„უგულავა ცდილობს იპოვოს ნაპირი, სადაც გადარჩება, სადაც გინდა იყოს, გინდა ქოლგის ქვეშ და გინდა გარეთ არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის დივიდენდის მომტანი არ იქნება“

„უგულავა ცდილობს იპოვოს ნაპირი, სადაც გადარჩება, სადაც გინდა იყოს, გინდა ქოლგის ქვეშ და გინდა გარეთ არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის დივიდენდის მომტანი არ იქნება“

გიგი უგულავა ბრალდებულია 48 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, ყოფილმა მერმა ბრალი აღიარა, თუმცა საპატიმროს თავი შეწყალების საფუძველზე დააღწია. საპატიმროდან გამოსვლის შედეგ პირველი რაც გააკეთა, ის იყო, რომ სააკაშვილი ჯართს შეადარა და პოლიტიკური არჩევანი „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ გააკეთა. თუმცა, ეს პოლიტიკური ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი პარტიის შანსები ნახა, არჩევანი ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გააკეთა. ახლა კი, ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

უგულავა „ქოლგა პარტიას“ განგვიმარტავს: „ეს არის ტერმინი, რომელიც მაგალითად, ამერიკაში გამოიყენება, სადაც არსებობს ბევრი ფრაქცია, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაშია და ეს კონკურენცია არის საჯარო, ღია“. მისი თქმით, ეს რეფორმა „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს და მეტ პოლიტიკურად აქტიურ ადამიანს მოუტანს, ისეთებს, რომლებსაც მართლაც სურთ, საბჭოთა კავშირი დატოვონ წარსულში. გიგი უგულავას თქმით, ახლა არის დრო, რომ პოლიტიკური ლიდერები საერთო ენას და გზებს ნახულობდნენ, რომ დიდი კოალიცია შექმნან.

„არსებობენ პარტიები, როგორიც არის მაგალითად, იგივე „ლელო“, გახარიას პარტია და სხვა პარტიები. ახლა არის დრო, როდესაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. „ლელო“, გახარია, იგივე მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ალასანია, აქეთ დათო ბაქრაძე და ვიღაცები - წარმოიდგინეთ ასეთი ტიპის ერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, აქვს ფინანსური რესურსები.

„ნაციონალური მოძრობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, ოღონდ იბრძოლებს თავისი დღის წესრიგისთვის, ოღონდ თავისი იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობა ექნება. ეს არის გასაკეთებელი და მე რასაც ვუყურებ, ნიკა მელია ამას ახორციელებს. კიდევ უფრო მეტად არის ეს გასაკეთებელი. პოლიტიკური მდგენელი უნდა გაჩნდეს. აქეთ არის დისკუსია წამოსაწყები ამ გამსხვილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც უგულავა აღნიშნავს, კოალიციის შემთხვევაში ეს ბლოკი იქნება მძლავრი პოლიტიკური „ცენტრი“ და მას ექნება „ოცნების“ მოედანზე თამაშისა და ოპოზიციაში „არანაცური“ ხმების კონსოლიდაციის რესურსი.

„ორპოლუსიანობა არაა არც „ოცნების“ და არც „ნაცმოძრაობის“ დამსახურება. ისინი არიან ისეთები, როგორც არიან. პრობლემა მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ პარტიებშია, რომლებიც, მსგავსი ღირებულებების მიუხედავად, ვერ ახერხებენ გაერთიანებას. ბოლო არჩევნებმა ანახა, რომ კოალიცია მოთხოვნადია, მაგრამ 30% და 3%-ანი პარტიათა კოალიციას საზოგადოება ვერ აღიქვამს. კოალიცია საზოგადოებას მოსწონს იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობას“ შიდა ბალანსი ჰქონდეს. წარსულის გამოცდილებისა თუ „ოცნების“ პროპაგანდის შედეგია ეს, ფაქტია, საზოგადოებაში არსებობს ნაციონალების „შებოჭვის“ მოთხოვნა.

უბრალოდ, არავის სჯერა, რომ 32%-ის მქონე პარტიას ორ და სამ პროცენტიანი პარტიები, რომლებიც ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან, „ნაცმოძრაობას“ შებოჭავენ. პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ სრულიად არაელექტორალური კატეგორიიდან, რასაც „შუაშიზმს“ ეძახიან. ასეთი საარჩევნო ერთეული არ არსებობს. არსებითად ორპოლუსიან სიტუაციაში „არც ის ვარ, არც - ეს“ პოზიციაზე პასუხია - აბა, რა ჩემი ფეხები ხარ?! ასე გამოიყურება „შუაშიზმი“ არჩევნების დღეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას ინიციატივაზე არ უმსჯელიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც რომან გოცირიძე ამბობს, საკითხი ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი. მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური კონკურენტები არიან.

„ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო, ან - არა. ოპოზიციამ წინა არჩევნებში აჩვენა რამდენიმე წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. რა თქმა უნდა, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციური პარტიები ამავე დროს არიან პოლიტიკური კონკურენტები. პოლიტიკური კონკურენციის შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი. ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია. რა ფორმით იქნება ეს, პარლამენტში შესვლამდე თუ შესვლის შემდეგ, ამას გვაჩვენებს პოლიტიკური პროცესი. დღეს ამ საკითხზე საუბარი, ჩემი აზრით, ნაადრევია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონლური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ გეგმავს „გირჩი“. იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოიაზრებიან ის პარტიები, რომლებთანაც არჩევნებზე თანამშრომლობდნენ. მისი თქმით, „გირჩის“ იდეა შეუთავსებელი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგასთან, რაც იცის უგულავამ, მათ შორის სააკაშვილმა.

„ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ ვიგულისხმებით. მათ იგულისხმეს ის ოპოზიცია, რომელთანაც ამ არჩევნებზე თანამშრომლობდნენ და მგონი, ქოლგაში უკვე იყვნენ. ამიტომ ახალი ქოლგის გამოგონება რა საჭიროა, არ ვიცი, მაგრამ ახალი იქნება, თუ ძველი, მე და ჩემი პარტია არ გავერთიანდებით. რატომ ლაპარაკობენ ამაზე, როგორც მომავალზე, ეს ხომ აწმყოშია, ხომ უკვე გაერთიანდა ამ არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ოპოზიცია! მგონი, ჯერჯერობით დაშლის შესახებაც არ გამოუცხადებიათ და ამ ქოლგაში არიან ახლაც. ვფიქრობ, ამ ქოლგამ სათანადოდ ვერ იმუშავა და ამის თავიდან დაწყება ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ერთადერთი ქოლგა, რის ქვეშაც აპირებს ყოფნას გიორგი ვაშაძე, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“. როგორც ვაშაძე ამბობს, დრო მოჭამა იდეებმა - ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა „ნაცმოძრაობის“ გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას, რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, ინდივიდუალურ შემთხვევებში გადაწყვეტს, ითანამშრომლოს თუ არა სხვა პარტიებთან.

„ამ სტრატეგიიდან გამომდინარე „ქართული ოცნება“ ფაქტია, რომ დღესაც ხელისუფლებაშია და სწორედ ეს უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ყველა გახადოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მერე ილაპარაკოს - „ყველანი „ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და მე უნდა დავრჩე ხელისუფლებაში“. ამიტომ ჩვენი ამოცანაა განსხვავებული მიდგომების ჩვენება. ყველა თემასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად ვიღებთ საერთო პროცესში მონაწილეობას და სად არ ვიღებთ მონაწილეობას. უფრო მეტიც, საპენსიო სესხების შემცირების წესზე თუ დაგვთანხმდება „ქართული ოცნება“, მათთანაც კი ვიქნები კოორდინაციაში, თუ მისცემენ ხმას იმ კანონპროექტს, რაც ინიცირებული გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანება, რომელიც არ ემყარება ღირებულებებსა და შეხედულებებს, ასეთი ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არ განიხილავს „ევროპული საქართველო“. გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ტიპის გაერთიანება ქვეყანას დიდ წარუმატებლობას მოუტანს და ამის მაგალითია „ქართული ოცნება“.

„პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობასა და კატასტროფას, ამის მაგალითია „ქართული ოცნება“, ამიტომ ამ იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ ჩვენ „ევროპულ საქართველოში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის გაერთიანება უტოპიური პროექტია. როგორც უმრავლესობის წევრი აცხადებს, როცა ძალაუფლებისთვის არის ბრძოლა, ძალაუფლების ტორტის გაჭრაში ყველას ადგილი არ ხვდება ხოლმე. მისი თქმით, საქართველო არ აღმოჩნდება იმხელა ტორტი, რომ ყველას ეყოს გასანაწილებლად და ამ მიზეზით ოპოზიცია ვერ გაერთიანდება.

