„კეზერაშვილის თამაში დაიწყო, ნიკა მელიას უკან სწორედ, ის დგას“

„კეზერაშვილის თამაში დაიწყო, ნიკა მელიას უკან სწორედ, ის დგას“

ტელეკომპანია „იმედმა“ 5 თებერვალს ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მათი განმარტებით, მოქალაქემ მიაწოდა. ჩანაწერში ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ნიკა მელია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა. ჩანაწერის თანახმად, მელია აღნიშნულს არ ემხრობა.

„ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი - ხმას არ ამოიღებენ-მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.

ბრძოლაა, მაგრამ 50%-ით, დღეს რომ ხელისუფლებაში არის „ოცნება“, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის „მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ - კი“. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა... იქ რომ ჩავდივარ, ხო ვიცი უკვე, თავი რომ ატკივდებოდათ, უკვე ჩვენ გვირეკავენ... გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“, - ამბობს ჩანაწერში მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ჩანაწერის სინამდვილეს ადასტურებს და საკუთარ მიმართვაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო.

„დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში, არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს. იდეა, რომელმაც ხალხი უნდა გამოიყვანოს - შეკვეთა, რომელიც მოგვცეს და მივიღეთ, არის ცვლილება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, ეს არის უკეთესი საქართველო, იმაზე უკეთესი საქართველო, ვიდრე გვქონდა 2003-2012 წლებში და იმაზე ბევრად უკეთესი საქართველო, ვიდრე გვაქვს 2012 წლიდან დღემდე.

ცვლილება, რომელსაც თითოეული ოჯახი იგრძნობს - არის ის, რისთვისაც ვიბრძვით მე და ჩვენი თანამებრძოლები, ის რისთვისაც იბრძვის მიშა, რომელიც იყო თავისუფალი, წარმატებული და ახლა არის პატიმარი. ჩვენ შეიძლება განსხვავებული სტრატეგია გვაქვს, თუმცა გვაქვს საერთო მიზანი და ესაა მთავარი. ის რომ შეიძლება ტაქტიკაზე ვერ შევთანხმდეთ, არ ცვლის საერთო სურათს. დიახ, გეტყვით, რომ ოპოზიციის უკეთესი მომზადებაა საჭირო იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ: გვიყალბებენ არჩევნებს, გვართმევენ გამარჯვებას. თუმცა არაფერი გამოუვათ თუ ჩვენ ვიქნებით კარგად ორგანიზებულები და გამარჯვებაზე ორიენტირებულები.

არაფერი გამოუვათ იმ შეთხვევაში, თუ ჩვენს შორის წარუმატებლობაში დამნაშავეთა ძებნის ნაცვლად გამარჯვებაზე ვიფიქრებთ. დიახ, მე მგონია, რომ უნდა ვორიენტირდეთ ერთიან, მთავარ მიზანზე - უკეთეს საქართველოზე. ჩვენ შეიძლება ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ გვქონდეს ერთი მიზანი. ჩვენი იდეა არის უკეთესი საქართველო და მიზანი გვაქვს ყველას ერთი - დანარჩენზე გვქონდეს ბევრი დისკუსია, მაგრამ ბოლოს, იდეით ანთებულები, ჩვენი სიმტკიცით და თანმიმდევრულობით ვიმარჯვებთ. დიახ, მე ვიცი, რომ ჩვენს პარტიას აქვს დიდი მხარდაჭერა, თუმცა არასაკმარისი, ბევრად მეტია ის ადამიანი, ვისაც უნდა ცვლილება და ჩვენ ყველანი, ვისაც არ მოვგწონს დღევანდელი ყოფა, არ მოგვწონს განსხვავებული მიზეზებით, ვართ თანამოაზრეები; ყოველდღიურად ვხვდები ასობით ადამიანს და ვიცი როგორ მივაღწევთ ცვლილებებს.

და დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება არ იყოს პარტიის გამარჯვება. ეს არ უნდა იყოს გამარჯვება ნიშნის მოგებით, რომ ვინმემ ვინმეს აჯობა. არა, ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება, უკეთესი ხვალინდელი დღე ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის“, - წერს მელია თავის მიმართვაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის „აღიარებითმა“ ჩვენებამ შესაძლოა, თუ არა, რომ ის პარტიიდან გაუშვან, ან ვის თამაშს თამაშობს მელია, ამ კითხვებით ანალიტიკოსებს მივმართეთ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თაობა ამ განცხადებებს არ აპატიებს.

 „ნიკა მელიამ რა განცხადებაც გააკეთა, ეს ეწინააღმდეგება მის ადრინდელ განცხადებებს. მის ადრინდელ განცხადებებს თუ ვნახავთ, ის ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდესო. ამდენად, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, თითქმის უკვე აღარ არსებობს. მელიას ამ განცხადებებს ის ძალა ვეღარ მოითმენს, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეშია და ვისაც ხელი ხალხის სისხლში აქვს გასვრილი“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის თამაშს თამაშობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყოფიან.

„დღეს, კეზერაშვილის თამაში დაიწყო. ნიკა მელიას უკან, სწორედ ის დგას. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებდა, რომლის სათავეშიც გიგა ბოკერია დგას. ამ ძალას „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაცვლება უნდოდა, მაგრამ ბოკერიას ხალხში ავტორიტეტი არ აქვს და ახლა ამას ნიკა მელია ცდილობს. თუმცა, ნიკა მელიას ეს მცდელობაც განწირულია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მკვდრის რეანიმაცია და ჯერჯერობით, გაცოცხლებული მკვდარი არავის უნახია.

რა თქმა უნდა, ასევე მელია წამოვა და პარტიიდან თავის მომხრეებს წამოიყვანს. ამით, ფაქტობრივად, ის პროცესი სრულდება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულების პროცესი ჰქვია“, - განუცხადა for.ge-ს ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია მელიას განცხადების იმ ნაწილმაც გააღიზიანა, სადაც ოპოზიციის ლიდერი მეგრელებს არცთუ სახარბიელო კონტექსტში იხსენიებს.

„ნაკლებად მაინტერესებს მელია სად წავა, რადგან ის ნაძირალა ადამიანია. მისი განცხადების პოლიტიკურ შეფასებასაც გეტყვით, მაგრამ ჩემთვის, ადამიანურად ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, რაც მან მეგრელებზე იკადრა. თითქოს, როდესაც ომი იყო, მეგრელები მხოლოდ ტანკებს უყურებდნენ. მაშინ, როდესაც სამეგრელოდან არის ჟიული შარტავა, რომელმაც ერთი გოჯი მიწაც არ დათმო და თავი შესწირა; მაშინ, როდესაც ჩვენ გვყავდა მერაბ კოსტავა... ამის შემდეგ, როდესაც ნაძირალა მელია ბედავს და მეგრელებს ნიშნის მოგებით და დამცინავი ტონით მოიხსენიებს, ამას რა შეფასება უნდა მივცე?! თუმცა, მეგრელებმა ვინც ეს განცხადება მოისმინეს, მას პასუხი უნდა მოსთხოვონ, რადგან ეს არ არის ის განცხადება, რომელიც უნდა გატარდეს. ის იმას ნიშნავს, რომ ეს განცხადება მის სულში იყო. მისი ეს განცხადება არ გამიკვირდა, რადგან იმ ბელადის მორჩილია, რომელიც თავის დროზე დაეთანხმა, როდესაც თემურ ალასანიამ ქართველებს შეაგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ მელია-სააკაშვილს ქართველები ეზიზღებათ. ყველა იმ ზუგდიდელის ნაცვლად მრცხვენია, ვისაც არჩევნებზე მელია ყავს შემოხაზული“, - გვითხრა ირაკლი ლატარიამ.

