„ნაცები“ უნდა „დააიგნორონ“!

„ნაცები“ უნდა „დააიგნორონ“!

„ნაციონალები“ თავიანთ რეალურ მიზნებს ფუთავენ და ამ შეფუთვაში „ქართული ოცნება“ მათ არ უნდა გაჰყვეს. ისინი ფუთავენ, თითქოს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, სინამდვილეში, ბოიკოტში კი არა, საბოტაჟში არიან. ბოიკოტი პოლიტიკური პროცესია, ეგენი კი არიან „საბოტაჟნიკები“, -აცხადებს „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ჩვენ გვახსოვს მკვდრადშობილი საგამოძიებო კომისიები, მათ შორის, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სადაც მიშა ვითომც დაკითხეს კიდეც, მაგრამ რეალურად მაშინდელი მაამებლური კომისია სააკაშვილის გაპიარებას და გამართლებას ემსახურებოდა. ამჯერად რა არის გამოსაძიებელი სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და უნდა შეჰყვეს თუ არა მმართველი გუნდი „ნაცებს“ ამ თამაშში? საერთოდ, რაიმე ფასი აქვს მსგავს კომისიებს?

- საერთოდ, საქართველოს ხელისუფლება სანამ არ მოეგება გონს და არ გააცნობიერებს, რომ ეს ძალა - „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური ძალა, რომელიც ქვეყნის ნგრევაზეა ორიენტირებული, არაფერი შეიცვლება. იმის მაგივრად, იფიქრონ, როგორ მოხდეს ამ კრიმინალური ძალის, ანუ მაშინდელი რეჟიმის გასამართლება, რასაც ჩვენ პირველივე დღეებიდან მოვითხოვდით, როგორ უნდა მოხდეს კანონის უზენაესობით მათი ჩამოშორება პოლიტიკიდან, ამის ნაცვლად „ნაცების“ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ცეკვავენ. რა კომისია, რის კომისია? საერთოდ, უნდა დააიგნორონ „ნაცების“ მოთხოვნები, არანაირი ინიციატივა „ნაცებს“ არ აქვთ, მათი ინიციატივაა პროვოკაცია. სიტყვების გამოყენებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. „ნაციონალების“ ყოველი გამოსვლა არის პროვოკაცია, ასე უნდა ეძახდნენ ამ ამბავს, ინიციატივას კი არ უნდა ეძახდნენ. ინიციატივა ეს არის სიკეთისკენ და კარგისკენ მიმართული პოზიცია, „ნაცები“ კი არიან პროვოკატორები, ქვეყნის დამაქცევლები, ამიტომ უნდა დაიგნორდნენ. მათთვის პასუხი არ არის საჭირო. რაც უნდათ, ის ილაპარაკონ „ნაციონალებმა“, მთავარია, რომ პულტი არის „ქართული ოცნების“ ხელში. არ შეიძლება, მათთან დისკუსიაში, კამათში შესვლა და ხალხის დაბნევა. „ნაცებმა“ უნდა იცოდნენ, რომ მმართველი ძალა მათ უყურებს, როგორც პროვოკატორებს, კრიმინალებს, რომელიც არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში. მათი პროვოკაციების შეფასება „ქართული ოცნების“ დიდ შეცდომად მიმაჩნია.

კაკო ბობოხიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი და „ნაცები“ ლეგიტიმაციას უკეთებენ „ქართულ ოცნებას“, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რადგან ამით აღიარებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმურად მიიღო ხმები არჩევნებში.

- სააკაშვილის ლეგიტიმაცია რაღას ნიშნავს? სააკაშვილმა რანაირად უნდა გაუკეთოს ლეგიტიმაცია ან არალეგიტიმაცია რაიმე მოვლენას? ვინ არის სააკაშვილი? მაშინ ასი ათასი კაცი ზის ციხეში და გამაგებინეთ ახლა, ვის აინტერესებს, რომელი პატიმარი რას ფიქრობს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. მთავარია, რა თქვა ქართველმა ხალხმა არჩევნებთან დაკავშირებით და როგორ შეფასდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. რატომ შედიან დისკუსიაში ან კაკო ბობოხიძესთან, ან ნებისმიერ ნაძირალასთან, რომელიც მათ შემადგენლობაშია. ეს არის პოლიტიკურად უმწიფარი ხელისუფლების ქმედება, როცა „ნაციონალების“ პროვოკაციებს პასუხობენ. იქნებ, გიჟი ლაპარაკობს მიშას ნაცვლად? გიჟს კიდევ აქვს გამამართლებელი საფუძველი, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის შემთხვევაში, ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება, ის გამოწვეულია დაავადებით. რაც შეეხება სააკაშვილს, მას დაავადებით გამოწვეული კი არა, ბოროტებით და პირადი ინტერესებით გამოწვეული „ინიციატივები“ აქვს.