„მე თუ მკითხავთ, მოვუწონებ ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას და გაერთიანდნენ, შეიძლება ჩვენ უფრო მოგებულები დავრჩეთ, ვიწროპარტიული ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ რეალურად რომ გითხრათ, ეს უტოპიური პროექტი და მიზანია, მიუღწევადია, რადგან გაერთიანების მიზანი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და არა მსოფლმხედველობითი და ქვეყნის განვითარებისთვის შორსმიმავალი საერთო გეგმის ან პროგრამის ქონა.

როცა ძალაუფლებისთვის არის ბრძოლა, როგორც იტყვიან, ძალაუფლების ამ ტორტის გაჭრაში ყველას ადგილი არ ხვდება ხოლმე და, ამიტომ ვერ ერთიანდებიან და აქვთ დაქსაქსულობა. ამ შემთხვევაშიც, საქართველო არ აღმოჩნდება იმხელა ტორტი რომ ყველას ეყოს გასანაწილებლად და ამ მიზეზით ვერ გაერთიანდებიან. სხვა სიღრმისეული და მაღალი იდეალები რომ ჰქონდეთ გაერთიანებისთვის, მაშინ შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უგულავასგან განსხვავებით, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ელექტორალურ ბაზას შეცვლის. მისი თქმით, იდეა, რომ უფრო დიდი პარტია გახდეს, რას ნიშნავს, ამაზე უნდა იყოს საუბარი - ამ პარტიის ელექტორალური ბაზა გაფართოვდება თუ არა; შეძლებს თუ არა ასეთ შემთხვევაში ეს პარტია ოპოზიციური ელექტორატის 80-90%-ის გაერთიანებას, თუ ეს ელექტორატი ისევ ცალკე დარჩება და პარტიას დარჩება იგივე? დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციური ელექტორატის დაახლოებით ნახევარი ან მეტი უჭირავს.

„ფიქრი უნდა იყოს იმაზე, როგორ გადაჯგუფდებიან პარტიები, რომ ოპოზიციური ფლანგის მაქსიმალური ხმები წაიღონ. ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება ხშირად შედეგებს არ იძლევა.

აბსურდულია, როდესაც ვსაუბრობთ, რომ გაერთიანდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ და თავიანთი თავი შეინარჩუნონ. ეს როგორ უნდა მოხდეს? ერთი ქოლგის ქვეშ კი არა, ვინც ოპოზიციურ ფლანგზეა, ყველა რომც გაერთიანდეს და თქვას, ჩვენი მიზანია სააკაშვილის გამოშვება, არჩევნებში დამარცხდებიან, რად უნდა ამას დიდი ფილოსოფია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ყოველ მხრივ რეპუტაციაგანადგურებული უგულავა ცდილობს, თავისი ადგილი მოიპოვოს და ექსტრაორდინალური იდეები აქვს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია აღარ იქნება, არ იარსებებს.

„რას გულისხმობს, რატომ უნდა გაერთიანდნენ, რის საფუძველზე, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. საქმე არის პირიქით. სანამ „ნაცმოძრაობა“ არსებობს და ის თავის აქტუალურობას ინარჩუნებს და ოპოზიციის ფლანგზე პირველი ადგილი უკავია, მანამდე საქართველოში პარტიულ-პოლიტიკური სისტემის განვითარება არის წარმოუდგენელი. რაიმე კონსტრუქციული ოპოზიციის წარმოშობა არის წარმოუდგენელი. პირიქით უნდა იყოს, ვისაც კიდევ შერჩენია საღი ჭკუა და პრესპექტივა აქვს, რომ ოპოზიციური მდგომარეობა დაიკავოს, ის უნდა ამბობდეს, რომ რაც შეიძლება დროზე დასრულდეს „ნაცმოძრაობა“.

ამ მხრივ ბოკერიას პოზიცია არის თანმიმდევრული, ისინი ზუსტად გრძნობენ ვითარებას, რომ სანამ სააკაშვილი არის ამ ოპოზიციის ფავორიტი, მანამდე ბუნებრივია, რომ პრესპექტივა სხვა პარტიებს არ ექნებათ. უგულავა კი პირიქით იძახის, ეს იმის ნიშანია, რომ პოლიტიკოსს რეპუტაცია არ გააჩნია და მიედ-მოედება, ცდილობს იპოვოს ნაპირი, სადაც გადარჩება. სადაც გინდა იყოს, უგულავა არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის დივიდენდის მომტანი არ იქნება. გინდა ქოლგის ქვეშ იყოს, გინდა გარეთ, ვერაფერს ვერ შეცვლის. შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის უგულავა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.