მისივე თქმით გამორიცხული არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება იყოს.

„რაც შეეხება კითხვას - „მელია ვის თამაშს თამაშობს“? - გამორიცხული არ არის, მელია სააკაშვილის თამაშს თამაშობდეს. თუმცა, მათ ვერ გაითავისეს, „ნაციონალური მოძრაობაში“ დაწყებული ვითომ რეორგანიზაცია თავიდანვე განწირული რომ არის. გინდა არ გინდა, „ნაცმოძრაობა“ არის მკვლელების, მწამებლებების პარტია, ადამიანების, რომლებმაც ათასობით მოქალაქის ცხოვრება გააუბედურეს. ეს არის იმ ხალხის მიერ შეკრული სექტა, რომელიც გამოჩნდა ახლა, ეს რუსული პარტიაა და ეს დასტურდება პარტიაში კობა ნაყოფიას დაწინაურებით. რამდენიმე წლის წინ კობა ნაყოფიას მოიხსენიებდნენ, როგორც რუს ბიზნესმენს. ეს არის ის პარტია, რომელსაც შეუძლია იყვნენ იმ ტელევიზიაში, რომელიც არის ნატო ჩხეიძის, იმ ნატო ჩხეიძის, რომელიც რუსეთში პირველი ჩავიდა. კარგად ვიცით ისიც, რომ ნიკა მელია იმ ქალბატონის მხარდამჭერია, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ჰქვია, რომელიც რუსეთში ჩავიდა და გავრილოვს ბოდიში მოუხადა. დაბოლოს, თემურ ალასანიას ჩამოსვლით პარტიაში ბევრი რამ შეიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიგნით ერთი - ფულისთვის იბრძვიან, იბრძვიან როგორც ბიუჯეტიდან შესული თანხიდან, ასევე მათი დამფინანსებლის კეზერაშვილის ფულისთვის. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ჭამენ იმისთვის, რომ ფული ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, მელიას ნებისმიერი განცხადება და ქმედება, თავიდანვე განწირულია“, - განცხდა ანალიტიკოსმა.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გაიზარდა და ახლა მთავარია ამ დაპირისპირებაში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვის მხარეს დაიჭერს.

„დიდი ხანია საუბარი მიდის იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობაა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ მელია პარტიაში ითვლება ერთ-ერთ ისეთ პიროვნებად, რომელიც რადიკალური ქმედებების მომხრე არ არის. ანუ, მისი პოზიცია რადიკალური ფრთის პოზიციისგან განსხვავდებოდა. ამიტომ ის განცხადება, რომელიც გავრცელდა, სიმართლეს შეესაბამება, მას რომც არ დაედასტურებინა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც სიტუაციაში ერკვევა, სააკაშვილს ეტყოდა, რომ თუ ჩამოხვალ დაგიჭერენ და ამას დიდი მხარდაჭერა არ მოჰყვებაო.

ახლა პარტიაში გადაჯგუფება მოხდა, პარლამენტშიც შევიდნენ, მაგრამ რადიკალური ფრთა გაძლიერდა. ყოველ შემთხვევაში ის ფრთა, რომელიც თვლის, რომ მთავარი საპროტესტო აქციებია. მელიას უფლებები, გარკვეულწილად, შეიზღუდა და გამორიცხული არ არის, ის დაპირისპირება, რომელიც პარტიის შიგნით იყო, განხეთქილების მიზეზიც გახდეს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება, სააკაშვილი ვის მხარეს დაიჭერს. ის, რომ მელიამ თავისი განცხადება დაადასტურა, მიანიშნებს იმას, რომ ეს დაპირისპირება ამ გადაჯგუფების შედეგად კი არ შემცირდა, პირიქით - გაიზარდა. მელია ცდილობს, თავისი ამომრჩევლის წინაშე იყოს სამართლიანი და ცდილობს პარტიაში მხარდაჭერა მოიპოვოს“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.