„ოპოზიცია რომ გონიერად იქცეოდეს, რეგიონები შეიძლება 2024 წლისთვის მართლაც მთავარ საბრძოლო პოლიგონად იქცეს“

„ოპოზიცია რომ გონიერად იქცეოდეს, რეგიონები შეიძლება 2024 წლისთვის მართლაც მთავარ საბრძოლო პოლიგონად იქცეს“

2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვის? - როგორც ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, 2 აპრილს გამარჯვებისთვის ორივე მათგანი იბრძოლებს და ეს უკომპრომისო დაპირისპირება იქნება. თუმცა ეჭვი აქვთ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას სამი დიდი ქალაქი დაუთმოს, მით უმეტეს ახლა ოპოზიციის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება.

შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სხდომაზე მიიღო.

2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ეს მუნიციპალიტეტებია: თვითმმართველი ქალაქები – რუსთავი და ბათუმი, თვითმმართველი თემები – ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა. ჩამოთვლილ თვითმმართველ ერთეულებში, მართალია, მმართველმა პარტიამ ვერ მოიპოვა მანდატების უმრავლესობა, თუმცა ეს ვერ მოახერხა ცალკე აღებულმა ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც.

ამიტომ მესამე ადგილას გასული გიორგი გახარიას პარტია საკრებულოებში ძალებს იკრებს. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს შემდეგ რუსთავში გახარიას და ენმ-ის ალიანსი კვლავ შედგა. რუსთავში ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, გახარიას პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. ამიტომ საკრებულოს თავმჯდომარე „ნაციოანლების“ მხადაჭერის შედეგად გახარიას გუნდის წევრი გახდა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსთავსა და გარდაბანში ირაკლი შატაკიშვილი, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად რამაზ ჯინჭარაძე დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება, რადგან რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს.

რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მასზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ შუალედური არჩევნები, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია და ორივე მათგანი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ამიტომ, სამივე ქალაქში ის უკომრპომისო ბრძოლას ელის. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ორივესთვის პრინციპული და საკუთარი ამომრჩევლისთვის სტიმულის მიმცემი არჩევნები იქნება.

„სახელისუფლებო პარტიას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება განსაკუთრებით დიდ ქალაქებში გაუჭირდა. ყველა თვითმმართველ ქალაქში პრობლემა ჰქონდა. რუსთავში საერთოდ დამარცხდა. რამდენიმე საკრებულოში კი უმრავლესობას ოპოზიცია ქმნის. ამიტომ, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს. ორივე მხრიდან უკომპრომისო ბრძოლა იქნება.

ხელისუფლების ლოგიკა ასეთია, თუკი არჩევნებს წააგებს, შესაძლოა, პარტიის შიგნით გარკვეული რყევები დაიწყოს. ასევე „ოცნებას“ საკუთარი ელექტორატისთვის კიდევ ერთხელ სჭირდება იმის დამტკიცება, რომ ფეხზე მყარად დგას. ამის პარალელურად, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს პარტნიორებს ანახოს, რომ ოპოზიციის მხრიდან საუბარი არჩევნების გაყალბებაზე აბსურდია. მათ შუალედური არჩევნები კვლავ მოიგეს. ამიტომ ეს ორივე მხარისთვის ძალიან კარგი ტესტი იქნება. ხალხის განწყობის გაზომვა ყველაზე კარგად არჩევნებს შეუძლია“, - აცხადებს ჩიტაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, არავინაა იმით დაზღვეული, რომ „ოცნების“ რიგებიდან ბევრმა ოპოზიციაში კიდევ არ გადაინაცვლოს. მსგავსი ფაქტი უახლოეს წარსულში უკვე ვნახეთ. ამიტომ ამ საფრთხის წინაშე „ოცნება“ დგას და მისთვის სამივე ქალაქში გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.

„ოპოზიცია ირწმუნება, რომ დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი აქვს და თუ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მის ამომრჩეველს იმედი მიეცემა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქებში ცხოვრობს და იქ უმრავლესობის მოპოვებას ნამდვილად მაღალი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებში 2021 წელს გამარჯვება ძალიან გაუჭირდა, ამიტომაც სახელისუფლებო ძალაუფლება გარკვეულწილად მაინც შეირყა. ამიტომ შუალედური არჩევნები ორივე მხარისთვი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ჩიტაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ბრძოლა ნებისმიერი ადგილის მოსაპოვებლად მიდის. საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიცია გახარიას პარტიასთან ალიანსის მსგავსს კიდევ აპირებს და ამიტომ სამივე ქალაქში მოსაგებად იბრძოლებს. ანალიტიკოსი მათგან განსაკუთრებულ თავგანწირვას ელის.

„ოპოზიციას შუალედური არჩევნებისთვის გამარჯვება კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდება. პირველ რიგში, ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა, რომ, როგორც იქნა, რაღაცა, სადღაც მოვიგეთ. მეორე იმისთვის, რომ გახარიას პარტიასთან ან სხვა ოპოზიციასთან ალიანსის მსგავსი შექმნას და ხელისუფლებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გარკვეული საბოტაჟი მოუწყოს. 2012 წლიდან ოპოზიცია გამარჯვებას ვერ ახერხებს. ამიტომ გამმარჯვებლის იმიჯი ძალიან სჭირდებათ, რადგან ოპოზიციური ამომრჩეველი უკვე ნიჰილიზმში იმყოფება და პოლიტიკური სპექტრის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული.

ოპოზიცია რომ გონიერად იქცეოდეს, რეგიონები შეიძლება 2024 წლისთვის მართლაც მთავარ საბრძოლო პოლიგონად იქცეს. თუმცა ოპოზიცია გონიერებას ვერ იჩენს. ადგილობრივი არჩევნები რეალურად მაჟორიტარული არჩევნებია და გამარჯვების ბერკეტი ოპოზიციას სწორედ მაჟორიტარ კანდიდატებით უნდა ჰქონდეს. პარტიები მოსახლეობისგან მკვეთრ უარს იღებენ და გამარჯვების მეტი შანსი ადგილობრივ კანდიდატებს აქვთ. ოპოზიცია თუკი მომგებიან პიროვნებას დააყენებს, შესაძლოა, ხელისუფლებას მოუგოს კიდეც. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია სრულად პროპორციული წესით არჩევნებს ითხოვს. ამიტომაც მოგების შანსს 2024 წელსაც ხელიდან გაუშვებს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.