ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი მთავარი პროკურორისგან მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას და იმ ადამიანების რეაბილიტაციას ითხოვს, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ ციხეში. ყოფილი პატიმარი „სოდ“-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას წინააღმდეგ სისხლის სამართლებლივი დევნის დაწყებას ითხოვს, რადგანაც, როგორც ის განმარტავს, მისი დაკავების ოპერაციას კოდუა ხელმძღვანელობდა.
ლევან გოგიჩაიშვილი: დაკავების წუთიდან მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის უფროსის, ირაკლი ყიფშიძის მიერ დაიწყო ჩემზე ზეწოლა. მაიძიულებდა, მეღიარებინა არარსებული დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუბნებოდა, რომ ფიზიკურად არ შეგეხებით, მაგრამ, დავიჭერთ ყველა შენს მეგობარს და ფიზიკურად გაუსწორდებითო. ორი საათი გრძელდებოდა ეს ზეწოლა, სანამ სახალხო დამცველი და ადვოკატი მოვიდოდა. იყო მუქარები და ცინიკური დამოკიდებულება, რომ ვმუშაობდი რუსებზე და ამ „კარგი ადამიანების“ დამხობას ვცდილობდი რუსების საშუალებით.
არ ეპასუხებოდით?
- ბუნებრივია, ვეპასუხებოდი, მაგრამ, ჩემი ხმა ვერ ფარავდა 15 ადამიანის შეურაცხყოფას. ამის მერე გადამიყვანეს მოდულის შენობაში და 72-საათიანი პროცედურა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ბრალდენული წარსდგეს სასამართლოზე 10 საათში მოაგვარეს. იმავე დღეს მე უკვე ვიმყოფებოდი გლდანში. იქ დაიწყო ის, რაც დაიწყო.
და, რა დაიწყო?
- ჩვენ გვქონდა ინფორმაცია გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობაზე და ვიცოდით, რომ მიდიოდა პატიმრების წამება, მაგრამ ამის თვითმხილველი არ ვიყავი. ციხეზე რომ მიმიყვანეს თანამშრომლები უკვე აგრესიულები იყვნენ. მიღების დღეს ოპერატიული მორიგე იყო ლადო ბედუკაძე. ჩამიყვანეს ე.წ ფუქსებში. დაახლოებით ერთ საათში მოხდა კარანტინის დაშლა და ამ დროს დაიწყო პატიმრების შეურაცხოფა. მე არ მეხებოდნენ, მაგრამ მაჩვენეს, როგორ სჯიდნენ პატიმრებს. ბუნებრივია, დავიძაბე. დაახლოებით ერთ საათში გადამიყვანეს საკანში.
მეგონა, რომ შემიყვანდნენ სხვა პატიმრებთან. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ შემიყვანეს ცარიელ საკანში. 1 წლისა და 3 თვის განმავლობაში მარტო ვიყავი ამ საკანში. არ მეკუთნოდა მარტო ყოფნა და როცა დავიწყე ამაზე ფიქრი, გავაანალიზე, რომ იმის გამო, რომ ვიყავი ცნობადი და ჩემზე ფიზიკური ძალადობა არ ჩაივლიდა რეაგირების გარეშე, მათ ჩემი დასჯის სხვა მეთოდი აირჩიეს - მარტოობა. ძალიან რთულია მარტო ყოფნა უცხო გარემოში. როცა გავაანალიზე ეს ყველაფერი, ჩემს თავს მობილიზაცია გაუკეთე, რომ უნდა გადავრჩენილვიყავი.
რა პირობებში იყავით ამ სამარტოო საკანში?
- ჩემი უფლებები თავიდანვე ირღვეოდა. ერთი წლის განმავლობაში არ მქონდა რადიო, არ შემოდიოდა პრესა, არ მაძლევდნენ წიგნებს. ერთი წლის განმავლობაში დავდიოდი 8 კვადრატულ მეტრში. პრაქტიკულად - ვიხრჩობოდი.
იმ საკანს ფანჯარა არ ჰქონდა?
- იმ ფანჯარას გააღებდი თუ არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. დაახლოებით 10 სანტიმეტრზე იღებოდა ფანჯარა და არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გესუნთქა. დავიწყე ჩემი უფლებების დაცვა და მივაღწიე იმას, რომ შემომიტანეს წიგნები და რადიო. მაგრამ პრესას ისევ არ მაძლევდნენ. ძალიან ცუდი რეჟიმი იყო. პატიმარს აიძულებდნენ, რომ დილის 6 საათზე ამდგარიყვნენ. 10 საათზე ქრებოდა შუქი და დილის 5 საათიდან კონტროლიორი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პატიმარს 5 საათზე გაეღვიძა.
