რა გარანტიები მიიღო კეზერაშვილისგან და რატომ გათამამდა ნიკა მელია?

რა გარანტიები მიიღო კეზერაშვილისგან და რატომ გათამამდა ნიკა მელია?

ნიკა მელიამ, როგორც ჩანს, ცალკე პოლიტიკური თამაში წამოიწყო, რამაც გააჩინა განცდა, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, ვიღაც ზურგს უმაგრებს. ეს მოვლენა მას შემდეგ გახდა შესამჩნევი, რაც ტელეკომპანია „იმედმა“ ფარული ვიდეო ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც მელიამ საჯაროდ დააფიქსირა თავისი უარყოფითი განწყობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჯერ დაბრუნებასთან და ახლა, მის დასახსნელად ქუჩაში სირბილის მიმართ. მოკლედ, ენმ-ში დანთებულ ხანძარს მელია ყოველდღიურად ნავთს ასხამს გა ცეცხლს განელების საშუალებას არ აძლევს. „მთავარ არხთან“ საუბარში მან პარტიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და პირდაპირ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის არანაირი შანსი არ არსებობს. პარტიის თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ვერც ერთი მათგანი სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ შეძლებს. მელია პირდაპირ აცხადებს, რომ რადიკალიზმი და დესტრუქცია ენმ-ს ღუპავს, რის შედეგადაც პარტიას მხარს ახალგაზრდების ძალიან მცირე პროცენტი უჭერს.

„ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ თავი, ბევრი გამოწვევა გაქვს და აი, ამხელა მასშტაბის ადამიანი არის ტყვეობაში და მოლოდინი აქვთ ადამიანების ნაწილს, რომ შენ იქცევი სპაიდერმენად და საათნახევარში, ეკა კვესიტაძის გადაცემის შემდეგ, დაგეგმო სპეცოპერაცია და გამოიყვანო მიხეილ სააკაშვილი. ადამიანურად მირჩევნია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ახლა გარეთ, მე ვიყო შიგნით და შენ მიშა ახლა მუშაობდე ჩემს გამოყვანაზე. მართლა ეგ მირჩევნია, ეგოისტი ვარ? - ვიყო“, - შეეცადა ეკა კვესიტაძისთვის და შოუს მაყურებლისთვის საკუთარი პოზიცია აეხსნა მელიას, მაგრამ კვესიტაძეს იგი სტუდიაში ამისთვის არ ყოლია მიწვეული...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში 18-30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 330 000 ახალგაზრდაა, საიდანაც მის პარტიას 4% უჭერს მხარს, რაც ძალიან მცირე მხარდაჭერაა.

„ამ სეგმენტის თუნდაც დაშინება, თუნდაც დაშანტაჟება, დაყოლიება ხელისუფლების მხრიდან, ყველაზე რთულია. ბევრი მათგანი არჩევნებზე საერთოდ არ დადის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ვქმნით ძლიერ ინსტიტუტს პარტიის შიგნით, სტრუქტურირებულს, ახალგაზრდულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არ გვქონია. ცალკე ინფრასტრუქტურა იქმნება მათთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამ პარტიაში ჩვენი გუნდის თითოეული ახალი წევრი, მხედველობაში მაქვს როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი, გამოცდილიც, მაგრამ ახლა ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, ბევრ თავის ახლობელს დააინტერესებს პოლიტიკით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას ამ განცხადებების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება - რატომ არის ის ასე თამამი თავის განცხადებებში? ვინ უმაგრებს ფინანსურად ზურგს და რატომ არ უშვებს მას მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან?

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას ქმედება და განცხადებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მას დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშის ამპლუის მორგება უნდა, ხოლო მას ზურგს ვიღაც უმაგრებს. ქართველიშვილი კი ამ ვიღაცად დავით კეზერაშვილს მიიჩნევს, რომელსაც ახალი ფავორიტი ჰყავს და ეს მელიაა. ამიტომ ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ უახლოვეს მომავალში „ნაციონალურ მოძრაობას“ მელია თავის გუნდთან ერთად გამოეყოფა და ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნის.

