ელიტური შამპანურები ევროპაში კვლავ პოპულარულია

ელიტური შამპანურები ევროპაში კვლავ პოპულარულია

რამდენიმე საათში ახალი წელი დადგება. ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც, ახალი წლის შეხვედრა, ერთი ბოთლი ცქრიალა ღვინის დაბუთქუნების გარეშე, წარმოუდგენლად იქცა. რამდენიმე წლის წინ, ევროკავშირის მიერ მიღებული კანონით, ცქრიალა ღვინოს შამპანური მხოლოდ მაშინ შეიძლება ედიკეტზე დაეწეროს, თუკი ღვინო საფრანგეთში, შამპანის მხარეშია ჩამოსხმული და რაც მთავარია – ძველი ფრანგული ტექნოლოგიით.

 

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ფრანგულმა კომპანია Pernod Ricard-მა გასაყიდად წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულიშამპანური, ერთი ყუთის ღირებულება, რომელშიც 12 ბოთლია მოთავსებული, შეადგენს 50 ათას ევროს. ამგვარად, ერთი 0,75 ლიტრიანი ბოთლი შამპანური Perrier Jouet-ი მყიდველს 4166 ევრო დაუჯდება. სავარაუდოდ, იმბედნიერ მომხმარებელთა რიცხვი, რომელთაც შეუძლიათ შეიძინონ შამპანური, დაახლოებით ასამდე აღწევს.

 

შამპანურის შესაძენად მომავალი მყიდველი უნდა პირადად გამოცხადდეს მწარმოებელთან ქალაქ ეპერნეში, სადაც სპეციალისტები მომხმარებლის სურვილისამებრ სასმელში საზღვრავენ შაქრის რაოდენობას და სურნელოვანი ღვინოების კუპაჟს. ამგვარად, მოხდება ყოველი გაყიდული პარტიის “პერსონალიზაცია”.

 

ამას გარდა, მყიდველს საშუალება ეძლევა ეტიკეტზე გამოატანინოს თავისი სახელი, აგრეთვე, 8 თვის განმავლობაში ბოთლები დატოვოს კომპანიის მარანში და გაახანგრძლივოს ელიტური შამპანურის დავარგების პროცედურა. ფირმის ექსპერტთა აზრით, შამპანური სწორედ ამის შემდგომ აღწევს სრულყოფილებას.

 

შამპანურის ელიტური პარტია, რომელიც მზადდება 2000 წლის მოსავლის Belle Epoque-ს ბაზაზე, გათვლილია მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის (აშშ, იაპონია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, შვეიცარია და საფრანგეთი) “სუპერმდიდარ” მომხმარებელზე.

 

სამაგიეროდ, ელიტურ შამპანურს ფასდაკლებით ან სრულიად უფასოდ მიიღებენ ევროპაში ყველასთვის ცნობილი და განსაკუთრებით პოპულარული სახეები. შესაძლოა, მათ შორის მოხვდეს ესპანელი მსახიობი ვიქტორია აბრილი და მომღერალი მარიანა ფეიტფული, ბრიტანული როკ-მუსიკის ვეტერანი.

 

აღსანიშნავია, რომ ფასების წინა რეკორდი კომპანია LVMH-მა დაამყარა: სამლიტრიან ბოთლებში გამოშვებული ერთი Dom Perignon-ი 12 ათასი ევრო ღირს, ე.ი. ერთი ლიტრი 4 ათასი ევრო.