არ ვფიქრობ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, როგორც ჰიტლერი საბჭოთა კავშირში 1941 წელს შეიჭრა, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
„მე არ ვიტყოდი, რომ მეორე მსოფლიო ომის მსგავსი ფართომასშტაბური ომის ზღვარზე ვართ. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, როგორც ჰიტლერი საბჭოთა კავშირში 1941 წელს შეიჭრა. რა თქმა უნდა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე კრიტიკულ მომენტს განვიცდით, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საქმე გვექნება დაუყოვნებლივ და კლასიკურ საბრძოლო მოქმედებებთან, რომელიც მოიცავს ქვეითი ჯარის გამოყენებას, ქალაქების ოკუპაციასა და ტერიტორიების დაპყრობას. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინას უზარმაზარი ზიანი მიაყენოს. ასევე არსებობს კიბერომი, პოლიტიკური დესტაბილიზაცია, დონბასის ტერიტორია დაპყრობილია“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არა უკრაინა, არამედ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაა.
„რუსეთს უსაფრთხოების სფეროში შეშფოთებები აქვს. მათ ამ თემაზე საუბარი სურთ. უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ. თუმცა, მიზანი უკრაინის დაპყრობა არ არის. რუსეთი უკრაინაზე ზეწოლას ახდენს, რათა ევროპაში უსაფრთხოების სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ეს ის საკითხებია, რაც მათთვის მნიშვნელოვანია: ნატოს გაფართოება და უსაფრთხოების სფეროში მათი შეშფოთებები. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ვისაუბროთ ამაზე“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.