როგორც ცნობილია, სალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე გიორგი ბარამია განიხილება. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, სალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე დასანიშნ რამდენიმე კანდიდატს შორის გიორგი ბარამიას კანდიდატურაც განიხილება. საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ გია ბარამია სალონიკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მუშაობდა და მას აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით.
„სამწუხაროდ, ხშირად ისმის ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებები უდანაშაულო ადამიანების მიმართ. თუ გიორგი ბარამიას შესახებ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ გარკვეული სახის მოსაზრება და კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სამინისტროს ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, მადლობელი ვიქნები, თუ გვაცნობებენ.
საბერძნეთში, როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს და შესაბამისად, საქართველოს გენერალური კონსული, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს, რასაკვირველია უნდა სარგებლობდეს მათი ნდობით“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძეს ერთ–ერთმა ჟურნალისტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბარამიას ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების ერთი ნაწილი აპროტესტებს და აქციის გამართვასაც გეგმავს.
საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილის პოზიციასთან დაკავშირებით ინფორმაცია „გურია ნიუსმა“ გაავრცელა. გაზეთის ინფორმაციით, მათ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ლია წიქარიშვილი დაუკავშირდა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძისადმი მიმართვის გამოქვეყნება სთხოვა.
„მოგმართავთ ჩემი და საბერძნეთის ქართველი ემიგრანტების უმეტესობის სახელით, დიდ აღშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ საბერძნეთში გიორგი ბარამია გენერალური კონსულის პოსტზე განიხილება. თქვენ კარგად იცით, როგორი თავგამოდებით და რა პირობებში გვიწევდა წინასაარჩევნოდ სალონიკში მცხოვრობ ქართველებს მუშაობა, იცით, თუ როგორი დატვირთული რეჟიმით გვიხდება ცხოვრება, ჩვენი თავი ჩვენ არ გვეკუთვნის. 1 ოქტომბერს მაინც მოახერხა ემიგრაციის დიდმა ნაწილმა, რომ ხმა „ქართულ ოცნებისთვის“ მიგვეცა. როგორი შიშით, როგორ ჩუმად უხდებოდათ სამსახურებიდან გამოპარულიყვნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. დღეს სალონიკის ემიგრაცია მართლაც გაურკვეველ სიტუაციაში ვიმყოფებით“, - ნათქვამია ემიგრანტების განცხადებაში.
შეგახსენებთ, გია ბარამია 2009 წლიდან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ მუშაობდა და თანამდებობა დაახლოებით ერთი თვის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი დანიშვნისთანავე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 90-იან წლებში ბარამიას მიმართ თაღლითობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და შესაბამისი დოკუმენტიც არსებობს, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს დირექტორი, გენერალ-მაიორი სოკოლოვი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს სწერს, რომ გია ბარამია თაღლითობის ბრალდების იძებნება და ბარამიას ადგილსამყოფელის დადგენას და ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ბარამიამ ეს ინფორმაცია მაშინვე უარყო და მას სიცრუე უწოდა.
როგორც ცნობილია, იმ მედია-საშუალებას, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გააავრცელა, გია ბარამიამ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო.
ახლა კი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ ავრცელებს ინფორმაციას გია ბარამიას მმართველობის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაბერილი შტატებისა და იქ მომუშავეთა საკმაოდ სოლიდური ხელფასების შესახებ. სააგენტო კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხოლოდ ერთ - „სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში“, გია ბარამიას ასამდე ადამიანი ჰყავდა „დასაქმებული,“ რომელთა ხელფასები (პრემიების გარეშე) 2 650 ლარამდე ადიოდა. კონკრეტულად კი, ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ორი მოადგილე, ორი მრჩეველი (მათ შორის ერთი მთავარი) და დამატებით ერთი თანაშემწეც ჰყოლია.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ხელფასები, აპარატის უფროსისა და ბუღალტერის ხელფასების ჩათვლით, 850 ლარიდან იწყებოდა და როგორც აღვნიშნეთ 2650 ლარამდე ადიოდა.
გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის აღნიშნულ დეპარტამენტს გააჩნდა აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების, მიწათსარგებლობისდა და მელიორაციის განყოფილება.
