სადაზღვევო სექტორში არსებული განუკითხაობით მოსახლეობის ნაწილი კარგა ხანია უკმაყოფილოა. ისინი აცხადებენ, რომ სადაზღვევო კომპანიები ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ და მედიკამენტების ღირებულებას ან სამედიცინო მომსახურებას არ უნაზღაურებენ. ამ ყველაფრის დასარეგულირებლად გადაწყდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური შეიქმნება. ამ სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი იქნებიან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სადაზღვევო ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი გიგოლაშვილი და ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ადეიშვილი.
სადაზღვევო სფეროში არსებული პრობლემების შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ დაზღვევასთან დაკავშირებით პრობლემა წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა და პრობლემები არის დღესაც, როცა ახალი სახელმწიფო პროგრამები ამოქმედდა. ძველი ხელისუფლების დროს ხარვეზი იყო ის, რომ სახელმწიფო ზედამხედველობა და რეგულაცია ძირითადად ორიენტირებული იყო სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის მაღალი დონის დაცვაზე და არა - დაზღვეულთა უფლებების დაცვაზე. დღეს კი, ნაცვლად იმისა, რომ ახალ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ემუშავა, მათ კარდინალურად შეცვალეს დაზღვევისადმი სახელმწიფო დამოკიდებულება და, პრაქტიკულად, სახელმწიფო პროგრამებში მთლიანად გააუქმეს სადაზღვევო კომპონენტი და ჯანდაცვის პროგრამა საყოველთაოდ გადააქციეს. მეტიც, ის პროგრამები, რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სახით, არასრულყოფილია და არ არის გათვლილი რისკები, რაც ამ პროგრამის განხორციელებას უნდა ახლდეს.
„ხელისუფლებამ მკვეთრად მემარცხენე ე.წ. სოციალისტური მოდელი აირჩია ჯანდაცვის სისტემაში, მთლიანად გამორიცხა სადაზღვევო კომპონენტი, ანუ რისკის ადეკვატურობის ელემენტი და ამით ვუბრუნდებით შევარდნაძის მმართველობის დროინდელ სისტემას, როცა სახელმწიფო პირდაპირ აფინანსებდა სადაზღვევო კომპანიებს. მათ უგულებელყვეს დაზღვევის ელემენტი, ანუ შუალედური რგოლი, რომელმაც უნდა აკონტროლოს ხარჯების ეფექტურობა და სამედიცინო-ჰოსპიტალური სექტორის კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული. ამით კი გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხის წინაშე დააყენეს სამედიცინო სერვისების მიღების შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
მისი თქმით, ნაცვლად არასწორი მემარცხენე-სოციალისტური ვექტორისა, ხელისუფლებას უნდა გაეძლიერებინა სადაზღვევო კომპონენტი და ეს სადაზღვევო კომპონენტი მოერგო დაზღვევის მომხმარებლების სადაზღვევო უფლებების დაცვაზე, რაც შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა იქნებოდა.
ამასთან, ექსპერტი აცხადებს, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური 1997 წელს შეიქმნა, 2006 წლამდე კარგად იმუშავა და ჩამოაყალიბა საკანონმდებლო რეგულაციის ნორმატიული ბაზა, რაც დაზღვევის სფეროს ეხებოდა. 2006 წლიდან კი დაზღვევის ზედამხედველობის ფუნქციას, ასევე, მაღალ დონეზე ასრულებდა ეროვნული ბანკი და, პრაქტიკულად, საქართველოში სადაზღვევო კომპანიის არცერთი გაკოტრების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ლევან კალანდაძის აზრით, დღესდღეობით დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური დამოუკიდებლად იარსებებს თუ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დაზღვევის რეგულაცია სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე იყოს სრულყოფილი. ასევე, მეტ-ნაკლებად ევროპული ორიენტაცია უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ბაზას, რითაც დაზღვევის სფერო უნდა რეგულირდებოდეს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის წიაღში შექმნილმა დაზღვევის ზედამხედველობის ფუნქციამ ვერ გაამართლა, რადგან სადაზღვევო ბაზარზე უამრავი პრობლემა წარმოიქმნა და რეგულირება სათანადო დონეზე არ ხდებოდა. ხშირად კონკურენტების მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედებები მჟღავნდებოდა, ზოგი გააკოტრეს, ზოგიც ძალით შეიერთეს. ამიტომ „ქართული ოცნების“ პროგრამაში პირდაპირ ეწერა, რომ მარეგულირებელი რეალურად დამოუკიდებელი და ქმედითი ორგანო უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ კვლავაც შეიქმნა დამოუკიდებელი ზედამხედველობის სამსახური, რომლის ზედა რგოლიც გახლავთ სამეთვალყურეო საბჭო და ეს სამსახური ანაზღაურებადი არ არის. უბრალოდ, აქ მონაწილეობა მოვალეობაა.
