ლარის მკვეთრ გამყარებას მოსახლეობა იმედის თვალით შესცქერის. ისინი მკვეთრად გაძვირებული პროდუქციის გაიაფების მოლოდინში არიან. ეს ლოგიკურიცაა, რადგან წლის დასაწყისიდან მოყოლებული ეროვნულმა ვალუტამ 20 პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია.
თუ ბოლო თვეების განმავლობაში ბიზნესი გაძვირების კვალდაკვალ ლარის არასტაბილურობაზე აკეთებდა აქცენტს, ახლა მათ ეს ბერკეტი ხელიდან გამოეცალათ. ეროვნულმა ვალუტამ გამყარების მხრივ ბოლო წლების რეკორდი მოხსნა, თუმცა ირკვევა, იმპორტიორებისთვის მხოლოდ ეს კომპონენტი საკმარისი უკვე აღარ ყოფილა, რათა მათ გაიაფების პროცესი წამოიწყონ.
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ახლა პირდაპირ აცხადებს, რომ სხვა ბევრ მიზეზებთან ერთად, პროდუქციაზე ფასი ლარის მიმართ დაბალი ნდობის გამოც ვერ დაიწევს.
„ფასები არ გაიაფდება. ამას აქვს ბევრი მიზეზი. პირველი, საერთაშორისო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაზრდილია. ამასთან, მომატებულია კომუნალური ტარიფები, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება არა მხოლოდ წარმოებაზე, ასევე შენახვაზე და სასაწყობე მეურნეობაზე. გაზრდილია ნედლეულზე ფასიც, როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ და რაც უმნიშვნელოვანესია, საწვავის ფასი უფრო და უფრო იზრდება.
ხაზი უნდა გაესვას ხელშეკრულებებს ქსელურ სუპერმარკეტებთან, რომელთა მოთხოვნებიც მუდმივად იზრდება და წელს, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისასაც მოლოდინი ასეთია. ესეც აისახება ფასებში. კარგი იქნება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ მოხდება ფასების შენარჩუნება.
გარდა ამისა, ეროვნული ვალუტის მიმართ არავითარი ნდობა არარსებობს და ისიც არ ვიცით, რა ამყარებს ლარს. რეალურად, ქვეყნის ეკონომიკას ლარის ტენდენცია აცდენილია. შესაბამისად, უახლოესი პერიოდი პროდუქტებზე ფასის კლებას არ უნდა ველოდოთ. უახლოესი სამი თვის განმავლობაში არაფერი არ იქნება.
აპრილიდან ცოტა რომ დათბება, შეიძლება ცვლილებები ისიც სეზონურ პროდუქციაზე. ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია და, თუ რომელიმე კომპანია შეძლებს ფასის კლებას, ამას აუცილებლად იზამს. ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ, უნდა ველოდოთ აქციის ფარგლებში შეთავაზებულ ფასებს, რადგან როგორც ვთქვი, ვალუტის მიმართ ნდობა არ არსებობს და ფასების კლებაც ვერ მოხდება“, - განაცხადა ჭყონიამ „ბიპიენთან“.
ამ მოსაზრებას ბოლომდე არა, თუმცა დიდწლილად იზირებს ეკონომიტთა ნაწილი. როგორც ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, კურსის გამყარება კარგია, თუმცა ეს, ჯერჯერობით, პროდუქციასა და მის ფასებზე ვერ აისახება.
„ლარი გამყარებისკენ მიდის და ეს, რა თქმა უნდა, დადებითია, თუმცა იგი უნდა აისახოს ფასებზე. ვხედავთ ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს ივლისიდან მოყოლებული და ამიტომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე განსაკუთრებით ცუდ გავლენას ახდენს. იმას, თუ რატომ გამყარდა ლარი და არ გაიაფდა პროდუქტები, თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს. იმპორტიორ კომპანიებს შემოტანილი აქვთ პროდუქტი ძველ ფასში და ძველი კურსით აქვთ ნაყიდი. აქედან გამომდინარე, დღეს კურსი გამყარდა და ხვალ პროდუქტები გაიაფდეს, ასე ვერ მოხდება. ამაზე მოქმედებს ისიც, რომ ლარი ისეთი ტემპით არ მყარდება, რომ მსოფლიოში არანორმალურად გაზრდილ ფასებზე გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა მაკალათიამ და დასძინა, რომ აუცილებელია, ლარის კურსის გამყარება გრძელვადიან პერიოდში გაგრძელდეს, რათა მოსახლეობამ შეღავათი რეალურად იგრძნოს.
ხოლო თუ როდემდე გაგრძელდება კურსის გამყარება, ამაზე საკუთარი პროგნოზი გააჩნია ფინანსისტ ნიკა შენგელიას, რომელიც ვარაუდობს, რომ ტენდენცია თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, თუმცა არც ამის შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი რყევა.
„ზოგადად, იანვარში დოლარზე მოთხოვნა ნაკლებია. პროდუქტების, სურსათისა და სხვა იმპორტირებული პროდუქციის მარაგი დეკემბერშია გაკეთებული, რაც იმპორტის შემცირებასა და შესაბამისად დოლარზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება გამყარება, შემდეგ კი დაიწყება მცირედი გაუფასურება, მაგრამ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება“, - განაცხადა შენგელიამ.