„მელიას „მთავარ არხთან“ იმის თქმა უნდოდა, რომ ამ ორგანიზაციას, რომლსაც „ნაციოანლური მოძრაობა“ ჰქვია და პარტია ეწოდება, განვითარებისთვის არც ერთი ხელმოსაკიდი ბერკეტი არ გააჩნია. ამ ორგანიზაციას ამომრჩევლის სეგმენტში მხარს მხოლოდ 4% უჭერს. პარტიაში დიდი ხანია არც ერთი კონსტრუქციული წინადადება არ ისმის და პარტიას პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია. გამუდმებით მხოლოდ ქუჩა ისმის და ეს მხოლოდ ერთი განუხორციელებელი მიზნის მისაღწევად კეთდება, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ გამოიყვანონ.

მელია პარტიის აი, ამ ზეამოცანის შესრულებას ემიჯნება. ცდილობს ახსნას, რომ პარტია რადიკალიზმით დაიღუპება და მის განვითარებას სრულიად სხვანაირად ხედავს. ამ სითამამის უკან, რასაც ნიკა მელია ბოლო დროს იჩენს, იმის მინიშნებას ვხედავ, რომ მას ვიღაცის იმედი აქვს და დამფინანსებელი ნაპოვნი ჰყავს. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოში ჩამოვიდა და პარტიას ფინანსების მხრივ გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, მელიამ ახალი „პატრონი“ იპოვა. დიდი ალბათობით, ეს არის დავით კეზერაშვილი, რომლის წახალისებით და გათამამებით მელია ამდენის თქმას ბედავს“,-ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, კეზერაშვილის ფსონი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან რევოლუციური სცენარით გამოყვანაზე აღარ გადის. ქართველიშვილი ვარაუდობს, რომ თითქმის ნაწილებად დაშლილი ენმ-ის ერთი ნაწილის გადარჩენას კეზერაშვილი ცდილობს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამერიკელი კონგრესმენების და ევოპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის მხარდამჭერი განცხადებებიც კი არ ისმის. სააკაშვილთან დაკავშირებით რიტორიკა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმაც კი შეცვალა.

„მელია ენმ-ს დე ფაქტო უკვე გამოყოფილია. ახლა საზოგადოება ამ გამოყოფის იურდიულ გაფორმებას ველით. ე.წ. ძველები და ე.წ. ახლები ერთმანეთს პირდაპირ ღიად აგინებენ. „ნაციონალებს“ მელია თავისი გუნდით გამოეყოფა. ენმ-ს კიდევ სააკაშვილი, როგორც ბელადი დარჩებათ. ასევე ექნებათ „მთავარი არხი“ გვარამიასთან ერთად. დასხდებიან და ამ რადიკალიზმის ქადაგებას გააგრძელებენ. თუმცა სად მიიყვანთ, ეს დაკარგული ელექტორატი და რეიტინგი უკვე ჩანს. კეზერაშვილის დაფინანსება მელიას და მისი ახალი ფრთის დაფინანსებაზე გადავა.

ფანჩატურაში მყოფი ეს ჩვენი უსახლკარო პოლიტიკოსები ახლა მის გარშემო გაერთიანდებიან. სადაც ფულია, ოპოზიციაც იქ არის. რა პერსპექტივები ექნებათ, ეგ სხვა საკითხია. მელიამ კეზერაშვილისგან რაღაცა გარანტიები უკვე მიიღო. ამიტომ ქცევის გარკვეული ნორმებიც ჩამოუყალიბდა. საკმაოდ თამამია, შემტევია და საერთოდ არ ჩანს, რომ მას თავის პოლიტიკურ მომავალზე ხელი აქვს ჩაქნეული. პირიქით, მომეჩვენა, რომ პირად პოლიტიკურ მომავალზე ზრუნავს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მთავარი კითხვა - რატომ არ ათავისუფლებს ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარის თანამდებობიდან? - ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვპასუხობს, რომ სააკაშვილს ახლა მელიაზე უკეთესი კანდიდატურა არ ჰყავს, ამიტომ მას კონკურსი აქვს გამოცხადებული და ვინც თავს უკეთესად წარმოაჩენს, თავმჯდომარეც ის იქნება და მელიასაც მალევე შეცვლის. თანაც მელიას, როგორც ჩანს, პარტიისი შიგნითაც და მის გარეთაც მხარდამჭერები ჰყავს, ამიტომ სააკაშვილი ფრთხილობს და ერთი ხელის მოსმით აუტკივარი თავის ატკივება არ უნდა. ისედაც ბევრი პრობლემა აქვს და ახლა პარტიის დაშლა არაფერში სჭირდება.

