ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის ტიტულს არავის უთმობს. იგი ყველა ქვეყანაში განსხვავებული შარმით აღინიშნება. მაინც რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში მაშინ, როცა ჩვენში საცივს ან გოზინაყს აგემოვნებენ? გთავაზობთ სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ საინტერესო საახალწლო ტრადიციებს.
იტალიელები ახალი წლის ღამეს სახლის ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიან – ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ჩექმებს. იტალიელები თვლიან, რომ რაც მეტ ნივთს გადაყრიან, მით მეტ სიმდიდრეს მოუტანთ ახალი წელი.
ბრიტანეთის კუნძულების მცხოვრებლები – ინგლისელები, საათის პირველ დარტყმაზე აღებენ უკანა კარს ძველი წლის გასაშვებად და უკანასკნელ დარტყმაზე აღებენ წინა კარს ახალი წლის „შემოსაშვებად“.
ინგლისში საახალწლო საჩუქარს განსაკუთრებულ დღეს ჩუქნიან – 28 დეკემბერს. ვის რომელი საჩუქარი შეხვდება, კენჭისყრა გადაწყვეტს. ეს ასე კეთდება: ქუდში ყრიან წარწერიან ქაღალდებს, რომელსაც ყველა დამსწრე იღებს. ინგლისელებს მოსწონთ მისალოცი ღია ბარათები. ისინი მათ ყველა ნაცნობს, მეგობარსა და ნათესავს უგზავნიან.
შოტლანდიელები შუაღამის დადგომამდე (ფერმებში) ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12–ს მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოჰკრავს. ამგვარად იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.
ახალი წლის ღამეს ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგლიას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს – „მშვიდობა ამ სახლს და მთელ მსოფლიოს!“ – შესვამენ.
ესპანეთში ერთ–ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიკული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში; თუმცა, უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან – რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ „საცოლეებს“, ხოლო გოგონები „საქმროებს“. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს – ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიკულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს – პრაქტიკული საჩუქრის.
ბარსელონასა და მადრიდში ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საახალწლო ღამეს სტუმრებისათვის ყიდდნენ ბილეთებს ორივე სქესის სახელებით და შემდეგ აერთებდნენ წყვილებად: ასე იქცეოდნენ „საქმროებად“ და „საპატარძლოებად“ მთელი საღამოს განმავლობაში. ხოლო მეორე დილით „საქმროს“ უნდა მოენახულებინა „საცოლე“ და მიეტანა საჩუქარი – ყვავილები და კანფეტები. ხანდახან ახალგაზრდა მამაკაცები საქმეს ისე აწყობდნენ, რომ „საცოლედ“ საყვარელი ქალიშვილი შეხვედროდათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნამდვილი ქორწილით მთავრდებოდა.
ბელგიასა და ნიდერლანდებში გავრცელებულია „პირველი დღის მაგია“, რომლის მიხედვითაც, ადამიანის საქციელის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა იგი ახალი წლის პირველ დღეს, მსჯელობენ, როგორი იქნება ეს წელი მისთვის. ამიტომ, ცდილობენ, ამ დღეს არაფერი ითხოვონ, ჩაიცვან რაიმე ახალი და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში ბარაქის მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს მრავალი კერძი. ნიდერლანდებსა და ბელგიაში უძველესი დროიდანაა გავრცელებული კიდევ ერთი, სხვა ქვეყნებშიც გავრცელებული, ჩვეულება – დღესასწაულზე ირჩევენ მეფეს. ამისათვის დიასახლისები აცხობენ ღვეზელს, რომელშიც დევს ცერცვის ან ლობიოს მარცვალი. ის, ვისაც შეხვდება ნაჭერი მარცვლით, მთელი დღესასწაულის მანძილზე მეფე იქნება. შემდეგ კი მეფე თავად ირჩევს თავისთვის დედოფალს, მასხარას და ა.შ.
ბრაბანტში და ჩრდილოეთ ფლანდრიაში არსებობს მეფის არჩევის კიდევ ერთი წესი: ამზადებენ 16 ცალ ე.წ. სამეფო ღია ბარათს, რომლებზეც გამოხატულია მეფე, დედოფალი, მრჩეველი, მღვდელი, მომღერალი, მსახიობი, მზარეული და ა.შ. შემდეგ დამსწრეები სათითაოდ იღებენ ამ ბარათებს და ამგვარად ნაწილდება როლები სადღესასწაულო საღამოსათვის. მეფე და დედოფალი, რომლებსაც ოქროსფერი ქაღალდის გვირგვინს ადგამენ, ხელმძღვანელობენ ამ საღამოს და მათი „ხელმწიფობა“ გათენებამდე გრძელდება. ეს ყველაფერი საყოველთაო მხიარულებითა და ხუმრობებით მიმდინარეობს.
ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ–ერთი ფორმაა, გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში – ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.
ბულგარეთში ახალ წელს ტრადიციულად სახლში ხვდებიან. ახალი წლის დაწყებამდე ოჯახის წევრებიდან ყველაზე პატარა დგება ნაძვის ხესთან და მღერის დანარჩენებისათვის. მადლიერების ნიშნად კეთილი უფროსები მას საჩუქრებს ჩუქნიან. ყველაზე საინტერესო იწყება მას შემდეგ, რაც საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს. ამ დროს სახლებში აქრობენ შუქს საახალწლო კოცნისათვის. მხოლოდ ამის შემდეგ დიასახლისი იწყებს ღვეზელის დაჭრას მასში არსებული სიურპრიზებით: თუ მონეტა შეგხვდებათ – სიმდიდრეს უნდა ელოდოთ, თუ ვარდის ტოტი – სიყვარულს. ასეთივე სიურპრიზებიანი ღვეზელის ტრადიცია არსებობს რუმინეთსა და ავსტრალიაში.
ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის (რატომ მაინცდამაინც შინდის, უცნობია) ჯოხს იძენენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. ბულგარელების უხარით, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია.
ავსტრიაში საახალწლო საჩუქრებისა და მილოცვების ჩვეულება გავრცელებული იყო უკვე მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში. ახლა მიღებულია ფიგურებისა და მისალოცი ღია ბარათების ჩუქება ტრადიციული ბედნიერების სიმბოლოთი, რასაც წარმოადგენს ბუხრის მწმენდავი, ოთხფურცლიანი სამყურა ბალახი და ღორი. 31 დეკემბრის სუფრა სავსე უნდა იყოს, რომ მთელი წელი კარგად იცხოვროთ. აუცილებელ კერძს წარმოადგენს გოჭის ან ღორის ხორცი. ითვლება, რომ თუ გსურთ ბედნიერი იყოთ, უნდა შეჭამოთ ღორის თავის ან დინგის ნაჭერი. ამას ეწოდებოდა „ღორულ ბედნიერებაში“ მონაწილეობის მიღება.
ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული „მსოფლიო ზარის“ საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ
შვეიცარიაში (ავსტრიაშიც) ადამიანები ზეიმობენ წმინდა სილვესტრის დღეს. ეს დღესასწაული ეფუძნება ლეგენდას იმის შესახებ, რომ რომის პაპმა სილვესტრმა (314 წელი) დაიჭირა საშინელი ზღვის მონსტრი. ითვლებოდა, რომ 1000 წელს ეს ურჩხული თავს დააღწევდა ტყვეობას და გაანადგურებდა სამყაროს. ყველას გასახარად ეს არ მოხდა. მას შემდეგ, შვეიცარიასა და ავსტრიაში ამ ისტორიას იხსენებენ ახალ წელს. ადამიანები იმოსებიან სამასკარადო სამოსში და საკუთარ თავს სილვესტრკლაუსებს უწოდებენ.
უნგრეთში ახალი წელი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც შობა. თუმცა, ზოგიერთი საშობაო ჩვეულება და რწმენა ამ დროშიც არსებობს. მაგალითად, პირველი სტუმარი, ანუ, ჩვენებურად „მეკვლე“, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ქალი, რადგან მას უბედურება მოაქვს. ამიტომ, ცდილობენ, ნათესავების სახლში სტუმრად ბიჭები გაუშვან, რის შემდეგაც უკვე ქალის სტუმრობაც აღარაა საშიში. ზოგიერთ ადგილას კი, დილით პირის დაბანისას წყლის მაგივრად ხელებს მონეტებით იწმენდენ, რათა მთელი წელი შემოსავლიანი იყოს.
იუგოსლავიაში ახალი წლის ღამეს ბევრს მკითხაობდნენ: მარილმოყრილი ხახვის 12 ნაწილით საზღვრავდნენ, თუ როგორი ამინდი იქნებოდა ამა თუ იმ თვეში. სლოვაკეთის ზოგიერთ ოლქში არსებობდა ასეთი მკითხაობა: მაგიდაზე დებდნენ ათ სხვადასხვა საგანს, მათ შორის – ფიჭვის ტოტს (ბედნიერება), ბეჭედს (ქორწილი), თოჯინა (ბავშვის დაბადებას), ფულს (სიმდიდრე) და ა.შ. შემდეგ ამ ყველაფერს აფარებდნენ ბეწვის ქუდს. ყოველ ადამიანს სამჯერ უნდა გამოეღო იქიდან რაიმე ნივთი და თუ სამივეჯერ ერთი და იგივე ნივთს ამოიღებდა, ეს ნიშნავდა, რომ წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდებოდა ამ ნივთის სიმბოლოსთან დაკავშირებული მოვლენა.
საბერძნეთში ახალი წელი – ეს არის წმინდა ბასილის დღე. წმინდა ბასილი ცნობილი იყო თავისი სიკეთით. ბერძენი ბავშვები თავის ყელიან ფეხსაცმელებს ბუხართან ტოვებენ, რომ მან ისინი საჩუქრებით აავსოს. ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად თორმეტ საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს.
დანიაში ტყის მცველებმაა ბრაკონიერებთან – რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ – ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს, ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ.
ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე რომ, ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით „იმოსება“. ერთ-ერთი გაზეთის რედაქცია ქაღალდების ფრიალით იმდენად მოიხიბლა, რომ მთელი არქივი ფანჯრიდან მოისროლეს. ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახები არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა.
ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი თოვლის ბაბუს ხილვა მხოლოდ სიდნეის პლიაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის ბაბუს ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5-6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს
ბირმაში იმის გამო, რომ ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა კეთილგანწყობის გამოხატვაა
კუბელები ახალი წლის ღამეს ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და რასაკვირველია, ბედნიერი ყოფილიყოს. აქ საათი მხოლოდ 11-ჯერ ჩამოჰკრავს, რადგან კუბელებისთვის მე-12 ჩამოკრა უკვე ახალი წელია.
მიკრონეზიის ერთ-ერთი კუნძულის მოსახლეობა, ყოველ ახალ წელს სახელს იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. ყველაფერი კი ასე ხდება: პირველ იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ სახელს პირზე ხელმიფარებულები წარმოთქვამენ. ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ ჯეკსონი ერქვა
პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარს სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება (ესეთი ტრადიცია არგენტინაშიც აქვთ). სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში წნელი უჭირავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს მისი საქმრო გახდება.