ქართული კლუბის საპროტესტო განცხადება - „მოვითხოვთ, ტერმინ „ყოფილი სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად ოფიციალურად გამოყენებული იქნას ტერმინი „ცხინვალის რეგიონი“

ქართული კლუბის საპროტესტო განცხადება - „მოვითხოვთ, ტერმინ „ყოფილი სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად ოფიციალურად გამოყენებული იქნას ტერმინი „ცხინვალის რეგიონი“

ტერმინის: „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ანტი-კონსტიტუციური და მავნებლური გამოყენების გამო

ქართული კლუბი მიესალმება, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირს მიმართავს, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ოფიციალური გამოყენებიდან ამოიღოს. სრულად არის გასაზიარებელი უდავო არგუმენტები, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ სტალინის მიერ იქნა „გამოგონებული“ 1922 წელს, ისტორიულად უსაფუძვლოა, აბსოლუტურად ხელოვნურია, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს და უკანონოა: მას არ ცნობს საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

როგორც ცნობილია, „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, ზემოთ ნახსენები უდავო არგუმენტების საფუძველზე, მართლზომიერად იქნა გაუქმებული უკვე საქართველოს რესპუბლიკის კანონით 1990 წლის 11 დეკემბერს. 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულმა უზენაესმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო სეპარატისტების მიერ ჯერ „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის“ შექმნისა და მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, 9 დეკემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არალეგიტიმური და უკანონო არჩევნების ჩატარების პასუხად.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ წამოწყებული ავანტურისტული, წინასწარ მარცხისთვის განწირული, უარესიც - დამღუპველად პროვოკატორული და მტრის ინტერესების აშკარად ხელშემწყობი პოლიტიკური კამპანიის - „კოკოითი ფანდარასტ!“ პარალელურად, 2007 წლის 13 აპრილს მიღებული „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ კანონის და პრეზიდენტ სააკაშვილის წარდგინების შესაბამისად, პარლამენტის 8 მაისის დადგენილებით შეიქმნა „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული“, რომელიც სრულად მოიცავდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას, მათ შორის, სავალალოდ - კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარე ახალგორის მუნიციპალიტეტსაც, რაც უდავოდ წარმოადგენდა ან აშკარა მოღალატეობრივ დანაშაულს, ანდა დანაშაულზე უარესს - საბედისწერო, გამოუსწორებელ პოლიტიკურ შეცდომას.

კანონისა და პარლამენტის დადგენილების საფუძველზე პრეზიდენტ სააკაშვილის 10 მაისის ბრძანებულებით „დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში“ შეიქმნა იმდროინდელი გუბერანტორის ინსტიტუტის ანალოგიური უფლებამოსილებების მქონე ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ხელმძღვანელადაც დანიშნული დიმიტრი სანაკოევი იმავდროულად კენჭს იყრიდა აბსოლუტურად არალეგიტიმურ, ანტი-კონსტიტუციურ და უკანონო ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.

სრულიად გამაოგნებელია და სახელმწიფოებრიობისათვის უპრეცენდენტოდ კურიოზული, რომ სააკაშვილის რეჟიმი მოგვევლინა ამ ე.წ. არჩევნების, რომლის მიზანი ვითომ იყო ასევე უკანონო და არალეგიტიმური, ე.წ. სამხრეთ ოსეთის იმჟამად მოქმედი თვითმარქვია პრეზიდენტის, კოკოითის განდევნა, სულისჩამდგმელად და ორგანიზატორად, თანაც სრულიად არალეგალურად, არჩევნების დასანიშნად სავალდებულო რაიმე სამართლებრივი აქტის გარეშე.