„ბოლო წელიწადნახევარია, განსკუთრებით საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, ნიკა მელია ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერად ჩამოყალიბდა. დღეს ენმ-ს პირველ და მეორე ეშელონს რომ გადახედოთ, მისი ზომის ფიგურა თითქმის არ არის. სააკაშვილს შეუძლია მელია გაუშვას და ვინც უნდა ის დანიშნოს, მაგრამ ის არ არის დარწმუნებული, რომ ახლად დანიშნულ პროცესებს მელიაზე უკეთ წაიყვანს. გნებავთ ქუჩაში და გინდა საპარლამენტო საქმიანობით. ნიადაგი შემზადებულია, თუკი ენმ-ში ვინმე თავს გამოიჩენს, მელიას პრობლემას სააკაშვილი მაშინვე მოხსნის. ჯერჯერობით მის შემცვლელს ვერ ხედავს.

გარდა ამისა, რასაც მელია საუბრობს, ზოგადად, სიმართლეს ამბობს. არსებული ვითარების შეფასებას ზუსტად აკეთებს. ჩვენ ამაზე ანალიტიკოსები დიდი ხნის წინ ვლაპარაკობდით. ამ წარუმატებლობის მიზეზად მელია უნდათ დაასახელონ და ყველა შეცდომა გადააბრალონ. არადა, მელიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქუჩა აეგორებინა. ბოლოს და ბოლოს კაცი ციხეში წავიდა და აღარ გამოდიოდა. საერთოდ პროცესები მკვდარი იყო და საერთაშორისო ასპარეზზე ყურადღება მიიქცია. მელიამ რა ქნას ხალხი რომ ქუჩაში არ გამოდის? ენმ-ში ვერ ვხდებიან, რომ რადიკალიზმი ღუპავთ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილი საზოგადოებაში ამ რიტორიკით და განცხადებებით რაც უფორ ხშირად გამოჩნდება, მხარდამჭერებს მით უფორ დაკარგავს. სააკაშვილი პოლიტიკურ წონას საკუთარ მომხრეებშიც კი კარგავს. რეალობას აცდენილია და მოვლენებს ადეკვატურად ვერ აღიქვამს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მელიას პარტიის შიგნითაც და მის ელექტორატშიც რაღაცა გავლენა უკვე აქვს.

„მართალია, ვერ გეტყვით, მელიამ ხვალ რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს, მას რამდენი მომხრე ეყოლება, მაგრამ „ნაციონალებს“ ელექტორატს გაუყოფს. დაახლოებით, ისეთივე სიტუაცია იქნება, რაც 2016 წელს მოხდა, როცა ენმ-ის დიდმა ნაწილმა პარტია დატოვა და „ევროპული საქართველო“ გახდა. საკმაოდ ძლიერი ჯგუფი იყო პოლიტიკური შეცდომები რომ არ დაეშვათ. მელია ოპოზიციურ ფლანგზე თავის ნიშას იპოვის. გააჩნია რამდენად სწორად იმუშავებს. სწორედ რასაც ვუყურებ, მელია ამას აკეთებს. ენმ-ის ამომრჩევლის რაღაცა ნაწილზე მუშაობს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

Gami ჰოო, მელია "შემტევი, თამამი ეგოისტია"? მაგის და კეზერაშვილის ნატრაკი არ გაიშვა... ორი ძირგავარდნილი კალოში; "ტუპოები" კვადრატში; ნახევარი ტვინის სფეროც არ აქვთ საზიაროთ! P.S. ძაბირაძე მარად.... /რა გიჭირთ?!/
2 წლის უკან