„სამმხრივი ბლოკი თუ ამოქმედდა, ეს იქნება უკრაინისთვის კომპენსაცია, ანუ უნდათ, უკრაინა დააახლოვონ ალიანსთან არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი მეთოდებით“

„სამმხრივი ბლოკი თუ ამოქმედდა, ეს იქნება უკრაინისთვის კომპენსაცია, ანუ უნდათ, უკრაინა დააახლოვონ ალიანსთან არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი მეთოდებით“

„არ გამოვრიცხავ, უკრაინა დაუახლოვონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არა პირდაპირ, არამედ შემოვლითი მეთოდებით, ანუ სამმხრივი ბლოკი - უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი თუ ამოქმედდა, ეს იქნება უკრაინისთვის კომპენსაცია გარკვეული პერიოდის მანძილზე რომ მან თავი იგრძნოს ალიანსთან დაახლოებულ წევრად“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ზელენსკი უფრო მშვიდად უყურებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ვიდრე ჩვენი ოპოზიცია, რომელიც უკრაინასთან მიმართებით ტემპერატურის აწევას ცდილობს. იმდენად გამოიდეს თავი „ნაციონალებმა“ ამ თემასთან მიმართებით, რომ გაჩნდა შეფასება, რომ უკრაინაში ომის დაწყება „ნაციონალებს“ უფრო უნდათ, ვიდრე ეს რეალურად მოსალოდნელია. რისი დამტკიცება სურთ „ნაციონალებს“ უკრაინასთან მიმართებით?

- „ნაციონალებს“ უპირველეს ყოვლისა იმის დამტკიცება სურთ, რომ ისინი არიან „ნაციონალები“. მათი დღის წესრიგია, საქართველო მუდმივად ამყოფონ ცხელი მოვლენების ეპიცენტრში. წარსულში ექსკურსს გავაკეთებ, თქვენ გახსოვთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პარლამენტმა მიიღო კანონი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ჯერჯერობით, ვინც ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. გარდა ამისა, ყველანაირად ცდილობდა სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, საქართველო რამენაირად მოხვედრილიყო მსოფლიო ყურადღების ცენტრში. როდესაც სააკაშვილი ხედავდა, საქართველო არ ჩანდა მსოფლიო პრესის ფურცლებზე, რომ საქართველოს მოხსენიება არ იყო იმდენად ხშირი, როგორც მათ სურდათ, ყოველთვის მიმართავდნენ ისეთ ზომებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაჩენილიყო. ეს შემდეგ გადადიოდა საქართველოს მოქალაქეების მხრებზე. აწყობდნენ პროვოკაციებს ხან ცხინვალში, ხან აფხაზეთში, იწვევდნენ საპირისპირო მხარეს საპასუხო ქმედებებზე, ახალ ბლოგპოსტებს დგამდნენ და საბოლოოდ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღებდით 2008 წლის აგვისტოს ომს. იმის შემდეგაც სააკაშვილი თვითონვე ამბობდა, საქართველო მსოფლიო დღის წესრიგის ერთ-ერთი შემქმნელი იყოო.

დაახლოებით ეს იმის მსგავსია, ჰეროსტრატემ არტემიდას ტაძარი რომ გადაწვა, რათა ისტორიაში შესულიყო?

- დაახლოებით ასე იყო, ახლაც ვერ მოიშალეს თავიანთი ძველი ჩვევა. გადაწყვიტეს, რუსეთი გამოეწვიათ იმით, რომ აუცილებლად ეხსენებინათ რეზოლუციაში ეს ქვეყანა და ამით ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო საქართველო. თუ რუსეთი მერე საქართველოს წინააღმდეგ წამოიწყებდა აგრესიულ, დესტრუქციულ ქმედებებს, მერე გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ხომ ხედავთ, უკრაინას ებრძვის რუსეთი და საქართველოსაც ასეთივე მეთოდებით ემუქრებაო. ასეთია „ნაციონალების“ მსოფლმხედველობა, ფილოსოფია, ღირებულება და ამას ვერ შევაცვლევინებთ.

რაღაც გაგებით, უკრაინა შეიძლება უკვე „მივიჩნიოთ“ ნატოს წევრ ქვეყნად, რადგან იმდენ იარაღს აწვდის დასავლეთი, ნატოს ქვეყნებსაც არ ეხმარებიან ასე.

- უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არანაირად არ ნიშნავს ნატოში მის გასაწევრიანებლად გადადგმულ თუნდაც ერთ ნაბიჯს. ნატოში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არის ნატოს მიერ დადგენილი წესებით ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება, სხვა არაფერი. ამიტომ რაც არ უნდა მისცენ იარაღი უკრაინას, როგორი მხარდამჭერი რეზოლუციებიც არ უნდა მიიღონ, რამდენი სამხედრო ინსტრუქტორებიც არ უნდა გაგზავნონ, ეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ ნიშნავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ქმნის ამისთვის შესაბამის პოლიტიკურ და ემოციურ ფონს. მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ამ საკითხს ერთგვარად უყურებს ბრიტანეთი, პოლონეთი და აშშ, სხვა კუთხით უყურებს საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნები, იგივე ხორვატია, - გვახსოვს მისი პრეზიდენტის განცხადებაც. ამიტომაც უფრო მგონია, რომ სამმხრივი ბლოკი - უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი თუ ამოქმედდა, ეს იქნება უკრაინისთვის კომპენსაცია გარკვეული პერიოდის მანძილზე, რომ მან თავი იგრძნოს ალიანსთან დაახლოებულ წევრად. თუკი ამ სამხხრივი ალიანსის დოკუმენტებში ჩაიწერება, რომ ალიანსის წევრები ვალდებულებას იღებენ, უკრაინას დაეხმარონ სამხედრო ძალით, ეს შეიძლება გულისხმობდეს იმას, თუ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რუსეთს მოუწიოს შეჯახება პოლონეთთან და ბრიტანეთთან, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს ნატო-ს წევრ ქვეყანასთან დაპირისპირებას. ვნახოთ, როგორ იქნება, ჯერ ეს შეთანხმება არ გაფორმებულა. ყოველ შემთხვევაში, არის ასეთი თეორია, თუ რუსეთი დაუპირისპირდება ნატო-ს წევრ ქვეყანას ამ სამეულიდან, მაშინ ეს ნიშნავს მთელ ალიანსთან დაპირისპირებას. ანუ უნდათ, რომ უკრაინა დააახლოვონ ალიანსთან არა პირდაპირი, არამედ შემოვლითი მეთოდებით.

საქართველოსთან მიმართებით შემოვლითი მეთოდებით ალიანსთან დაახლოებაზე არაა საუბარი?

- ჩვენზე არაა საუბარი, რადგან საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ აქ არ ისვრიან, ადამიანები არ იღუპებიან, წინასაკონფლიქტო სიტუაცია არ არის. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანგარიშებს რომ გადახედოთ, რომელსაც ისინი პერიოდულად წარადგენენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამო, იქ წერია, რომ საქართველოში საფრთხის დონე არ აღემატება დასაშვებს. საზღვრების გადმოწევის პროცესი იწვევს შეშფოთებას, მაგრამ ეს არ არის მათთვის ის მოტივი, რაც განსაკუთრებული საპასუხო ზომების მიღებას გამოიწვევდა. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ჩვენი დელეგაცია ბრიუსელში რომ იყო წასული, მათ პირდაპირ დაუსვეს ნატო-ს წარმომადგენლებს კითხვა, მოდით, დავადგინოთ ვადები, რა ვადების ფარგლებში შეუძლია საქართველოს იმის გარანტია ჰქონდეს, რომ ნატო-ს გაღებული კარის ზღურბლზე გადააბიჯებენ. ნატო-ს წარმომადგენლებმა მათ უპასუხეს, ჩვენ ვიფიქრებთ ამაზეო. ვნახოთ, ახლა მადრიდის ნატო-ს სამიტზე რა განცხადებები გაკეთდება საქართველოსთან მიმართებით, რაც ირიბ წარმოდგენას მაინც მოგვცემს იმაზე, რას აპირებს ნატო. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე საუბარი არ მიდის.

თქვენ ახსენეთ უკრაინის, ბრიტანეთის და პოლონეთის სავარაუდო ალიანსი, შესაძლოა, ესეც იგულისხმა პუტინმა, როცა აღნიშნა, გადაგვაგდეს, მოგვატყუეს, უკრაინის სამხედრო დოქტრინაში პირდაპირ წერია ყირიმის დაბრუნების შესახებო. პუტინი შიშობს, თუ ნატო-ს წევრი გახდება უკრაინა, მაშინ რუსეთი ნატო-ს უნდა ეომოს. პუტინის თვალით რომ შევხედოთ მოვლენებს, ნატოსთან ომის შიში რეალისტურია?

- მართალია, უკრაინას ყირიმის დაბრუნება ჩაწერილი აქვს თავის სამხედრო დოქტრინაში, მაგრამ ნატო მოინდომებს რუსეთთან ომს ყირიმის გამო? უკრაინამ შეიძლება ბევრი რამ ჩაწეროს თავის დოქტრინაში, გასაგებია, რომ უკრაინა ყირიმს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და თვლის, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას ყირიმის გამო. ჩვენც აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებაზე უარი არ გვითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს. ნატო დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, ყირიმის გამო იომოს რუსეთთან. აქედან გამომდინარე, იმიტომ სთავაზობენ ნატოელი ანალიტიკოსები და ცალკეული გავლენიანი ფიგურები, იგივე ანდერს ფოგ რასმუსენი, ლუკ კოფი, რაღაც გავაკეთოთ, მივიღოთ უკრაინა ნატო-ში, მაგრამ მეხუთე მუხლი (როცა ნატო-ს წევრზე თავდასხმა აღიქმება მთელ ალიანსზე თავდასხმად) არ გავრცელდეს სეპარატისტულ რეგიონებზეო, არ გავრცელდეს ყირიმზე, აფხაზეთსა და ცხინვალზე. დაახლოებით, მე მგონი, ასეთი სიტუაციის პერსპექტივა იკვეთება უკრაინასთან მიმართებით. თუ უკრაინა გახდა ნატო-ს წევრი, არა მგონია, მისცენ იმის საშუალება, რუსეთთან ომი დაიწყოს ყირიმის გამო. ნატო-ს ეს არ უნდა.