„ფაქტობრივად, სადაზღვევო სფერო ყოველგვარი ზედამხედველობის მიღმა იყო დარჩენილი, სრული ქაოსი იყო შექმნილი, განუკითხაობა სუფევდა და თავის ჭკუაზე მუშაობდნენ. 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ბიუჯეტმა გამოყო 350 მილიონი ლარი, რომელიც კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით უნდა აეთვისებინათ და ხალხს უნდა მოხმარებოდა. სინამდვილეში, მხოლოდ ამ თანხის ნახევარი იქნა ათვისებული, ხალხმა ეს გამოიყენა, პაციენტამდე მივიდა სერვისი და ექიმთან მომსახურებაზე თანხა დაიხარჯა, დანარჩენი კი მათ მოგებაზე დაუჯდათ. წარმოიდგინეთ, საბიუჯეტო ფულზეა საუბარი. ასეთი შემთხვევების დროს სიჩუმე იყო და ადამიანი არ მინახავს, ვინც კმაყოფილი ყოფილიყო სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობით, განსაკუთრებით, ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით“,- აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დაარეგულირებს დაზღვევის სფეროს, ინვესტორები შემოვლენ, ნორმალური პირობები შეიქმნება და სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაში ზედმეტად არავინ ჩაერევა; უბრალოდ, არასწორ ქმედებას რეაგირება მოჰყვება და უახლოეს ხანში უკეთესისკენ ცვლილებები აშკარა იქნება.
ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ადეიშვილი აცხადებს, რომ სამეთვალყურეო საბჭო ჯერჯერობით არ შეკრებილა, თუმცა სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმ თანხებსა და დაზღვევაზე სახელმწიფო თვალყური იქნება, რასაც აცხადებს სახელმწიფო. ამას კი სჭირდება მონიტორინგი და კონტროლი, რათა თანხები მიზნობრივად დაიხარჯოს.
„ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს არ უნდათ ხოლმე გაგება, რომ მათთვის სულერთი უნდა იყოს, მომხმარებელი თავად იხდის თანხას საკუთარი ჯიბიდან თუ სახელმწიფო უხდის. ორივე შემთხვევაში, პაციენტმა ერთი და იგივე სერვისი უნდა მიიღოს ნებისმიერ დაწესებულებაში. ბევრი საავადმყოფო აშენდა, მაგრამ მაინც დარჩა ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება პაციენტი იწვეს, გაკეთებულია მხოლოდ რამდენიმე ოთახი, ფოიე ან რეანიმაციული განყოფილება, პალატებში კი ანტისანიტარიაა“, - აცხადებს მიხეილ ადეიშვილი.
მისი თქმით, პრობლემები მოდიოდა ან ექიმებისგან, ან სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისგან, რადგან მოქალაქეები კარგად არ იყვნენ ინფორმირებულნი, ამა თუ იმ სადაზღვევო პაკეტით რა სახის მომსახურება ეკუთვნოდათ. მართალია, სადაზღვევო პოლისში ეწერა, თუ რომელ მომსახურებას გთავაზობდნენ, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ძალიან რთულია სამედიცინო ტერმინოლოგიის გარკვევა. ამ დროს კი პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში არასწორად ეუბნებოდნენ, რომ სადაზღვევო კომპანია არ გინაზღაურებთო. ამიტომ მიხეილ ადეიშვილის თქმით, ექიმმა ან სამედიცინო დაწესებულების რომელიმე წარმომადგენელმა უნდა აუხსნას პაციენტს, რომ ცალკეულ მომსახურებას აუნაზღაურებს თუ არა სადაზღვევო კომპანია.