რა მეთოდებს იყენებდნენ ამისათვის?
- შეგნებულად იწყებოდა რკინების ჭახა-ჭუხი. ცვლის გადაბარება მიდიოდა ისეთი ფორმით, რომ წარმოუდეგენი იყო დაგეძინა. 6 საათიდან იწყებოდა კამერების გაღება და საჭმლის დარიგება. ეს ხდებოდა შეურაცხყოფის ფონზე. პატიმარი იძინებდა და იღვიძებდა იმის განცდით, რომ მას რაღაც პრობლემები შეექმნებოდა. არ არსებობდა წამი, პატიმარს არ ეფიქრა, რომ მეორე წამი ისე შეიძლება გავიდეს, რომ მას თავი ეგრძნო უსაფრთხოდ.
კანონით, პატიმარს ერთი საათი აქვს იმისათვის, რომ ისარგებლოს გასეირნებით. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ბადრაგის თანამშრომლები მათ 15-20 წუთის მეტს გასეირნების საშუალებას არ აძლევდნენ...
- ნამდვილდ ასე იყო. როცა ვნახე, რომ აზრი არ ჰქონა ამ უფლების გამოყენებას, საერთოდ უარი ვთქვი გასეირნებაზე. პატიმარს ოცი მეტრის გავლა უჯდენოდა წამებად და ჯოჯოხეთად. იმიტომ, რომ აყენებდნენ შეურაცხოფას, სანამ მეორე სართულიდან მეოთხე სართულზე, სახურავზე მიგიყვანდნენ, ამ მანძილის გავლა ხდებოდა შეურაცხყოფისა და ცემის ფონზე. როცა იქ აიყვანდნენ, ზემოდან ადგნენ პატიმრებს დასცინოდნენ და აგინებდნენ. ამის გამო ძალიან ბევრი უარს ამბობდა გასეირნებაზე. ადამიანს, რომელიც ცუდად იყო, აიძულებდნენ გასულიყო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ გავიდოდა დღე ისე, რომ 5-10 კაცს ჩემს თვალწინ ან გვერდითა საკანში პატიმრები არ ეცემათ. ადამიანი ექიმს რომ ითხოვდა, პასუხი იყო ასეთი - „რად გინდა ექიმი, შენი დედა...“. მე ვარ ფაქტის მომსწრე, როდესაც პატიმარს ოპერაცია კამერაში გაუკეთეს.
რატომ არ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფიში?
- არ უნდოდათ და იმიტომ. იმ ანტისანიტარიაში, პატიმრების თანდასწრებით გაუკეთეს ბუასილის ოპერაცია. ბრმანაწლავის ოპერაციაგაკეთებული ადამიანი მესამე დღეს დააბრუნეს კამერაში და გაეხსნა ნაკერები, 3 საათზე მეტი დრო დასჭირდა ამ ადამიანის გადაყვანას. ეს იყო ჯოჯოხეთი. კონტროლიორი დგებოდა კარებთან და თუ გაიგებდა ლაპარაკს, შემოდიოდა და ცემდა პატიმრებს. ადამიანები ერთმანეთთან ჩურჩულით საუბრობდნენ. წელიწადი და 3 თვე თამაზ მელაძის პერიოდში მომიწია ყოფნა. იყო აუტანელი სიტუაცია.
მესმოდა გოდების ხმა, კივილი, ტირილი. მერწმუნეთ, რომ ძალიან ძნელი მოსასმენია, როდესაც გესმის მამაკაცის ტირილის ხმა. ყველაზე რთული ისაა, რომ ვერ ეხმარები. ბოღმისგან ცრემლები მომდიოდა. ვყვიროდი, როცა წამების ხმა მესმოდა. მაგრამ, მოდიოდნენ და დამცინოდნენ - რა აზრი აქვს, გიჟივით რომ ყვირიხარო. საცემრად აბანოში შეჰყავდათ პატიმრები, რადგანაც იქ არ იყო ვიდეოკამერა. უმიზეზოდ შედიოდნენ საკანში და პატიმრებს ცემდნენ. თვეში ერთხელ ტარდებოდა ე.წ. ჩხრეკა. ხალხი ლოცულობდა, რომ რაღაცნაირად გადაეტანათ ეს პროცედურა. ყიზილბაშებივით შემოცვივდებოდნენ და თუ ვინმეს ოჯახის წევრების სურათები ჰქონდა გაკრული, ძირს უყრიდნენ, შეურაცხოფას აყენებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც სურათზე იყო გამოსახული. ეუბნებოდნენ, რომ ახლა მოვიყვან შენს ცოლს და შენს თვალწინ გავაუპატიურებო.