სამართლის მიღმა, უსჯულოდა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მსგავსი მოქმედება, რამაც პროვოკატორული პოლიტიკური სარჩული შეუქმნა 2008 წლის აგვისტოს ომს, ამ რეჟიმის ოდიოზურ სახეს მკაფიოდ წარმოაჩენს. აღსანიშნავია, რომ ამ ბოროტი ქმედებისათვის, რაც უდავოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს (არაკონსტიტუციური,სუვერენიტეტის ხელმყოფი, უკანონო ორგანოს ე.წ. არჩევნების არალეგალურად ორგანიზება და შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ასევე უკანონოდ, მათ შორის - ბიუჯეტის ხარჯზეც, წარმოება), არც სააკაშვილსა და არც მის მიერ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრებს ბრალი დღემდე არა აქვთ წარდგენილი.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ამ ტერიტორიის ოკუპაციის შემდგომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცნობა დე იურე მოხდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიულ საზღვრებში. ამ ე.წ. საზღვრებში უკანონოდ ცნობის ერთ-ერთ „არგუმენტს“ წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების მიერვე 2007 წელს, ე.ი. უშუალოდ ომამდე, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა იმავე საზღვრებში, იქ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არალეგალური,ფსევდო-არჩევნების ორგანიზება და რაც ყველაზე მძიმეა, ამ საზღვრებში კონფლიქტის ზონის გარეთ არსებული ტერიტორიების, მათ შორის - ქსნის ხეობის (ახალგორის მუნიციპალიტეტის), სადაც ისტორიულად მტერს არასდროს ფეხი არ დაუდგამს, მოქცევა. ყოველივე ეს წარმოადგენდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და მისი უკანონო ე.წ. საზღვრების საქართველოს მხრივ ერთგვარი ლეგიტიმაციის პროვოკატორულ „საბუთს“, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ ანტი-ქართული, მტრული მიზნით ეფექტიანად იქნა გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც განსაზღვრავს ამ ტერიტორიების სტატუსს, არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ამ ტერიტორიათა (როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთისაც) დევნილობაში მყოფი ადმინისტრაციების შესახებ, რაც დღესაც ქმნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებლ, არსებით სამართლებრივ ხარვეზს, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის (ასე მოიხსენიება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია) შემთხვევაში.

ოკუპაციის შემდეგ იმ კანონის, რაც გახდა ამ ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის საკანონმდებლო საფუძველი, თავად სახელწოდებაც („ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“) კი, შინაარსზეც რომ აღარაფერი ვთქვათ, აბსოლუტურად აცდენილია შექმნილ რეალობას და ოკუპაციის პირობებში აბსურდულ ანაქრონიზმს წარმადგენს.

 2007 წელს კონფლიქტის „მშვიდობიანი მოგვარების პირობებს“, რაც ფორმალურად იყო იმ კანონის მიზანი, ტერიტორიის ოკუპაციის შემდგომ ვერავითარი დატვირთვა და არანაირი აზრი, ვერ ექნება. ამდენად, ამ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტრიული ერთეულის, რომლის შემადგენლობაში იმთავითვე სრულიად უსაფუძვლოდ შედის ახალგორის მუნიციპალიტეტი, ადმინისტრაციის არსებობას, თუკი ეს გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით მიზანშეწონილია (რაც ასევე სადავოა), სჭირდება მკაფიო და არა ისეთი, რბილად რომ ვთქვათ, „უცნაური“ საკანონმდებლო საფუძველი, რაც ამჟამად ფორმალურად აქვს. ჩვენი აზრით, ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში ეს საფუძველი არა რაიმე სხვა საკანონმდებლო აქტმა, არამედ უნდა შექმნას სწორედაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონმა. ხოლო აფხაზეთის შემთხვევაში, სადაც ვითარება სამართლებრივად ნათელია (აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოებს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და კანონები ადგენს), „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონმა ასევე უნდა განსაზღვროს აფხაზეთის კონსტიტუციური ორგანოების დროებითი სტატუსი და მათი საქმიანობის წესი ოკუპაციის პირობებში.

