მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ჩანაწერი გავრცელდა, პარტიის შიგნით ისედაც დაწყებული უთანხმოება, უფრო მეტად გააღრმავა. „ნაციონალური მოძრაობა“ ორ ქვეჯგუფად გაიყო და ლიდერების თუ მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი ნიკა მელიას წინააღმდეგ განაწყო. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ერთგვარმა აღიარებამ, რომელიც საჯაროდ გახდა ცნობილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტიის რეალური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი გაანაწყენა.
ეს ყველაფერი როგორ ასახვას ჰპოვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, არსებული ვითარების ფონზე, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას ეს პოზიცია, რომ იგი არ ემხრობოდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, შესაძლოა, თავმჯდომარის პოსტის დატოვებად დაუჯდეს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობაში“ ერთგვარი გადაადგილებები კვლავ გაგრძელდება. მისი თქმით, პარტიიდან წავა თუ არა ნიკა მელია, ჯერ გამოკვეთილი არ არის, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებასა და პოზიციაზე.
„ნაცმოძრაობაში“ დუღილის პროცესი მიმდინარეობს და დიდი ხანია ეს პროცესი მიდის, სხვათა შორის, ვიდრე მელიას ეს ჩანაწერი იქნებოდა საჯარო. გადაჯგუფებები დაიწყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა შეიცვალა და ამას გარკვეული ცვლილებები მოყვება, ეს პროცესი ჯერჯერობით დასრულებული არაა. შეხედულებათა სხვაობა ხვალინდელ და ზეგინდელ ქმედებებზე სახეზეა, მაგრამ მივა თუ არა განხეთქილებამდე, მელია და მისი გუნდი დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობას,“ ეს ჯერ ასე ნათლად არ ჩანს.
რაც მელიას ჩანაწერები გავიდა, აუდიტორიისთვის, ალბათ, დიდ სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა ეს გახმოვანება იმას ნიშნავს, რომ მელიას სურს საკუთარი პოზიცია იმაზე ფართოდ იყოს ცნობილი, ვიდრე დღეს არის. როგორც ჩანს, ძალიან აქტიურად მიდის იმის განხილვა, თუ ვინ დაარწმუნა სააკაშვილი ჩამოსულიყო საქართველოში, ვინ აძლევდა გარანტიას, რომ მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებოდა, თუკი ის გამოჩნდებოდა? - ეს შეიძლება იყოს გარკვეული სვლა პოლიტიკური მეტოქეთა წინააღმდეგ.
„ნაცმოძრაობაში“, ისევე როგორც „ქართულ ოცნებაში,“ ყველაფერს მაინც ერთი კაცი წყვეტს და სააკაშვილისთვის რომელი ფიგურაა უფრო მისაღები, ვერ გეტყვით. არ მგონია, რომ ნიკა მელიამ ამომრჩევლის დიდი ნაწილი გაიყოლოს, მაგრამ გააჩნია პროცესს. თუ ხერხდება სააკაშვილის განთავისუფლება ციხიდან, როგორი გზითაც არ უნდა იყოს, თუნდაც საზღვარგარეთ მისი გაშვება, თუკი სააკაშვილის პრობლემის გადაჭრა ხერხდება, მელიას მხარდაჭერა იქნება ნულის ტოლი. თუმცა, თუ ეს ვერ ხერხდება, არ გამოვრიცხავ, რომ ის ამომრჩეველი, ვინც გაიგო მელიას პოზიცია, რომ ის არ იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მომხრე, მაშინ მისი პოზიციები გაძლიერდება. ამიტომაც ითქვა მელიას მხრიდან ის, რაც ითქვა და სწორედ ამიტომ დააფიქსირა თავისი პოზიცია ასე ღიად“, - განაცხადა ვახტანგ ძავირაძემ For.ge-სთან.
ჩანაწერს გამოეხმაურა ნიკა მელიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო და ეს საჯაროდაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული. გარდა ამისა, მელია აღნიშნავს, რომ ის, ისევე როგორც სააკაშვილი, არ თვლის, რომ მისი თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს. მელიას განცხადებით, იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს, არის ცვლილება, რომელსაც უნდა მიაღწიონ, ეს არის უკეთესი საქართველო.
„დიდი მადლობა TV „იმედს“ და ე.წ. „მოქალაქეს“, ვინც ეს ვიდეო მიაწოდა. ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად, ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი: დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა- რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.
იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს - შეკვეთა, რომელიც მოგვცეს და მივიღეთ - არის ცვლილება რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო, ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე. ცვლილება, რომელსაც თითოეული ოჯახი იგრძნობს - არის ის, რისთვისაც ვიბრძვით მე და ჩვენი თანამებრძოლები, ის რისთვისაც იბრძვის მიშა, რომელიც იყო თავისუფალი, წარმატებული და ახლა არის პატიმარი. ჩვენ შეიძლება განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი.
ის, რომ შეიძლება ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს. დიახ, გეტყვით, რომ ოპოზიციის უკეთესი მომზადებაა საჭირო, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ: გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას; თუმცა არაფერი გამოუვათ თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები. არაფერი გამოუვათ იმ შეთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. დიახ, მე მგონია, რომ უნდა ვორიენტირდეთ ერთიან, მთავარ მიზანზე - უკეთეს საქართველოზე. ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვქონდეს ერთი მიზანი.
ჩვენი იდეა არის უკეთესი საქართველო და მიზანი გვაქვს ყველას ერთი - დანარჩენზე გვქონდეს ბევრი დისკუსია, მაგრამ ბოლოს, იდეით ანთებულები, ჩვენი სიმტკიცით და თანმიმდევრულობით ვიმარჯვებთ. დიახ, მე ვიცი, რომ ჩვენს პარტიას აქვს დიდი მხარდაჭერა - თუმცა არასაკმარისი, ბევრად მეტია ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილება და ჩვენ ყველანი, ვისაც არ მოვგწონს დღევანდელი ყოფა, არ მოგვწონს განსხვავებული მიზეზებით - ვართ თანამოაზრეები; ყოველდღიურად ვხვდები ასობით ადამიანს და ვიცი, როგორ მივაღწევთ ცვლილებებს.
და დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ იყოს პარტიის გამარჯვება. ეს არ უნდა იყოს გამარჯვება ნიშნის მოგებით, რომ ვინმემ ვინმეს აჯობა. არა, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება, უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. P.S. TV იმედის დადგმული, საბჭოთა სტილის კრიტიკა ყოველ ჯერზე მაფიქრებინებს თუ რამდენად მართალია ყველა ის ადამიანი თავის ბრძოლაში, ვისაც ამ ეთერში „აშავებენ“, - წერს მელია.