ეს თქვენ გაგონილი გაქვთ სხვა პატიმრებისგან, თუ ამის თვითმხილველი ხართ?
- მე ეს ყველაფერი საკუთარი ყურებით მესმოდა, მაგრამ, ვერაფერს ვაკეთებდი. ასე უსუსურად და უმწეოდ თავი არასოდეს არ მიგრძვნია...
რაც შეეხება მუხაძის პერიოდს. პატიმრები ამ პერიოდს საკმაოდ მძიმედ იხსენებენ. ამბობენ, რომ მან პატიმრების დასჯის საკუთარი მეთოდი დაამკვიდრა საპატიმროში. ეს რეალურია?
- მან დაიწყო ტერორი. დღეში ერთხელ დაივლიდნენ ყველა კამერას და უმიზეზოდ ყველას ცემდნენ. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ პატიმრებს უკრძალავდნენ წამოწოლას და დასვენებას. პატიმარი, რომელიც დილის 6 საათზე დგებოდა, ღამის 10 საათამდე ან ფეხზე უნდა მდგარიყო, ან უნდა მჯდარიკო რკინის სკამზე. თუ ნახავდნენ, რომ პატიმარი იწვა, ამის გამო სჯიდნენ მთელს კამერას და აყენებდნენ კუთხეში სახით კედლისკენ. ამ ყველაფერს შევადარებდი იმ დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ ფაშისტებს ებრაელების მიმართ.
რაც შეეხება პატიმრების გაუპატურების ფაქტებს... ამის შესახებ იცოდით პატიმრებმა, რომ იქ პატიმრების გაუპატიურება ხდებოდა?
- ამის შესახებ ინფორმაციის გამოჟონვა დაიწყო მას შემდეგ რაც მუხაძე მოვიდა დირექტორად. თამაზ მელაძის დროს ასე მასობრივად არ ხდებოდა გაუპატურების ფაქტები. შესაძლოა, იყო ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც იყო დავალება. ციხე მოწყობილია ასე - არის მომსახურე პერსონალი და არის ერთი კატეგორია ადამიანები, რომლებსაც ეძახიან „ქათმებს“ ანუ ჰომოსექსუალები და რომლებიც აკეთებინებენ ყველა ბინძურ საქმეს - კანალიზაციის გაწმენდა, ნაგვის გატანა და ა.შ. იქ შესული ადამიანი პარაქტიკულად დაღუპულია. ის მიუღებელია როგორც ადმინისტრაციისთვის, ასევე სხვა პატიმრებისთვის. ხდებოდა ადამიანების გაფუჭება.
ადამიანების გაფუჭებაში რას გულისხმობთ?
- ადამიანი რომ შემოდიოდა გარედან, ის შეყავდათ მათთან კამერაში, ტოვებდნენ შიგნით და ის ადამიანი ფუჭდებოდა. ასე ღუპავდნენ ადამიანებს თამაზ მელაძის დროს. ბევრი ადამიანი დაღუპეს. ის კადრები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ეს გადაღებულია მუხაძის დროს. მუხაძემ რეჟიმის უფროსად გადმოიყვანა ოლეგ ფაცაცია და მათ აკეთეს ყველაფერი, რომ ადამიები გაეუბედურებინათ და ადამიანები ყოფილიყვნენ დაეთრგუნათ.
ოლეგ ფაცაციაზე ლეგენდები დადის. შევხვდი პატიმარს, რომელიც ამბობს, რომ ფეხით მკლავი მოტეხა. თუმცა ის ყველა ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ თვლის...