ეროვნული ინტერესებისათვის დამაზიანებელი ამ არსებითი სამართლებრივი ხარვეზის გამო, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, სამარცხვინო და დასაგმობი, რომ მთელ რიგ ოფიციალურ ქართულ წყაროებში კვლავაც გამოიყენება ეს ანტი-კონსტიტუციური, ეროვნული სუვერენიტეტის ხელმყოფი და ამდენად, აშკარად უაღრესად მავნე ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“. მაგალითად, სრულიად გამაოგნებელია და უკიდურესად სამარცხვინო, რომ თავად დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომელიც დღემდე არსებობს და ბიუჯეტიდან ფინანსდება, საკუთარ ფეისბუქ გვერდის პროფილზე (იხ. https://www.facebook.com/profile.php?id=100064262576682 ) „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციად“ (?!) მოიხსენიება! ასევე, წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონშიც იგი სრულიად უმართებულოდ ასე იწოდება: „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ (?!). უარესიც: თავად შენობის, სადაც ეს ადმინისტრაციაა განთავსებული, აბრაზეც კი ეს უკანონო და პროვოკატორული წარწერაა: „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ (?!).

 პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სავსებით მართლზომიერი თხოვნა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის, რომ აღარ გამოიყენონ ეს მავნე ტერმინი, უკიდურესად არასერიოზულად და ძალზე უხერხულად გამოიყურება, თუკი თავად ჩვენვე, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უარს არ ვიტყვით და კატეგორიულად არ ავკრძალავთ ამ ტერმინის ოფიციალურად გამოყენებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული კლუბი:

  1. კატეგორიულად გმობს და აპროტესტებს საქართველოს ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ ანტი-კონსტიტუციური და უაღრესად მავნე ტერმინის: „სამხრეთ ოსეთი“ ოფიციალურად ყოველ სამარცხვინო გამოყენებას; მოვითხოვთ ამ ტერმინის გამოყენების აკრძალვას კანონმდებლობით და სამართალდარღვევის თითოეულ შემთხვევაში შესაბამისი ოფიციალური პირის ადმინისტრაციული, ხოლო თუკი ზიანი მნიშვნელოვანია, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაც, დაწესებას;
  2. მოვითხოვთ, ტერმინ „ყოფილი სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად ოფიციალურად გამოყენებული იქნას, როგორც ეს არის მითითებული და განმარტებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, ტერმინი „ცხინვალის რეგიონი“; რამდენადაც შესაძლებელია სასწრაფოდ, შესაბამისად გასწორდეს ოფიციალურ დოკუმენტებში, ადმინისტრაციული ორგანოების აბრებზე, ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდებზე და ა.შ. ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ ანდა „ყოფილი სამხრეთ ოსეთის“ უმართებულოდ და მავნედ, პროვოკატორული გამოყენება;
  3. მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან გამოიძიოს 2007 წელს ანტიკონსტიტუციური და უკანონო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო ფსევდო-არჩევნების არალეგალურად ორგანიზებისა და წარმების, რაც აშკარად და უდავოდ შეიცავს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულის ნიშნებს, გარემოებანი;
  4. მოვითხოვთ საკითხის სამართლებრივად მართლზომიერ რეგულირებას. კერძოდ: სასწრაფოდ ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2007 წლის აპრილ-მაისში ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტრიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა თუ მისი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებული ყველა ნორმატიული აქტი; დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ნებისმიერი ცვლილება ოკუპაციის პირობებში; აღდგეს 2007 წლის აპრილამდე ცხინვალის რეგიონში არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა; დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით გაიმართოს პრინციპული მსჯელობა ოკუპირებული ტერიტორიების დევნილობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკისა თუ მუნიციპალიტეტების ხელისუფლების ორგანოების დროებით სტატუსზე, მათი უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის თაობაზე; ოკუპაციის პირობებში ამ ორგანოების დროებით სტატუსი, მათი საგანგებო უფლებამოსილებები, შექმნისა და გაუქმების, საქმიანობის წესები მკაფიოდ და მართლზომიერად განისაზღვროს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით (აფხაზეთის შემთხვევაში - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად).

ვიმედოვნებთ და მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯეროვნად მიიღებს ამ საპროტესტო განცხადებას და გადადგავს შესაბამის ნაბიჯებს.