მელიას განკითხვის დღე ახლოვდება, პარტია სააკაშვილის საბოლოო პასუხს ელოდება

მელიას განკითხვის დღე ახლოვდება, პარტია სააკაშვილის საბოლოო პასუხს ელოდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც ჩანს, კრიზისი ღრმავდება და სხვადასხვა დაჯგუფებები პარტიაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედმა“ პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი გაავრცელა, მელიას თავზე ისედაც დაგროვილი შავი ღრუბელი კიდევ უფრო გამრავლდა.

For.ge-ს პარტიის კულუარებიდან უყვებიან, რომ მელია ამაზე ღიად პარტიაში დახურულ კარს მიღმა საუბრობდა, თუმცა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ის ამაზე მხარდამჭერებთანაც ისაუბრებდა. ე.წ. მიშისტების დაჯგუფებაში მელიას ამ სიტყვებმა განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია, რადგანაც ის სააკაშვილს ჩამოსვლამდე „მთავარი არხის“ ეთერიდან მოუწოდებდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და როგორც ამბობდა, სააკაშვილის ადგილას უკვე საქართველოში იქნებოდა. გავრცელებულ ვიდეოში კი ის პირიქით ამბობს, რომ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებას არ ურჩევდა. ამის მიზეზი კი ამერიკის და ევროპის მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა იყო.

„ნაციოანლურ მოძრაობაში“ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ისედაც რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი პარტია, ახლა საერთოდ ბრძოლის ველად გადაიქცა. მელიას თავისი მომხრეები ჰყავს, რომლებიც უფრო რეალურად აზროვნებენ და ე.წ. მიშისტებთან, რომლებიც ძალიან რადიკალურები არიან, ფაქტობრივად, ომი აქვთ გაჩაღებული. თუმცა არსებობს მესამე ჯგუფიც, რომელსაც ვანო მერაბიშვილის და ლევან ვარშალომიძის მომხრეები წარმოადგენენ. ისინი ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებას თვალს ადევნებენ და პროცესებში ღიად არ ერთვებიან, მიმის მიუხედავად, რომ რადიკალი მიშისტების მხარეს არიან.

როგორც ჩანს, მიშისტების ჭკუაზე სიარული ბევრს უკვე ყელში აქვს ამოსული. პარალელურად, როგორც ამბობენ, პარტიაში სუს-ის ჩანერგილი აგენტებიც მაღალ დონეზე მუშაობენ. ახლა ისეთი სიტუაციაა, არავინ არავის აღარ ენდობა. რაც შეეხება კობა ნაყოფიას, ის თემურ ალასანიას სურვილით არის დანიშნული და ისიც ე.წ. მიშისტების ფრთას განეკუთვნება. თუმცა ნაყოფიას ფულის გარდა, რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოქმედებების საშუალება არ აქვს. 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ენმ-ში მესიჯ-ბოქსებიც კი ვერ დაალაგეს რა უნდა ეთქვათ“, - უყვება წყარო for.ge-ის.

მისივე თქმით, ახლა ყველა სააკაშვილის გადაწყვეტილებას ელის - მელიას თავმჯდომარეობიდან გადააყენებს თუ არა. თუმცა, ამ ეტაპზე, სააკაშვილი დუმილს ამჯობინებს. როგორც წყარო გვეუბნება, სავარაუდოდ, სააკაშვილს ახლა პარტიაში დაპირსპირების და განხეთქილების ეშინია. ისედაც ციხეში ჩარჩენილი ფიქრობს, რომ პარტიას დაშლა ემუქრება. ეს კი ფაქტობრივად, „ნაციოანლური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი იქნება. ამიტომ სააკაშვილი რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. სავარაუდოდ, პარტიაში დაპირისპირების ჩაქრობას ეცდება, მაგრამ წყარო დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას სხვა დამატებით კომპრომატებიც აქვს ხელში და ენმ აგენტებით არის სავსე, რომლებიც სად ვის წერენ და რას აკეთებენ, არავინ იცის. ის ვარაუდობს, რომ მელიას საუბარი ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ჩაიწერა: „ისეთმა ადამიანმა გააკეთა, რომელიც მელიას გვერდით იდგა და ეჭვიც კი არავის გაუჩნდა“.

ნიკა მელია ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა, აცხადებს: „ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა“.

როგორც მელია ვიდეომასალაში აღნიშნავს, დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ უსუსურობაა და სიზარმაცის ბრალია, რომ არჩევნებში ხმები თვითდინებით მიიღეს.

„50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის „ოცნება“, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ... თუ ვიმუშავებთ - კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა... იქ რომ ჩავდივარ, ხომ ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, – ეუბნება მელია მხარდამჭერებს და დასძენს: „თქვენ თუ თქვენ მეზობლებს ეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა. საჭიროა ხალხთან ღია ლაპარაკი, რადგან ამომრჩეველი სხვადასხვანაირია. დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია“, – ამის შესახებ მელია უკვე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და „იმედის“ მიერ გავრცელებულ ამ ჩანაწერს ეხმაურება.

მელიას თქმით, არ მიაჩნია, რომ სააკაშვილის თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს. ნიკა მელიას შეფასებით, იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს, არის უკეთესი საქართველო.

„დიდი მადლობა TV იმედს და ე.წ. „მოქალაქეს“, ვინც ეს ვიდეო მიაწოდა, ბოდიშს ვიხდი უხარისხო ჩანაწერისთვის, მაგრამ ზუსტად იმავეს ახსნას ვცდილობ ყველა შეხვედრაზე, შესაბამისად, ჩანაწერის უხარისხობამ რომ არ დაგაბნიოთ, მოკლედ ვიტყვი: დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს, შეკვეთა, რომელიც მოგვცეს და მივიღეთ – არის ცვლილება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო, ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბეეევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე. ცვლილება, რომელსაც თითოეული ოჯახი იგრძნობს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით მე და ჩვენი თანამებრძოლები, ის, რისთვისაც იბრძვის მიშა, რომელიც იყო თავისუფალი, წარმატებული და ახლა არის პატიმარი. ჩვენ შეიძლება, განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის, რომ შეიძლება, ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს“, – წერს მელია.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით კი მას სააკაშვილთან ნიკა მელიას განცხადებასა და მედიაში გავრცელებული ჩანაწერებზე არ უსაუბრია.

ჩანაწერი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ის სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას არ ემხრობოდა, ამაზე პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს: „მხოლოდ და მხოლოდ ერთ განზრახვა აქვთ, რომ განხეთქილება შეიტანონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივში, ბუნებრივია, ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით და მთავარი გეგმა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან“.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციურ პარტიაში არსებულ დაპირისპირებასა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე საუბრობენ.

„მელიას დასჯა პოლიტიკურად, თანამდებობრივად, პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ იმას, რომ მელია ამ რეალობას, როგორც ჩანს, აყენებდა პარტიის შიგნით და ახლა უკვე ამაზე საუბრობს საჯაროდ. ეს მიუთითებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზულ კრიზისზე და იმაზე, რომ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას და, მათ შორის, არაერთი ცდილობს, რომ დაანახოს მიხეილ სააკაშვილს, რომ ისინიც არიან მიხეილ სააკაშვილები და მათაც შეუძლიათ არანაკლებ აგრესიულები იყვნენ“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე.