„პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის ვერ იქნებოდა ჩამოსული“

„პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის ვერ იქნებოდა ჩამოსული“

3 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა თბილისს ეწვია. იგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა განაცხადეს, განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში არსებული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო.

ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმ მოსალოდნელ გაერთიანებასთან, რომელსაც დასავლეთი ქმნის, კერძოდ, უკრაინა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი ქმნიან ალიანსს, რაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული დაა რაშიც შესაძლოა, საქართველოც მოიაზრებოდეს.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხორციელდება უკრაინის ტერიტორიაზე და ეს არ არის მხოლოდ ევროპის საქმე, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ანდჟეი დუდას განცხადებითვე, საქართველოს ტრაგიკული გამოცდილება აქვს რუსეთთან დაკავშირებით, ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისა და საქართველოს ერთობლივი კონსულტაციები.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შეუძლებელია პოლონეთის პრეზიდენტი მხოლოდ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის ჩამოსულიყო. მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი შესაძლოა, დაინტერესებული იყოს იმით, რომ საქართველო ახალი ალიანსის ჩამოყალიბების პროცესში ჩართული იყოს.

„რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, უბრალოდ, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვერ იქნებოდა ჩამოსული. ვიცით, რომ უკრაინა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი ქმნიან ალიანსს, რაშიც მოიაზრება ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა და შესაძლებელია რუმინეთი და ბულგარეთიც ვიხილოთ.

ალბათ, პოლონეთი აცნობიერებს, საქართველოს გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონში და არ არის გამორიცხული, იყოს მცდელობა, რომ საქართველოც იყო ჩართული იმ პროცესებში, რაც დღეს მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან თავდაცვის მიზნით. არაფერია ექსტრაორდინალური იმაში, რომ პოლონეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული საქართველოში. ბალტიის და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება, ერთიანი რკალის შექმნა რუსეთის გარშემო, შესაძლებელია, იყოს პოლონეთის სურვილი.

საქართველოში და უკრაინაში სხვასხვა ვითარებაა: უკრაინაში დღეს არ არის რუსეთისთვის მისაღები ხელისუფლება. უკრაინა უფრო პროდასავლურ პოლიტიკას ატარებს. საქართველოში ცოტა განსხვავებული ვითარებაა. რუსეთისთვის დღევანდელი ხელისუფლება უფრო მისაღებია და უფრო მეტი ბერკეტი გააჩნია ზემოქმედების მოსახდენად“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის რადარებიდან არ გამქრალა.

„იმ ერთობლივი განცხადებებიდან, რაც მოვისმინეთ, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ უფრო იყო ინფორმაციის გაცვლა და ერთმანეთის პოზიციის და დამოკიდებულების გარკვევის სურვილი, - თუ რას ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი შექმილ სიტუაციასთან დაკავშირებით. საქართველო, როგორც ასოცირებული ტრიოს ქვეყანა ყურადღების ცენტრშია და ევროპის რადარებიდან არ გავმქრალვართ.

ამ პოზიციას ბოლომდე არ ვიზიარებ, ვდგავართ თუ არა ჩვენ რიგში რუსეთის აგრესიის კუთხით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია უკრაინაში, მოხდება რეალურად შეჭრა თუ არა და მხარეები რამდენად შეძლებენ, რომ მოილაპარაკონ ურთიერთმისაღებ პირობებზე. საუბარი იმაზე, რომ უშუალოდ საქართველოს რაღაც ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, ამის თქმისგან თავს შევიკავებდი“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, აგრესიული ქმედებები, მუქარა, სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი ნიშანია იმის, თუ რამდენადაა რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასული.

„ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში მინდა, რომ საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ანდჟეი დუდასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საფრთხეები არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი რუსეთის აღნიშნულ პოლიტიკას მოლაპარაკებებით პასუხობს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის ორივე მხარის მზადყოფნაა საჭირო.

„აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ყველაფერი არის ნიშანი იმის, თუ რამდენად არის გადასული პროვოკაციაზე რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა, რაზეც მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპრაკებებით, მცდელობებით, რომ დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და დეესკალაციისკენ წავიდეს ეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

 

Maverick დიდი ბრიტანეთი აღარ არის დიდი, იგი პატარა ინგლისია, რომელსაც თვისი სატკივარი აქვს ბელფასტისა და გლაზგოსგან!
რაც შეეხება გაერთიანება "სამთა კავშირს" ვერ ვხედავ რაიმე აუცილებლობას, უფრო მეტიც ამ დასავლურ გაერთიანებაში შესვლა (წარსულში "დიდი ბრიტანეთის" თურქული ამბებიდან გამომდინარე) ყულფში თავის გაყოფის გაყოფის ტოლფასია, თანაც ჩრდილო-აღმოსავლეთის უკანალის მოტიტვლებული ნაწილი რჩება რუსული საფრთხის წინაშე და უკან ალის ხელით დაფარვის საშუალებაც არ ხერხდება! ხოლო მოშიშვლებული უკანალის დაუცველობა რასაც გამოიწვევს?! ამის გამოცნობა პრჭჭ ოპოზიციისთვის და "ნატოში" თავის შეყოფის მსურველ ხბოებისთვის მიმინდვია!
2 წლის უკან