საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე მორიგი პოლიტიკური განცხადებით გამოვიდა და ამჯერად მმართველ გუნდს დაემუქრა, რომ წალენჯიხისა და რუსთავის შემდეგ, ზუგდიდსა და ბათუმის საკრებულოებშიც წაართმევს უმრავლესობას.
„ვფიქრობ, იმ ხალხმა, ვინც პესიმისტურად არის განწყობილი, კარგად იციან, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველო, პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მათ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით 3 დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თუმცა, ყოფილ პრეზიდენტს არ უხსენებია აღნიშნულ მუნიციპალიტეტების საკრებულოში უმრავლესობა როგორ შექმნა და არც მისი მთავარი გმირი, ასევე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია უხსენებია. სწორედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ექს-პრემიერის პარტიასთან კოალიციას შექმნით მოახერხა გარკვეულ მუნიციპალიტეტების საკრებულოში უმრავლესობაში ყოფნა.
მიხეილ სააკაშვილის აღნიშნული განცხადება ადასტურებს იმას, რომ გახარია-სააკაშვილი პოლიტიკური „პარტნიორები“ არიან თუ არა, რატომ არ ახსენა პარტნიორი გახარია სააკაშვილმა, for.ge-ს ამ კითხვებს, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი და ანალიტიკოსი, ლადო ბოჟაძემ უპასუხა.
ლადო ბოჟაძე: ყველაფერი ჩხოროწყუდან იწება, სადაც სწორედ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდნენ. ეს იყო პირველი პრეცედენტი, შემდეგ ამას მოჰყვა წალენჯიხა და უკვე რუსთავიც. მთელი ამ ხნის განმავლობაში გახარია უარყოფდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში ყოფნას. თუმცა, მეცნიერულადაც და ფაქტობრივადაც დადასტურურებულია, რომ კოალიცია გულისხმობს საკრებულოში ან პარლამენტში შესული პარტიების მიერ უმრავლესობის შექმნას და თანამდებობის განაწილებას.
ასევე სააკაშვილისგან მოვისმინეთ, რომ ის ამაყობს რუსთავის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებით. არადა აქამდე გიორგი გახარიას რუსეთის აგენტს უწოდებდნენ, თვალთხარიას ეძახდნენ და მასთან თანამშრომლობას გამორიცხავდნენ. მისი როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასაც კი ითხოვდნენ. თავად გახარია პარლამენტის ტრიბუნიდან გვპირდებოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასრულებდა. თუმცა, დასრულების ნაცვლად, ისინი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ.
სააკაშვილმა ასევე დააანონსა ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოები, სადაც მის პარტნიორებად გახარიას პარტია მოიაზრება. თუმცა, ერთი მთავარი რაც არის, ექს-პრეზიდენტმა თავად გახარია საერთოდ არ ახსენა. იმიტომ არ ახსენა, რომ ის ყოფილი პრემიერის პარტიასა და მის ლიდერს არაფრად არ თვლის. მისთვის გახარიას პარტია რესურსი იყო იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გარკვეული თანამდებობები აეღო. თუმცა, მოსახლეობის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იქნებიან პასუხისმგებლები და არა გახარიას თანაპარტიელები. გახარიას მუნიციპალიტეტებში უფრო ნაკლები მანდატები აქვს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“. აქაც, სააკაშვილმა თავი არ გაუტოლა გახარიას. ეს კი იმას ადასტურებს, რომ ასეთი დამოკიდებულება ექნება არა მარტო ექს-პრემიერის პარტიის მიმართ, არამედ სხვა პარტიების მიმართაც, ვინც მის თამაშს თამაშობს.
მიხეილ სააკაშვილის კოალიციაზე განცხადებები, სამ მუნიციპალიტეტში გიორგი გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში შესვლა... როგორ ფიქრობთ, გახარიას იქამდეც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა, ვიდრე ის ჯერ კიდევ მთავრობის მეთაური იყო?