„ცალკე საკითხია რომელ მიწებს რწყავდა აფხაზეთის მთავრობა, თუმცა ამ განყოფილებაში მომუშავე პირთა ხელფასებიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და 590 ლარიდან 850 ლარამდე ადიოდა“, - ნათქვამია „ნიუსპრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე წყაროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში „საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის განყოფილება“ ფუნქციონირებდა, სადაც ხელფასების ოდენობა ასევე 580 ლარიდან იწყებოდა და 850 ლარამდე ადიოდა. საშტატო განრიგის თანახმად, დეპარტამენტის ცალკე დანაყოფს წარმოადგენდა „გარემოს დაცვის სამმართველო“, რომლის უფროსის ხელფასი 1 070 ლარს შეადგენდა, ხოლო აღნიშნული სამმართველოს „ეკოლოგიური პროექტების შემუშავებისა და მონაცემთა ბაზის განყოფილების“ თანამშრომელთა ხელფასები, ასევე 590-დან 850 ლარამდე დიაპაზონში მერყეობდა.
„დეპარტამენტის შემადგენელი კიდევ ერთი სამმართველო, - „რისკების ანალიზისა და შეფასების სამმართველო“ იყო, რომლის ხელმძღვანელის ხელფასიც, ისევე როგორც გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსის ხელფასი, - 1 070 ლარს შეადგენდა. სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული „ვეტერინარიის განყოფილებისა“ და „მცენარეთა დაცვის განყოფილების“ თანამშრომელთა ხელფასები 850 ლარს აღწევდა, ხოლო აღნიშნულ დეპარტამენტში შტატგარეშე, ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება 500 – 600 ლარს შეადგენდა“, - ნათქვამია „ნიუსპრესის“ სტატიაში.
ამასთანავე, სააგენტო იუწყება, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით სკანდალურ მასალას გამოაქვეყნებს.
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საშტატო განრიგთან და მათ ხელფასებთან დაკავშირებით, for.ge დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გურამ ესაკიას ესაუბრა. ესაკია ამბობს, რომ ყავს ორი მოადგილე (პირველი და მეორე მოადგილე), ერთი მრჩეველი და ერთი თანაშემწე და 100 თანამშრომელი არასოდეს ჰყოლია. ესაკიას თქმით, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი სამი დეპარტამენტის ბაზაზე (სატყეო მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის) შეიქმნა და სამივე დეპარტამენტის საშტატო ერთეული რაოდენობა სულ 60-65 კაცია და დიდი ხელფასები მათ არასოდეს ჰქონიათ.
„დიდი ხელფასი (თუ ამას დიდი ხელფასი ჰქვია) მაქვს მე - 2600 ლარი, დანარჩენი არის იმ ოდენობის ხელფასები, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეკუთვნის“, - ამბობს გურამ ესაკია.
ბატონო გურამ, მიწათსარგებლობის და მელიორაციის განყოფილება არის თქვენს დეპარტამენტში?
- მიწათსარგებლობის არა, მაგრამ მელიორაციის არის, რადგან გალის რაიონში მელიოლირებული მიწების ინსპექტირებას ვაკეთებთ, ვსახავთ გარკვეულ ღონისძიებებს და ვახორციელებთ პროექტს, რადგან იქ მეორადი დაჭაობების პროცესი მიმდინარეობს.
აქ საუბარია ასევე იმაზეც, რომ თქვენს დეპარტამენტში არის სოფლის მეურნეობის სამმართველო, რომლის ხელმძღვანელის ხელფასიც 1070 ლარია. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- ეს წელს გახდა 1070 ლარი. ეს სამმართველო თავის დროზე (4-5 წლის წინ) შემომიერთეს და მასში სულ 11 კაცი მუშაობს, სამმართველოს თავმჯდომარის ხელფასი კი იყო 800 ლარი, ხოლო წელს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გაეზარდა 1070 ლარამდე.
გავრცელებული ინფორმაციით, თქვენს დეპარტამენტში არის რისკის და ანალიზის სამმართველო, ხოლო დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასები 500-600 ლარს შეადგენს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
- შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება არის 500 ლარი, ხოლო რისკისა და ანალიზის სამმართველოს თანამშრომლების 90% გალის რაიონში მუშაობს, 6 ვეტექიმია, რომლებიც გალის რაიონში ინფექციურ დაავადებებს ებრძვიან. მცენარეთა დაცვაში კი გვყავს 3 კაცი, ერთი აქ არის, ხოლო ორი - გალის რაიონში. ისინი საკარანტინო მავნებლების გამოვლენას ეწევიან და ამერიკული პეპლის წინააღმდეგ იბრძვიან, რომელიც ძალიან საშიში საკარანტინო მავნებელია“.
გია ბარამიას მიმართ არსებულ ბრალდებებთან დაკავშირებით for.ge მასთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამჟამად ბარამია საქართველოში არ იმყოფება. ამიტომ მის კომენტარს ამ თემებზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.