოუყვეს. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და განუმარტა, თუკი მას სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდა, დარბაზს დაატოვებინებდა.

ბრალდებული სააკაშვილი მხოლოდ რამდენიმე წუთი შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა საქმის პროკურორის, გიორგი მუჯირის კითხვამ იმდენად დააბნია, რომ პასუხი ვერ გასცა და სასამართლო სხდომა დატოვა.

„რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რომელიც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა?! სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5500 ლარი დაუჯდა?! ამაზე ისაუბრეთ! ბრალდების მხარე ვერ მოგცემთ შესაძლებლობას ტყუილი ისაუბროთ“, - მიმართა გიორგი მუჯირმა.

აღნიშნულის საპასუხოდ, პროკურორს შემდეგი სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ: „ეს რეაქცია რას ნიშნავს?! ეს პროპაგანდა რას ნიშნავს?! სახე არ დაკარგოთ, რა განცხადებებს აკეთებთ?! სირცხვილია, ამ ყველაფერზე პასუხი გაცემულია!“

მაშ ასე, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას საქართველოში და არც ქვეყნის გარეთ ქონება არ აქვს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი პრეზიდენტია. მაგრამ სხვა რამეს ამტკიცებენ ფაქტები. რა ქონებას ფლობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოში და საზღვარგარეთ - ამ თემასთან დაკავშირებით ქართულ თუ უცხოურ მედიაში ბევრი დაწერილა. ბოლო წლებში, მედიაში, არაერთხელ დაწერილა ინფორმაცია აშშ-ში სააკაშვილის ძვირადღირებულ აპარტამენტებზე, ასევე სააკაშვილისა და დედამისის ქონების შესახებ უკრაინაში.

როგორც ცნობილია, ყვარელში სააკაშვილის საკუთრება - ჯამში 8 635 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები და სახლია. მიწის ნაკვეთებს ყვარელში ფლობს ექსპრეზიდენტის დედაც, გიული ალასანია. გიული ალასანიამ 1 898 კვ მეტრ მიწაში 2 ათასი ლარი გადაიხადა. ფლორიდაში, ლინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ჟურნალისტი, სტენ გრუნსკი, რომელიც „ამერიკის ხმისა“ და „Current Times“-ისთვის ამზადებს რეპორტაჟებს, იგი დაჯილდოებიულია არაერთი პრემიითა და პრიზით. გრუნსკი რეპორტაჟში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მაიამიში ფეშენებელური აპარტამენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კონსულტაციით შეიძინა. მასალაში ნაჩვენებია საცხოვრებელი კომპლექსის ხედები ოკეანესა და ეზოს მხარეს.

„მოარული ხმები იყო მიხეილ სააკაშვილზე, რომ მაიამიში გამოჩნდა და დავიწყე ადამინების გამოკითხვა. მათ დამიდასტურეს ეს ინფორმაცია. დოკუმენტით სამი ადამიანია, ვინც ქონების განკარგვის თვალსაზრისით ნდობით აღჭურვილი პირია. აპარტამენტის ზუსტი ღირებულება უცნობია, მაგრამ ფასი მილიონ დოლარს აღემატება. ბინა „დაბლიუ ოტელის“ მესამე სართულზეა. ეს ძალიან პოპულარული შენობაა, სადაც ასევე აქვს შეძენლი აპარტამენტები რამდენიმე ადამიანს, პოლიტიკოსს, ყოფილი საბჭოთა სივრიცდან“, - აცხადებს სტენ გრუნსკი.

რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიუ იორკში მცხოვრებ თემურ ალასანიასთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს. რეპორტაჟში ასევე საუბარია იმ ძვირადღირებულ სასტუმროებზე, სადაც გაჩერების უფლებას თავს ყოველი მეორე ვერ მისცემს და ბრენდული მაღაზიები, რომლის ხშირი სტუმარიცაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილმა აშშ-ში საცხოვრებელი ბინა შეუძინა მისი შვილის დედას, სოფო ნიჟარაძეს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი დიდძალ ქონებას ფლობს უკრაინაში. კიევთან ახლოს, სოფელ ლესნიკში, სადაც კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2000 დოლარი ღირს, მიწა შეიძინა და სახლი ააშენა. საცხოვრებელ კომპლექსში შედის ბაღი, ავტოფარეხი და კიდევ პატარა სახლი, სადაც, სავარაუდოდ, მომსახურე პერსონალი ცხოვრობს. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს 10 ჰექტარზე მეტი მიწა პოლიტიკოსის დედამ, გიული ალასანიამ შეიძინა. უძრავი ქონების ვებგვერდებზე განთავსებული განცხადებების თანახმად, ერთსართულიანი სახლი და 15 ათასი კვადრატული მეტრი მიწა მინიმუმ 450.000 აშშ დოლარი ღირს.

სააკაშვილს არ ჩამოუვარდება მისი დედა, გიული ალასანია, რომელის ქონება 2003 წლის შემდეგ იმდენად გაიზარდა, რომ ალასანიას არ ახსოვს რაში, რამდენი გადაიხადა. ამბობს, რომ ქონება მას სააკაშვილის წყალობით არ დაუგროვებია და რაც აქვს, მშობლებისგან, ბებიისგან და ბაბუისგან არის დატოვებული.

„ჩვენს ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მცირე ნაწილმა მიიტაცა ჩვენი ქვეყანა და ამ ადამიანების მომხვეჭელობას, სიხარბეს არ აქვს საზღვარი. ესენი არასოდეს გაჩერდებიან. ეს მცირე ნაწილი ასამართლებს ჩემს შვილს, რომლის დროსაც ბიუჯეტი გაიზარდა ათჯერ. სამარცხვინოა, რაც ხდება. ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, ვიცით, რა ხდება.

მე თქვენზე უკეთ არ ვიცი, რას ვფლობ და ჩემმა ახლობლებმა, ვინც მიცნობს? არის ერთი ბინა, რომელიც ჩემი ბებიის და ბაბუისგან არის პეკინის ქუჩაზე. ბათუმშია დაყადაღებული ერთი ბინა, დანარჩენი, რაც მაქვს მშობლებისგან, ბებიისგან და ბაბუისგან მაქვს დატოვებული. ჩემით პრაქტიკულად არაფერი შემიძენია“, - განაცხადა გიული ალასანიამ.