- მათი თანამშრომლობის დასაწყისის მთავარი პრეცედენტი 18 თებერვალი იყო. ვგულისხმობ ნიკანორ მელიას არდაკავების მოთხოვნის გამო, მის გადადგომას. თუმცა, შესაძლოა, იქამდეც რაიმე კომუნიკაცია ყოფილიყო, რადგან მის გუნდში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომლებიც ადრე „ნაციონალურ მოძრაობის“ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ. ის, რომ მინიმუმ, ეს პროცესები 18 თებერვლიდან დაიწყო და ახლაც გრძელდება, ფაქტია. ამას ადასტურებს ისიც, რომ გახარია გადადგომიდან რამდენიმე თვეში პოლიტიკაში დაბრუნდა. რაც ყველაზე მთავარია, მან ნიკა მელიას თამაში ითამაშა, მაშინ, როდესაც ყოფილმა პრემიერმა საკუთარი თავი მერობის კანდიდატად დააყენა. ამით მარტო „ქართულ ოცნებას“ კი არა, არამედ პირადად კახა კალაძეს დაუპირისპირდა და დედაქალაში მეორე ტურის შანსები გაზარდა. განსაკუთრებულად აღსანიშნავია სამეგრელოში მისი ზრახვები და ვნახეთ წალენჯიხის შედეგიც. ასევე, სადაც კი შანსი მიეცა, რომ ეთანამშრომლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან ერთად რაღაც გადაწყვეტილებები მიეღო, ყველგან თანამშრომლობაზე დათანხმდა.
აპრილში შუალედური არჩევნები იქნება და როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ გახარიასა და სააკაშვილის პარტიებმა საერთო კანდიდატი დააყენონ?
- არ გამოვრიცხავ, უბრალოდ, ვგულისხმობ იმას, რომ საერთო კანდიდატს კი არ დაასახელებენ, არამედ, შეიძლება გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატურა არ დაუყენოს, რათა ოპოზიციური ხმები არ გაიყოს. ახლა ექს-პრემიერი ოპოზიციის მხარდამჭერების იმედად არის, რადგან გვახსოვს, საარჩევნო კამპანია ასე მიმდინარეობდა, რომ თითქოს ის ივანიშვილის პროექტი იყო. „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა დაიჯერა, რომ ის თანამდებობიდან კი არ გადადგა, გუნდს კი არ უღალატა, დამოუკიდებელ თამაშს კი არ თამაშობს, არამედ „ქართული ოცნების“ გარკვეული პროექტია. თუმცა, გიორგი გახარიამ და მისმა გუნდმა დაადასტურეს, რომ ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული მოკავშირეები.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად გიორგი გახარია არ ჩანს და უკანა პლანზეა გადაწეული. როგორ ფიქრობთ რატომ?
- გახარია ცდილობს, რომ ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს კომენტარი. ცდილობს, რომ წინა პლანზე წამოწეული იყოს მისი პარტიის სხვადასხვა სახეები, რადგან მის სიტყვას ფასი ჰქონდეს, იმიტომ რომ ის პარტიის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერია. თუმცა, ყოფილი პრემიერობას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მერობის კანდიდატი გახდარიყო და ის სამარცხვინო შედეგი დაედო. მაშინ მისი ამოცანა ერთადერთი იყო - ნიკა მელია მეორე ტურში გაეყვანა. ახლა ის ცდილობს, ამ პროცესებზე მაღლა იდგეს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებაზე, მას კომენტარების გაკეთება არ მოუწიოს და უნდა, რომ დარჩეს იმ გიორგი გახარიად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებას გვპირდებოდა.
თქვენ ახსენეთ, რომ სააკაშვილი თანამდებობებს არ დაუთმობს არავის და მათ შორის არც გახარის. როდესაც თანამდებობების გადანაწილება წავა მათ შორის, ელით, რომ შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მათი კოალიციის დაშლა?
- მათ კოალიციას წარმატება არ ელის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო დონეზე. „ქართული ოცნება“ 2024 წელს არჩევნებში დამარცხებას არ აპირებს. მეორე საკითხი - ახლა გახარიას კანდიდატების წამოწევა მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუონ, თითქოს გახარიას საკრებულოს თავმჯდომარეები რაიმე გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მაგრამ, როდესაც უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, იქ გადაწყვეტილებას არა გახარიას წარმოამდგენელი, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს. სწორედ ეს იყო სააკაშვილის გამოსვლაში მნიშვნელოვანი, რომ მან თავი არ გაუყადრა და არც კი ახსენა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მის პარტიას დაეხმარა, რომ წალენჯიხაში თუ ჩხოროწყუში უმრავლესობაში ყოფილიყვნენ. თუ ოდესმე „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვა, ყველას თავისი ადგილი კუთხეში ექნება მიჩენილი და მაღალი თანამდებობები კვლავ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს ექნებათ.