რისთვის შევიდნენ „ნაცები“ პარლამენტში? ბელადის ფოტოს აფრიალებისთვის? არ მობეზრდათ ერთი და იმავე დღის წესრიგით ცხოვრება, რომლითაც მხოლოდ დესტრუქციასთან იგივდებიან?

- „ნაცების“ მიზანი ამ ქვეყანაში ერთადერთია - ჩვენი ქვეყნის ნგრევა და ამღვრეულ ქვეყანაში თევზის დაჭერა. მათი მიზანია ქვეყნის გაღატაკება, გამდიდრება ქვეყნის გაღატაკების ხარჯზე, ტერიტორიების გასხვისება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ხარჯზე, სახელმწიფო გადატრიალება ძალაუფლების უზურპირების მიზნით... სანამ ამას ჩვენი ხელისუფლება ვერ გაისიგრძეგანებს, მანამდე ლაპარაკი იქნება იმაზე, რა შეჭამა სააკაშვილმა და რა თქვა მან.

დროის მოგება ხომ არ სურს „ნაცმოძრაობას“ იქამდე, სანამ გამოიდარებს და ქუჩის „გამაგრებას“ დაიწყებენ? თამარ ჩერგოლეიშვილმა მიანიშნა კიდეც „ნაციონალებს“, ბარემ ლეიბები დაყარონ პარლამენტში, იქ გაწვნენ და მერე გადმოწვნენ რუსთაველზე, როცა დათბება.

- „ნაცმოძრაობის“ ერთმა ნაწილმა მეორის შესახებ რაც უნდა, ის ილაპარაკოს, მე მაინტერესებს, რას აკეთებს და რას ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც აქვს ამ ქვეყნის მართვის საჭე. ჩემი აზრით, არანაირი რეაქცია არ უნდა მოჰყვეს „ნაციონალების“ არც გასვლას პარლამენტიდან, არც შემოსვლას. ერთადერთი რეაქცია ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, უნდა იჯდეს და ფიქრობდეს, ასე რომ დააგვიანდა რეჟიმის გასამართლება, ახლა ეს როგორ უნდა მოხდეს? თორემ „ნაციონალების“ ყოველი ნაბიჯი, პარლამენტში შესვლა ან არშესვლა, ნებისმიერი პროტესტი გამიზნულია არა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, არამედ მათი კრიმინალური პოლიტიკიდან. „ნაცები“ ამ ყველაფერს ფუთავენ და ამ შეფუთვაში „ქართული ოცნება“ მათ არ უნდა გაჰყვეს. ისინი ფუთავენ, თითქოს ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, სინამდვილეში, ბოიკოტი კი არა, საბოტაჟში არიან. ბოიკოტი პოლიტიკური პროცესია, ეგენი არიან „საბოტაჟნიკები“. მათი პოლიტიკა პირველი დღიდან დღემდე ქვეყნის ნგრევაზეა მიმართული. სააკაშვილი ახლა ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, საქართველო რუსეთთან ომში იქნებოდა ჩათრეული, უკრაინა კი არ იქნებოდა ჩათრეული, არამედ საქართველო და იქ თავის შვილებს კი არ გაუშვებდა სააკაშვილი, თვითონ კი არ წავიდოდა, თვითონ გორში თვითმფრინავის დანახვაზე ასფალტზე ფორთავხდა, იქ გაუშვებდა საჯიშე ბიჭებს, ქართულ გენოფონდს და ჩაახოცინებდა. მათი აზრი არავის აინტერესებს. მათ რა უნდა თქვან? მათ უნდა თქვან პროკურატურაში და ისაუბრონ სასამართლოში. სხვაგან მათი საუბარი არ შეიძლება. მერე ციხეში ილაპარაკონ, რაც უნდათ. თუ ვინმე აწამებს და ვინმე შეეხება, კი ბატონო, დასაცავებიც არიან და მეტიც, დანარჩენი კი, მათი მოსმენა არ შეიძლება.