- პირადად ვარ მომსწრე, როგორ ცემდა ფაცაცია საკუთარი ხელით პატიმრებს ე.წ. ჩხრეკის დროს. გამოყვანილი ვიყავი კამერიდან და უყურებდი როგორ უსწორდებოდა პატიმრებს. თმებში ჰქონდა ხელი მოკიდებული და მუხლს ურტყამდა სახეში. ამ ყველაფერს მაჩვენებდნენ იმისათვის, რომ, მათი გაგებით, ჭკუა მესაწავლა. როცა ამაზე ვწერდი და გარეთ გადიოდა ეს ინფორმაცია, მერე მოჰყავდათ ჩემი მეგობრები და ჩემს თვალწინ სცემდნენ, რომ დაწერილი ინფორმაცია გარეთ არ გამეგზავნა.
მეგის ქარდავა შედიოდა ციხეში?
-ბუნებრივია - კი, და რა დავალებაც ჰქონდა იმ დავალებას აგროვებდა. მეგის ქარდავამ, ბაჩო ახალაიამ, ლაშა ბრეგვაძემ და სხვა ადამიანებმა შექმნეს ეს სისტემა. მეექვსე დაწესებულებაში იყო შემთხვევა, როდესაც პატიმრებს აშიშვლებდნენ და ისე სვამდნენ საკანში. პასუხი უნდა აგოს ბაჩო ახალაიამ, რომელმაც შექმნა ეს სისტემა. პასუხი უნდა აგოს პროკურატურამ, რომელსაც კონტროლი ევალებოდა.
ბევრი ჩემი მეგობარი ჰყავთ მორგში ნაცემი. ღამეს ათენებინებდნენ ადამიანებს მორგში. სასამართლოდან გადავყავდით კამერაში და დერეფანში ვნახე, ფეხმომოტეხილი პატიმარი ეგდო. წვივში ჰქონდა ფეხი გადატეხილი ცემისაგან. ეს ადამიანი ითხოვდა გადაყვანას და იმხელა ტკივილს განიცდიდა, რომ გაითიშა. ვერ გავუძელი ამის ყურებას, სულ თან დამქონდა გადატეხილი ბრიტვა.
ბრიტვა რატომ დაგქონდათ?
- ჩემზე ზეწოლა რომ მომხდარიყო, გადაწყვეტილი მქონდა, რომ საკუთარი თავი დამეზიანებინა. ამოვიღე ეს ბრიტვა და უთხარი, რომ საკუთარ თავს დავიჩეხავდი თუ ამ ადამიანებს დახმარებას არ აღმოუჩენდნენ.
როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, რა ვითარება შეიქმნა ციხეში?
- იმ დღეს დაინგრა სისტემა. ჩვენ რომ ვნახეთ რა გააკეთა „რუსთავი 2“-მა მივხვდით, რომ კადრები გარეთ გავიდა.
იცოდით ამ კადრების არსებობის შესახებ?
- ვიცოდი, რომ შანტაჟისთვის ასეთი კადრები იწერებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ სააკაშვილის რეჟიმის რღვევა ციხიდან მოხდებოდა. ხათუნა კალმახელიძემ იცოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა გლადანის ციხეში, ასევე - შაშკინმაც. მათ იცოდნენ ყველაფერი. გიორგი ალხაზიშვილი გალახეს ციხეში, მისი დედა მივიდა კალმახელიძესთან და მან უთხრა, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებით თქვენი შვილის გვამს მიიღებთო, ეს ქალბატონი დაგიდასტურებთ ამ დიალოგს კალმახელიძესთან. ის არის ყველაფერზე პასუხისმგებელი - მას ევალებოდა კონტროლი.
აპირებ თუ არა შენი უდანაშაულობის დამტკიცებას?
- ბუნებრივია, ვაპირებ ნასამართლევობის მოხსნას და ჩემი თავის რეაბილიტაციას. ეს არის ჩემი მიზანი და ამას მე გავაკეთებ. თითქმის ყველაფერი ბოლომდეა მიყვანილი. ჩემი მოთხოვნაა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც მე უკანონოდ დამაკავეს. ეს არის ირაკლი ყიფშიძე, ერეკლე კოდუა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ჩაატარა ჩემი დაკავების ოპერაცია. მან დაიჭირა ე.წ. დაზარალებულის და, რომელსაც ჩაუდო ნარკოტიკი და ეს ოჯახი აიძულა, რომ თავისი და გაეცვალა ჩემს თავში. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებსაც ჩემი საქმე მიყავდათ. უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს ჩემს მოსამართლეს, დავით ჯუღელს. ზოგადად, ჩემი მოთხოვნაა, გასამართლდეს სააკაშვილის რეჟიმი და მოხდეს იმ ადამიანების რეაბილიტაცია, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ ციხეში.